აგრარული განათლებადარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის კვება ბუნებრივ პირობებში და საკვები საშუალებები

ცოცხალი ორგანიზმის კვება მისი ცხოვრების აუცილებელი ფორმა და მოთხოვნილებაა, უამისოდ ორგანიზმი წყვეტს არსებობას. კვება განაპირობებს მის წარმოქმნას (ემბრიონულ პერიოდში), ზრდას, მეორე ცოცხალი ორგანიზმის გაჩენას, პროდუქციის წარმოებას (სამეურნეო დანიშნულების მქონე არსებებში). წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში საკვების წილად 50-60% მოდის, ე.ი. გადამწყვეტი ფაქტორია ფასწარმოქმნაში.

წესისამებრ ბუნებრივ პირობებში ფუტკარი გარემოსაგან იღებს მისი არსებობისათვის საჭირო ნივთიერებებს: ნექტარს, ყვავილის მტვერს და წყალს. ამასთან, ფუტკარი ეკუთვნის ცხოველური ორგანიზმების იმ იშვიათ სახეობებს, რომელთაც აქვთ უნარი, საარსებო საკვების მარაგი შექმნან იმ პერიოდისათვის, როცა საკვების საწყისი ფორმა ბუნებაში აღარ არსებობს (შემოდგომა-ზამთრის პერიოდი). ამით არის განპირობებული ფუტკრის თვისება, თავის საცხოვრებელში მოპოვებული საკვები დააკონსერვოს იმ ფორმით, რომ მან შეინარჩუნოს საზრდოობა და ჰიგიენური სისუფთავე.

სხვა ცხოველური ორგანიზმების მსგავსად ფუტკარი საჭიროებს საზრდო ნივთიერებებს: პროტეინს (ცილებს), ნახშირწყლებს, ცხიმებს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს. ამასთან ამ საკითხში ფუტკარს აქვს თავისებურებანი: რთულ ნაერთებს (პარკოსანთა ცილები), პოლისაქარიდებს (სახამებელი, უჯრედანა) ფუტკარი ძნელად ან საერთოდ ვერ ინელებს სპეციფიკური ჰიდროლიზური ფერმენტების არარსებობის გამო, ხოლო შედარებით მარტივ ნახშირწყლებს (დექსტრინები, დისაქარიდები) ის ბოლომდე შლის. მზა საკვებში ძირითადად მონისაქარიდებია წარმოდგენილი.

ფუტკარს სჭირდება აგრეთვე მინერალური ნივთიერებები (Ca,P,Na, S, K, Co და სხვ.) და ვიტამინები (განსაკუთრებით B ჯგუფის), მაგრამ არსებობის თავისებურებათა გამო მკვლევარებისათვის უცნობია ამ ნივთიერებების ზუსტი საარსებო ნორმები.

საკვების გადამუშავება ფუტკრის მიერ

სავარაუდოა, რომ ნექტრის გადამუშავებას ფუტკარი იწყებს მისი შეგროვების მომენტიდან, მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა. წარმოუდგენელია, რომ ფუტკარი მას არ უმატებდეს ნერწყვს, რომელსაც ხახისა და ყბისზედა ჯირკვლები წარმოქმნიან. სკაში მოტანისას მეფუტკრეს შეუძლია ნექტრის შეგროვების ინტენსივობის განსაზღვრა გარეგნული ნიშნებით:

1)    საფრენთან მოსული მოღალე ფუტკრის მუცლის სიდიდის მიხედვით;

 2) მუშა ფუტკრის მუცელზე ხელის მსუბუქი მოჭერით ხორთუმის დაბოლოებაზე გამოსული ნექტრის წვეთის გაჩენით.

რაც შეეხება ყვავილის მტვრის შეგროვებას, ამ პროცესის ინტენსივობის განსაზღვრა შედარებით ადვილია სკასთან მოფრენილი ფუტკრის რაოდენობის მიხედვით, რომელსაც უკანა ფეხის წვივზე ყვავილის მტვრის მარცვალი აქვს მიკრული (ჭეოს კალათაში). რაც უფრო ინტენსიურად გროვდება ყვავილის მტვერი, მით უფრო მეტია მოტანილი მტვრის მარცვლის მასა. გარდა ამისა, სკიდან ამოღებულ ჩარჩოზე მზვერავი ფუტკრის მოლაქუცე გარბენის ტრაექტორიით ადვილად შეინიშნება, რა მანძილზეა სკიდან ნექტრის წყარო დაშორებული.

გახსოვდეთ! 1 კგ თაფლის მოსაპოვებლად ფუტკარს უხდება 2-3 მლნ ყვავილის მონახულება. ამ სამუშაოს გასაადვილებლად თქვენ შეგიძლიათ, მოხერხებულად განალაგოთ ფუტკრის ოჯახები თაფლოვანი და მტვეროვანი მცენარეების უშუალო სიახლოვეს.

ნექტრის შემოტანა სკაში, გადამუშავება და დაბინავება

ინტენსიური ღალის დროს ფუ- ა დაბინავება. ტკარი გარედან შემოტანილ ნექტარს სკაში მომუშავე ფუტკარს გადასცემს, რომელიც მას განალაგებს წვეთების სახით თავისუფალ უჯრედებში. აქ მიმდინარეობს ნექტრის გადამუშავების პროცესები: გასუფთავება მასში შერეული ყვავილის მტვრის მარცვლებისგან, გამდიდრება სანერწყვე ჯირკვლების გამონაყოფით, ნექტრიდან ზედმეტი.

წყლის აორთქლება, რისთვისაც ბუდეში იქმნება საჭირო მიკროკლიმატი: ტემპერატურა 34-350ჩ-ის ფარგლებში და ბუდის ინტენსიური ვენტილირება. ამის წყალობით, 3-4 დღეში ნექტრის კონდიცირება (შედგენილობის საჭირო ცვლილებები) ძირითადად დამთავრებულია: წყლის შემცველობა დამწიფებული თაფლის მაჩვენებელს უახლოვდება, მაგრამ რთული შაქრების გარდაქმნა მონოშაქრებად (ფრუქტოზა, გლუკოზა) კიდევ გრძელდება 2-3 კვირას. ამავე პერიოდში თაფლში გლუკოზიდან წარმოიქმნება გლუკონის მჟავა, რომელიც თაფლს იცავს ამჟავებისაგან. ამრიგად, ნექტრის შეგროვებასთან ერთად ფუტკრის ოჯახში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნექტრის თაფლად გარდაქმნისათვის.

მეფუტკრეს შეუძლია ამ პროცესის გაადვილება ფუტკრისთვის: კორპუსებს შორის ღრიჭოების დატოვება ზედმეტი ტენის აორთქლებისათვის და სკაში სათადარიგო ჩარჩოების საჭირო მარაგის შექმნა ნექტრის განთავსებისათვის. უნდა გახსოვდეთ, რომ ამ პირობების შეუსრულებლობა ფუტკარს ხელს უშლის თაფლის მოპოვებისა და გადამუშავებისას, რამაც შეიძლება არსებითად შეამციროს სათაფლე პროდუქტიულობა.

მნიშვნელოვანია თაფლოვანი მცენარეებიდან ნექტრის მოტანის ინტენსივობის განსაზღვრა, ბუნებრივი საკვების დინამიკის შესასწავლად და მთაბარობისათვის შესაფერისი მომენტის დასადგენად. ამისათვის მეფუტკრე არჩევს ძლიერ ოჯახს, აყენებს მას საკონტროლო სასწორზე ტვირთამწეობით 100-150 კგ, მოაწყობს ფარდულს ნალექებისგან დასაცავად და საღამოობით, ფუტკრის ფრენის დამთავრების შემდეგ, დაადგენს წონამატს უკანასკნელი აწონის შემდეგ, სათანადო ჩანაწერის გაკეთებით. ჩანაწერების სისტემატური შესრულება ეხმარება მეფუტკრეს იმის განსაზღვრაში, რამდენად ეფექტურია მისთვის მოცემულ ადგილზე ფუტკრის ყოლა.

თაფლის გადამუშავება დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს მას შემდეგ, რაც ფუტკარი თაფლიან უჯრედებს გადაბეჭდავს ცვილის თხელი ფენით (ფირფიტებით). თაფლის წურვა ფიჭებიდან მაშინ შეიძლება, თუ თაფლის 2/3 მაინც ცვილით არის გადაფარული. თაფლის დაგროვებასთან ერთად (აქტიურ სეზონზე) ფუტკარი მას ინტენსიურად ხარჯავს. დადგენილია, რომ წლიურად სრულფასოვანი ოჯახი ხარჯავს 90-110 კგ თაფლს, მათგან ზამთრობის პერიოდში 20-25 კგ-ს (მისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე), ხოლო სასაქონლო თაფლის რაოდენობა საშუალოდ 10-30 კგ-ს არ აღემატება. მეფუტკრეს შეუძლია ამ მაჩვენებლებში არსებითი ცვლილებების შეტანა მიმდინარე პროცესებში გარკვევის შედეგად, რაზეც მომდევნო ქვეთავში იქნება საუბარი.

სკაში შემოტანილი თაფლის რაოდენობის დასადგენად თქვენ უნდა განსაზღვროთ (აწონით) გამოწურული თაფლის მასა და დაუმატოთ დატოვებული თაფლის მარაგი (მიახლოებით!) იმის გათვალისწინებით, რომ თაფლით სრულად გავსებული დადანბლატის სკის ბუდის ჩარჩო 3-4კგ თაფლს შეიცავს. ამავე მიზნით თქვენ შეიძლება აწონოთ ჩარჩოები ციფერბლატიანი სასწორის გამოყენებით. გაითვალისწინეთ, რომ საკუთრივ ჩარჩოიანი ფიჭის მასა 250-300გ-შეადგენს (სიძველის მიხედვით).

თაფლის თვისებები

ის რთული შედგენილობისაა, მასში არსებული ცალკეული ნივთიერებები 250-ს აღემატება. თაფლის წყაროა ყვავილოვან მცენარეთა ნექტარი, ან მცენარეებზე მობინადრე ბუგრის მიერ გამოყოფილი ტკბილი წვენი (მანანა), რომელსაც ფუტკარი აგროვებს. თაფლი შეიძლება იყოს თხევადი ან დაკრისტალებული მასის სახით, სხვადასხვა შეფერილობის. თაფლში დაუშვებელია სხვა პროდუქტების შერევა.

ოპტიკური აქტივობა განპირობებულია მისი ძირითადი შემადგენელი ნივთიერებების (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა) ერთმანეთისგან განსხვავებული ოპტიკური აქტივობით, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში თაფლი პოლარიზებულ სხივს მარცხნივ აბრუნებს. თუმცა საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისიც: თუ ის გლუკოზას ჭარბად შეიცავს, შეიძლება თაფლი აღმოჩნდეს მარჯვნივმაბრუნებელი. მაგალითად, მანანა თაფლი მარჯვნივმაბრუნებელია დექსტრინების მაღალი შემცველობის გამო.

სიბლანტე დამოკიდებულია თაფლის ტემპერატურასა და წყლის შემცველობაზე. მათი ზრდის კვალად თაფლის სიბლანტე კლებულობს. აღნიშნულის გამო ფიჭიდან თაფლის გამოსაწურად სასურველია, ტემპერატურა იყოს 30-350C ფარგლებში, რაც ამ პროცესს არსებითად უწყობს ხელს.

ჰიგროსკოპულობა  ერთ-ერთი საყურადღებო თვისებაა. ეს არის მის მიერ წყლის ორთქლის შთანთქმისა და შენარჩუნების უნარი. შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, ნოტიო ჰაერზე თაფლს შეუძლია ატმოსფერული ტენის შთანთქმა, რის გამოც იგი განზავდება და იქმნება პირობები საფუარა სოკოების გამრავლებისთვის, რასაც ჯერ სპირტული დუღილი მოსდევს, შემდეგ _ ამჟავება. საბოლოოდ დაგროვილმა გაზმა შეიძლება გადაბეჭდილი ფიჭის დასკდომა გამოიწვიოს. პირიქით, მაღალ ტემპერატურაზე შეიძლება ტენი გასცეს. აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ქიმიისა და მიწათმოქმედების ბიუროს მონაცემებით (რუტი და სხვ., 1964) 200_ზე ნორმალური შედგენილობის თაფლი ტენს შთანთქავს ჰაერიდან. თუ ფარდობითი ტენიანობა 60 % _ ზე დაბალია, თაფლი პირიქით, ტენს გასცემს.

დაკრისტალების უნარი მეტნაკლებად ყველა თაფლს ახასიათებს, მაგრამ უფრო სწრაფად ღია ფერის თაფლი კრისტალდება (აკაციის თაფლის გამოკლებით).

თაფლის დაკრისტალების სისწრაფე გლუკოზის შემცველობაზეა დამოკიდებული: რაც მეტია შაქარი, მით უფრო ჩქარა კრისტალდება თაფლი. გახსოვდეთ, დაკრისტალება არ არის თაფლის ბუნებრიობის მაჩვენებელი, რაც უნდა განუმარტოთ თქვენი პროდუქციის მყიდველსაც!

თაფლის ქიმიური შედგენილობა.  თაფლის ძირითად შემადგენელ ნაწილს მარტივი შაქრები (ფრუქტოზა+გლუკოზა) წარმოადგენენ (მშრალი ნივთიერებებიდან 82%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს), წყლის შემცველობა არაუმეტეს 20%-ია (სასურველია 17-18%), საქაროზა არაუმეტეს 5%, თუმცა თაფლის შენახვის კვალად ეს მაჩვენებელი კლებულობს (ფერმენტ ინვერტაზას მოქმედების შედეგი). თაფლში ასევე შედის მცირე რაოდენობით მალტოზა, დექსტრინები (1-4%-ის ფარგლებში), ცილოვანი ნივთიერებები (0,4-0,6%), ორგანული მჟავები, მინერალური ნივთიერებები (37-მდე ელემენტი), არომატული ნაერთები (10- მდე დასახელების, გ. ქობლიანიძე და სხვა, 1980), ვიტამინები (განსაკუთრებით B ჯგუფის), ფერმენტები (ინვერტაზა, დიასტაზა _ ამილაზების ნაკრები, გლუკოზოოქსიდაზა), მღებავი ნივთიერებები და სხვა.

მონელებადობა თაფლისა ძალზე მაღალია (98,5%, ტარანოვის მიხედვით, 1972), რაც განპირობებულია მარტივი შაქრების მაღალი შემცველობით. აღნიშნულის გამო თაფლით კვება ძუძუმწოვრებში მის ადვილად შეთვისებას უკავშირდება.

მანანა თაფლი. მეფუტკრეთათვის ეს საკითხი ძალზე საინტერესოა იმ მხრივ, რომ გარკვეულ პირობებში (გვალვიანი ცხელი ზაფხული, ტყის ზონა, კონკურენტი თაფლოვანი მცენარეების არარსებობა) ფუტკარი მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების მიერ გამოყოფილ ტკბილ წვენს აგროვებს სამარაგოდ, რაც ზამთრობის დროს, ხელშემწყობ პირობებში (იხ. ქვეთავი „ფუტკრის არაგადამდები დაავადებები”) იჩენს თავს ნოზემატოზის გაჩენით და შეიძლება ფუტკარი ძალიან დაასუსტოს. მანანა თაფლში აღინიშნება ზოგიერთი ნივთიერების ჭარბი შემცველობა, რაც ფუტკრის ზამთრობისათვის არახელსაყრელია: ნაკლები მონელებადობის მქონე დექსტრინები (12%-მდე), აზოტოვანი ნივთიერებების გაზრდილი რაოდენობა, ზოგიერთი ტუტე ლითონი და ტოქსიკური შაქრები: არაბინოზა, ქსილოზა, გალაქტოზა და რაფინოზა, აგრეთვე ადვილადკრისტალებადი მელიციტოზა. მანანა თაფლის უარყოფითი მოქმედება თავს იჩენს ხანგრძლივი, ცივი ზამთრის პირობებში: ფუტკარს ევსება უკანა ნაწლავი, რაც მას აწუხებს და აიძულებს, უფრო მეტი საკვები მიიღოს, სკაში მაღლა იწევს ტემპერატურა და დგებაოსემა აპის განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობები. გარეთ გამოფრენის შემთხვევაში ფუტკარი ითოშება და შეიძლება სიცივისაგან დაიღუპოს. აღნიშნულის გამო მეფუტკრემ არ უნდა დაუშვას ზამთრის სამარაგო საკვებში მანანას მნიშვნელოვანი რაოდენობა, ასეთი მარაგი მან დროზე უნდა გამოწუროს და სხვა საკვებით (შაქრის სიროფი, ინვერსიული შაქარი და სხვ.) შეუვსოს ფუტკარს.

მათრობელა თაფლი. ამ ტერმინით საქართველოში აღინიშნება ზოგიერთი მცენარიდან მიღებული თაფლი, რომელიც შხამიან საწყისს (ანდრომედოტოქსინი) შეიცავს. ლიტერატურაში აღწერილი მონაცემების მიხედვით (Глухов, 1966) ასეთი თაფლი საშიშია როგორც ადამიანების, ისე მეთაფლე ფუტკრისთვისაც, რაც გამოწვეულია ნექტარში შხამიანი მტვრის მარცვლების მოხვედრით. უმაღლეს მცენარეთა 35 ოჯახის წარმომადგენელთა მტვერი შხამიანია ფუტკრისათვის, თუმცა ეს მოვლენა რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება, ყოველ შემთხვევაში ფუტკრის მასობრივი დაღუპვა ასეთი ნექტრით საქართველოში რეგისტრირებული არ ყოფილა. საჭმელად ასეთი თაფლი ბუნებრივი სახით ადამიანმა არ უნდა მოიხმაროს, მისი გაუვნებლებისთვის საჭიროა თაფლის წყალხსნარის ვაკუუმში კონცენტრირება, რომლის დროსაც ანდრომედოტოქსინი წყლის ორთქლს მიჰყვება, როგორც აქროლადი ნივთიერება (საავტ. მოწმობა #1211907 1/08. 1983). ტოქსიკურობის დასადგენად გავრცელებულია ბიოლოგიური მეთოდი (О.Гробов და სხვა, 1987) ლაბორატორიული ცხოველების კანქვეშ თაფლის 50%-იანი ხსნარის ინექციით, დოზით 1 მლ ყოველ 20 გ ცოცხალ მასაზე. ქვემოთ მოყვანილია ტოქსიკურ მცენარეთა ყვავილის მტვრის მარცვლები, რომელიც შეიძლება დაეხმაროს მკითხველს თაფლის მტვრულ ანალიზში ტოქსიკურობის დასადგენად.

სამარაგო თაფლის შენახვა კარგად გავსებული ფიჭების სახით, დაბალ ტემპერატურაზე რაიმე სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ზოგჯერ მეფუტკრეს მცირეთაფლიანი ფიჭების შენახვაც უხდება. ნებისმიერ შემთხვევაში ფუტკრისათვის, აგრეთვე მღრღნელებისთვის ფიჭები მიუწვდომელი უნდა იყოს, ხოლო სათავსი კი გრილი, რაიმე უცხო სუნის გარეშე, ვენტილირებადი, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა – არაუმეტეს 70%- სა. ყველაზე მოსახერხებელია სკების კორპუსები ან ყუთები, რომელთა საფრენები ან ხვრელები კარგად იკეტება.

ყვავილის მტვერი მცენარეთა მამრობითი სასქესო უჯრედებია, რომლებიც ფუტკრისათვის პროტეინების, ცხიმების, მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების ძირითადი წყაროა. ყვავილის მტვრის მოხმარება მუშა ფუტკარს საშუალებას აძლევს, გამოიმუშავოს ფუტკრის რძე ბარტყისა და კვერცხმდებელი დედა ფუტკრის საკვებად. ძიძა ფუტკარი ამ პროდუქტის დიდი რაოდენობით მოხმარებას იწყებს გამოჩეკიდან 42_50 საათის შემდეგ. ეს მაჩვენებელი მაქსიმუმს აღწევს მე-5 დღეზე და პროცესი გრძელდება ორ კვირას (Hagedorn and Moeller, 1967), მის ორგანოებში (თავი, მუცელი) მკვეთრად იზრდება პროტეინის შემცველობა და ვითარდება შინაგანი ორგანოები (ხახის ჯირკვლები, ცხიმოვანი სხეული და სხვა).

ყვავილის მტვერს ინტენსიურად მოიხმარს მუშა ფუტკრის შემოდგომის თაობა, რომელიც, როგორც ცნობილია, ზამთრობაში უნდა შევიდეს. თუმცა ის ამ პერიოდში ძიძის ფუნქციას არ ასრულებს (მომდევნო წლის ადრე გაზაფხუ ლამდე). აღნიშნულის გამო ყვავილის მტვრის მარაგი აუცილებლად უნდა იყოს მოზამთრე ფუტკრის ოჯახში.

ჰერბერტის (2010) მტკიცებით, წლიურად ფუტკრის ოჯახის მოთხოვნილება 44 გირვანქა (19,9 კგ) ყვავილის მტვერს უდრის, რაც საკმარისია 200 000 ინდივიდის გამოსაზრდელად (1 გირვანქა 4000 ბარტყზე). ბუდეში ყვავილის მტვრის უკმარისობის შემთხვევაში ფუტკარი რძეს გამოიმუშავებს საკუთარი ორგანიზმის სამარაგო ნივთიერებებიდან, რაც საზიანოა მისი სიცოცხლისუნარიანობისა და გამოზრდილი ბარტყის ხარისხობრივი მაჩვენებლებისთვის.

ყვავილის მტვრის ქიმიური შედგენილობა დიდ ფარგლებში მერყეობს მისი წარმოშობის მიხედვით (ალფანდიერი და სხვა, 1982), %:

წყალი …………………………………..-15-35;

 მარტივი შაქრები …………………-20-40;

არააღმდგენელი შაქრები ………-0-20;

ცხიმები………………………………….-1-20;

 ცილები…………………………………-11-35;

ნაცარი…………………………………… -1-7;

ლიზინი …………………………….. -5,9-7,0;

მეთიონინი…………………………..-1,7-2,4;

ტრიპტოფანი ………………………-1,2-1,6.

ყვავილის მტვერში შედის ორგანული ნივთიერებები: სახამებელი და ცხიმები; მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები: კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი და რკინა; ვიტამინებიდან: C, E, თიამინი, რიბოფლავინი, კაროტინი. ყვავილის მტვრის საზრდოობას აფასებენ იმის მიხედვით, რამდენად ზრდის ის ბარტყის რაოდენობას. ამ ნიშნით ყვავილის მტვრის დახასიათებისას გამოყოფენ მაღალი საზრდოობის მქონეს (პროტეინის შემცველობა აღემატება 25%-ს), საშუალო ხარისხის მტვერს (15-25%) და დაბალი საზრდოობის

ყვავილის მტვერში შედის ორგანული ნივთიერებები: სახამებელი და ცხიმები; მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები: კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი და რკინა; ვიტამინებიდან: ჩ, E, თიამინი, რიბოფლავინი, კაროტინი. ყვავილის მტვრის საზრდოობას აფასებენ იმის მიხედვით, რამდენად ზრდის ის ბარტყის რაოდენობას. ამ ნიშნით ყვავილის მტვრის დახასიათებისას გამოყოფენ მაღალი საზრდოობის მქონეს (პროტეინის შემცველობა აღემატება 25%-ს), საშუალო ხარისხის მტვერს (15-25%) და დაბალი საზრდოობის  (<15% პროტეინი) პროდუქტს (მაურიციო, 1958). მტვრის საზრდოობაზე დიდ გავლენას ახდენს შენახვის პირობები და ვადა. ერბერტის (2010) აზრით, მაცივარში შენახული ყვავილის მტვერი 1 წლის შემდეგ საზრდოობის 76 %-ს კარგავს, ორი წლის შემდეგ ეს თვისება მთლიანად ქრება.

მეფუტკრისთვის ძალზე საინტერესოა ფუტკრის მიერ ყვავილის მტვრის მოტანისა და შენახვის პროცესები. ნექტრის მოპოვებისას ფუტკარი მჭიდროდ ეხება სამტვერე პარკებს, რომლებიც იხსნება და მტვერი მას სხეულზე ეყრება. ფუტკარი მას აგროვებს ნერწყვის მეშვეობით, ანოტივებს და გუნდად შეკრულს უკანა ფეხის ჭეოს კალათაში აგდებს. სკაში მოტანისას მტვრის ფეხგუნდას დებს ცარიელ უჯრედებში, გულდასმით ტკეპნის თავით და თაფლს ან ნექტარს უმატებს შაქრის მინიმუმის შესავსებად, რაც უზრუნველყოფს პროდუქტში რძემჟავა დუღილის განვითარებას აქროლადი ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნით. შედეგად მიიღება დაკონსერვებული ყვავილის მტვერი, ე.წ. ჭეო, რომელსაც ფუტკარი მოიხმარს, როგორც ცილოვანი ნივთიერებების წყაროს.

ყოველ ენტომოფილურ მცენარეს აქვს ყვავილის მტვრის მარცვლების თავისებური აღნაგობა დამახასიათებელი კაუჭებით, რითაც ფუტკრის სხეულზე მაგრდება. ამ ნიშნით ადვილად შეიძლება ფუტკრის მიერ მონახულებული მტვეროვანი და ნექტროვანი მცენარეების სახეობრივი განსაზღვრა, რაც მკვლევარს ეხმარება, განსაზღვროს ფუტკრის მიერ წარმოებული თაფლის ბოტანიკური შედგენილობა.

გარდა იმისა, რომ ფუტკარი ოჯახის მოთხოვნილებას იკმაყოფილებს შეგროვებული მტვრით, მას ეს პროდუქტი გადააქვს სხვა მცენარეების სასქესო ორგანოებზე, რაც განსხვავებულ ჯიშებში უზრუნველყოფს მცენარეთა ჯვარედინ დამტვერვას და უფრო გაზრდილი ცხოვემყოფელობის მქონე შთამომავლობის მიღებას.

სკაში მოტანილ ფეხგუნდას ფუტკარი ფიჭაზე განალაგებს უშუალოდ ბარტყის სიახლოვეს, რაც ძიძა ფუტკარს ეხმარება, ჭეო ადვილად მოიხმაროს და მოზარდი თაობა უზრუნველყოს რძით. ბარტყიან ფიჭაზე ჭეოსა და თაფლის განთავსება ისე ხდება, რომ ბარტყთან ჭეოს უშუალო შეხება აქვს, რაც გარდა ზევით აღნიშნული უპირატესობისა, ბარტყისათვის სითბურ რეჟიმს უკეთესად ინარჩუნებს. ჭეოს (ყვავილის მტვრის) ხარჯვის დინამიკა ფუტკრის ოჯახში აქტიურ სეზონზე არაერთნაირია: ადრე გაზაფხულზე ფუტკარი ამ საკვებს ჩვეულებრივად აგროვებს საადრეო მტვეროვანი მცენარეებიდან (ნუში, შვინდი, ენძელა), თუმცა ამინდის პირობები ყოველთვის არ იძლევა ახალი მტვრის მოტანის შესაძლებლობას. ასეთ პირობებში ბევრი რამ არის დამოკიდებულიბუდეში არსებულ ჭეოს მარაგზე: თუ ის წინა წლიდან საკმაო რაოდენობით არის დარჩენილი, მაშინ ბარტყი შეუფერხებლად იზრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეფუტკრემ უნდა უზრუნველყოს ფუტკრის მომარაგება ყვავილის მტვრის შემცვლელით. ახალი ყვავილის მტვრის (ჭეოს) მოხმარება მაღალი აქტივობით გრძელდება მთელ გაზაფხულზე, რაც ბარტყის ინტენსიურ გამოზრდას უკავშირდება. სკაში მნიშვნელოვანი რაოდენობით ნექტრის შემოტანისას ფუტკარი ზღუდავს ბარტყის გამოზრდას და ეს შესაბამისად ყვავილის მტვრის მოტანაზეც აისახება.

მეორე პერიოდი, როცა სკაში ფუტკარი ჭეოს გაძლიერებით მოიხმარს, იწყება ღალიანობის დასასრულს, მოზამთრე თაობის გამოზრდასთან დაკავშირებით. თუ ამ პროდუქტის მარაგი შეზღუდულია, მაშინ ფუტკარი ზამთრობაში შეიძლება შევიდეს ჭეოს უმნიშვნელო მარაგით.

 დააკვირდით ფუტკარს ოქტომბერში, აღრიცხეთ ჭეოს მარაგი, რომელიც 1-1,5 ჩარჩოს მაინც უნდა შეადგენდეს და თუ ასეთი მარაგი არ არსებობს, გაითვალისწინეთ ფუტკრის დამატებითი გამოკვება. მის გარეშე ადრე გაზაფხულზე თქვენ ფუტკარს დროულად ვერ გააძლიერებთ!

აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი სუბტროპიკების გარდამავალ ზონაში ფუტკრის ოჯახებზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ აქტიურ სეზონზე საკმაოდ ხანგრძლივი უღალობის პირობებში ფუტკარი ვერ ახერხებს ღალიანობისათვის მომზადებას, თუ დამატებით მიცემული საკვები (შაქრის ფხვნილი) შეზღუდულად მიეწოდება (3-4 კგ წლიურად): მაქსიმალურ განვითარებას ოჯახი აღწევს ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში, რის გამოც სათაფლე პროდუქტიულობამ 12-15 კგ შეადგინა (საარსებო საკვები), ხოლო შემოდგომაზე (ოქტომბერი) ჭეოს საშუალო მარაგი 450-500 გ-ს არ აღემატებოდა, რაც მომდევნო სეზონის დასაწყისში ბარტყიანობის ზრდის შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა. ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ მწირი საკვები ბაზის პირობებში დამატებითი კვება ფუტკრის საადრეო განვითარებისათვის უმთავრესი ფაქტორია.

ჭეოიანი ფიჭის შენახვა. საქართველოს დაბლობ ზონებში (კოლხეთი, ალაზნის ველი, გარდაბნის ნაკრძალი) ფუტკარი ყვავილის მტვერს ინტენსიურად აგროვებს. ჭეოიანი ფიჭა აქტიურ სეზონზე ფუტკრის ბუდეში ინახება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ჩრჩილი გაანადგურებს.

როცა საწყობში ტემპერატურა 100C-ს ზემოთ აღარ ადის, შეინახეთ ჭეოიანი ფიჭები ასეთ სათავსოში! დაიცავით ზედმეტი ტენისაგან! სასურველი ტემპერატურა 1-80-C-შეადგენს. ზამთარგამოვლილი ჭეო თქვენი ფუტკრისათვის შეუცვლელი საკვებია, მიეცით იგი ფუტკარს უშუალოდ ბარტყიანი ფიჭების სიახლოვეს. თუ მაინც გიხდებათ ასეთი ფიჭების შენახვა საწყობში, დაფარეთ იგი არაცილოვანი ფქვილით (კარტოფილის, შაქრის), რომელიც ჩრჩილის მატლებისაგან დაგიცავთ.

ფუტკრის დარწყულება. წყალი ასრულებს ფუტკრის ორგანიზმში რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ფუნქციას: წყალში გახსნილი საზრდო ნივთიერებების მიტანა ყველა ორგანოსა და ქსოვილში, მათი დაშლის პროდუქტების გამოტანა, საკვების მონელება და მეტაბოლიზმი.

არ უნდა შეუზღუდოთ წყლის მოხმარება ფუტკარს, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა მუშა ფუტკარი დიდი რაოდენობით ყვავილის მტვერს მოიხმარს რძის გამომუშავებისთვის.

რაც მეტი ბარტყი გამოიზრდება ბუდეში, მით მეტია წყლის მოთხოვნილება ბარტყის საკვებში, რომელიც 66%-მდე წყალს შეიცავს (ჰერბერტ, 2010). წყალი სჭირდება აგრეთვე ნახშირწყლოვანი საკვების მონელებას და შეთვისებას, ბუდეში ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის დაცვას. ბარტყის გამოზრდისას იგი 90-95%-ს უნდა შეადგენდეს, წყლის დღიური მოხმარება ამ დროს 200 გ-ზე მეტს შეადგენს, წლიურად კი 20 ლ-ზე მეტია. ზამთარში იგი იმ წყალსაც მოიხმარს, რომელიც კონდენსირდება ბუდეში (კედლებსა და ფიჭებზე). მისი რაოდენობა ამ შემთხვევაში 5 ლ-ს აღემატება (ნელსონ, 1983). ძლიერი ოჯახები ცხელ ამინდში დღიურად 1 ლ. წყალს მოიხმარენ (N.Gary. 2010).

როგორც წესი, ფუტკრის სარწყულებელს გარეთ აწყობენ სადგამზე მოთავსებული კასრის სახით, საიდანაც წყალი დახრილ ფიცარზე ეწვეთება, ან სარწყულებლად იყენებენ მინის ქილას, რომელიც ყელით წიწილის სარწყულებელზე დგას. წყლის მოხმარების მიჩვევის მიზნით ტარანოვი (1982) ურჩევს თავდაპირველად შაქრის სუსტი ხსნარის გამოყენებას. იგივე ავტორი წყალში სუფრის მარილის დამატებას ურჩევს ნორმით 5 გ 1 ლ-ზე, თუმცა სხვა ავტორები (ნედიალკოვი და სხვა, 1985) თვლიან, რომ მეფუტკრე ნაკლები დოზით (0,1- 0,3%) უნდა შემოიფარგლოს.

სარწყულებელი მოაწყვეთ ადრე გაზაფხულიდანვე, რომ ფუტკარი მას მიეჩვიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფუტკარი მას არ ეკარება.

გიორგი მაძღარაშვილი,

სოფლის მეურნეობის მცენიერების დოქტორი