აგროსიახლეები

ქართული ღვინის წარდგენა ბელგიაში

ბელგიის სამეფოს ქალაქ გენტში, გამოფენაზე „HORECA EXPO“, ქართული ღვინის  წარდგენა  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა.
„HORECA EXPO“ სასტუმრო, რესტორნების და კაფეების ინდუსტრის უდიდესი გამოფენაა.   გამოფენა ასევე მოიცავს ვორქშოფებს, კულინარიის კონკურსებს და სემინარებს. „HORECA EXPO“-ს ტრადიციულად ათეულ ათასობით ადამიანი ესწრება.

ქართული ღვინო წარდგენილი იყო გამოფენის “Chef’s Place” ნაწილში, სადაც თავს იყრიან ტოპ-შეფები, სომელიეები, ბლოგერები და ჟურნალისტები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი სამი კომპანიის  10-მდე ღვინო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.