დარგებიმემარცვლეობა

ქართული ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური სელექციით მიღებული ადგილობრივი ჯიშების დაცვა, გამრავლება და გამოყენება

დღეს მსოფლიო აღიარებს თანამედროვე უხვმოსავლიანი ხორბლების პრობლემებს, განსაკუთრებით ცილის დაბალ შემცველობას და ხორბლის ფქვილის მიმართ ალერგიების მზარდ სპექტრს. შესაბამისად საჭირო გახდა ადგილობრივი ენდემური და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშების დაბრუნება წარმოებაში, მათი მაღალი კვებითი ღირებულების (ცილის და ცილაში ლიზინის შემცველობის), მძლავრი იმუნური სისტემის და შემგუებლობის გამო.

საქართველო, რბილი ხორბლის ერთ-ერთი უძველესი სამშობლო, მდიდარია ენდემური ხორბლებით და აბორიგენი ჯიშებით. მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მემკვიდრეობით მიღებული ხორბლების წარმოებაში დასაბრუნებლად, როგორც გენეტიკური რესურსის და ჯიშობრივი სიწმინდის დაცვის, ასევე სამეურნეო დანიშნულებით გამრავლების და ჯანსაღ კვებში გამოყენების კუთხით და მსოფლიოს კვლავ მისცეს ჯანსაღი, გემრიელი პური. მთავარ გამოწვევად ამ უძველესი ჯიშების „დაბალმოსავლიანობა“ სახელდება.

ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორია რბილი ხორბლის წარმოშობისა და დომესტიკაციის ერთ-ერთი მთავარი კერაა, ამას არქეოლოგიურ ძეგლებზე (ძვ.წ.აღ. VI ათასწლეული – არუხლო, ხრამის დიდი გორა, შულავერი, იმირი) ნაპოვნი ხორბლის კარბონიზირებული მარცვლებიც ადასტურებს და ჩვენამდე მოღწეული ხორბლის მოვლა-მოყვანის, შენახვა-გადამუშავების და პურცხობის მრავლასაუკონოვანი, უწყვეტი ტრადიციაც. საქართველო არის ხორბლის გვარის ბუნებრივი მუზეუმი, მსოფლიოში აღრცხული ხორბლის 25 სახეობდან 15 საქართველოშია აღწერილი, აქედან 5 ენდემია. ქართული ენდემები გამოირჩეიან მძლავრი იმუნიტეტით, რაც დაავადებების მიმართ მათ მედეგობას უზრუნველყოფს, არახელსაყრელ გარემო პირობებთან შეგუების კარგი უნარით, სტაბილური მოსავლიანობით, მაღალი კვებითი ღირებულებით და შესანიშნავი გემოთი. ამ თვისებების გამო ქართული ენდემები და ლენდრასები საუკეთესო სასელექციო და ჯანსაღი საკვები მასალაა.

სამწუხაროდ ეს უძვირფასესი ჯიშები და მათთან დაკავშირებული კულტურა გადაშენების საფრთხის პირასაა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ადგილობრივი ჯიშები თანამედროვე უხვმოსავლიანმა ხორბლებმა ჩაანაცვლა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ხორბლის წარმოება საქართველოში მინიმუმამდე დავიდა, მოთხოვნის თითქმის 85% იმპორტირებულ ხორბალს უჭირავს, რაც უდაოდ ასუსტებს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას.

 

სწორედ ამ გარემოებათა გამო 2017 წელს შეიქმნა ‘ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება’, რომელიც მიზანად ისახავს ქართული ხორბლის ენდემური და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშების კონსერვაციას, ხორბლისა და პურის კულტურის აღორძინებას და პოპულარიზაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამ ჯიშების დაბრუნებას ჯანსაღ კვებაში. 2018 წელს გაერთიანების ინიციატივით ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები) შევიდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. 2019 წელს კი გნაცხადი გაიგზავნა იუნესკოში (UNEშჩO) გადაუდებელი დაცვის ქვეშ მყოფი ელემენტების ნომინაციაძე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, 2019 წლის შემოდგომაზე ქართული ხორბლის კულტურის დაცვის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც მოამზადებს 2021-25 წლების დროში გაწერილ სტრატეგიულ გეგმას ამ კულტურის დაცვისთვის, კოორდიანციას და კომუნიკაციას უზრუნველყობს მონაწილეებს შორის და დაცვის ღონისძიებებს ზედამხედველობას გაუწევს.

დღეს მსოფლიო აღიარებს თანამედროვე, უხვმოსავლიანი ხორბლების პრობლემებს, როგორიცაა ცილის დაბალი შემცველობა და ხორბლის ფქვილით გამოწვეული ალერგიების მთელი სპექტრი. აგრონომები, მეხორბლეები და მეცნიერები აბორიგენული ხორბლების (ლენდრასების) წარმოებაში დაბრუნების გზებს ეძებენ. მთავარ დაბრკოლებად მათი „დაბალმოსავლიანობა“ სახელდება. თუმცა ეს შეფასება არ არის სამართლიანი, რადგან მათ ადარებენ მეცნიერული სელექციით მიღებულ ჯიშებს, რომელთაც ხელოვნურად გაზრდილი უხვმოსავლიანობა ახასიათებთ. ენდემური და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშების შეფასება მათი სარგებლიანობის და არა რაოდენობის მიხედვით უნდა ხდებოდეს, ისინი სტაბილურიბით, გენეტიკური მონაცემებით და შემადგენლობით ბევრად სჯობნის თანამედროვე ჯიშებს, საუკეთესოა ჯანსაღი კვებისთვის და სასელექციოდ.

ენდემური სახეობების და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშების დაცვისთვის აუცილებელია ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს გენეტიკური რესურსების დაცვას, როგორც გენ-ბანკებში ასეევე ცოცხალ კოლექციებში და პირველად სათესლე მეურნეობებში. ტრადიციული აბორიგენი ჯიშები უნდა აღირიცხოს და დარეგისტრირდეს ადგილწარმოშობის გეოგრაფიულ არეალში, სადაც დასაშვები იქნება სერტიფიცირებული პირველდი სათესლე მეურნეობების გამართვა. ჯიშობრივი სიწმინდის დაცვისთვის და გენეტიკური მონაცემების შესანარჩუნებლად, პირველად სათესლე მეურნეობებში უნდა აიკრძალოს ქიმიური საშუალებების გამოყენება ნიადაგის გამოსაკვებად და მცენარეთა დაცვისთვის.

სერტიფიცირებული სათესლე მასალის გამრავლება სამეურნეო და საწარმოო მიზნებისთვის უნდა მოხდეს დაინტერესებული მეხორბლე ფერმერების მიერ. მათ სჭირდებათ სათანადო ცოდნა (პროფესიული გადამზადება), სათანადო მიწის რესურსი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და რეალიზაციის ბაზარი, რასაც ნაწილობრივ სახელმწიფო პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს. ხორბლის თემაზე მომუშავე სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, გენ-ბანკებს, უნივერსიტეტებს, ჯიშთა გამოცდის სადგურებს, ლაბორატორიებს უნდა შეეძლოთ ცოდნისა და სათესლე მასალის გაზიარება მეხორბლე ფერმერებისთვის, თავიანთი მუშაობის საუკეთესო შედეგების დანერგვა წარმოებაში მათი მეშვეობით. მათ შორის კოორდინაცია და კომუნიკაცია შეიძლება დაევალოს ქართული ხორბლის კულტურის დაცვის ჯგუფს.

ხორბლის ენდემური და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშების გამრავლება და ჯანსაღ კვებაში გამოყენება მათი დაცვის გარანტია. სახელმწიფო პროგრამით ხელი უნდა შეეწყოს საწარმოო ჯაჭვის „თესლიდან – პურამდე“ გამართვას. მაღალი ხარისხის სათესლე მასალიდან მიღებული ხორბლის მარცვლის შენახვა-გადამუშავება და პურცხობა სამიზნე სოფლებში და თემებში ტრადიციული წესით უნდა აღდგეს. მთავარი სამიზნე ჯგუფი პირველ ეტაპზე შეიძლება იყოს საოჯახო მეურნეობები, მცირე მეურნეები, კოოპერატივები და მეწარმეები მთიან რეგიონებში და განსაკუთრებით სასაზღვრო ზოლში; ტრადიციული პურის ყანების და პურცხობის აღორძინება, მიმზიდველი იქნება ტურიზმისთვის და გააძლიერებს სოფლებს.

აღნიშნული ხორბლის ჯიშების წარმოებაში დაბრუნების მთავარ დაბრკოლებად მათი „დაბალმოსავლეიანობა“ და მაღალი ფასი სახელდება. პირველ რიგში საჭიროა „მცირემოსავლიანობის“ იარლიყის გაუქმება. სწორი ინფორმაციის მიწოდება, მოსავლიანობაზე დაკვირვება და გაუმჯობესება-მაღალი ხარისხის სათესლე მასალის, ნიადაგის მომზადების, აგრო-ტექნკური ღონისძიებების და კალენდრის დაცვის ხარჯზე, ბუნებრივი ან ორგანული მიწათმოქმედების გზით, რადგან ჩვენი უმთავრესი მიზანია ვაწარმოოთ ჯანმრთელობა.

ბუნებრივია ენდემების და ლენდრასების მაღალი ფასი თანამედროვე ხორბალთან შედარებით, მათი ძვირფასი თვისებების და შემადგენლობის გათვალისწინებით. ფასის დარეგულირება მეტნაკლებად მოხდება პროდუქციის ზრდასთან ერთად. რაღა თქმა უნდა აბორიგენი ჯიშები ვერ ჩაანაცვლებს დიდ საწარმოო ფართობებზე თანამედროვე ხორბლის ნათესებს. შესაბამისად მათ ექნებათ ცალკე ნიშა – პური ჯანმრთელობისთვის.

სხვადასხვა მოთამაშეების (სახელმწიფო, კერძო სექტორი, არასამთავრობო და დონორი) თანმიმდევრული თანამშრომლობის შემთხვევაში, შესაძლებელია რამოდენიმე წელიწადში ქართული ხორბლის კულტურის აღდგენა და წარმოებაში დაბრუნება, რასაც მრავალმხივი დადებითი შედეგი ექნება: ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის წარმოების ზრდას ქვეყანაში, დასაქმებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სასურსათო უსაფრთხოების და უვნებლობის გაუმჯობესებას; სასაზღვრო სოფლებში მოსახლეობის შენარჩუნება, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციული სოციუმის აღდგენა გააძლიერებს სოფელს, ტურიზმის ეკონომიკა გაზრდის შემოსავლებს, ორგანული წარმოების შემთხვევაში კი მომავალი თაობებისთვის შენარჩუნდება ნაყოფიერი ნიადაგები და სუფთა გარემო. მზარდია სხვა ქვეყნების ინტერესი ქართული ენდემებისა და ლენდრასების მიმართ, რაც მათი ექსპორტზე გატანის შესაძლებლობას ქმნის.

ასმათ ლალი მესხი
ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება