პომიდვრის პერსპექტიული ჯიშები
პომიდორი სითბოს და ტენის მოყვარული კულტურაა, თესლი წვრილი აქვს, ოდნავ შებუსული, 1 გრამში 300-350 მარცვალია.
პომიდვრის თესლი აღმოცენების უნარს 4-5 წელი ინარჩუნებს. ფესვი მთავარღერძიანი აქვს (ნორჩ მცენარეს), შემდეგ იტოტება და მისი გამოცნობა დანარჩენი ფესვებისგან ძნელი ხდება. ნიადაგში ფესვთა სისტემის ძირითადი ნაწილი განლაგებულია 20-30 სმ, ცალკეული ფესვები 150 სმ-მდე აღწევს. ფოთოლი კენტფრთართულია, ღია მწვანე, მორუხო მწვანე, მუქი მწვანე და მოყვითალო მწვანე.
ღერო სიმაღლით 0,5-2,5 მეტრამდე იზრდება, პირველ ხანებში ჯიშების უმეტესობას სწორმდგომი აქვს, ხოლო შემდეგ ზრდასთან ერთად მდგრადობა ეკარგება და მიწაზე ირთხმება, დაფარულია ბუსუსებით.
პომიდვრის ყვავილები შეკრებილია ყვავილედში და მტევანს უწოდებენ. თითოეული ყვავილი ორსქესიანია, უმთავრესად თვითდამტვერვადი მცენარეა, მაგრამ ზოგჯერ ჯვარედინი დამტვერვაც ხდება.
ნაყოფი წვნაიანია, ორი ან რამდენიმე სათესლე ბუდით.
მსოფლიოში პომიდვრის მრავალი ჰიბრიდული ჯიშია გამოყვანილი. დღეს გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:
ტდებიუტი (Debut F1) – ახალი სელექციის, ღია გრუნტის, დაბალი (ბუჩქის) ტიპის, სუპერსაადრეო სასალათე დანიშნულების პომიდვრის ჰიბრიდია. მცენარე არის ძლიერმზარდი, ნაყოფის კარგად დაცვის უნარით.
დებიუტი მოსავალს იძლევა გადარგვიდან 50 დღეში და განაყოფიერებას აგრძელებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მისი ნაყოფი არის საშუალოზე დიდი ზომის, წონით – 200-220 გრამი, მრგვალი ფორმის, აქვს ძალზედ მიმზიდველი წითელი ფერი, გამორჩეული გემო და საუკეთესო არომატი. დებიუტი უძლებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა – ფუზარიოზი, ვერტიცილიოზი და ალტერნარიოზი. დებიუტის მოყვანა რეკომენდებულია ღია გრუნტში, უმაღლესი ხარისხის სუპერსაადრეო პროდუქციის მისაღებად.
ფლორიდა (Florida 47F1) – ამერიკის ბოსტნეული კულტურების სელექციონერთა ასოციაციის მიერ მიჩნეულია სამაგალითო პომიდვრის ჰიბრიდად ღია გრუნტის, დაბალი (ბუჩქის) ტიპის, სასალათე დანიშნულების პამიდვრის ჰიბრიდებს შორის. ფლორიდას მცენარე არის ძალზედ ჯანსაღი, განსაკუთრებით ძლიერი და სტრესების ამტანი, აქვს მსხვილი ღერო და ფართო ფოთლები, მისი ნაყოფი იდეალურადაა დაცული.
ფლორიდა პირველ მოსავალს იძლევა გადარგვიდან 75 დღეში და განაყოფიერებას აგრძელებს გვიან შემოდგომამდე. ის გამორჩეულად უხვმოსავლიანია.
ფლორიდას ნაყოფი უმაღლესი ხარისხისაა, ოდნავ დაბრტყელებული, მრგვალი ფორმის, ლამაზი წითელი ფერის, კარგი გემოს და არომატის მქონე, დიდი ზომის, წონით – 220-250 გრამი, არის წარმოუდგენლად მკვრივი და ტრანსპორტაბელური. პომიდორი სასაქონლო სახეს ინარჩუნებს მოკრეფიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ფლორიდა უძლებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა – ფუზარიოზი, ვერტიცილიოზი, ალტერნარიოზი და ფოთლის ნაცრისფერი ლაქიანობა. მისი მოყვანა რეკომენდებულია ღია გრუნტში, უმაღლესი ხარისხის და დიდი რაოდენობის სასალათე პომიდვრის მისაღებად. ჯინა (მწარმოებელია ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია შემინის)-ღია გრუნტის, დეტერმინანტული (დაბალმზარდი) ტიპის, სასალათე პომიდორია.
ჯინა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ადაპტირებული და პოპულარული ჯიშია, მოსავალს 86 დათესვიდან 110-120 დღეში იძლევა, ნაყოფი არის საკმაოდ ტრანსპორტაბელური, კარგი გემოსი, საშუალო ზომის, წონით 180-200 გრამი. რეზისტენტულია შემდეგი დაავადებების მიმართ _ F ფუზარიოზი, V ვერტიცილიოზი.
რიო ფუეგო ორიგინალი (მწარმოებელია ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანია შემინის)-არის ღია გრუნტის, დეტერმინანტული (დაბალმზარდი), საწარმოო (სატომატე) პომიდვრის ჯიში.
რიო ფუეგო თავისი ტიპის ყველაზე ადაპტირებული და პოპულარული ჯიშია. მცენარე არის ჯანსაღი და ძლიერმზარდი. სიმწიფეში შედის დათესვიდან 110 დღეში. ნაყოფის წონა არის 120-130 გრამი, იგი კარგად ინახება მცენარეზე და მოკრეფილ მდგომარეობაში, არის ძალზე ტრანსპორტაბელური, გამოიყენება როგორც გადამუშავებისთვის (სატომატედ), ასევე სალათებისთვისაც. რეზისტენტულია შემდეგი დაავადებების მიმართ _ ფუზარიოზი, ვერტიცილიოზი, ალტერნარიოზი.
ჭოპორტულა – დარაიონებული ქართული ჯიშია დუშეთის, მცხეთის, გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის რაიონებში.
სავეგეტაციო პერიოდი – 125-130 დღე, მაღალმოსავლიანია, როგორც სარზე აკვრით, ასევე ბაზოზე გადაწვენით, ნაყოფი მსხვილია, კაშკაშა წითელი, სასალათე, გამოირჩევა საუკეთესო გემოთი და არომატით.
ერმაკი – საწარმოო, მაღალმოსავლიანი დეტერმინანტული ჯიშია, ნაყოფი ოვალური, მოგრძო ფორმისაა, წითელი ფერის. გამოირჩევა ტრანსპორტაბელურობით.
სულთანი _ ჰოლანდიური სელექციის მაღალმოსავლიანი ჰიბრიდია. ნაყოფი მსხვილია, ხასიათდება კარგი გემოთი, ტრანსპორტაბელურობითა და შენახვის უნარით. ვეგეტაციის პერიოდი 110 დღე.
ილია მჭედლიძე