რუბრიკებიფერმერი ფერმერს

ქართული პროდუქტების საექსპორტო პოტენციალი ევროკავშირის ბაზარზე

შერჩეული პროდუქტების ევროკავშირში ცალკეული პროდუქტების საექსპორტო პოტენციალს ევროკავშირის ბაზარზე ამგვარად გამოიყურება. უნდა აღინიშნოს, რომ ჟოლო, მაყვალი და ბროკოლი შედარებით ახალი პროდუქტებია საქართველოს რეალობაში, რასაც ცხადყოფს კიდეც ცხრილში მოცემული (იხ. ცხრილი) ექსპორტის მაჩვენებლები. შესაბამისად, არ არსებობს გამოცდილება მათი მოვლა-მოყვანის მიმართულებით. მოცემული ცხრილი ასევე მოკლედ აჯამებს თითოეული პროდუქციის მიხედვით მათი საექსპორტო პოტენციალის ხარისხს.

 ცხრილი: შერჩეული პროდუქტების საგარეო ვაჭრობა, ათასი აშშ დოლარი

პროდუქტი კვლევის არეალი ექსპორტი 2017-18 იმპორტი 2017-18 ევროკავშირში ექსპორტი პოტენციალი
ჟოლო მცხეთა-მთიანეთი $ 2.2 $ 423 მაღალი
მაყვალი კახეთი $ 2.2 $ 423 მაღალი
ბროკოლი ქვემო ქართლი $ 77.5 $ 695.2 დაბალი
მანდარინი აჭარა $ 24,751.3 $ 1,696.3 მაღალი
სტაფილო სამცხე-ჯავახეთი $ 342.4 $3,305.8 დაბალი
დაფნა სამეგრელო-ზემო სვანეთი $ 342.4 $ 519.1 მაღალი
პომიდორი იმერეთი $ 8,762.0 $ 15,845.8 მაღალი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; მოცემული პროდუქტების ღრმა ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ http://www.pmcg-i.com/publications/reports

კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ბროკოლს და სტაფილოს ევროკავშირში საექსორტო პოტენციალი დაბალია. თუმცა, მწარმოებლურობისა და ხარისხის ზრდის კვალდაკვალ ამ პროდუქტებს შეუძლიათ იმპორტის ჩანაცვლება ქართულ ბაზარზე. ჟოლოს, მაყვლის, მანდარინის, დაფნისა და პომიდორის საექსპორტო პოტენციალი შედარებით მაღალია. თუმცა, მათი პოტენციალის ათვისება ბევრ შიდა და გარე ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც დაწვრილებით მომდევნო თავებში იქნება განხილული.

ჟოლო

 ჟოლო ქართველი ფერმერებისთვის შედარებით ახალი პროდუქტია იმდენად, რამდენადაც მისი ინდუსტრიულად მოყვანა და საექსპორტო პროდუქტად განხილვა ნაკლებად ხდებოდა. შესაბამისად, საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი რაოდენობის ჟოლოს იმპორტი, რაც განპირობებულია ადგილზე წარმოების მოცულობის სიმცირითა და პროდუქციის სეზონურობით. სეზონურობა და ჟოლოზე მოთხოვნის მთელი წელი არსებობა განაპირობებს ჟოლოს როგორც ნედლი სახით, ასევე გაყინული ფორმით მოხმარებას.

საქართველოდან ევროკავშირში გატანის შემთხვევაში ჟოლო განთავისუფლებულია ყველანაირი გადასახადისგან. თუმცა, რა თქმა უნდა, ჟოლო უნდა იყოს საკვებად უსაფრთხო: პროდუქტი არ უნდა იყოს დაბინძურებული მძიმე მეტალებით და დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები. ნებისმიერი მავნებელი დანამატების და პესტიციდების გამოყენება წარმოებისას აკრძალულია.

რადგან ჟოლო არ ირეცხება კრეფის შემდეგ, მნიშვნელოვანია სუფთა ხელებით მუშაობა კრეფის სეზონის განმავლობაში. სურსათის უვნებლობის რეგულაციების გარდა, ევროკავშირის ქვეყნები ითხოვენ ერთნაირი ჯიშის ჟოლოს, პროდუქცია უნდა იყოს ერთგვაროვანი ზომით და ხარისხით.

ასევე, მნიშვნელოვანია სტაბილურად დიდი რაოდენობით ჟოლოს ექსპორტი, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოში ერთი მწარმოებლისთვის არ არის შესაძლებელი.

იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით ჟოლოს წარმოება არ არის სათანადოდ განვითარებული საქართველოში, მწარმოებლის საშუალო ფასები კონკურენტულად დაბალია, რაც საქართველოს უპირატესობას აძლევს გახდეს მიმზიდველი ევროპის ბაზრისთვის და კონკურენცია გაუწიოს ევროკავშირში სხვა იმპორტიორებს. შესაბამისად, ამ კულტურას აქვს პოტენციალი წარმატებით დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნა, ჩაანაცვლოს იმპორტი და მოხდეს მისი ევროკავშირში ექსპორტირება.

მაყვალი

სულ რამდენიმე წელია რაც საქართველოში დაიწყო მაყვლის კულტივირებულად წარმოება. რეგიონების დონეზე, მაყვლის წარმოებაში ლიდერობს კახეთი, თუმცა სრულ მსხმოიარებაში მყოფი მაყვლის ბაღი ჯერჯერობით არ არსებობს. ასევე, რეგიონში არ არსებობს მაყვლისათვის საჭირო სამაცივრო მეურნეობა (შოკური მაცივარი) და არ ხდება მაყვლის ინდუსტრიულად გადამუშავება. შესაბამისად, საქართველოდან ევროკავშირში ჯერ მაყვლის ექსპორტის პრეცენდენტი არ არსებობს.

მეორე მხრივ, ევროკავშირის ბაზარზე როგორც ახალ ასევე გაყინული სახით მაყვალზე მოთხოვნა დიდია. აღსანიშნავია, რომ ახალი მაყვლის ფასი გაყინულზე ბევრად მეტია, თუმცა მისი ტრანსპორტირება საკმაოდ რთულია და მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.

ევროკავშირში ახალი მაყვლის, თუთის და ლოგანის კენკრის იმპორტი 2012-2017 წლებში, გარდა 2016 წლისა, ყოველ წელს იზრდებოდა. 2017 წელს ახალი მაყვლის, თუთის და ლოგანის კენკრის იმპორტის ღირებულებამ 37.3 მილიონი ევრო შეადგინა (8000 ტონა), რაც 20.3%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.

საშუალო საიმპორტო ფასი 4.66 ევრო/კგ დაფიქსირდა. 2012 წლიდან ევროკავშირში გაყინული მაყვლის და თუთის იმპორტი ყოველ წელს იკლებს (გარდა 2015 წლისა). 2017 წელს გაყინული მაყვლის და თუთის იმპორტის ღირებულებამ ევროკავშირში 35.1 მილიონი ევრო შეადგინა (33238 ტონა), რაც 10.1%-ით ჩამოუვარდება 2016 წლის მოცულობას. საშუალო საიმპორტო ფასი კი 1.05 ევრო/კგ იყო.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მიხედვით, საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზარზე მაყვალთან დაკავშირებით არ მოქმედებს საბაჟო გადასახადები (სხვა ქვეყნებისთვის მაყვალზე გადასახადი შეადგენს 9.6%-ს), არც სატარიფო კვოტა.

მაყვალი არც ბაზარზე შესვლის ფასს და არც გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს ექვემდებარება. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რთულია მყარი და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთება, თუ რამდენად მოახერხებს ქართული მაყვალი ევროკავშირის ბაზარზე შეღწევას და დამკვიდრებას. შესაბამისად პირველ ეტაპზე უმჯობესი იქნება იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით აქცენტის გაკეთება.

ბროკოლი

საქართველოში ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს19 წარმოების დონე საკმაოდ დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად, ქართული ბროკოლი მცირე რაოდენობით მაინც გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი).

ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს უმსხვილესი მწარმოებლებია ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც აწარმოებს მსოფლიოში მოყვანილი ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს 80%-ზე მეტს.

ევროპული ქვეყნებიც (მ.შ ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი) არიან მსოფლიოში ბროკოლის უმსხვილეს მწარმოებელთა შორის. შესაბამისად, მოცემულ ქვეყნების მხრიდან მაღალი მიწოდება შიდა ბაზარზე განაპირობებს ბროკოლის შედარებით დაბალ ფასს ევროკავშირში, რომელსაც ტრანსპორტირებისა და სერტიფიცირების გათვალისწინებით, ვერ უწევს კონკურენციას ქართული ბროკოლი.

თუ ქართული ბროკოლი დააკმაყოფილებს სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტებს, მისი ექსპორტი საქართველოდან ევროკავშირში შესაძლებელია უტარიფოდ.

ერთადერთი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის სარგებლობისთვის, საქართველოში წარმოებულმა პროდუქტმა უნდა დააკმაყოფილოს საქონლის წარმოშობის კრიტერიუმები. თუმცა, ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ბროკოლი ამჟამად უფრო მეტად იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს, ვიდრე ექსპორტზე გასვლის. შესაბამისად, უკეთესია მწარმოებლებმა ქართული ბაზრის ათვისებაზე გააკეთონ აქცენტი.

მანდარინი

მანდარინი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ აგრო-სასურსათო პროდუქტს, რომელიც ექსპორტზე გაედინება და ყოველწლიურად შემოსავლები მოაქვს საქართველოს ეკონომიკისათვის. თუმცა, ქართული მანდარინის საექსპორტო ბაზრები ნაკლებად დივერსიფიცირებულია და მაღალი რისკის შემცველ ბაზრებზე მოდის მთლიანი ექსპორტის 90%-ზე მეტი (რუსეთი და უკრაინა).

ტრადიციული ბაზრების გარდა, ვერ ხერხდება ახალი, უფრო სტაბილური და მაღალ მსყიდველობით უნარიანი ბაზრების ათვისება. ამასთან, მანდარინზე მოთხოვნა ევროპაში ძალიან მაღალია. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის მსოფლიოში მანდარინის მთლიანი იმპორტის რაოდენობის დაახლოებით 45% (2.1 მილიონი ტ.). ამ ბაზარზე მანდარინის იმპორტის საშუალო ფასი დაახლოებით 10%-ით აღემატება მსოფლიოს საშუალო ფასს და შეადგენს საშუალოდ 1050 დოლარს ტონაზე.

სატარიფო ბარიერების მხრივ, მანდარინი შედის იმ 28 პროდუქტს შორის, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შესვლის ფასს არის დაქვემდებარებული. ეს გულისხმობს, რომ როდესაც, ქართული მანდარინის საინვოისო ფასი ნაკლებია ევროკავშირის მიერ დადგენილ ფიქსირებულ ფასზე ექსპორტიორი დაიბეგრება ფასთა სხვაობით.

2017 წელს, ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანაში გავიდა ქართული მანდარინი, ორივეგან ძალიან მცირე რაოდენობით, პოლონეთში 20 ტონა და ლიტვაში 3 ტონა. პოლონეთის მაგალითის შესწავლამ გამოავლინა, რომ თვითონ ევროკავშირში შეტანის პროცედურები რთული არ არის, სხვა ქვეყნებთან შედარებით (მანდარინის ტრადიციული ბაზრები, რუსეთი, უკრაინა). ერთადერთი, პოლონეთმა მოითხოვა მძიმე მეტალებზე შემოწმების დამადასტურებელი საბუთი. პოლონეთში გაგზავნილი ნაყოფი იყო სტანდარტული ხარისხის, საშუალოდ 50 მმ დიამეტრის (ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, ზომის კოდით 4 ან 5), პლასტმასის ყუთებში შეფუთული ისე როგორც ამას ევროკავშირის სტანდარტი მოითხოვს. ტრანსპორტირებისათვის ბათუმიდან ბორანით უკრაინაში გადავიდა, შემდგომ კი მაცივარ-მანქანით უკრაინის გავლით ვარშავაში ჩავიდა. მგზავრობას საშუალოდ ჭირდება 7-10 დღე (დამოკიდებულია შავ ზღვაში შტორმზე), რაც მისაღებია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაცული ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში, ქართული მანდარინი კარგად ინახება მინიმუმ 20-21 დღე.

მიუხედავად იმისა, რომ მანდარინი ექსპორტზე გადის, პრობლემებია არსებული ჯიშის მოყვანის კუთხით. აჭარის მანდარინის პლანტაციების დიდი ნაწილი (დაახლოებით 40%) გადაბერებულია ან დაავადებულია და საჭიროებს ჩანაცვლებას.

ფერმერების მხრიდან სათანადო ცოდნის არქონისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობის გამო, არ ხდება სრული აგრო-ტექნოლოგიური ციკლის დაცვა, რაც იწვევს საჰექტარო მოსავლიანობის დაბალ დონეს (დაახლოებით 10 ტ.) და ასევე მიღებულ მოსავალში არასტანდარტული მანდარინის მაღალ მაჩვენებელს (დაახლოებით 20%). თუმცა, მანდარინის შემთხვევაში, ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრებისათვის ფასი და ხარისხი შეიძლება არ იყოს მთავარი ფაქტორები კონკურენციაში წარმატების მისაღწევად, არამედ მომხმარებლისათვის ქართული მანდარინის (საცუმა) გაცნობა.

ევროპაში მიღებულია ჯიში კლემენტინი, რომლისგან განსხვავებით ქართულ მანდარინს შედარებით მჟავე გემო აქვს. თუმცა ეს ნაკლებ შაქრიანობასაც განაპირობებს, რაც შეიძლება დადებითად აისახოს ქართული მანდარინზე შესაძლო მოთხოვნაზე.

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ ქართულ მანდარინს შეიძლება ჰქონდეს საკმაოდ კარგი პოტენციალი ევროკავშირში ექსპორტირების კუთხით.

სტაფილო

სტაფილოს წარმოება საქართველოში სეზონურია და ძირითადად იმპორტული სტაფილო მოიხმარება. საქართველოში სტაფილოს წარმოებაში წამყვანი რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სტაფილოს წარმოება საქართველოში დაღმავალი ტრენდით ხასიათდება და 2014 წელს თუ 4.9 ათასი ტონა იყო, 2017 წელს 4-ჯერ ნაკლები სტაფილო იწარმოა ქვეყანაში. შესაბამისად, სტაფილოს მოხმარების შევსება ძირითადად თურქეთიდან იმპორტირებული ნედლეულით ხდება.

ევროკავშირში სტაფილოს უმსხვილესი მწარმოებლები არიან: პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

პოლონეთი ევროკავშირში სტაფილოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, მასზე მოდის ევროპაში წარმოებული სტაფილოს 18%20. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა შედის მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებელთა ათეულში, ევროკავშირის ქვეყნებში სტაფილოს იმპორტი ძალიან მაღალია და ევროპის ბევრ ქვეყანაში კარტოფილის შემდეგ ყველაზე პოპულარული ძირხვენა ბოსტნეული სწორედ სტაფილოა. შესაბამისად მისი მოხმარებაც მაღალია, რაც განაპირობებს მასზე მაღალ მოთხოვნას.

სტაფილო არ შედის არც ერთ გამონაკლისში და მისი ექსპორტი ევროკავშირში თავისუფალია ყოველგვარი გადასახადიდან, თუ იგი დააკმაყოფილებს სურსათის უვნებლობისა და საქონლის წარმოშობის კრიტერიუმებს. თუმცა, ფასის მხრივ, ქართული სტაფილოს ფასი დღეს თითქმის უტოლდება ევროკავშირის ქვეყნების ფასებს და ბაზარზე შესასვლელად, ამ მოცემულობით, კონკურენციის გაწევა გაუჭირდება. შესაბამისად, დღევანდელი მოსავლიანობისა და წარმოების პრაქტიკის პირობებში, ევროკავშირში სტაფილოს ექსპორტი არამომგებიანია და შესაბამისად პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი დაბალია.

დაფნა

მედაფნეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია. დაფნის ძირითად სასაქონლო პროდუქციას წარმოადგენს მშრალი ფოთოლი, რომელსაც, უმეტესად კვების მრეწველობაში, მედიცინასა და კოსმეტიკის წარმოებაში იყენებენ. 2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებული დაფნის უდიდესი ნაწილი გავიდა რუსეთში (40%), თურქეთში (24%) და უკრაინაში (17%).

ევროპა დაფნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი  იმპორტიორია (მსოფლიოს მთლიანი იმპორტის 26%). მათ შორის, ყველაზე დიდ იმპორტიორს წარმოადგენს გერმანია, სადაც 2017 წელს განხორციელდა 67 883 ტონა დაფნის იმპორტი, მათ შორის 7 ტონა საქართველოდან.

საქართველომ 2017 წელს განახორციელა 82.6 ტონა დაფნის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობის – 40 ტონა დაფნის გატანა მოხდა ლიტვაში. ევროკავშირის ბაზარზე დაფნის ექსპორტისათვის უნდა დაკმაყოფილდეს ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნები, პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით. ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მინიმალური მოთხოვნები აღწერილია ევროპული სუნელების ასოციაციის დოკუმენტში (Quality Minima Document of the European Spice Association).

 დაფნის გადამმუშავებლებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერტიფიკატი არის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა, რომელიც გულისხმობს სურსათის უვნებლობის სტანდარტებსა და საკვებ-მენეჯმენტის პრინციპების ჩამოყალიბებას. თუ ექსპორტიორს სურს დაფნის მაგალითად გერმანიაში გატანა, რეკომენდებულია ის ფლობდეს HACCP-ის სერტიფიკატს, თუმცა ეს ლეგალური ვალდებულება არაა.

დასკვნის სახით, კვლევის ფარგლებში ჩატარებული გაანგარიშებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფნის წარმოება საქართველოში და ევროკავშირში ექსპორტი საკმაოდ პერსპექტიულია. თუმცა, ამ პერსპექტივის ასათვისებლად საჭიროა დაფნის მოვლის თანამედროვე მეთოდების დანერგვა, რაც გაზრდის დაფნის მოსავლიანობას და ხარისხს. არსებული მდგომარეობით კი, ქართული დაფნის მხოლოდ მცირე ნაწილი თუ შეძლებს ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

პომიდორი

პომიდორი საქართველოს ყველა რეგიონში მოჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ბოსტნეული კულტურებიდან ის ყველაზე დიდი რაოდენობით იწარმოება. საქართველოს ერთ-ერთ უპირატესობას, პომიდვრის წარმოების კუთხით, წარმოადგენს პომიდვრის გემოვნური თვისებები და ასევე კლიმატი, რომელიც ხელსაყრელია არასეზონური წარმოებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლებში პომიდორის ექსპორტი საქართველოდან საგრძნობლად გაიზარდა.

იმის მიუხედავად, რომ ექსპორტის თითქმის 81% წილი უჭირავს რუსეთს, 2017 წელს პირველად მოხდა 116 ტონა პომიდორის ექსპორტი ლატვიაში.

ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს ევროკავშირში გაიტანოს პომიდორი და ეწევა პომიდვრის პირველად წარმოებას, ვალდებულია დარეგისტრირდეს სურსათის მწარმოებლად. რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეესტრის ეროვნული სააგენტო. ასევე, აუცილებელია წარმოებული პროდუქტის მიკვლევადობა. ეს არის ერთ-ერთი მნიშნელოვანი საფეხური, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ბიზნეს ოპერატორმა.

პომიდვრის ევროკავშირში ექსპორტის მსურველებმა დამატებით უნდა გაითვალისწინონ, რომ პომიდორზე, როგორც ერთ-ერთი გამონაკლის პროდუქტზე, დაწესებულია შესვლის ფასი, ანუ ეს პროდუქტები ექვემდებარება საბაჟო გადასახადის გადახდას იმ შემთხვევაში თუ პომიდორზე ევროკავშირის მიერ დადგენილი ფასი გადააჭარბებს ქართული პომიდვრის ფასს.

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ პომიდორს აქვს საკმაოდ კარგი პოტენციალი მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე. იმისათვის, რომ ევროპის ბაზარზე პომიდვრის ექსპორტი წარმატებით განხორციელდეს, აუცილებელია საშუალო მოსავლიანობის გაზრდა და პომიდვრის წარმოების თვითღირებულების შემცირება. ასევე, სტანდარტების შესაბამისად ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე წარმატებული ექსპორტის საწინდარია.

ზემოთ აღწერილი 7 პროდუქტის დეტალური ანალიზი კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ პრობლემები რომლებიც სოფლის მეურნეობაშია საკმაოდ კომპლექსურია და ცალკე აღებულ ფერმერს ან ექსპორტიორს მათი მოგვარება გაუჭირდება. შესაბამისად, საჭიროა წარმოების პროცესში მონაწილე ყველა რგოლის გამართული ფუნქციონირება. მომდევნო თავი მიმოიხილავს სოფლის მეურნეობაში არსებულ ყველა ძირითად რგოლს ცალ-ცალკე და მათ გაერთიანებას ჯაჭვში, რაც საბოლოოდ ქმნის პროდუქტის ღირებულებას.

წყარო: https://www.pmcresearch.org/policypapers_file/8f955d78c80e5544e.pdf