დარგებიმეფუტკრეობა

ცვილის წარმოება და დამუშავება

ფუტკრის ცვილი თავისი მნიშვნელობით მეორე პროდუქტია, რადგან მის გარეშე არ არსებობს ფუტკრის ოჯახი, როგორც ერთიანი ორგანიზმი. თანამედროვე მოთხოვნების დონეზე აშენებული ფიჭის გარეშე შეუძლებელია მეფუტკრეობის გაძღოლა. იგი დაკავშირებულია ბარტყის გამოზრდასთან და ბუნებრივი საკვების სკაში დაბინავებასთან.

ცვილს გამოიმუშავებს ფუტკრის მუცლის პირველ ოთხ სტერნიტზე (ქვედა ქიტინოვანი ნახევარრგოლი) არსებული საცვილე ჯირკვლები. ცვილი საცვილე სარკეზე წარმოიქმნება ფირფიტების სახით „გამოჩეკვის III-V დღიდან და გრძელდება მე-18 დღემდე. ცვილის გამოყოფისას ფუტკრები სკაში ძეწკვისებურად ერთდებიან ასაშენებელ ფიჭაზე.

ცვილის ფიზიკური თვისებები

  ფერი მერყეობს (თეთრი ფერიდან მუქ ყვითლამდე, მინარევების მიხედვით), სუნი განპირობებულია არომატული ეთერზეთების არსებობით, ლღობის ტემპერატურა 61-690C, სიმკვრივე 0,95-0,97, აქვს კრისტალური სტრუქტურა, კონსისტენცია დამოკიდებულია ცვილის ტემპერატურაზე.

  ცვილის ქიმიური შედგენილობა

  იგი 300მდე სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს (В, Чудаков 1979). მისი ძირითადი შემადგენელი ნივთიერებებია: რთული ეთერები-70,4_74,7%; თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები_13,5_15; ნაჯერი ნახშირწყალბადები -12,5_15,5%, ახასიათებს რეაგირება ერთვალენტიან და ორვალენტიან ლითონებთან, წყალთან ერთად წარმოქმნის ემულსიას (მაღალ ტემპერატურაზე).

 ცვილის გამოყოფაზე მოქმედი ძირითადი  ფაქტორები

_ იგი პირდაპირპროპორციულ კავშირშია ღალიანობის (ნექტარი და ყვავილის მტვერი) ინტენსივობასთან, რადგან ცვილის სეკრეცია ხდება როგორც ნახშირწყლოვანი, ისე ცილოვანი  ნივთიერებების მოხმარების ხარჯზე;

_ ოჯახის სიძლიერე განსაზღვრავს წარმოქმნილი ცვილის რაოდენობას, ამასთან ფუტკრის მასის ზრდის კვალად (4 კგ-მდე) ცვილის გამოყოფაც იზრდება, შემდგომი ზრდისას (5 კგ-მდე და მეტი) ცვილის გამოყოფის ინტენსივობა იგივე   რჩება (Туников и др.,2001);

_ ბარტყის გამოზრდის ინტენსივობა. ახალგაზრდა (ძიძა) ფუტკრები ერთდროულად ასრულებენ როგორც ბარტყის კვების, ისე ცვილის გამოყოფის ფუნქციებს. ამ საქმიანობის მაქსიმალური მაჩვენებლები ერთიმეორეს ემთხვევა დროის მიხედვით.

_ ფუტკრის ოჯახის სანაყრე მდგომარეობა. ფუტკარი ამ დროს წყვეტს ფიჭის შენებას, მაგრამ განსაკუთრებული სიძლიერით თავს იჩენს ნაყრის სკაში დაბინავების შემდეგ. ამ თვისების მხრივ ნაყარი ფუტკარი 5-10-ჯერ აღემატება ანალოგიური სიძლიერის ჩვეულებრივ ოჯახს, თანაც ფიჭაზე აშენებს მხოლოდ სამუშე უჯრედებს.

ფიჭის დაძველების გავლენა ფუტკრის ოჯახზე. ოჯახზე. ფიჭა ძველდება უჯრედებში ბარტყის გამოზრდის შედეგად, რომელიც ტოვებს მასში ბარტყის პერანგს და ექსკრემენტებს. ეს ნივთიერებები რეაგირებენ ცვილთან, რომელიც თანდათან მუქდება. დადანბლატის სკის ბუდის ფიჭა აშენების შემდეგ იწონის 140გ-ს, მასში ბარტყის 6 თაობის გამოზრდის შემდეგ – ორჯერ მეტს, 17 თაობის შემდეგსამჯერ მეტს. თუ ფიჭაში ბარტყი არ იზრდება (საკუჭნაოს ჩარჩო), მაშინ მისი მასა არსებითად არ იცვლება. ჱყავისფერ ფიჭაში  უჯრედის მოცულობა მცირდება 4,1 და 13,8%-ით, ბარტყის გამოზრდაზე დახარჯული საკვების რაოდენობა იზრდება 2,5დან 3,7კგ-მდე (1 კგ ფუტკარზე გაანგარიშებით). ფუტკრის ოჯახის პროდუქტიულობა მცირდება 40-47%-ით ((Туников и др.2001). ამასთან ძველ ფიჭას აქვს რიგი უარყოფითი თვისებებისა: იგი ხშირად ინფექციური და ინვაზიური დაავადებების წყაროა, გგაზრდილი რაოდენობით შეიცავს მძიმე ლითონებს, პესტიციდებს, ცეზიუმის რადიოიზოტოპებს, უფრო ადვილად კრისტალდება თაფლი, რაც სახიფათოა ზამთრობის დროს.

შეეცადეთ, რომ 2 წელზე უხნესი ფიჭა (ბუდის ჩარჩოებში) თქვენს საფუტკრეში არ იყოს. ეს გააჯანსაღებს თქვენს ფუტკარს და ცვილის პროდუქციას გაგიზრდით!

  ჩარჩოების მომზადება ხელოვნური ფიჭის ჩასაკრავად

ჩარჩოების შეჭედვის შემდეგ (დელაპლანე, 2007), გვერდით თამასებში კეთდება ნახვრეტები ოთხნემსიანი სახვრეტელათი ან ელექტრობურღით, გაეყრება 0,5მმ დიამეტრის მავთული იმ წესით, რომელიც მოცემულია სურათზე, ხოლო ხელოვნური ფიჭა ჩაეკვრება ან მექანიკური საშუალებებით (ლეკალო, დეზი, საგორავი ან ფიგურული სახრახნისი), ან ელექტროჩასამყნობი მოწყობილობით. ბუდის ფიჭის ასაშენებლად გამოიყენება საშუალო და სქელი ხელოვნური ფიჭა (1 კგ-ში 15-16 და 12-13 ფურცელი შესაბამისად). თხელი ხელოვნური ფიჭა (1 კგ-ში 18-20 ფურცელი) ვარგისია საკუჭნაოს კორპუსში გამოსაყენებლად.

აქტიური სეზონის ბოლოს, აგრეთვე ბუდის შემჭიდროების შედეგად საფუტკრეში რჩება ფიჭის მარაგი, რომელიც ბუდეში აღარ უნდა დარჩეს. ისინი მეფუტკრემ უნდა ამოიღოს სკიდან და დაახარისხოს შემდეგი თანმიმდევრობით:

_ თაფლიანი (საკვების შემცველი) ფიჭები ინახება ფიჭის სათავსოში, გაზაფხულზე ფუტკრისათვის მისაცემად;

_ ბარტყის გამოსაზრდელად ვარგისი ფიჭები;

_ ახლადაშენებული დაუმთავრებელი ფიჭები;

_ სამამლე ფიჭები (ვარგისია მხოლოდ მამალი ფუტკრების გამოსაზრდელად);

_ წუნდებული (ცუდად აშენებული, დაძველებული) ფიჭები;

 ფიჭის გადამუშავება საფუტკრეში  ფიჭის გადამუშავება საფუტკრეში შეიძლება ჩატარდეს მშრალი ან სველი წესით.

  თუ გადასადნობი ფიჭის ჩარჩოებზე შეინიშნება დინდგელის ნაწილაკები, აფხიკეთ იგი დანით, რომ არ მოხვდეს ნედლეულში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაგიუარესებთ გამოწურული ცვილის ხარისხს. ფიჭებში დარჩენილი ჭეოს მოსაშორებლად ისინი დაალბეთ წყალში და გამობერტყეთ ჭეო, ან დაატრიალეთ ჩარჩოები ციბრუტში ჩაწყობით. ჭეოს მოხვედრა ცვილში მისი ხარისხისათვის ძალზე არასასურველია!

მცირე რაოდენობით ნედლეულის დამუშავების დროს იყენებენ მშრალად დამუშავებას, მზის ენერგიის საშუალებით, რომელიც დახურულ სივრცეში ქმნის სითბოს დაგროვებას 70-950C ფარგლებში, რაც საკმარისია ნედლეულში არსებული ცვილის გასადნობად მისი შემდგომი გამოცალკევებით. მზის ცვილსადნობი წარმოადგენს ხის ნაირსიმაღლის ყუთს ორფურცლიანი მინის სახურავით, აქვს ტაფა ცვილის ნედლეულისათვის და ვარცლი გამდნარი ცვილისათვის, აგრეთვე მბრუნავი საყრდენი, რითაც ყუთის ზედაპირი ყოველთვის მოექცევა მზის მხარეზე.

სათადარიგო ფიჭები შეინახეთ ცივ სათავსოში ან სკის კორპუსებში. მღრღნელებისაგან დასაცავად გამოიყენეთ მექანიკური საშუალებები (ხაფანგი), ან სადგამებზე შეყენებულ სკებს გარშემო, იატაკზე დაუწყვეთ ქაღალდის ფურცლები ზედ პასტისებრი საწამლავის დასხმით. ჩრჩილისაგან დასაცავად ფიჭებს შეაფრქვიეთ შაქრის ან სახამებლის (კარტოფილის) ფქვილი, რომელიც არ დაგიბინძურებთ ფიჭებს ფუტკრისათვის მავნე პროდუქტებით!

მზის ცვილსადნობში ნედლეული ერთდროულად განიცდის სტერილიზაციას, ხოლო გამდნარი ცვილი არის მაღალხარისხოვანი _ სხივების გავლენით ხდება მისი გათეთრება. იგი ვარგისია კოსმეტიკური პრეპარატების დასამზადებლად. ამასთან ერთად, ამ ცვილსადნობში ცვილის გამოსავლიანობა საკმაოდ დაბალია, ცუხში დარჩენილი ცვილი 45-50%-ს აღწევს (Темнов,1967),  რის გამოც ცუხი დამატებით უნდა დამუშავდეს უფრო სრულყოფილი ხერხით.

სველი წესით საცვილე ნედლეულის დამუშავების დროს გამოყენებულ ტექნოლოგიაში შედის:  _ საცვილე ნედლეულის ხარშვა არახისტ წყალთან (წვიმის ან დისტილირებული) ერთად ქვაბში, რომლის მასალა არ შედის ცვილის ნივთიერებებთან რეაქციაში, გასაპნვის თავიდან ასაცილებლად, (Tew, 2010);

_ ჩახარშული ნედლეულის გამოწურვა წნეხის საშუალებით, იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ტემპერატურის ვარდნა გამოსაწურ მასალაში;

_გამოწურული სითხის (წყალი+გამდნარი ცვილი) ჩასხმა კონუსურ ჭურჭელში (ზედა განიერი მხრით), რომელსაც აქვს ქვედა მხარეზე ჩამონტაჟებული ელექტროგამათბობელი ტემპერატურის ავტომატური მარეგულირებლით და სითხის გამოსაშვები ონკანი;

_ ცვილისა და წყლის ემულსიის კონუსურ ჭურჭელში ჩასხმის შემდეგ ქვემოთ მოქცეული წყლის ნაწილის დაბრუნება გამოსაწური ცუხის მასაში, განმეორებითი გამოწურვისათვის, რომლის დროსაც გამოიწურება ცვილის დარჩენილი რა ოდენობა, უმეტესად მკვეთრად შეფერილი და დაბალი ხარისხის.

 მეორედ გამოწურული ცვილისა და წყლის ემულსია (მკვეთრად შეფერილი) ჩაასხით სხვა ჭურჭელში, რომ არ დააქვეითოს I ფრაქციის ხარისხი. ეს უკანასკნელი გააჩერეთ დასაყალიბებელ ჭურჭელში 4-5 საათის განმავლობაში, 70-750C პირობებში, რათა ცვილის კვერეულის წარმოქმნა ზედაპირული ბზარების გარეშე მოხდეს. თუ კვერეულის ქვემო მხარეზე მაინც შენიშნეთ გასაპნვის ნიშნები, მოაფხიკეთ ეს უკანასკნელი ხარისხიანი ცვილის ზედაპირს!

 ცვილის გათეთრება

ცვილის გათეთრება საჭირო ხდება, როცა საცვილე ნედლეული დაბალი ხარისხისაა, მუქად ან შავად შეფერილი, აქვს ჭეოს და დინდგელის მინარევი ან ფუტკრის მიერ შეგროვებული გუდრონის ნიშნები. თუ შესაძლებელი იქნება, ასეთი ნედლეული უნდა დახარისხდეს: ფრაქცია, რომელიც წყალში იძირება, ნადლეულს უნდა გამოეყოს, წყალში დალბობით მოსცილდეს ჭეო, ხოლო გამოწურვის შემდეგ დაქუცმაცებული კვერეული დაიყაროს მზეზე დადგმულ ტაფაზე, რომელიც ყველაზე უსაფრთხოა და ნედლეული ხარისხის მიხედვით ყველაზე უკეთესი.

ცვილის გასათეთრებლად შეიძლება გამოიყენოთჱ აგრეთვე წყალბადის ზეჟანგი (30%იანი), 0,01%-იანი კალიუმის ბიქრომატი, მწვავე კალის სპირტიანი ხსნარი, მინერალური  მჟავები და სხვა.

 თუ გამოიყენებთ გოგირდმჟავას, აიღეთ იგი ცვილის მასის 0,01-0,5%-ის ოდენობით, ცვილის დაბინძურების მიხედვით. უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში ჩადეთ ცვილი, დაასხით წყალი, წამოადუღეთ და ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ მჟავა (სიფრთხილის დაცვით!). ყოველი დასხმისას გულმოდგინეთ აურიეთ ხის ნიჩბით. ცვილის გამყარების შემდეგ წყალი გამოუშვით, ქვედა მხარეზე წარმოქმნილი გარეშე მინარევები მოაცილეთ!

  ცვილის ხარისხის შეფასების ხერხები

  ცვილის ხარისხს ამოწმებენ ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ქიმიური მეთოდებით. ორგანოლეპტიკური შეფასებისას მხედველობაში მიიღება სიმაგრე, სიმყიფე, გადანატეხის სტრუქტურა. გემო, სუნი და სხვა. კერძოდ:

1) 200C-ს ქვემოთ ცვილი უნდა იყოს საკმაოდ მაგარი, იმსხვრეოდეს ჩაქუჩის დარტყმით;

2) გადანატეხზე უნდა იყოს მქრქალი, კრისტალოვანი სტრუქტურა;

3) დაღეჭვის დროს კბილს არ უნდა ეკვროდეს, არ უნდა ჰქონდეს გარეშე გემო (მაგ., ნავთის);

4) დანით დაჭრისას ბზინვარება არ უნდა ახასიათებდეს;

5) უნდა ჰქონდეს დამახასიათებელი სუნი (აქროლადი ეთერზეთებისაგან); 6) ფერი უნდა მერყეობდეს თეთრიდან მუქყვითლამდე.

ლაბორატორიული ანალიზების დროს განსაზღვრავენ შემდეგ მაჩვენებლებს:

_ რეფრაქციის კოეფიციენტს 750C ტემ-პერატურაზე.

 ანალიზის ჩასატარებლად მოამზდეთ რეფრაქტომეტრი, შეაერთეთ იგი ულტრათერმოსტატთან ისე, რომ აქედან გამოსულმა გაცხელებულმა წყალმა ტუმბოს მეშვეობით გაიაროს რეფრაქტომეტრის შტუცერებში. ტემპერატურა რეფრაქტომეტრზე დააყენეთ 750C (თერმომეტრის მიხედვით), დააწვეთეთ გამდნარი ცვილი რეფრაქტომეტრის ქვედა ფირფიტას სათანადო განათების შერჩევით, განსაზღვრეთ გარდატეხის მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება ხარისხიან პროდუქტში მერყეობდეს 1,440-1,.457-ის ფარგლებში.

გარდა აღნიშნულისა, ცვილში განსაზღვრავენ შემდეგ ფიზიკურ მაჩვენებლებს:

ლღობის ტემპერატურას ულტრათერმოსტატში ჩაშვებულ სინჯარაში, რომელშიც ცვილის ნიმუშია ჩადებული და დახურულია საცობით, იგი უნდა მერყეობდეს 61-690C ფარგლებში;

_ სიმკვრივეს, რომელიც ისაზღვრება ცვილის ნიმუშის აწონვით (ანალიზურ სასწორზე) და მოცულობის განსაზღვრით (200C ტემპერატურის წყალში ცვილის ნიმუშის ჩადებით მასში ჩარჭობილი ნემსის მეშვეობით). მასის მაჩვენებელი იყოფა მოცულობაზე (გ/სმ3), რაც უნდა შეადგენდეს 0,950,97გ/სმ3;

_ წყლის შემცველობას პროცენტულად 1000C ტემპერატურაზე (საშრობ კარადაში), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 0,5%-ს;

ქიმიური მეთოდებიდან გამოიყენება:

_ მჟავური რიცხვი, რომელიც მიუთითებს ცვილში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას და რომელიც KOH-ის მიხედვით უნდა შეადგენდეს 16-24 მგ-ს;

_ გასაპნვის რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს ცვილში თავისუფალი და შეკავშირებული ცხიმოვანი მჟავების საერთო რაოდენობას. იგი უნდა შეადგენდეს 87-104 მგ-ს;

_ ეთერული რიცხვი, რომელიც ახასიათებს შეკავშირებული ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას 100 გ ცვილში და უნდა შეადგენდეს 7-16გ იოდს.

აღნიშნული მაჩვენებლებით   განისაზღვრება ცვილში დამაბინძურებელი ნივთიერებების: პარაფინისა და ცერეზინის არსებობა, ანალიზის მეთოდების სიზუსტისაგან დამოკიდებულებით. სტეარინის არსებობა ზრდის ცვილში მჟავური რიცხვის მაჩვენებელს. ანალიზის მსვლელობა, გამოყენებული ტექნიკა და მასალები აღწერილია რუსეთის ფედერაციის სახსანდარტში 21179 – 90 ,,ფუტკრის ცვილი”.

ხელოვნური ფიჭის დამზადება

   პირველად იგი განახორციელა გერმანელმა ფ. მერინგმა 1857წ.  მას შემდეგ მოწყობილობამ მრავალგზის განიცადა მოდიფიცირება. ამჟამად არსებული მოწყობილობა 2 ჯგუფად იყოფა:

1) მარტივი, რომელიც ხორციელდება ხელის დოლურებსა და სატკეცებში;

2) ქარხნულ პირობებსა და ხელოვნური ფიჭის საამქროებში მოქმედი სპეციალური მოწყობილობა.

სატკეცების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია სახსრულად შეერთებული ორი ფირფიტისაგან (ლითონის ან პლასტმასის), რომელზეც ამოტვიფრულია ფიჭის უჯრედების რელიეფური ანაბეჭდები, მათგან ერთზე არის პირდაპირი, ხოლო მეორეზე კი უჯრედის შებრუნებული (ნეგატიური) ფორმები. ქვედა ფირფიტას აქვს ძირის ფორმა მცირეოდენი გვერდითი კედლებით. 45-500C-მდე წყლით გაცხელებულ ფირფიტებს ასველებენ საპნის ან სხვ. ხსნარით, რომ ცვილი არ მიეკრას, ქვედა ფირფიტაზე დაასხამენ გამდნარ ცვილს, ზედა ფირფიტას მასზე დაუშვებენ და ხელით დააწვებიან. ზედმეტი ცვილი გადმოიღვრება ქვეშშედგმულ ჭურჭელში. შემდეგ ქვედა ფირფიტას წყლით აცივებენ, ხოლო ზედას ასწევენ. ფიჭის მზა ფურცელს მოხსნიან და გარშემო ზედმეტ წარმონაქმნებს შემოაჭრიან. ამ მოწყობილობაში შეიძლება თავდაპირველად ბრტყელი ლენტის გაკეთება შემდგომი გაგლინვით 2 მმ-მდე, ხოლო შემდეგ 30-350C-მდე გამთბარ ლენტს გაატარებენ გრავირებულ დოლურებში.

ხელოვნური ფიჭის მექანიზებული დამზადებისას თავდაპირველად ამზადებენ ბრტყელ ლენტს  გამდნარ ცვილში ჩაშვებული ბორბლის მოძრაობით (შიგნით მასში ცივი წყალი ცირკულირებს), შემდგომ ცვილს ბორბლიდან აფხეკენ დანით დამწნეხ საკანში შეტანით, საიდანაც 4,95,5მმ სისქის ცვილის ლენტი გამოდის. ლენტი გაიგლინება 1-1,4მმ-მდე და გრავირებულ დოლურებზე გატარებით მიიღება ხელოვნური ფიჭის ფურცელი, რომელიც შრება 22-270C-ზე 24 საათს, იჭრება და შეიფუთება.

თუ თქვენს მიერ შეგროვებული ცვილი დაბინძურებულია ფუტკრის ინფექციური დაავადებების აღმძვრელებით, გაასტერილეთ იგი თავდაპირველად ავტოკლავირებით 1270C  ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში, თუმცა ცვილი ამ ტემპერატურაზე რამდენადმე მუქდება.

გიორგი მაძღარაშვილი

„მეფუტრკრეობა“