აგროსიახლეები

ქართული ღვინის საიდუმლო დგილობრივი ვაზის ჯიშების საოცარ მრავალფეროვნებაშია

„ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა განსაკუთრებულ სტუმრებს მასპინძლობდა — ღვინის მწერლებს, სომელიეებს, ბლოგერებს, მარკეტინგისა და მედიის სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
სტუმრებს ქართული ვაზის წარმოშობის, მოშინაურებისა და გავრცელების საკითხებზე დეტალური ინფორმაცია ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ გაუზიარა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ კვლევებსა და პროექტებზე, რომლებიც ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების კონსერვაციასა და პოპულარიზაციას ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ვაზისა და ღვინის მუზეუმი, რომელიც 8000 წლიანი უწყვეტი მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას ასახავს — არტეფაქტებით, ეთნოგრაფიული მასალით და ქვევრის ღვინის დამზადების პროცესთან დაკავშირებული ექსპონატებით.

513909673 1047232007586226 2108507549674405814 n

სტუმრებისთვის განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო ქართული ვაზის უნიკალურმა საკოლექციო ნარგაობამ, რომელიც 500-ზე მეტ ჯიშს აერთიანებს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ამ ჯიშებიდან დაყენებული ღვინოები, შეეფასებინათ მათი სენსორული მახასიათებლები და განეხილათ ღვინოების საბაზრო პოტენციალი.

როგორც ერთ-ერთმა სტუმარმა, ამერიკელმა სომელიემ ალექს საროვიჩმა აღნიშნა:
„ყველაზე საინტერესო, რაც ქართულ ღვინოში აღმოვაჩინე, ვაზის ჯიშების საოცარი მრავალფეროვნებაა. თითოეულ ჯიშს სრულიად უნიკალური გამოხატულება აქვს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ერთ სივრცეში 500-ზე მეტი ჯიშია თავმოყრილი — ეს მართლაც გამორჩეული გამოცდილებაა.“

ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო ქვევრის ღვინის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებსაც, რომელიც ქართულ მეღვინეობას უნიკალურობას სძენს მსოფლიო კონტექსტში.

ღონისძიება კიდევ ერთხელ გახდა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იზრდება საერთაშორისო ინტერესიც და პროფესიული პატივისცემა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ. ჯიღაურას ბაზა ამ პროცესში იმკვიდრებს თავს, როგორც ვაზისა და ღვინის ეროვნული მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა.

ფორუმი, რომლის ორგანიზატორია ღვინის კომუნიკაციის პლატფორმა „მადამ სომელიე“, მიზნად ისახავს ქართული ღვინის გლობალურ ცნობადობის გაზრდას და საერთაშორისო პროფესიული ქსელის გაძლიერებას.