ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის დედაქალქ ტოკიოში გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს და იაპონური საერთაშორისო კონკურსის „SAKURA Japan Women’s Wine Awards“ მხარდაჭერით, ქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გამართა.
ღონისძიება ორ ნაწილს მოიცავდა: ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას და ქართული ღვინისა და იაპონური სამზარეულოს შეხამების მასტერკლასს.
ქართული ღვინის დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ხოლო პრეზენტაციას სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამთა ყველაიძე უძღვებოდნენ.
ტოკიოში გამართულ ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.
ანა გოდაბრელიძე და თამთა ყველაიძე კონკურსის „SAKURA Japan Women’s Wine Awards“ ჟიურის წევრებად არიან მიწვეულები. კონკურსი დღეს ტოკიოში გაიმართება.
აღნიშნული საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მეთერთმეტედ ტარდება. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
მსგავს ღონისძიებებში საქართველოს ჩართულობა, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას არა მარტო იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე, არამედ, ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.