პროფესიად ქცეული ბავშვობის ოცნება
ვეტერინარიის მიმართ ინტერესი სკოლაში, მე-6 კლასიდან გამოიჩინა და ოცნებაც აიხდინა. მამუკა ქოჩლაძე დღეს გამოცდილი ვეტერინარია.
თავიდან მეფრინველეობის დარგში მუშაობდა, 1998 წლიდან კი გორში ვეტერინარული აფთიაქი გახსნა, რომელსაც დღემდე წარმატებით მუშაობს და ძალიან ბევრ მცირე მეურნესა თუ ფერმერს უწევს დახმარებას.
როგორც მამუკა აღნიშნავს, უმთავრესად თითოეული მომხმარებლის პრობლემიდან გამომდინარე, სპეციალისტი ადგენს, რა დაავადებასთან ან შემთხვევასთან აქვს საქმე, აძლევს დანიშნულებას, ურჩევს შესაბამის მედიკამენტს, აცნობს გამოყენების წესს, დოზებს, მკურნალობის პროცესზე თვალყურის მიდევნებას.
ბოლო დროს ვეტერინარული აფთიაქების მიმართ სხვადასხვა რეგულაციები დაწესდა. სახელმწიფო აღნიშნული სექტორისგან ახალი მოთხოვნები აწესებს.
ამ სიახლეებს ვეტერინარული აფთიაქის ხელმძღვანელი სხვადასხვა ორგანიზაციებისგან იგებს. იგი უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს „მომავლის ფერმერსა“ და „როქისთან“, რომელთაგან ტრენინგების, კონსულტაციებისა და სხვადასხვა საინფორმაციო მასალების მეშვეობით საჭირო ინფორმაციას იღებს, რაც მას დარგში არსებული სიახლეების და საქმის თანამედროვე მიდგომებით სწორად დაგეგმვაში ეხმარება.
მამუკა ქოჩლაძის თქმით, სტანდარტების გაუმჯობესება კარგია, მაგრამ რა დრო დასჭირდება ჩვენს ვეტერინარულ აფთიაქს ამ რეგულაციების ათვისებაში, ვეტერინართა მომზადებაზე _ პროფესიონალიზმსა და ფინანსურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.
თავად მამუკა აღნიშნავს, რომ ფინანსური კუთხით ზრდის შემთხვევაში, იგი აუცილებლად გააფართოებს თავის საქმიანობას ახალი სტანდარტებით უფრო ფართო სპექტრის მომსახურებას გაუწევს მომხმარებელს.
მარიამ ტაკაშვილი