დარგებიმეფუტკრეობა

ქართული ფუტკრის საექსპორტო პერსპექტივები

„ქართული ფუტკრის ექსპორტს გააჩნია ძალიან დიდი პერსპექტივები. დაინტერესება განსაკუთრებით დიდია აშშ-ში, კანადაში და ევროპაში, ასევე ჩინეთში“, – აცხადებენ ფრენკ ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაციაში, სადაც მეფუტკრეებთან ერთად, მკვლევრებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვთ, ასოციაციაც მათი დაინტერესებისა და თანადგომის შედეგად შეიქმნა.
ქართულ ფუტკარს მსოფლიოში სხვა ჯიშებს შორის არაერთი უპირატესობა გამოარჩევს. მათ შორისაა: ყველაზე გრძელი ხორთუმი (7,3 მმ-მდე), სიმშვიდე და არააგრესიულობა, ნექტრის წვდომასა და შეგროვებაში მოხერხებულობა და მიზანმიმართულობა, პროდუქტიულობა, მათ შორის, არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში, ფრენის ეფექტური დიაპაზონი სხვა ფუტკრებთან შედარებით. ასევე, კავკასიური ფუტკრები ქმნიან ძლიერ კოლონიებს, კარგად იცავენ საკვებ მარაგებს და ეკონომიურად იყენებენ მათ.

კავკასიური ფუტკრები საერთაშორისო შეჯიბრებების ოქროს მედალოსნებიც არიან. 1960-70 იან წლებში კავკასიურმა ფუტკარმა სამჯერ მოიპოვა ოქროს მედალი, მათ შორის, გერმანიაში მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე, და ორჯერ APIMONDIA-ს სოფლის მეურნეობის საერთაშორისო კონგრესზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში გაიმართა.

კავკასიური ფუტკრით, როგორც გამორჩეული ჯიშით, დაინტერესებული იყო  ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, მკვლევარი, მეფუტკრეობის ნოვატორი ფრენკ ბენტონი, რომელიც ფუტკრის საუკეთესო ჯიშების გამოსავლენად მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოსაც სტუმრობდა.

ფრენკ ბენტონის სახელობის ასოციაციაში ამბობენ, რომ ქართლი ფუტკრის ექსპორტზე ინტერესს გამოხატავენ როგორც კერძო მეფუტკრეები, ასევე მსხვილი პოლინატორი და აგრარული კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რადგან „ქართული ფუტკარი შეუცვლელია  პარკოსანი კულტურების დამტვერიანებაში, რაც შეადგენს მსოფლიო აგრიკულტურის ნახევარს და მოიცავს 130 მდე კულტურას.  ა.შ.შ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრიკულტურის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, შეერთებულ შტატებში დედა ფუტკრის მთლიანი წარმოების 25% სწორედ ქართული ფუტკარი შეადგენდა“.

სწორედ ამიტომ, ზვიად ლორიას თქმით, ქართული ფუტკრის ექსპორტის ხელის შეწყობისთვის, „მნიშვნელოვანია საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მეფუტკრეობის განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაზრდას. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია პროფესიონალ მეფუტკრეთა მომზადება და დარგობრივი სპეციალისტებისა და ვეტერინარების აღზრდა“.

ერთ-ერთი მთავარი კი, რაც ფუტკრის ექსპორტს ხელს შეუწყობს, როგორც მეფუტკრეები ამბობენ, კანონმდებლობის დახვეწა და მისი საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებაა – რაც აუცილებელი იქნება ოფიციალური ექსპორტის დაშვებისთვისაც. ამ მიმართულებით საფუტკრე მეურნეობები საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად უკვე აქტიურად მუშაობენ.  

სწორედ სტანდარტიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი წინსვლაა ცხოველთა რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემა – NAITS-ი – რომელიც უკვე დანერგილია და წარმატებით მუშაობს საქართველოში და საფუტკრე მეურნეობებს რეგისტრაციის სახით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

წყარო: https://www.fao.org