აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეფრინველეობა

პრაქტიკული რჩევები დამწყებ ფერმერთათვის, რეკომენდაციები წიწილების გამოზრდასა და კვებაზე

წიწილების შენახვისა და გამოზრდის აუცილებელ პირობად ითვლება საფრინველის თბილად და სუფთად მოწყობასადაც  ტემპერატურა არანაკლებ +20 გრადუსია.
საფრინველეს გარეთ შემოღობილი უნდა ჰქონდეს სასეირნო მოედანი ღრმა ქვეშსაფენით. ქათმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მისი აქტიური მოძრაობა.

ქათამს (ინდაურს) საკვები არ უნდა მოაკლდეს. ძლიერი სიცივის დროს საბუდარს დამატებით  ვათბუნებთ, მაგალითად რეზინის სათბურით („გრელკა“). მასში ჩავასხამთ ცხელ წყალს და ორ ფენად შემოვახვევთ შალის ნაჭერს. პერიოდულად გამოვცვლით წყალს. დათბუნების ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ მაშინაც როცა წიწილები უკრუხოთ დარჩებიან.

წიწილების კვება შინაურ პირობებში

პირველი ორი დღე წიწილები აუცილებელია ვკვებოთ მაგრად მოხარშული, წვრილად დაჭრილი კვერცხით, რომელსაც მოვაბნევთ სუფთა ქაღალდის ფურცელზე. ორ დღეში ყოველ 10 წიწილზე გვჭირდება 2-4 ცალი კვერცხი.

საკვების მიღების დროს ყუთის კუთხეში რეკომენდებულია იდგეს მძიმე მინის ან ფაიფურის ქილით სუფთა დასალევი წყალი. წიწილები უნდა გამოვკვებოთ დღე-ღამეში 5-6-ჯერ, დროის თანაბარ მონაკვეთში. ჭამის შემდეგ წიწილების ყუთი გადაიხურება თხელი ქსოვილით, რათა მათ ნაკლები იმოძრაონ.

მესამე დღიდან რაციონში შეგვაქვს: ფეტვი, ხაჭო (ახალი), წვრილად გახეხილ სტაფილოსთან შეზელილი ჭინჭარი.

მეხუთე დღიდან ეძლევა მოხარშული და გახეხილი საღი კარტოფილი, რომლის ჭამასაც იწყებენ სპეციალურ საკვებურში (სიგრძე-50 სმ, სიგანე-6სმ, სიმაღლე 3 სმ). საკვებურს შუაში შეიძლება გავუკეთოთ სახელური ისე, რომ ფრინველი მათ შორის არ ჩავარდეს.

მეათე დღიდან წიწილების საკვებში შეგვაქვს სველი ნარევი – მოხარშული დაქუცმაცებული სიმინდის, ხაჭოს, წვრილად დაჭრილი ჭინჭრის, იონჯის, გახეხილი სტაფილოს, მოხარშული გახეხილი კარტოფილის, უმარილო თევზის ნარჩენები (ხორცის საკეპ მანქანაში გატარებული). ყველა ეს ნაერთი იყოფა ტოლ ნაწილებად.

მეორე თვიდან ოთხ თვემდე ასაკის წიწილებისთვის რეკომენდებულია შემდეგი შემადგენლობის საკვები:

  1. ფრინველის გაცრილი კომბინირებული საკვები 30%;
  2. მწვანე საკვები (წვრილად დაჭრილი), გახეხილი სტაფილო 20%;
  3. დასრესილი კარტოფილი 30%;
  4. კვერცხის ნაჭუჭი, დაფქული ძვალი 2%,
  5. სამზარეულოს ნარჩენები 18%.

თუ ზემოჩამოთვლილი სრულფასოვანი კვება, წიწილების სანიტარულ-ჰიგიენური შენახვა უზრუნველყოფილი იქნება, მოზარდი კარგად განვითარდება.

თუ ფრინველის, წიწილების გაზრდა დიდი რაოდენობით გვინდა, გამოვიყენებთ ღრმა საფენს, რომელიც კეთდება შემდეგნაირად: თუ თიხის იატაკია, იტკეპნება და ზემოდან ეყრება ფხვიერი ჩამქრალი კირი 1მ2-ზე 0.5 კგ. საფენს დებენ 4-6 სმ სისქეზე. ყოველ 10-12 დღეში ამ ფენას უმატებენ 2-3 სმ სისქის საფენს ისე, რომ საბოლოოდ ღრმა საფენის სისქე 16-20 სმ იყოს. გაანგარიშებულია, რომ 3 თვის ასაკამდე თითო ფრთა ფრინველს სჭირდება 8.3 კგ საფენი. საფენი იცვლება ახალი წყების წიწილების მოთავსების წინ. ე.ი. ყოველ 2-3 თვეში.

ღრმა საფენზე გამოზრდის დროს 1მ2-ზე დატვირთვა 10-15 წიწილას შეადგენს.

კვერცხმდებელი ქათამი

ქათამი, წონის მიუხედავად, კოლოსალური რაოდენობით საკვებს გადაამუშავებს. მაღალპროდუქტიული ქათამი სრულფასოვანი კვებისას წელიწადშისაშუალოდ300-330 კვერცხს დებს. ეს დაახლოებით 12-17 კგმაღალი საკვები ღირებულების პროდუქტია და შეუცვლელი ცილაა, რაც ადამიანს სჭირდება.

ადგილობრივი ქათმები, ძირითადად მეხორცულ-მეკვერცხული მიმართულებისაა.

შენობა, სადაც კვერცხმდებელ ქათამს ვინახავთ, ნათელი და თბილი უნდა იყოს, ზაფხულის პერიოდში კი განიავებული. შენობის ოპტიმალური ტემპერატურაა +16 – +20 გრადუსი.

ბუნებრივი განათების კოეფიციენტი შენობაში – 1:10, ე.ი ყოველ 10 მეტრში (თუ მცირე ზომის ფერმაა) უნდა იყოს 1 მ2 ფანჯარა განათებისთვის. ზამთრის პერიოდში წარმატებით გამოიყენება დამატებითი ელექტროგანათება.

1 ფრთა ქათამს სჭირდება: შენობაში-0.2 მ2, სასეირნო ეზოში  – 5 მ2 ფართობი.

უკეთესია, შენობის იატაკი იყოს ხის. ის უფრო თბილი და მოხერხებულია. თუ შენობა თბილია, შეგვიძლია გამოვიყენოთ მავთულის ბადე, რაც უზრუნველყოფს კარგ სანიტარულ მდგომარეობას, ნაკლებად მოსალოდნელია ქათმების დაავადება. ნაკელი, რომელიც გროვდება ბადის ქვეშ, ზამთრის პერიოდში ითვლება დამატებით სითბოს წყაროდ.

ერთი ფრთა ფრინველის ნაკელის გამოსავლიანობა წელიწადში 40კგ-ს შეადგენს.

25 ქათამი გვაძლევს 1 ტონა ნაკელს.

ქათმის ნაკელი კი კარგ ორგანულ სასუქად ითვლება.

როდესაც ხის იატაკს ნაკელისგან გავწმენდთ, მათზე შეიძლება დავყაროთ ქლორიანი კირი, ზევიდან კი მშრალი ნახერხი. ეს უზრუნველყოფს შენობის დეზინფექციას და არ წარმოადგენს საშიშროებას ფრინველისთვის.

კარგი იქნება, თუ შენობაში დავდგამთ ყუთს, სადაც მოვათავსეთ ნახევარ ნაცარს და ნახევარ-სილას.

ყუთის  ზომები: 1მ ფართობის, სიღრმე – 20სმ. ნაცრის ვანის საშუალებით ფრინველი თავისუფლდება ექტოპარაზიტებისაგან (ბუმბულის მჭამელები და სხვა).

ბუდეები შენობაში ისე გავაკეთოთ, რომ ისინი განლაგდნენ 2-3 იარუსად, როგორც წესი, ჩაბნელებულ ადგილში, ფანჯრიდან მოშორებით. ბუდის კონსტრუქცია მარტივია-ერთი ბუდე გათვლილია 5 ფრინველისთვის.

კვება

კვერცხისმდებელი ქათმისთვის საუკეთესო საკვებად ითვლება ფრინველის კომბინირებული საკვები, რომელიც სტანდარტს შეესაბამება, მაგრამ საოჯახო მეურნეობაში 25-50 ფრთაზე ყოველთვის არ არის ფრინველის სპეციალური კომბინირებული საკვების შეძენის საშუალება. ამ შემთხვევაში მის შემცვლელად  შეიძლება გამოვიყენოთ მარცვლოვნების საშუალო ნაფქვავის (ღერღილი) ნარევი, სადაც აუცილებლად უნდა შევიდეს შემდეგი სახის კომპონენტები: სიმინდი-35%, ხორბალი-20%, ქერი-20%, ბარდა-10%, მზესუმზირას კოპტონი-8%, ხორბლის ქატო-7%.

რატომ ირჩევა საკვების ასეთი შემადგენლობა?

ყველა მარცვლეული კულტურიდან განსაკუთრებულად გამოირჩევა სიმინდი. მისი კვებითი ერთეულია 1,34, შეიცავს 4 გრ. კაროტინს, სასიცოცხლო მიკროელემენტებიდან შედის: რკინა, მარგანეცი, სპილენძი, თუთია, იოდი.

ბარდა-მაღალცილოვანი საკვებია. ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს (1,7 გრ), ფოსფორს (4.2 გრ.), ფაქტობრივად ყველა მიკროელემენტს.

მზესუმზირას კოპტონი, ხორბლის ქატო, ძვალხორცოვანი ფქვილი, ასევე, მდიდარია ცილით, კალციუმით, ფოსფორით და ყველა მიკროელემენტით.

რაც შეეხება ხორბალს და ქერს, ისინი რაციონში დიდ რაოდენობას იკავებენ, ამიტომ აუცილებლად მოითხოვება მათში შევიდეს ზემოხსენებული კომპონენტები.

საღამოს კვებისთვის რეკომენდებულია გამოვიყენოთ მარცვლეულის ნარევი. კერძოდ, ფეტვი და შვრია. ქათამი ძალიან კარგად ჭამს  წვრილ მარცვალს. ორივე ზემონახსენები კულტურა ასევე, მდიდარია ცილებით, კალციუმით, ფოსფორით და ყველა მიკროელემენტით, რაც აუცილებელია კვერცხის მაგარი ნაჭუჭისთვის.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რაციონის ვიტამინებით უზრუნველყოფას. ზაფხულის პერიოდში აუცილებელია გამოვიყენოთ მწვანე საკვები (ჭინჭარი, იონჯა), ზამთარში-სტაფილო, საკვები კომბოსტო, გოგრა. ეს ყველაფერი ფრინველს წვრილად დაჭრილი და ახლადმომზადებული უნდა მივაწოდოთ.

თუ ზამთარში ვერ შეძლებთ ვიტამინებიანი საკვების დამატებას, მაშინ აუცილებელია რაციონში შევიტანოთ ვიტამინ-ამინომჟავური კომპლექსი (კარგად არის დაბალანსებული პრეპარატები: ჩიკტონიკიგანამინოვიტი, AD3E ვიტამინი).

ქათამს არ აქვს კბილები, ამიტომ საკვების წარმატებით გადასამუშავებლად, განსაკუთრებით მარცვლეული საკვების მოსასრესად აუცილებელია კუნთოვან კუჭში ქათამს ჰქონდეს ცოტა ქვიშა, სილა, ნიჟარა. ამისთვის ქათმებს დავუდგამთ ქვიშით, სილით და ნიჟარებით სავსე ყუთს. შეიძლება დავამატოთ დაფხვნილი ცარცი (1 ფრთაზე 3-4 გრ. დღე-ღამეში).

    საკარმიდამო მეურნეობაში რეკომენდებულია ქათამი  ვკვებოთ 3-ჯერ დღეში:

       _ დილით – კომბინირებული საკვები ან მსხვილად დაღერღილი მარცვალი;

       _ შუადღით – წვნიანი საკვები და ვიტამინები;

       _ საღამოს – მარცვლოვანი ნარევი (ფეტვი, შვრია).

   დღეღამური კონცენტრირებული საკვების ხარჯია-100-130 გრ. ერთ ფრთაზე. წყლის ხარჯი -170-200 მლ. წყალი უნდა მივაწოდოთ ისეთი ჭურჭლით, რომ წყალი ნაკელით არ დაბინძურდეს.

ზემოჩამოთვლილი რეკომენდაციები კვერცხმდებელი ქათმებისთვის უზრუნველყოფს ქათმის პროდუქტიულობას და მცირე ხარჯებს.

ძირითადად საკარმიდამო მეფრინველეობაში მოშენებულია მეხორცულ-მეკვერცხული ქათმები. როდესაც ქათამს  ხორცის წარმოების მიზნით ვზრდით, კვების ნორმები იზრდება 25-30%-ით. ასევე, ფრინველები მჭიდროდ უნდა მოვათავსოთ, რათა მოძრაობის შეზღუდვის გზით მაქსიმალური ნამატი მივიღოთ. თუ საკვებში არ უმატებთ მინერალურ ნივთიერებებს, მაშინ ფრინველი ეზოში, დაახლოებით, 2 საათით უნდა გავუშვათ.

ნებისმიერ ფრინველს კარგად ასუქებს ჭინჭრისა და მოხარშული სიმინდის ნარევი (ახალი სახით).

დაიმახსოვრეთ!

  1. 1.ქათმის კვერცხმდებლობამცირდება თუ ტემპერატურა 28 გრადუსზე მეტია, ან 15-12 გრადუსზე ნაკლებია;
  2. კვერცხისდებისთვისქათამს დღის სინათლე 11-14 საათი უნდა ჰქონდეს;
  3. ბუმბულის ცვენის პერიოდში ქათამი კვერცხის დებას წყვეტს;
  4. ბუმბულის ცვენა რომ არ გაგრძელდეს ფრინველს ვიტამინიანი საკვებით ინტენსიური კვება სჭირდება. შეიძლება დამატებით მივცეთ ბუმბულის ფქვილი;
  5. ქათმებისათვის აუცილებელია სუფთა ჰაერი და წყალი;
  6. ქარიანი ამინდი კვერცხმდებლობასამცირებს;
  7. არ შეიძლება კვების რეჟიმის და საკვების უეცარი შეცვლა ან უცხო საკვები;
  8. ყურადღება მივაქციოთ ფრინველის დაავადებებს და პარაზიტებს;
  9. საკვებში არ უნდა იყოს კალციუმის და ფოსფორის ნაკლებობა;
  10. ზედმეტად მსუქანი ან სუსტი ქათამი კვერცხდებას წყვეტს;
  11. 2 წელზე მეტი ხნის ქათმის შენახვა კვერცხმდებლობისმიზნით არაეკონომიურია.

„აგრო ექსპერტთა ასოციაცია“

მიხეილ ჭიჭაყუა,

ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის  დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №3 2025წ.