ქართულ ათასწლოვან ფრესკებში წმინდანები, მეფეები, დედოფლები აბრეშუმით არიან შემოსილნი. მეცნიერთა ვარაუდით, ჩინეთიდან მომავალი აბრეშუმის გზა მოუყვებოდა დღევანდელ სარკინიგზო მაგისტრალს და ეჭვგარეშეა, ჩვენს ხეობასაც გაივლიდა.

კავკასიის აბრეშუმის ცნობილი მკვლევარის ბ. ივანოვის აზრით, კავკასიაში მეაბრეშუმეობა 1300 წლისაა („ნარკვევები კავკასიის აბრეშუმის წარმოების ისტორიიდან“ 1916 წ. გამოცემა რუსულ ენაზე). ზოგიერთი წყარო აბრეშუმის გავრცელებას საქართველოში ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდს უკავშირებს. მე-16 საუკუნეში სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი მოლაპარაკებას აწარმოებდა რომის პაპთან და საფრანგეთთან, რომ ლიონისთვის მიეწოდებინათ აბრეშუმი. ვახუშტი ბატონიშვილი თავის „საქართველოს გეოგრაფიაში“ წერს, რომ რომში აბრეშუმი შევიდა იულიუს კეისრის დროს რიონ-მტკვრის გზით.

პლინიუსი ამბობს, რომ რომიდან შორაპანში ყოველწლიურად იგზავნებოდა 100 ათასი სესტერცი აბრეშუმის საყიდლად (ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფია“ – 1901 წლის გამოცემა, მოსე ჯანაშვილის წინასიტყვაობა).

1887 წელს თბილისში დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, რომელიც იყო ამ დარგის ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულება რუსეთის იმპერიაში და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მსოფლიოს მასშტაბით. მას გააჩნდა მდიდარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სახელგანთქმული დარგობრივი მუზეუმით და იმ დროისათვის უნიკალური სამეცნიერო ბიბლიოთეკით.

შალვა ჩხეიძე

1930 წელს ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის მეაბრეშუმეობის და აბრეშუმის მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. ამ პერიოდიდან ხარაგაულში იმდროინდელი ხელისუფლება დიდი ძალისხმევით შეუდგა მეაბრეშუმეობის დარგის დანერგვას. ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს სათავეში ჩაუდგა შალვა იუსტინეს ძე ჩხეიძე. ამ პიროვნებისგან გაწეული ღვაწლი სწორედაც რომ გვავალებს, გავიხსენოთ ასეთი ადამიანები, ვინაიდან ეს ხარაგაულის წარსულის ისტორიული ფაქტია.

შალვა ჩხეიძე 1902 წელს დაიბადა ბაღდადის რაიონის სოფელ ობჩაში. საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო. მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ქუთაისში გაიხსნა მეაბრეშუმეობის პირველი საცდელი სკოლა. მაშინდელმა ხელისუფლებამ სკოლადამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა რაიონში მიავლინა მეაბრეშუმეობის დასანერგად და ასაღორძინებლად. ბატონი შალვა 1932 წელს ჩამოვიდა ხარაგაულში და აქაურობა მისი ადგილის დედა გახდა. ღვიძლი შვილივით მიიღო იგი ხარაგაულმა. ახალგაზრდა სპეციალისტი დიდი გატაცებითა და ენთუზიაზმით შეუდგა არარსებული დარგის შექმნას, – ააშენა შენობა, შექმნა ინფრასტრუქტურა, შემოიტანა ნამყენი ნერგები, თითქმის ყველა სოფელში ხდებოდა თუთის ნამყენი ნერგების რგვა.

შემდგომ ათწლეულებში ხარაგაულის რაიონის ბევრ სოფელში: ბაბში, ვახანში, ლაშეში, სარგვეშში, ლეღვანში, საღანძილეში, ბორითში, საქასრიაში შეიქმნა ე.წ. თუთის სათესი სკოლები და სანერგე მეურნეობები. ხარაგაული ყოველთვის მოწინავეთა რიგში იყო.

კომუნისტურ ეპოქაში გამომავალი გაზეთი „ლენინის დროშით“ 1940 წ. 15 მაისის ნომერში იუწყებოდა, რომ მთელ საქართველოში სოფლის მეურნეობის მოწინავეთა წითელ დაფაზე 8 მოწინავეთა შორის მოხვდა შალვა იუსტინეს ძე ჩხეიძე, რომელმაც აბრეშუმის მოსავლის რაიონული გეგმა 1938 წელს 102,7%, ხოლო 1939 წელს 128%-ით შეასრულა.

გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან საქართველოში წარმოებულ აბრეშუმში ხარაგაულს უდიდესი წვლილი შეჰქონდა. ბატონმა შალვამ შემოიტანა პარკის საშრობი დაზგები. გამშრალ აბრეშუმის პარკს ქუთაისის აბრეშუმის კომბინატს აბარებდნენ. ეს კომბინატი ნედლეულს შუა აზიის რესპუბლიკებიდანაც ღებულობდა, ნედლეული მოდიოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც, მაგრამ სპეციალისტები უყოყმანოდ აღიარებდნენ, რომ ქართული აბრეშუმის პარკი საუკეთესო იყო და ამ საუკეთესოში განსაკუთრებულად კარგი ხარაგაულში წარმოებული ნედლეული იყო.

სამ ათეულ წელზე მეტი მუხლჩაუხრელად შრომობდა ბატონი შალვა ეროვნული სიმდიდრის შესაქმნელად. გარდა იმისა, რომ იყო წარმატებული სამეურნეო მუშაკი, იყო ნამდვილი ხარაგაულელი კოლორიტული ფიგურა, კეთილი, იუმორით დაჯილდოებული ადამიანი, კარგი მომღერალი, სტუმართმოყვარე, ხარაგაულში თითქმის ყველა ოჯახში სასურველი სტუმარი.

კაცურკაცობით იცხოვრა, წავიდა და ფესგამდგარი და წარმატებული დარგი ჩააბარა მომდევნო თაობას.

ადამიანები მიდიან, ადამიანები მოდიან – ხარაგაულის აბრეშუმშიც შეიცვალა თაობები და ხელმძღვანელები.

1962 წლიდან 1983 წლამდე პარკსაშრობს სათავეში ედგა და დაუღალავად ემსახურებოდა დარგის კარგად მცოდნე, საუკეთესო სპეციალისტი, დიდი ადამიანური და პიროვნული ღირსებებით შემკული ბაბო გურგენიძე. ამ პერიოდში ხარაგაულის რაიონი წლიურად 32 ტონა მაღალხარისხიან აბრეშუმს აბარებდა სახელმწიფოს. ქალბატონი ბაბო უდიდესი კეთილსინდისიერებით ეკიდებოდა თავის საქმეს. თითოეული პარკი რამდენჯერმე გაივლიდა სპეციალისტების ხელში, ხარისხდებოდა და ასე მიეწოდებოდა ქუთაისს.

„აბრეშუმის ჭიის მოვლა ძალიან შრომატევადია, – გვიამბობს გამოცდილი სპეციალისტი აგრონომი ქალბატონი ცისანა ფანცულაია, – ჭიის გამოკვება ხდებოდა ოჯახურ პირობებში, ან სპეციალურად გამოყოფილ საჭიე ბინებში, სპეციალურ დახლებზე. ამინდის მიუხედავად, საჭიროა თუთის ფოთლის შეგროვება და ჭიის კვება. ერთი გრამი აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად საჭიროა დაახლოებით 50 კგ. ფოთოლი.

მიუხედავად მძიმე შრომითი პირობებისა, რაიონს ემსახურებოდნენ მოწინავე მეაბრეშუმე ქალები. ჩხერიდან – იულია კურტანიძე, ლიანა ორთოიძე, ქროლიდან – ელნარი მაქაძე, ხიდრიდან – ალექსანდრა ბერაძე, კიცხიდან – მარგალიტა სხილაძე, ლოლა შერგელაშვილი, ბორითიდან – ლიანა ბარბაქაძე, ვახანიდან  – თებრო ბლუაშვილი, ლეღვნიდან – ნანული მაღრაძე, ცაცა ლაცაბიძე, ქეთო ცხვედაძე, ხარაგაულიდან – ქეთო არჯევანიძე და ბევრი სხვა, რომლებიც 30-40 კგ. აბრეშუმის პარკს აბარებდნენ. ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი ერთმანეთის თანადგომით ვმუშაობდით. არ არსებობდა ჩემი და შენი საქმე. ფინანსებს ხელმძღვანელობდნენ ფილიპე ხარაძე, ნათელა ხახალაშვილი, ბოლო წლებში –  ლოლა ჩაჩანიძე. მათი გამართული მუშაობით მუდამ წარმატებებს ვაღწევდით“.

კოლმეურნეებს პარკის დამზადების წლიური გეგმის შესრულებაში ეხმარებოდნენ უბნის აგრონომები: ზურაბ მესხი, მერი კვირიკაშვილი, სოსო ბარბაქაძე, ანდრო ჭუმბურიძე, ნელი მდივნიშვილი, ტიტიკო მაჭავარიანი, პუნქტის გამგე გივი ავალიშვილი. პირადად ქალბატონი ცისანა და ყველა აგრონომი თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდნენ. 41 კოლმეურნეობის მეაბრეშუმეებს აძლევდნენ რჩევა-დარიგებას, თვალყურს ადევნებდნენ კვების მიმდინარეობას, ეხმარებოდნენ დაავადებების თავიდან აცილებაში.

 

მეაბრეშუმეობა რაიონში ძალიან პოპულარულ დარგად იქცა. იგი ადამიანების შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. იმდროინდელი ხელისუფლება წამახალისებელ პოლიტიკას ეწეოდა და, ვფიქრობთ, სწორიც იყო. კარგად გვახსოვს სავაჭრო ცენტრებში მეაბრეშუმეთათვის გამოყოფილი კუთხეები, მათვე ასაჩუქრებდნენ სხვადასხვა კურორტების დასასვენებელი საგზურებით, დაჰყავდათ ექსკურსიაზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით.

ლახუნდარელი, კიცხელი და ვანელი მეაბრეშუმეები

 

აბრეშუმის ჭიის მოვლა ძალიან პოპულარული იყო მოსწავლე-ახალგაზრდობაში. ზაფხულის პერიოდში ისინი დიდი ხალისით ერთვებოდნენ ამ საქმიანობაში.

ვისაც კი საქმე ჰქონია აბრეშუმის მოვლა-მოყვანასთან, დღესაც დიდი სიყვარულითა და გულისტკივილით იხსენებს შრომისა და გამარჯვების წლებს. ასეთია ქალბატონი ნორა შერგელაშვილი: „ძალიან დასანანია, რომ ეს დარგი დავიწყებას მიეცა და აღარავინ ზრუნავს მის აღდგენაზე. რა შეედრებოდა ქართულ შიფონს, ბუნებრივი აბრეშუმით დამზადებულ სხვადასხვა ქსოვილებს. ის ხომ ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი საწინდარი იყო. სოფლის მეურნეობის უყურადღებოდ მიტოვება ყველაზე დიდი დანაშაულია. ამას ჩვენი მომავალი თაობები არ გვაპატიებენ“.

ჩვენს უპრეტენზიო წერილში მოხმობილი შორეული თუ ახლო ისტორია, ალბათ, კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას და მათ, ვისაც აინტერესებს სოფლის აღორძინება, სამუშაო ადგილების შექმნა, რომ ჩვენში მეაბრეშუმეობა ნამდვილად ტრადიციულია. ქართველი კაცი, რომელსაც ბუნებრივი პირობები უწყობდა ხელს, უხსოვარი დროიდან მისდევდა ამ საქმიანობას, ყოველთვის იყო მისი მეურნეობისა და შინამრეწველობის დამხმარე დარგი. კომუნისტური ეპოქის გახსენებით რეჟიმს კი არ მივსტირით, არამედ ვიხსენებთ იმას, რაც კარგი იყო და სანამ ჯერ კიდევ არიან ჩვენ გვერდით ამ დარგის პრაქტიკოსი და მეცნიერული ცოდნით აღჭურვილი სპეცილისტები, რჩევა ვკითხოთ, ვისწავლოთ. იქნებ ესეც იყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიური სიძლიერის საწინდარი. იქნებ ჩვენი სავაჭრო ცენტრები ისევ აივსოს ქართული აბრეშუმის ნაწარმით და მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატად არ დარჩეს.

ეკა შველიძე

წყარო: chemikharagauli.com