აგრარული განათლებადარგებიმემარცვლეობასტატიები

ქართული რბილი ხორბლის გენოფონდი, მისი გენეტიკური და სელექციური ღირებულება

თანამედროვე ინტენსიური ტიპის ხორბლის ჯიშები უნდა ხასიათდებოდეს პლასტიურობით, დაბალმოზარდობით და ჩაწოლისადმი გამძლე ღეროთი, ადრეულობით, მსხვილი კარგად შემარცვლილი პროდუქტიული თავთავით, პროდუქციის მაღალი ხარისხით, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეობით. მნიშვნელოვანია კარგად იყენებდეს მაღალ აგროფონს, ხასიათდებოდეს მაღალი ადაპტაციით და გააჩნდეს მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობა. ქართული რბილი ხორბლის ჯიშ-პოპულაციები ხასიათდებიან სხვადასხვა გენეტიკური და სელექციური ღირებულებებით, რომლებიც წარმოადგენენ სასელექციოდ ძვირფას საწყის მასალას.

მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა ძირითადი პრიორიტეტია ნებისმიერი სახელმწიფოსათვის. მსოფლიოს მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხორბალს. მისი მოყვანა ძირითადად ხდება ფქვილის საწარმოებლად, რომელსაც იყენებენ პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო და სამაკარონე წარმოებაში.

ცნობილია, რომ ხორბლის ცილა ადამიანისათვის ყველაზე სრულყოფილი და ადვილად შესათვისებელია (ზედგინიძე, სამადაშვილი, 2008). ხორბლის მარცვლისგან ამზადებენ სპირტსაც, სპეციალური ჯიშებისგან ღებულობენ სამკურნალო საშუალებებს და ნარჩენებს ცხოველების საკვებად. სწორედ ამიტომ, ხორბალს მსოფლიო მიწათმოქმედებაში წამყანი პირველი ადგილი უჭირავს. გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით 2014 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი აწარმოეს: ჩინეთი – 125 მლნ ტ., ინდოეთი – 96 მლნ ტ., რუსეთი – 60 მლნ ტ., აშშ – 55 მლნ ტ. (GFA-ISET, 2017).

ხორბლის წარმოება საქართველოში უკანასკნელ 30 წელში კატასტროფულად შემცირდა და 2006-2010 წლებში 48 ათას ტონამდე დაეცა. 2015-2016 წლებში ეს მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა და 127 ათას ტონას მიაღწია.

საქართველო ხორბლის წარმოშობის პირველადი კერაა და ქართველი ხალხისთვის პური ძირითადი საკვებია. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას სისტემატურად უწევს ყოველწლიურად 600 ათასი ტონა სასურსათე ხორბლის შემოტანა (სამადაშვილი და სხვ. 2017).

ქართველი ხალხი თითქმის 10 ათასი წელია ქმნის ხორბლის მრავალფეროვან გენეტიკურ მასალას და აწვდის მსოფლიოს უნიკალურ შესაძლებლობებს, შექმნას გამძლე და ხარისხიანი ჯიშები. მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 სახეობიდან საქართველოში მოჰყავთ 14 სახეობა, რომელთაგან 5 ვიწრო ენდემურია და ასეთი სახით არსად მოიპოვება (დეკაპრელევიჩი, 1954; ნასყიდაშვილი, 1984). განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა რბილი ხორბლის ჯიშ-პოპულაციები, რომლებიც ხასიათდება სოკოვანი დაავადების მიმართ იმუნიტეტით, მარცვალში მაღალცილიანობით და პურცხობის მაღალი ხარისხით (ვავილოვი, 1940; კრივჩენკო, 1982). ქართველი ხალხი ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა ხორბალს. ამ სახელით არც კი მოიხსენიებდა და ყოველთვის მას პურს უწოდებდა – “პურის ყანა“, “დედას პური“. ტრადიციებმა და ხორბლის სიყვარულმა შეგვაძლებინა, რომ 1970-იან წლებში საქართველო ხორბლის მოსავლიანობით ერთ-ერთი გამორჩეული იყო და საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 4.5 ტ/ჰა-ს აღწევდა (ნასყიდაშვილი და სხვ. 1983).

საქართველოში რბილი ხორბალი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. საქართველოს რბილი ხორბლის მრავალი ფორმა ავტოქტონური წარმოშობისაა. პ. ჟუკოვსკის (ჟუკოვსკი, 1971) აღწერით საქართველოს რბილი ხორბლის ადგილობრივი უძველესი პოპულაციები დიდ ინტერესს იწვევს. საქართველოში მათ გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს. მათში ბევრია ენდემური ტიპები, რომელთა ფონდი შეიქმნა მათი მოყვანის მეტად განსხვავებულ ბუნებრივ-ისტორიულ პირობებში. ცნობილია საგაზაფხულო და საშემოდგომო, ცვენადი და არაცვენადი. მკვრივთავთავიანი და ფაშართავთავიანი, მსხვილმარცვლიანი და წვრილმარცვლიანი, ფქვილისებრი და რქისებური მარცვლის კონსისტენციის მქონე, ადრეული და საგვიანო, ზამთარგამძლე და არაგამძლე, გვალვაგამძლე და ტენის მოყვარული, სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლე და სენმიმღები, მაღალმოსავლიანი და მცირემოსავლიანი ჯიშები და ფორმები.

აღმოსავლეთ საქართველოში რბილი ხორბლის ვერტიკალური ზღვარი ზღვის დონიდან 200-2300 მ სიმაღლეზე – ხორბლის მოყვანის უკიდურეს საზღვრამდე გადის. საშემოდგომო ფორმები 1500 მ-მდე აღწევს, საგაზაფხულო კი 2300 მ-მდე. დასავლეთ საქართველოში მათი ზონალური გავრცელების ამპლიტუდა ნაკლებია – 600-700 მ-დან 1600-1700 მ-მდე ზღვის დონიდან (დეკაპრელევიჩი, 1954).

ლ. დეკაპრელევიჩი ქართული რბილი ხორბლის გეოგრაფიაში აღნიშნავს გარკვეულ კანონზომიერებას. ხორბლის თესვა-მოყვანის ყველა რაიონში მეტი გავრცელებით სარგებლობს თეთრთავთავიანი, ფხიანი, წითელმარცვლიანი ფორმები. უფხო და მსხვილთავთავიანი ფხიანი ფორმები ძირითადად კონცენტრირებულია ტენიან რაიონებში.

ითელთავთავიანი ფორმები გავრცელებულია შემაღლებულ და მაღალმთიან ზონებში. შებუსული ფორმების მხოლოდ მინარევებია უპირატესად დასავლეთ საქართველოში, ნახევრადფხიანი ფორმები დამახასიათებელია უმეტესად დასავლეთ საქართველოსათვის, ნაწილობრივ სვანეთისათვის.

საგაზაფხულო ფხიანი ფორმები გავრცელებულია მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ისინი უმეტესად დიკის პოპულაციების შემადგენელია. ზოგიერთ ბუნებრივ ზონებში (ხევსურეთი, სვანეთი) გავრცელებულია სუფთა ნათესებად და აღწევენ ხორბლის გავრცელების უკიდურეს საზღვრებს (დეკაპრელევიჩი, 1954; ნასყიდაშვილი და სხვ. 1983; სამადაშვილი და სხვ. 2017).

ყველა ეს ფორმა მეტად მრავალფეროვანია თავისი ეკოლოგიური, ბიოლოგიური და მორფოლოგიური თვისებებით. რბილი ხორბალი ხასიათდება პოლიმორფიზმის მაღალი დონით და ცნობილია მისი 194 ფორმა.
საქართველოში აღნიშნულია რბილი ხორბლის 40 სახესხვაობა, მათგან მხოლოდ ოთხია ფართოდ გავრცელებული – var. aestivum, var. ferrugineum, var. lutescens, var. milturum.  დანარჩენი მეტნაკლებად მინარევის სახითაა წარმოდგენილი.

საქართველოს რბილი ხორბლის აბორიგენული ჯიშ-პოპულაციების დიდი მრავალფეროვნება წარმოდგენილია ეკოლოგიურ ჯგუფებად და პირველად აბორიგენულ-ავტოხტონურ ჯიშებად. ყველა ისინი წარმოიშვნენ და ჩამოყალიბდნენ საქართველოს პირობებში, რომლებსაც ახასიათებთ დაბალი და ძალიან მყარი მოსავალი, გამოირჩევიან საქართველოს მკვეთრად ჭრელ ნიადაგური და კლიმატური პირობებისადმი მაღალი შეგუებულობის უნარით. მათი გენეტიკური და სელექციური მნიშვნელობაც სწორედ ამ პირობებმა განსაზღვრა (დეკაპრელევიჩი, 1954; ნასყიდაშვილი, 1984; ნასყიდაშვილი, სამადაშვილი და სხვ., 1985).

1. დასავლეთ საქართველოს უფხო სახესხვაობათა პოპულაციების მთა-ტყის ეკოტიპები. ძირითადი სახესხვაობაა ვარ. var. lutescens, გვხვდება ამოვსებულღეროიანი ფორმებიც ვარ. var. plenolutescens და წითელ თავთავიანი var. milturum. ეს ეკოტიპი წარმოდგენილია ჯიშებით: ხულუგო, ხოზო, ხოტორა. ეს უკანასკნელი საშემოდგომო და საგაზაფხულო ფორმებია. მცენარე საშუალო და მაღალმოზარდია, მტკიცე ღეროთი, ფართო ფოთლებით, ცვილისებური ნაფიფქით, ჟანგასა და ჩაწოლისადმი გამძლეა, თავთავი შედარებით მკვრივი, პროდუქტიული, მარცვალი მსხვილი, მომრგვალო ან ოვალური, უმეტესად ფქვილისებური კონსისტენციის. გავრცელებულია და ადვილად იტანს ტენიან და ჭარბტენიან ზონას.

2. დასავლეთ საქართველოს ფხიანი სახესხვაობათა პოპულაციების მთა-ტყის ეკოტიპები. ძირითადი სახესხვაობებია var. aestivum da var. ferrugineum. გვხვდება ასევე var. hostianum da var. cesium. წარმომადგენლებია უძველესი ჯიშ-პოპულაციები: თეთრი იფქლი, წითელი იფქლი და დასავლეთ საქართველოს დოლის პური. მცენარე მაღალმოზარდი, კარგად შეფოთლილი, ფართე ფოთლებით, მაღალმოზარდობის მიუხედავად ჩაწოლისადმი გამძლეა, თავთავი გრძელი, მარცვალი მსხვილი, ოვალური ფორმის, ნახევრდ ფქვილისებრი კონსისტენციით.

3. კახური უფხო ფართეთავთავიან სახესხვაობათა პოპულაციების ტყე-ველის ეკოტიპი. ძირითადი სახესხვაობაა var. lutescens და da var. pleno-lutescens. წარმოდგენილია ჯიშ-პოპულაციებით რაჭულა, გელათურა, თეთრი უფხო და ლაგოდეხის გრძელთავთავა. არის როგორც საშემოდგომო ისე საგაზაფხულო ფორმები. ჯიშები თავისი ბუნებით ახლოსაა დასავლეთ საქართველოს უფხო ეკოტიპებთან. მცენარე მაღალმოზარდია, გამძლეა ჩაწოლისადმი, თავთავი გრძელი, მარცვალი მსხვილი, ოვალური ფორმის, ნახევრად ფქვილისებური კონსისტენციის. მიეკუთვნებიან თბილ და ზომიერად თბილ, ტენიან და ჭარბტენიან ზონას.

4. კახური უფხო ვიწროთავთავიანი სახეობათა ტყე-ველის ეკოტიპი. ძირითადი სასესხვაობებია var. lutescens და var. milturum. წარმოდგენილია ჯიშ-პოპულაციებით გომბორულა, პოშოლა. საგაზაფხულო ფორმებია და ითესება, როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე. მცენარე საშუალო სიმაღლისაა, ნაზი, მტკიცე ღეროთი, ფოთლები შედარებით წვრილია, თავთავი გრძელი, მარცვალიც წვრილი, რქისებური ან ნახევრადრქისებური კონსისტენციით. ახასიათებს მაღალი პურცხობის უნარით. პლასტიკური ფორმებია. გამძლეა ჟანგასადმი. კარგად იტანს დაბლობსაც. გავრცელების ზონაში კარგი მოზამთრეა. სინთეზური სელექციისთვის ძვირფასი საჰიბრიდიზაციო კომპონენტია.

5. ქართლის ფხიანი თეთრთავთავიანი სახესხვაობების ტყე-ველის ეკოტიპი. ძირითადი სახესხვაობაა var. aestivum და მოკლეკბილაკიანი ფორმის var. ferruginesum   . გავრცელებულია ჯიშ-პოპულაციები თეთრი დოლის პური, დოლის პური 35-4, დოლის პური 18-46. მცენარე ხასიათდება არამტკიცე ღეროთი, ძლიერი ბარტყობით, ფოთლები ვიწრო, საშუალო სიდიდის, თავთავი საშუალო სიგრძის, ვიწრო. მარცვალი საშუალო სიმსხოსი, მჭიდროდ მოთავსებული ყვავილის კილში და არ ახასიათებს ცვენადობა, რქისებური და ნახევრადრქისებური კონსისტენციით. ზამთარგამძლეა, ხასიათდება მყარი მოსავლიანობით. აქვს მაღალი პურცხობის უნარი. გავრცელებულია ქართლის ვაკეზე.

6. ქართლის ფხიანი წითელთავთავიანი სახესხვაობების ტყე-ველის ეკოტიპი. ძირითადი სახესხვაობაა  var. ferrugineum, მინარევის სახით var. aestivum. ამ ზონაში შედის ჯიშ-პოპულაციები წითელი დოლის პური, ძალისურა, ძალისურა 35-3. საშემოდგომო ფორმებია. მცენარე მაღალმოზარდია, შედარებით ფართე ფოთლებით, მსხვილი თავთავით, მსხვილი მარცვლით და პროდუქტიულობით. გავრცელებულია შემაღლებულ ადგილებზე.

7. კახური ფხიანი თეთრი და მრავალთავთუნიანი სახესხვაობების ეკოტიპი. ძირითადი სახესხვაობაა var. aestivum. გავრცელებულია ჯიში კახური დოლის პური. მცენარე მაღალმოზარდია, ღერო მსხვილი, მაგრამ ჩაწოლისადმი მიდრეკილია. ძლიერი შეფოთლილი, ფართე ფოთლებით, თავთავი მსხვილი, უხეში, კარგად შემარცვლული. მარცვალი მსხვილი, რქისებური კონსისტენციით, პურცხობის მაღალი უნარით. ნაკლებად გამძლეა ჟანგებისადმი. გავრცელების ზონაა კახეთის დაბლობი, ალაზნის ველი, რომლისთვისაც დამახასიათებელია თბილი, ტენიანი კლიმატი.

8. კახური ფხიანი წითელ და თეთრ თავთავიანი სახესხვაობების მთა-ტყის ეკოტიპი. ძირითადი სახესხვაობებია var. aestivum და var. ferrugineum. გავრცელებული ჯიშ-პოპულაციებია თიანეთური დოლის პური, ქართლის წითელი დოლის პური. მცენარე საშუალო სიძლიერისაა, საშუალო ბარტყობით, თავთავი მსხვილი, მრავალთავთუნიანი და მრავალმარცვლიანი, მარცვალი მსხვილი, რქისებური კონსისტენციით. ახასიათებს შენელებული ზრდა და საგვიანოა.

9. მესხეთის ფხიანი წითელთავთავიანი სახესხვაობების მთა-ველის ეკოტიპი. ძირითადი სახესხვაობაა var. ferrugineum, მინარევის სახით შეიძლება შეგვხვდეს ვარ. აესტივუმ. ძირითადი ჯიშია ახალციხის წითელი დოლის პური, რომელიც დღემდე დაშვებულია გასავრცელებლად. მცენარე საშუალო ან მაღალმოზარდია, საშუალო შეფოთვლით, თავთავი გრძელი, უმეტესად დახრილი. მარცვალი მსხვილი, ოვალური ფორმის, რქისებური კონსისტენციით, პურცხობის მაღალი თვისებით. საშემოდგომო ფორმაა.საგვიანო. ხასიათდება უხვი და მყარი მოსავლიანობით. ნაკლებად გამძლეა ჟანგებისადმი. კარგად ეგუება გავრცელების ზონას, რომელიც ხასიათდება გრილი და ზომიერტენიანობით.

საქართველოს რბილი ხორბლის ჯიშების ჩანასახოვანი პლაზმა ატარებს თანამედროვე ინტენსიური ტიპის ჯიშებისათვის საჭირო აუცილებელი ნიშან-თვისებების განმაპირობებელ გენებს, როგორიცაა:

1. მოკლე და მტკიცეღეროიანობის;

2. მცენარის სწრაფად განვითარების;

3. ფერტილობის აღდგენის;

4. მარცვალში ცილის და ცილაში შეუცვლელი ამინომჟავა ლიზინის გადიდებული შედგენილობის;

5. მსხვილ მარცვლიანობის;

6. დაფქვისა და პურცხობის მაღალი ხარისხის;

7. გამომცხვარი პურის ხანგრძლივად შენახვისუნარიანობის განმაპირობებელი გენები.

საქართველოს ხორბლის აბორიგენული ჯიშ-პოპულაციების გენოფონდი მეტად საინტერესოა, რომელთა გამოყენება გენეტიკური და სელექციური მიმართულებით, მსოფლიოს მეცნიერებს საშუალებას მისცემს მიიღონ ძვირფასი სასელექციო საწყისი მასალა, რაც ხელს შეუწყობს ხორბლის სასურველი ჯიშების შექმნას და წარმოებაში გავრცელებას.

ქართული რბილი ხორბლის ჯიშ-პოპულაციები შეიძლება გამოვიყენოთ: დოლოს პური 35-4, როგორც ფერტილობის აღმდგენელი (Rf), მაღალი ადაპტაციის უნარით, მაღალცილიანია, ატარებს ჰიბრიდული ნეკროზის Ne1 და ჰიბრიდული ქლოროზის Ch2 გენებს;

მცენარეთა სწრაფი განვითარების მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ: თბილისური 5, კახი 8, დოლის პური 18-46; მაღალცილიანი და ცილაში შეუცვლელი ამინომჟავების მისაღებად საუკეთესო ჯიშებია: დოლის პური 35-4, ქართლის დოლის პური და საერთოდ დოლის პურების ნაირსახეობა;

ჩაწოლისადმი გამძლეობის მიზნით _  ხულუგო, ლაგოდეხის გრძელთავთავა, გომბორულა;

ადაპტაციის მაღალი უნარიანობა და პლასტიურობა ახასიათებს ჯიშებს: ახალციხის წითელი დოლის პური, რაჭულა, კორბოულის დოლის პური.

პურცხობის მაღალი თვისებებით გამოირჩევა თეთრი იფქლი და დოლის პურის ყველა ჯიში.

 

ცოტნე სამადაშვილი, მარიამ ბეციაშვილი, 

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი