ქართულ აბრეშუმს ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექნის შესაძლებლობა აქვს

მეაბრეშუმეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია, რომელმაც წარმატებით გაუძლო ქვეყნის ისტორიის მკაცრ ქარტეხილებს და მყარი სავალუტო შემოსავლების წყარო გახდა. იგი ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშია, მოსახლეობის მასიური დასაქმების საშუალება, ფულადი შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო და მუდმივი ზრუნვის საგანი. აბრეშუმის პარკის წარმოება, გადამუშავება და ქსოვა ყველაზე პრესტიჟულ საქმედ ითვლებოდა. მაღალხარისხოვანი ქართული აბრეშუმი დიდი პატივით სარგებლობდა მსოფლიო ბაზარზე, აბრეშუმის დიდი გზა საქართველოზეც გადიოდა.

ქართულმა აბრეშუმმა ჯერ კიდევ 1850 წელს ტურინში და 1862 წელს ლონდონის საერთაშორისო გამოფენებზე განსაკუთრებული ქება და მედლები დაიმსახურა.

საერთაშორისო გამოფენების ორგანიზატორები ყურადღებას აქცევდნენ აგრეთვე თუთის ნარგაობის მოვლა-გაშენების მდგომარეობას. ასე მაგალითად, ჯერ კიდევ ადრე, თითქმის ორი საუკუნის წინათ აღინიშნა ვანელი თავადის — ჩივაძის თუთის პლანტაციების წარმატება ინგლისის საერთაშორისო გამოფენაზე. 1998 წელს თუთის აბრეშუმხვევიას ქართული ჯიშების (მზიური 1 და მზიური 2) ძაფისაგან დამზადებულ ქსოვილს (კომბინატი „ცისარტყელა”) მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე ევროპის ხარისხის უმაღლესი ჯილდო”პლატინის ვარსკვლავი” მიენიჭა.

გასული საუკუნის 60-იან წლებში მეაბრეშუმეობის სისტემა მოიცავდა:

 ხუთ საგრენაჟო ქარხანას — 4,5 ტ. გრენის წარმოების სიმძლავრით;

 ხუთ ძაფსახვევ-საგრეხ ფაბრიკას — 450-500ტ. ხამი ძაფის წარმოების სიმძლავრით;

 ორ აბრეშუმკომბინატს 4,5-5,0 მილიონი მეტრი ნატურალური აბრეშუმის ქსოვილის წარმოების სიმძლავრით;

 ორ მეაბრეშუმეობის სასელექციო სადგურს — 80,0 კგ სუპერელიტური გრენის წლიური წარმოებით;

 ორ სახელმწიფო სანერგე მეურნეობას — 1,0 მილიონი ძირი ნამყენი ნერგის წარმოების სიმძლავრით;

 42 მეაბრეშუმეობის რაიონულ სათაო პარკსაშრობს 150-ზე მეტი პარკის პირველადი დამუშავების პუნქტით.

ქვეყანაში ირიცხებოდა 8 400 ჰა თუთის პლანტაცია და მილიონობით ძირი ცალკე მდგომი მცენარე. აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციით მიღებული ათობით მილიონი მანეთი წარმატებით ავსებდა ქვეყნის ბიუჯეტს. ამასთან, სოფლის მეურნეობაში (ხხ საუკუნის 60-იან წლებში) ყოველწლიურად საშუალოდ 4,0-4,4 ათასი ტონა ცოცხალი პარკი იწარმოებოდა და მეაბრეშუმეები 15,0-16,5 მილიონ მანეთს იღებდნენ, დარგში დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი, აბრეშუმის მრეწველობაში — 5,5—6,0 ათასი კაცი, ხოლო დარგის მმართველობის სისტემაში დასაქმებული იყო დიდი კოლექტივი, რომლებიც პრაქტიკულად სამეურნეო ანგარიშის პრინციპით მუშაობდნენ.

სამწუხაროდ, სწორედ დარგის ზენიტში ყოფნის პერიოდში გავრცელდა თუთის მიკოპლაზმური დაავადება „ფოთლის სიხუჭუჭე”, რომელმაც 15 მილიონზე მეტი ძირი ჯიშიანი მცენარე გაანადგურა, რამაც საბოლოოდ დარგის დაცემა გამოიწვია. დაიკარგა 15-16 ათასი სამუშაო ადგილი, მილიონობით ფულადი შემოსავალი, გაძლიერდა მიგრაციული პროცესები და სხვა უარყოფითი მოვლენები.

ჩვენი გაანგარიშებით, მოსახლეობამ პარკის წარმოების შემცირებით გამოწვეული ზარალი ვერ აინაზღაურა (ვერც მომავალში აინაზღაურებს) სხვა დარგებისაგან მიღებული შემოსავლებით, რამაც მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ასე მაგალითად, 1982 წელს ლაგოდეხელმა მეაბრეშუმეებმა 328,0 ტ. ცოცხალი პარკი აწარმოეს, რომლის საფასურადაც 4,0 მილიონი მანეთი მიიღეს. იმავე წელს კოლმეურნეობების საერთო სასაქონლო პროდუქციაში მეაბრეშუმეობის ხვედრითი წილი 7,5 %-ს შეადგენდა, ხოლო მეცხოველეობაში —37,6 %-ს. სადღეისოდ მეაბრეშუმეობა განადგურებულია, თუთის შემორჩენილი ნარგაობაც უპატრონოდაა მიტოვებული მაშინ, როდესაც ათასობით სოფლის მკვიდრი საკუთარი შრომით შეძლებდა საარსებო მინიმუმის დანაკლისის შევსებას-ოჯახური ბიუჯეტის გაუმჯობესებას მაშინ, როცა საქართველოში სიღარიბის არსებული მდგომარეობა სავალალო და სამარცხვინოა.

მართალია ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში სერიოზული მუშაობა ტარდება, მაგრამ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების დონე და ფულადი შემოსავალი მაინც დაბალია; კვლავ მაღალია უმუშევრობა, ძლიერდება მიგრაციის პროცესი, იცლება სოფლები, მრავლდება ნამოსახლარები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღნიშნული მოვლენების შემსუბუქების საქმეში გარკვეული როლის შესრულება შეუძლია მეაბრეშუმეობას, მაგრამ ეს პრობლემა თითქმის ოცწლეულზე მეტია პრაქტიკულად უყურადღებოდ იყო მიტოვებული ყველა დონეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის მოთხოვნილება იყო იგნორირებული და შედეგიც სავალალო მივიღეთ. თუმცა უფრო რთული მდგომარეობაა ქვეყნის მეაბრეშუმეობის მაღალი ზონის სოფლებში. ასე მაგალითად, მეაბრეშუმეობისადმი მოსახლეობის სიყვარულის გამოხატულება იყო გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული სტატია, სადაც მითითებული იყო, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო სურების დარგობრივი სპეციალიზაცია ისტორიულად განისაზღვრებოდა მესაქონლეობით, მეაბრეშუმეობით, მეფუტკრეობით. „…ამ დარგების განვითარება განსაზღვრავდა სოფლის კეთილდღეობას, მაგრამ ისინი სადღეისოდ სავალალო მდგომარეობაში არიან, რაც სოფელს განადგურებით ემუქრება. მაშინდელმა პრეზიდენტმა (ბატონმა ე. შევარდნაძემ) საჯარო გამოსვლებში არაერთხელ მიუთითა მეაბრეშუმეობის აღორძინების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ამან დიდი სტიმული მისცა ჩვენს თანამოაზრეებს, რადგან ისინი სოფლის მომავალს სწორედ ამ დარგის აღორძინებაში ხედავენ. პირად მეურნეობაში უკვე დაწყებულია თუთის ჯიშ „საქართველოს” მოშენება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დარგის განვითარებისათვის აუცილებელია, რომ ამ მიზნით ავითვისოთ სოფლის უხნავი მიწები, რომლებზეც წელიწადნახევარში შესაძლებელია მოსახლეობაში აბრეშუმის ჭიის მოშენების დაწყება” (ნ. ჭითანავა — „საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები და პერსპექტივები”, თბილისი, 2012, გვ. 4). სამწუხაროდ, აღნიშნული ისტორიული სოფლის შენარჩუნებაზე არავის უფიქრია. გავიდა ათ წელზე მეტი და ერთ-ერთმა ტელევიზიამ 2014 წლის ბოლოს გვიჩვენა სოფლის სავალალო მდგომარეობა, რომელიც უკვე იცლება (ვინ დასახლდება მათ ადგილზე ?). როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. უსასრულოდ დავაგვიანეთ, ადგილობრივი ხელმძღვანელობა მაინც რას ელოდება? როგორც აკადემიკოსი ნ. ჭითანავა მიუთითებს „ რატომ ხდება, რომ დღესაც, როცა თითქმის ყველაფერი გაშიშვლდა, ყველაფერი ჩანს, ყველაფერი დამსახურებულად და დაუმსახურებლად ვიგემეთ, განვიცადეთ, მაგრამ კვლავაც დაშვებული შეცდომებით უნდა ვიაროთ”?

ჩოხატაურის რაიონში და საერთოდ გურიის გუბერნიაში მეაბრეშუმეობის დაჩქარებული აღორძინების მიზნით, პირველ რიგში, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი ინვესტიციები. ამასთან, უნდა დაჩქარდეს თუთის ნარგაობის საორიენტაციო მაჩვენებლების დადგენა (ჯიშიანი თუ უჯიშო) სოფლების მიხედვით. აქვე უნდა დავაზუსტოთ მეაბრეშუმეობაში დასაქმების მსურველთა ოჯახების რაოდენობა. ამასთან, აქედანვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა მეაბრეშუმეობისაგან ცოცხალი პარკის მიღების, პირველადი დამუშავების და რეალიზაციის პრობლემების მოგვარებისათვის. 2016 წლის გაზაფხულზე უკვე შეიძლება დავიწყოთ უჯიშო თუთის ნარგაობის რეკომენდებული ჯიშების კვირტით (კალმით) გადამყნობა, რაც მომდევნო წელს მოგვცემს მოსავალს.

მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თუთის ნერგების გამოზრდის ყველა მეთოდი და მათ შორის საკუთარფესვიანიც. განსაკუთრებით საინტერესოა „თერმული წყლით გამთბარ გრუნტში გამძლე თუთის ჯიშების ნაზამთრი კალმით დაფესვიანება”, საიდანაც მიღებული ნერგების გამოზრდის დრო ნამყენთან შედარებით მცირდება 2 წლით, ხოლო ფოთლიანობა 2,5 — 3,0-ჯერ იზრდება.

მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ აგრეთვე „შემოდგომაზე გაუხეშებული თუთის ფოთლისაგან მეცხოველეობის არატრადიციული საკვების დამზადება”, რაც ადვილად ხელმისაწვდომი და მეტად რენტაბელურია (ზემოთ აღნიშნულ ორ საკითხზე რეკომენდაციები და პრაქტიკული რჩევები შეიძლება მიიღოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში).

გადაუდებელ ღონისძიებას წარმოადგენს ჩოხატაურის საგრენაჟო ქარხნის ამოქმედება, რომელიც უკანასკნელ დრომდე (რომელიც ერთადერთია საქართველოში) იყო შენარჩუნებული და ალბათ ამჟამადაც იფუნქციონირებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საგრენაჟო ქარხანა მეაბრეშუმეობის სისტემაში ყველაზე მაღალრენტაბელური წარმოებაა და ინვესტიციების მოზიდვაც ამ მიმართულებით ხელმისაწვდომია.

ოზურგეთის ძაფსაღებ-საგრეხი ქარხანა განადგურებულია, მაგრამ მისი გამოცდილი სპეციალისტები ჯერ კიდევ დღეგრძელნი არიან და მათი მონდომებით პირველ ეტაპზე მოხერხდება დამზადებული პარკის ამოხვევა, თუნდაც მარტივი დაზგების გამოყენებით.

როგორც აღინიშნა, დროულად უნდა დავიწყოთ მუშაობა რეგიონის კონკრეტული პირობების გათვალისწინებით მეურნეობრიობის მისადაგებული ფორმების (კოოპერატივი) ჩამოყალიბებაზე, თუმცა ეს ღონისძიება პირველ ეტაპზე საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ უახლოესი პერიოდისათვის შეიძლება გვეფიქრა ისეთი მარტივი ფორმების გამოყენებისათვის, რომელსაც ცოცხალი პარკის შემსყიდველის ფუნქციებიც ექნება. ამ მიზნით შეიძლება გავეცნოთ კოწია თავართქილაძის ინიციატივით დაარსებულ „შუამავლის” ამხანაგობის (1895 წ.) მოქმედებას, გავაანალიზოთ იგი, გავწმინდოთ ზედმეტი „ჩენჩოსაგან” და დავტოვოთ რაციონალური წინადადებები, მივუსადაგოთ დღევანდელ ვითარებას; ხოლო როცა დარგი „გაიღვიძებს”, იგი კოოპერაციულ ფორმებშიც იმძლავრებს.

ჩვენი შეხედულებით სამწუხარო ის არის, რომ სოფლის მეურნეობის ისტორიულად ჩამოყალიბებული სტრუქტურიდან მეაბრეშუმეობის ჩამოცილებით დაირღვა როგორც ეკოლოგიური გარემო, ისე ბიუჯეტის შემოსავლები და დემოგრაფიული ვითარება, რაც ალბათ ძნელად აღსადგენი იქნება.

უკანასკნელ ორმოცდაათწლეულში მეაბრეშუმეობაში შეიძლება გამოვყოთ ორი ეტაპი:

პირველი პერიოდი — დაავადების გამოვლენა, ბრძოლის ღონისძიებათა სისტემის შემუშავება და აღორძინება;

მეორე პერიოდი — 1991 წლიდან უკანასკნელ დრომდე გრძელდებოდა დარგის დასუსტება. სამწუხაროდ, წინა ოცდაათწლეულში გაწეული კოლოსალური შრომა და კაპიტალური დაბანდება მთლიანად წყალში იქნა გადაყრილი (მეცნიერების მიერ თუთის დაავადებისადმი პრაქტიკულად მედეგი ჯიშების გამოყვანა, განადგურებული საკვების 21,0 %-ით გადაჭარბებით აღდგენა და 2 000 ტონამდე პარკის წარმოება).

შეიძლება ითქვას, რომ მეაბრეშუმეობა, როგორც ეროვნული დარგი განადგურებულია და თავიდანაა ჩამოსაყალიბებელი. განვლილ ნახევარ საუკუნეში „მოვასწარით” დარგის აღდგენაც და მეორეჯერ განადგურებაც, მაგრამ ახლა მაინც — მესამედ აღდგენის პერიოდში დარგს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. აღნიშნულზე ყურადღებას ვამახვილებთ იმიტომ, რომ მეაბრეშუმეობის გასაჭირზე თუ აღმავლობაზე ვისაც არ ეზარება ყველა ლაპარაკობს, მათ შორის საქმეში ჩახედულიც და ჩაუხედავიც. ამასთან, შესაძლო განვითარების ისეთ „შესაძლებლობებს” და „უტყუარ” ტემპებს შემოგთავაზებენ, რომელიც ფანტაზიის სფეროსაც კი სცდება.

საბედნიეროდ, დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინების კეთილი ნება, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე დაიწყო მისი განხორციელება.

განსაკუთრებით წარმატებით მიმდინარეობს შოთა რუსთაველის ფონდის საგრანტო პროექტი (სამწუხაროდ, პროექტი 2015 წლის აპრილში მთავრდება) „თუთის მრავალმიზნობრივი გამოყენების მიზანშეწონილობა და ეკონომიკური ეფექტიანობა საქართველოს მთისა და ბარის პირობებში”; საერთოდ, აღნიშნულ თემაზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 1995 წლიდან, ხოლო ახლა საგრანტო პროექტის საშუალებით მზარდი ტემპით მიმდინარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო აგრეთვე ხონის რაიონშიც.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ დარგში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით ჯერ კიდევ 2012 წელს შესაბამისი დადგენილების საფუძველზე დაამუშავა „საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების კონცეფცია 2012 — 2025 წლებში”, 2014 წელს კი — საინვესტიციო პროგრამა „მეაბრეშუმეობის საკვები ბაზის, პარკის წარმოების და კუსტარული რეწვის ეტაპობრივი აღდგენა ხონის რაიონში”. ისინი დამუშავებულია ყველასათვის ადვილად ხელმისაწვდომი კონკრეტული პროგრამების შესაქმნელად.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღევანდელ პერიოდში მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარება წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გარეშე, რაზედაც დარგში მომუშავე მეცნიერებმა, მკვლევარებმა და სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე პირობებში ფერმერის მოღვაწეობის არეალი უნდა განისაზღვროს საკვების მომზადებით, თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებით, პარკის დამზადებით, პარკის ამოხვევით და ნედლი პარკიდან ხამი აბრეშუმის ძაფის მიღებით. ამისთვის მათ უნდა ჰქონდეთ მძლავრი საკვები ბაზა, საკვების მომზადებისა და თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვების ტექნიკური საშუალებები, პარკის ამოხვევის ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები, მცირე სიმძლავრის ძაფის ამოსახვევი მანქანა-დანადგარები. ფუნქციათა ასეთი განაწილებით იშლება ზღვარი სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას შორის; იცვლება ძველი სტრუქტურა და ყალიბდება ახალი თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების დონის სტრუქტურული ერთეულები.

აღნიშნული და სხვა მასალების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აქტიური მონაწილეობით მზადდება დარგის განვითარების პროგრამა, რაც საფუძვლად დაედება მისი შემდგომი აღმავლობის საქმეს.

გიორგი ნიკოლეიშვილი, 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ელგუჯა შაფაქიძე,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი