დარგებიმებაღეობა

ფორთოხალი

ფორთოხალი (Citrus sinensis  Osb.) ციტრუსოვანთა შორის მსოფლიო წარმოების მოცულობის მხრივ პირველ ადგილს იკავებს (50 მილიონ ტონაზე მეტი წელიწადში). ასევე გამორჩეულია საგემოვნო მაჩვენებლებით და პოპულარულ სადესერტო ხილს წარმოადგენს.
 საქართველოში ფორთოხალი ძირითადად ტრიფოლიატის საძირეებზეა დამყნილი. არსებულ ჯიშებს სამ პომოლოგიურ ჯგუფად ყოფენ: პირველი _ ჩვეულებრივი; მეორე _  წითელხორციანი, ე.წ. „კარალიოკები“ და მესამე _ ჭიპიანი ფორთოხლები.

 პირველი ჯგუფის ფორთოხლის ნაყოფის დამახასიათებელია რბილობისა და წვენის ღია მოყვითალო შეფერილობა და თესლის მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამ ჯგუფში გვხვდება ფორთოხლის უთესლო ფორმებიც.

მეორე ჯგუფის ფორთოხლების განმასხვავებელი ნიშანია ნაყოფის რბილობის და მისგან გამოყოფილი წვენის მუქი წითელი შეფერილობა.

ამ ჯგუფში შემავალი ჯიშების ნაყოფი საშუალო ზომისაა. მესამე ჯგუფის ფორთოხლები იძლევიან ორიგინალურ ნაყოფს წვერში დამახასიათებელი ჭიპით. ნაყოფი გამოირჩევა დიდი ზომით და ადრე მომწიფებით.

ბიოლოგიური თვალსაზრისით ამ ჯგუფში შემავალი ჯიშები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან კლიმატური პირობებისადმი შეგუების უნარით, რის გამოც უმეტესად ჭიპიანი ფორთოხლების ნარგავები გვხვდება სუბტროპიკების ჩრდილოეთით, შედარებით ცივ ზონაში, ასევე თბილ რეგიონებში.

საქართველოს ტენიან სუბტროპკებში გავრცელება ჰპოვა სამივე ჯგუფის ფორთოხალმა. თავდაპირველად გავრცელებული იყო ჩვეულებრივი ფორთოხალი, ხოლო მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს შემოტანილი იქნა წითელხორციანი და ჭიპიანი ფორთოხლის ჯიშები. ნაყოფი ცვალებადობს ზომის, ფერის, ფორმის და კანის სისქის მიხედვით. ნაყოფი  ჩვეულებრივ სფეროსებრი ან ოვალურია, კანი ძნელად სცილდება რბილობს.

დასავლეთ საქართვველოს სუბტროპიკულ რეგიონებში ჩვეულებრივი ადგილობრივი ფორთოხალი ცნობილი იყო სამი საუკუნის წინ. შემორჩენილი, რამდენიმე ჯიშის ადგილობრივი, ფორთოხლისათვის დამახასიათებელია თხელი კანი და მცირე თესლიანობა, ადრე მომწიფების უნარი, სასიამოვნო გემო და არომატი.

ჭიპიანი ფორთოხალივაშინგტონ – ნაველი იძლევა მრგვალ ან მოგრძო ნაყოფს, რომელიც დიდი ზომით ხასიათდება (ხშირად 400 გ-მდე). ნაყოფის წვერში მოთავსებულია ჯიშის დამახასიათებელი ჭიპი. ფუძე მრგვალი ან ოდნავ ჩაზნექილია და ზოგჯერ ნაოჭებით არის დაფარული. ნაყოფის კანი მოწითალო ნარინჯისფერია, საშუალო სისქის (3-4სმ), ძნელად სცილდება რბილობს, რომელიც 9-11 სეგმენტისაგან შედგება. სეგმენტები მოთავსებულია თხელ აპკში, უთესლოა. ნაყოფის რბილობი წვნიანია, მარცვლოვანი, სასიამოვნო მომჟავო ტკბილი გემოსი.