დარგებიმეფუტკრეობა

ფუტკრის შხამის წარმოება და პირველადი დამუშავება

ფუტკრის შხამი ცხოველური წარმოშობის შხამებს მიეკუთვნება, რომლის დანიშნულება მტრებისგან ფუტკრის ოჯახის დაცვაა.

შხამს გამოიმუშავებს მუშა და დედა ფუტკრის მუცლის დაბოლოებაში არსებული საშხამე აპარატი, რომელშიც შედის სასრიალო, ორმახვილიანი ნესტარი, სამი წყვილი ქიტინოვანი ფირფიტა, დიდი და მცირე საშხამე ჯირკვლები. ეს უკანასკნელი წარმოდგენილია დიდი და მცირე მილაკებით, რომლებიც შიგნიდან მოფენილია ჯირკვლოვანი უჯრედებით. წარმოქმნილი შხამი გროვდება საშხამე ბუშტში, საიდანაც ნესტრის მეშვეობით მტრის ორგანიზმში ხვდება. ნესტარი დაკბილულია, წანაზარდები განივზოლიან კუნთში (ძუძუმწოვრები) მოხვედრისას ნესტრის ამოღებას ხელს უშლის, რის გამოც მთელი საშხამე აპარატი ფუტკრის ორგანიზმს წყდება, ხოლო საშხამე ბუშტის ავტონომიურად მოქმედი კუნთები განაგრძობენ შეკუმშვას და მთელი შხამი მსხვერპლის სხეულში გადადის, ამის შემდეგ ფუტკარი მოკლე ხანში (1-5 დღე) კვდება (Мусаев, 1982).

ახლადგამოჩეკილ მუშა ფუტკარს შხამი შეიძლება ჰქონდეს მინიმალური რაოდენობით, დედა ფუტკარში პირიქით, მისი სეკრეცია მაქსიმუმს აღწევს პირველსავე დღეს, რაც სჭირდება მეტოქე დედებთან საბრძოლველად. მუშა ფუტკარში შხამის დაგროვება გრძელდება მე-12-14 დღემდე, რის შემდეგ საშხამე უჯრედების დეგენერაცია ხდება.

 ამრიგად, შხამის წართმევა მუშა ფუტკრისათვის შეიძლება მხოლოდ ერთხელ სიცოცხლეში. გაზაფხულისა და შემოდგომის თაობებს შხამის რაოდენობა და აქტივობა უფრო მცირე აქვთ, ვიდრე ზაფხულის (ივნისი-ივლისი) ფუტკარს, შხამის მაქსიმალური პროდუქციაც ამ პერიოდზე მოდის.

Мусаев-ის (1978) დაკვირვებით, ქართულ ფუტკარს შხამის მაქსიმალური რაოდენობა გამოჩეკვიდან 25-ე დღეს აღე-ნიშნება და იგი 7_9 მგ-ს შეადგენს, უკრაინულისა – 7,1 მგ, შუა რუსეთის ფუტკარს – 7,6, ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან სხვა ავტორები (Туников და სხვა, 2001). დასანანია, რომ არც ერთს ამ ავტორთაგან არ გამოუქვეყნებია შხამის ბიოლოგიური აქტივობა ფუტკრის ჯიშების მიხედვით, რაც ძალზე საინტერესოა თავისთავად.

შხამის გამომუშავება მჭიდროდ არის დაკავშირებული ცილოვანი საკვების (ყვავილის მტვერი) გაძლიერებულ მოხმარებასთან. ამის გარეშე (მარტო ნახშირწყლოვან საკვებზე) ფუტკარს შხამის გამოყოფა არ აღენიშნება. დანესტვრის დროს ფუტკრის ნესტრის ძირში არსებული ჯირკვლები გამოყოფენ სუნიან ნივთიერებებს (იზოამილაცეტატი), რომელიც აღაგზნებს მთლიანად ფუტკრის გუნდს თავდაცვისათვის.

შხამის ფიზიკური თვისებები

  ბუნებრივი შხამი ბლანტი, გამჭირვალე, მოყვითალო, მწვავე, მკვეთრი სუნის, მწარე გემოს სითხეა, მისი სიმკვრივე 1,085-1,131 (საშუალოდ 1,11) შეადგენს, აქტიური მჟავიანობა (ph) 4,5-5,5. შხამი ჰაერზე სწრაფად შრება (10-15 წუთი), კრისტალები ჰიგროსკოპულია, ადვილად იხსნება წყალსა და წყალგლიცერინის ხსნარში, მჟავებსა და ტუტეებში ადვილად იშლება, დამშლელად მოქმედებს, აგრეთვე, ღვინის სპირტი, მზის სხივები, მაღალი ტემპერატურა, ატმოსფერული ჟანგბადი. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ამ ფაქტორებისადმი შხამის ფერმენტები:

გლუკოზოამინგლუკანჰიდროლაზური კომპლექსი და ფოსფოლიპაზა A2. ფუტკრის შხამი დაბალ ტემპერატურაზე დიდხანს ინარჩუნებს აქტივობას.

შხამის ქიმიური შედგენილობა

შხამში შედის ნივთიერებათა 4 ძირითადი ჯგუფი: ცილები, პეპტიდები, ფიზიოლოგიურად აქტიური ამინები და შაქრები. ცილებში შეიძლება გამოიყოს ფერმენტები: ფოსფოლიპაზა ა2 (10-12%), გლუკოზოამინგლუკანჰიდროლაზური კომპლექსი (1-3%), მჟავე ფოსფატაზა და ლიზოფოსფოლიპაზა (თითოეული 1%-მდე). პეპტიდებიდან მელიტინი შეადგენს შხამის საერთო რაოდენობის 50-55%-ს, მცირე პეპტიდები – 13 – 15 %-ს.

მელიტინი ამინომჟავების გარდა შეიცავს ჭიანჭველმჟავას. იგი ტუტე რეაქციისაა, იწვევს ერითროციტებისა და სხვა უჯრედების დაშლას, ამცირებს სისხლის შედედების უნარს, აქვს ანტიმიკრობული უნარი, დასხივებისადმი წინააღმდეგობის ზრდის ეფექტი, დიდი დოზით გამოყენებისას ტოქსიკურია, შეინიშნება სისხლის წნევის გაზრდა, გულის კუნთის მუშაობის მოშლა. მელიტინი მცირე დოზით ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ამუხრუჭებს ლეიკოციტების მოძრაობას ანთების კერისკენ. ძირითადად მელიტინი და ნაწილობრივ აპამინი განაპირობებენ ფუტკრის შხამის ტოქსიკურობას და სამკურნალო თვისებებს.

ფოსფოლიზა A2  ორგანიზმში მოხვედრისას აძლიერებს შხამით გამოწვეულ ანთებით პროცესს, ამცირებს ანტიგენთა აქტივობას, შლის უჯრედების სამშენებლო ბლოკს _ ფოსფოლიპიდებს, მელიტინთან ერთად ზრდის შხამის ტოქსიკურობას.

გლუკოზოამინგლუკანჰიდროლაზური კომპლექსი იწვევს ჰიალურონის მჟავის დაშლას, რის შედეგად ძლიერდება შხამის სხვა კომპონენტების მოხვედრა ორგანიზმში. ის აგრეთვე ხელს უწყობს ორგანიზმში წარმოშობილი ჰემატომებისა და ჭრილობების გაწოვას.

ფუტკრის შხამის მოქმედების მრავალმხრივობა განაპირობებს მის გამოყენებას სრულიად სხვადასხვა დანიშნულებით. შხამით მკურნალობენ ოსტეოქონდროზს, ნევრიტებს, ნევრალგიას, პოლინევრიტებს, პოლიართრიტებს, იმპოტენციას, თირკმლის უკმარისობას, გინეკოლოგიურ და ქირურგიულ დაავადებებს. მას აქვს რადიოპროტექტორული თვისებებიც. ამის გამო, ფუტკრის შხამის მოქმედება აქტიურად შეისწავლება მრავალ ქვეყანაში, რაც ზრდის მისი დამზადებისა და გამოყენების შესაძლებლობებს.

ფუტკრის შხამის მიღება. ეს პრო-ცესი ადრე სხვადასხვანაირად სრულდებოდა: მექანიკური ან ქიმიური საშუალებებით, რის შედეგადაც გაღიზიანებული ფუტკარი შხამს ტოვებდა მეფუტკრის მიერ გამოყენებულ საგნებზე (ღრუბელი, ფილტრი ქაღალდი, სინთეზური აპკი და სხვ.), საიდანაც შხამი გამოირეცხებოდა. დღეს ყველაზე გავრცელებული საშუალებაა იმპულსური ელექტროშოკით გაღიზიანება.

თავდაპირველად ამ კონსტრუქციის აპარატები საფრენთან იდებოდა, სკაში შესვლისას ფუტკარი თავისი სხეულის შეხებით დადებითი და უარყოფითი მუხტების მქონე სადენების მოკლე ჩართვას ახდენდა, რის შემდეგ იგი ნესტრით ჩხვლეტდა მინის ფირფიტას და მასზე ტოვებდა შხამის წვეთს. შემდგომში ამ კონსტრუქციის აპარატები უფრო სრულყვეს: სადენებიანი კასეტი, რომელიც მინის სამშრიან ფენას წარმოადგენდა, სკის შიგნით იდებოდა. კასეტის მინის ან ლითონის შუა ფურცელი კონსტრუქციას იჭერს, მას თავსა და ბოლოზე მორგებული აქვს ხის ლარტყები, რომელზეც დახვეულია სადენები 5 მმ-ის შუალედებით. ერთ კასეტაზე მავთულის ნახვევი 59-60 ცალია. მინის გარეთა ფურცლებზე შხამის წვეთები გროვდება. ამ მინებსა და მავთულებს შორის მანძილი 2 მმ უნდა იყოს, თუმცა არსებობს სხვა რეკომენდაციებიც: 3 მმ მავთულებს შორის და 0,5 (+ 0,1) მმ მინის ფურცლებსა და სადენებს შორის (Туников და სხვ, 2001). იგივე ავტორები ოპტიმალურად თვლიან შემდეგ რეჟიმს: ელდენის ძაბვა 27 ვოლტი, იმპულსის ხანგრძლივობა 2 წმ, შუალედი იმპულსებს შორის 3 წამია, იმპულსების სიხშირე – 1000 ჰერცი. გაზრდილი ტენიანობის პირობებში რეკომენდებულია შემდეგი პარამეტრების დაცვა: ძაბვა 24 ვოლტი, პაუზების სიხშირე 800 ჰც, იმ-პულსის ხანგრძლივობა 1 წმ, შესვენება – 1,5 წმ; ჰაერის დაბალი ფარდობითი ტენიანობის დროს ძაბვა იზრდება 30 ვოლტამდე, სიხშირე 1200 ჰც-მდე, იმპულსის ხანგრძლივობა 3 წმ-მდე, შუალედი 4,5 წამამდე.

 შხამის მაქსიმალური პროდუქციის მისაღებად ფუტკრის ოჯახი მოამარაგეთ ცილოვანი საკვებით (ჭეო), შხამის აღება დაიწყეთ გაზაფხულზე, როცა ოჯახის სიძლიერე 10 ჩარჩოზე ნაკლები არ არის (მოზამთრე თაობა მთლიანად შეცვლილია), ხოლო ინტენსიურ ღალიანობამდე 30-40 დღე რჩება. ამ პერიოდში მოასწრებთ ოჯახის დამუშავებას 3-4 – ჯერ თორმეტდღიანი შუალედებით.  შემგროვებლის ფირფიტებიდან  შხამი აფხიკეთ სპეციალური მოწყობილობით, ან პირის საპარსი უსაფრთხო დანით, რომლის პირი ფირფიტას ოდნავ დახრილად შეახეთ. შხამი ძლიერ გაგიღიზიანებთ ცხვირისა და თვალის ლორწოვან გარსს, თუ არ გამოიყენებთ კარგად მორგებულ სათვალესა და რესპირატორს ან სპეციალურ ყუთს, რომელსაც ზედა მხარე მინის აქვს და მიერთებულია გამწოვ ვენტილატორზე. გამოიყენეთ აგრეთვე სპეციალური ხელთათმანები!

მომდევნო თაობის აპარატებში შხამის ასაღები კასეტები ხის ერთიან კონსტრუქციაში ჩაიდგა, მასში შხამის შემგროვებლები შედის მინის ერთმაგი ფირფიტებით, რომლებზეც ელექტრო- სადენები ჰორიზონტალურად არის შემოხვეული. სამუშაო მდგომარეობაში ფირფიტების ვიწრო კიდე სკის ჩარჩო-თაშორისს ემთხვევა, რაც აადვილებს მასზე ფუტკრის მოხვედრას. კონსტრუქცია გაანგარიშებულია ლანგსტროტრუტის 10-ჩარჩოიან სკაზე დასადგმელად. თუ დადანის სკის კორპუსზე დაიდგმება, მაშინ წარმოქმნილი ღრიჭოები საფარი ტილოთი ან ხის ფიცრებით იფარება, ხოლო ზემოდან სკის სახურავი ედება.

სკის კორპუსზე დასადგმელი კასეტების ძირითადი უპირატესობა იმაშია, რომ ბევრად იზრდება შხამის ასაღები ფირფიტების ფართობი, ხოლო ფუტკრის მასის გადაადგილება ბუდის შუაგულიდან განაპირა ჩარჩოებისკენ საჭირო აღარ არის. ეს ბევრად აჩქარებს ოჯახის დამუშავების პროცესს. თუ სკაში ორი კასეტის ჩადებისას დამუშავების ხანგრძლივობა სამ საათზე ნაკლები არ არის (Мусаев, 1982), ამ კონსტრუქციის კასეტების გამოყენებისას იგივე მაჩვენებელი 40 წუთამდე მცირდება, რაც ძალზე არსებითია შრომის ნაყოფიერების გადიდების თვალსაზრისით.  შხამის აღების დრო ისე უნდა შეირჩეს, რომ ფუტკარს ჩიჩახვში საკვების მინიმალური მარაგი ჰქონდეს.

ჩვეულებრივად ფუტკრის დამუშავება ღამით ხდება. ამინდის ცვალებადობამ პროცესი რომ არ შეაფერხოს, უმჯობესია, კასეტი საკუჭნაოს კორპუსში ჩაიდგას. მეფუტკრეს უნდა ეცვას მჭიდრო ქსოვილის კომბინეზონი პირბადით, ჩექმები და ჰქონდეს წითელშუქფილტრიანი ფარანი. ჩვეულებრივ ფარანზე შეიძლება წითელი ქსოვილის გადაკვრაც, ეს ფუტკარს უფრო ნაკლებად აღიზიანებს.

 ფუტკრის დამუშავება დაიწყეთ ღამის 2 საათიდან, დამუშავების შეწყვეტის შემდეგ კასეტი კიდევ 1-1,5 საათს სკაზე დატოვეთ ფუტკრის დასამშვიდებლად, კასეტის მოხსნის შემდეგ დარჩენილი ფუტკარი სკაში ჩაცოცხეთ რბილი ჯაგრისით და კასეტები დაუყოვნებლივ შხამის ასაღებ შენობაში შეიტანეთ (სიბნელეში). გახსოვდეთ, რაც უფრო მეტხანს იქნება კასეტი დღის სინათლეზე, მით უარესია შეგროვებული შხამის ხარისხი.

  ფუტკრის დამუშავებებს შორის შუალედი 12 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს (Мусаев 1982; Яковлев 1990). შხამის აღება სასურველი არ არის ინტენსიური ღალიანობის დროს, რადგან ეს ამცირებს სათაფლე და საცვილე პროდქტიულობას. შხამის აღება ამცირებს ფუტკრის ორგანიზმში აზოტისა და ცხიმის შემცველობას, ფუტკრის აქტიურობა კლებულობს ორი დღის განმავლობაში, შემდეგ კი ჩვეულებრივ რიტმში მუშაობს.

შხამი უნდა ჩამოიფხიკოს თეთრ, პრიალა ქაღალდზე, შემდეგ შრება კარადაში მუდმივ მასამდე 35-400C ტემპერატურაზე და იცრება საცერში, რომლის უჯრედის ზომა 0,3-0,5 მმ-ს შეადგენს. გამშრალი მტვერი იყრება მუქ, ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. მისი ზომა ისე უნდა შეირჩეს, რომ ერთ დამუშავებაზე მთლიანად ივსებოდეს. ჩაყრის დროს ჭურჭელი დროდადრო უნდა შეინჯღრეს, რომ ჰაერი მასში მინიმალური ოდენობით დარჩეს. ჭურჭელი ინახება მაცივრის საყინულეში, პოლიეთილენის პარკში გახვეული, რათა მაცივრის შესაძლო გამორთვისას შხამი არ დანესტიანდეს. სპეციალიზებულ ლაბორატორიაში შხამის შემოწმების შემდეგ ივსება სერთიფიკატი, ჭურჭელს უკეთდება ეტიკეტი და შხამი მზად არის გასაყიდად.

 ხარისხის ექსპერტიზა. დსთ ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი სტანდარტის ГОСТ 3042697  „შხამი ფუტკრისნედლი” მიხედვით შესაფასებლად გამოყენებულია მაჩვენებლები:

 _ ორგანოლეპტიკური, გარეგნული სა-ხე, ფერი, კონსისტენცია;   

 _ წყალში უხსნადი მინარევები, % არაუმეტეს _ 5; 

 _ ნარჩენი ტენი, % არაუმეტეს _ 8;

 _ ნედლი ნაცრის მასური წილი, % არაუმეტეს _ 2;

 _ ფოსფოლიპაზა ა2–ის აქტიურობა 1 მგში, მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, ს.ე. არანაკლებ _ 100;

 _გლუკოზოამინგლუკანჰიდროლაზური კომპლექსის (გაგჰ), მგ, მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, ს.ე. არანაკლებ _ 90;

 _ ჰემოლიზის დრო, წმ, არაუმეტეს _ 300;

 _ მელიტინის მასური წილი, %, არანაკლებ _ 50;

 _ აპამინის მასური წილი, %, არანაკლებ – 2;

 ფუტკრის შხამის გამოყენების ფორმები. შხამის გამოყენების ყველაზე უძველესი ფორმაა ფუტკრის მიერ პაციენტის უშუალო დანესტვრა. აქ მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ შხამის სითბური დამუშავების დროს მისი აქტიურობა კლებულობს. პაციენტისათვის ცოცხალი ფუტკრის გამოყენება ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ შემუშავებულია შხამის პრეპარატები სხვადასხვა ფორმით: კანქვეშ, კანში, კუნთში, სახსრებში, გარეგანი დამუშავებისას იყენებენ იონოფორეზს, ჩაზელვას, ფონოფორეზს. გარდა ამისა, ფუტკრის შხამს იყენებენ პარფიუმერიაში – სუნამოების სტაბილიზაციისთვის. შხამის გამოყენება არ შეიძლება ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში, ამიტომ შხამით მკურნალობა უნდა წარიმართოს ექიმის მეთვალყურეობით.

დახმარება ფუტკრის შხამით მოწამვლისას. ზოგიერთი ორგანოს დანესტვრისას (ენა, ხახა, სასა, ხორხი, ყელის გვერდითა მხარე) ვითარდება მძიმე მოწამვლა, რომელსაც შეიძლება სიკვდილი მოჰყვეს. ამიტომ დანესტვრისას უპირველესად ამოაძრეთ ნესტარი საშხამე აპარატის გასრესის გარეშე (დანით, ასტმით ან ფრჩხილით). მობანეთ დანესტრილი ადგილი, დაამუშავეთ თაფლით, ნივრის წვენით, ნიშადურით, იოდის ნაყენით ან ყინულით. ავადმყოფს მიეცით თაფლი, ღვინის სპირტი, ახალი რძე, მაწონი. ძლიერი მოწამვლისას ავადმყოფი ექვემდებარება სტაციონარულ მკურნალობას.

გიორგი მაძღარაშვილი

„მეფუტკრეობა“