მე და ჩემი სოფელიმედიარუბრიკები

ქართული საცხოვრებელი სახლების უძველესი ტიპები აჭარაში

საქართველოს მხარეთა შორის ბუნებრივი გარემოცვისა და მიკროკლიმატური ფაქტორების მკვეთრი განსხვავება, რომელიც გამოწვეულია გეოგრაფიული კონტრასტული პირობებით, უძველესი დროიდან ადამიანისათვის სხვადასხვაგვარ საცხოვრებელ გარემო პირობებს ქმნიდა. კონტრასტული რელიეფის შეხამება სხვადასხვა ტიპის ჰავასთან და დედამიწის ქერქის მრავალფეროვანი გეოლოგიური სტრუქტურა საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი სახის ადგილობრივი საშენი მასალების რესურსების სიუხვეს ქმნიდა.

ზემოხსენებულმა ფაქტორებმა შეუწყვეს ხელი საქართველოს საკმაოდ მცირე ტერიტორიაზე, სხვადასხვა მხარესა და კუთხეში, სხვადასხვაგვარი ტიპის საცხოვრებელთა წარმოშობასა და განვითარებას, რომელთა ხუროთმოძღვრულ ფორმირებაში დიდი როლი შეასრულა ადგილობრივი საშენი მასალების გონებამახვილური გამოყენების ტრადიციამ, შრომა – საქმიანობის ხასიათმა და ქართველ ტომთა ეთნიურმა პირობებმა.

ქართული საცხოვრებელი სახლის გენეზისის დასადგენად საჭიროა საქართველოს ყველა მხარისა და კუთხის საცხოვრებელი სახლების ძველი ტიპების შესწავლა. საქართველოს ცალკეული მხარის მიკრორაიონების ძველი სამშენებლო ხელოვნებისა და ხალხური ხუროთმოძღვრების იმ მდიდარი მემკვიდრეობის გამოკვლევა, რომელიც ძველი ეროვნული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს. საქართველოს მხარეთა შორის, თავისი მომხიბლავი ხატოვანი ბუნების ლანდშაფტით, ერთ-ერთი ულამაზესთაგანია აჭარა. აჭარაში დღემდე უხვადაა შემორჩენილი ისეთი ძველი ხალხური ხუროთმოძღვრული უნიკალური ძეგლები, რომელთა ფიქსირება და გამოკვლევა ჯეროვანი ყურადღების ღირსია. საერთოდ, აჭარის ისტორიისა და მატერიალური კულტურის შესახებ მრავალი ღირსშესანიშნავი ნაშრომი არსებობს, რომელთაც ფრიად დიდი მნიშვნელობა აქვთ საქართველოს ამ მხარის მატერიალური კულტურის შესწავლისათვის. სამწუხაროდ, ამ ნაშრომებში ხალხური ხუროთმოძღვრების საკითხები ჯეროვნად გაშუქებული არ არის. აჭარის ხალხური ხუროთმოძღვრების სპეციალური შესწავლა დაიწყო მხოლოდ 1950 წლიდან, პირველი ნაშრომი ამ საკითხზე გამოცემულ იქნა 1956 წ.

როგორც ცნობილია, ოსმალო თურქების მრავალგზისი შემოსევის შედეგად ბევრი მატერიალური კულტურის ძეგლი დაინგრა და განადგურდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში ისეთი კუთხე, რომელსაც ისე კარგად შეენარჩუნებინოს ნივთიერი კულტურის, სახელდობრ, ხით ხუროობისა და ხალხური ხელოვნების, უძველესი ნიმუშები იმ მოცულობითა და მრავალფეროვნებით, როგორც ეს აჭარაშია დღემდე დაცული. არ შეიძლება სინანული არ გამოითქვას იმის გამო, რომ ხალხური ხუროთმოძღვრების შესწავლისადმი ენთუზიაზმით აღსავსე დამოკიდებულების ტრადიცია, რომელიც დამკვიდრებული იყო ჩვენში კომპენტენტური ორგანიზაციების თაოსნობით, ამ ბოლო ხანებში სრულიად მივიწყებულ იქნა. ასეთ ვითარებას ზოგიერთი ხელმძღვანელი სახსრების უქონლობით ხსნის, რაც სრულიად გაუმართლებელი და ყოვლად შეუწყნარებელია. ხალხური ხუროთმოძღვრების სისტემატური შესწავლის ტრადიცია აღდგენილ უნდა იქნას და რაც შეიძლება ხუროთმოძღვრულ განათლების მქონე მეტი ახალგაზრდა სპეციალისტი დავაინტერესოთ და ჩავაბათ ამ კეთილშობილურ სახალხო საქმეში. ზემოდ აღნიშნული შენიშვნების შემდეგ მეტი ინტერესის აღძვრისა და ხალხური ძეგლების ახლოს გაცნობის მიზნით, მოკლედ შევჩერდებით აჭარის ტერიტორიაზე გავრცელებული ქართული საცხოვრებელი სახლების ძველი ტიპების განხილვაზე, რომელიც ზემოხსენებული მონოგრაფიის  ზოგიერთ თავში გაშუქებული საკითხების კვინტესენციას წარმოადგენს. აჭარის ტერიტორიაზე დღემდე მოღწეული ძველ დასახლებათა და საცხოვრებელთა შესწავლა გვიჩვენებს, რომ მათი ფორმები უძველეს დროიდან დღემდე გარკვეული კანონზომიერებით ვითარდება. აჭარის ტერიტორია ძველი დასახლების სისტემის მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად; ა)მუდმივი, ანუ სოფლური დასახლება, ბ)დროებითი, ანუ სეზონური დასახლება. მუდმივი დასახლება განვითარებულია გეოგრაფიული არეების შესაბამისად, რომელიც შედგება სამი საცხოვრებელი ზონისაგან: I.სამხრეთ-აღმოსავლეთი ზონა, რომელიც მოიცავს მთლიანად ზემო აჭარას – ხულოსა და შუახევის რაიონებს. II.სამხრეთ-დასავლეთი ზონა, რომელშიც შედის ქედისა და ბათუმის რაიონები და III.ჩრდილო-დასავლეთი ზონა, რომელშიც შედის ქვემო აჭარიდან მხოლოდ ქობულეთის რაიონი. ძველი სოფლის დასახლების ფორმა შეჯგუფებულია და მთის სოფლების ყაიდაზეა ცალკეულ უბნებად, ე.წ. გვარებად დასახლების წესზე განვითარებული.

2.გვარებად დასახლებულ თითოეულ საცხოვრებელ უბანს “მეჰელე” ეწოდება. გვარებად დასახლების ტრადიცია, შეიძლება ითქვას, საქართველოს არცერთ კუთხეში ისე მკაფიოდ გამოხატული არაა, როგორც ეს აჭარის სოფლებშია დღემდე დაცული. სხვადასხვა გვარებად დასახლებული ცალკეული უბნები გაერთიანებულია ერთი სოფლის სახით და მიღებული აქვს იმ გვარის სახელწოდება, რომელიც პირველად დასახლებულა და საცხოვრებლად ეს ადგილი აურჩევია. ამ ნიადაგზეა წარმოშობილი, მაგალითად სოფლები: ყადიშვილები, შოთაძეები, ირემაძეები, ძახალაკიძეები და სხვ.. ტიპიური სოფლური დასახლების განაშენიანებისათვის გამოყენებულია ყველაზე უვარგისი, მწირი და დასამუშავებლად მიუდგომელი ადგილები. საცხოვრებელ უბნებს შორის მოქცეული ყველაზე საუკეთესო ვრცელი “სუფთა” ფართობები სამეურნეო დანიშნულებისათვის (ნათესავებისათვის)  არის გამოყენებული. ყურადღებას იქცევს აგრეთვე რთული რელიეფის ხელოვნურად მოწყობილ ტერასებზე, ამფითეატრული განაშენიანების ნიმუშები, ხშირად ერთი საცხოვრებელი უბანი (მეჰელე) მეორესთან დაკიბული სახის ქუჩებითა და ბილიკებით არის დაკავშირებული. აქვე უნდა დავძინოთ, რომ სოფლის სახელწოდება “კიბე (სოფ.კიბე) რთული რელიეფის – ხელოვნური დაკიბვის გამო უნდა იყოს შერქმეული. ცნობილია, რომ დასახლების განაშენიანების ძირითად ელემენტს (უჯრედს) წარმოადგენს კარ-მიდამო.

შეიძლება ითქვას, რომ აქაური კარმიდამოს განაშენიანება არის დასახლების ისეთი ტიპიური ფრაგმენტი, რომლის სივრცობრივი სტრუქტურა ნათელ სურათს იძლევა რთულ რელიეფში ჩამჯდარი განაშენიანების ნიმუშებზე, დასახლების მეორე ჯგუფი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოადგენს დროებითი, ანუ სეზონური დასახლების ფორმას, რომელიც ორი საფეხურისაგან შედგება “ფერდასა და “მთა”-საგან: “ფერდა” წარმოადგენს საგაზაფხულო და საშემოდგომო ბინას, ანუ სეზონური დასახლების ისეთ სახეს, სადაც “ოცამდე ორსართულიანი ჯარგვალია დადგმული… „ფერდაში” რჩებიან თვე ან თვენახევარი. „ფერდასთან” შედარებით “მთა” უფრო ვრცელია – ეს არის სეზონური დასახლების ისეთი სახე, როცა რამდენიმე ათეული (20-50) სახლი შეჯგუფულად დგას ერთ ადგილას და სოფელს ემსგავსება. იგი გამოყენებულია საცხოვრებლად ზაფხულის პერიოდში. “ფერდასა” და “მთა”-ს დროებითი დასახლების ტიპიური ფორმების წარმოშობა დაკავშირებულია მესაქონლეობის განვითარებასთან. მესაქონლეობის განვითარება მოითხოვს სეზონურ საძოვრებზე ვრცელ ტერიტორიას, რომელშიც წარმოიშობა კომლთა შეჯგუფებული დროებითი ხასიათის დასახლება. “ფერდას” და “მთა”-ს დასახლების ტიპიური ნიმუშები აჭარის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია თავიანთი პირველყოფილი ფორმებით, რაც, ეჭვი არ არის, წარმოადგენს მთის სოფლების დასახლების აშკარა პროტოტიპს, რის გამოც მათ დეტალურ შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს. ქვემოთ განხილულია მხოლოდ საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ტიპობრივად საუკუნეთა მანძილზე, ზემოთ აღწერილი ბუნებრივი გარემოცვისა და ადგილობრივი მოქმედი მიკროპირობების შესაბამისად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარული ტიპი საცხოვრებელი სახლები. პირველ საცხოვრებელ ზონაში გავრცელებულია ხალხური საცხოვრებელი სახლის მხოლოდ ერთადერთი ტიპი, რომელსაც აქ “აჭარულ” სახლს ეძახიან. ჩვენი აზრით, ეს სახელწოდება მას მიღებული აქვს იმის გამო, რომ იგი აჭარაში დომინირებულ ტიპს წარმოადგენს. “აჭარული” სახლის გეგმის კომპოზიციას აივნების ჩათვლით კვადრატთან მიახლოვებული ან ზუსტი კვადრატის მოყვანილობა აქვს. ზემოხსენებული სახლების სივრცობრივი კომპოზიცია ორი, ორნახევარი ან სამსართულიანია; სახლების მოცულობა ვერტიკალური მიმართულებით დაყოფილია შემდეგი დანიშნულების სართულებად; ა)”ხალხამის” სართული, ბ)”ახორის” ან ბოსლის სართული (პალატი), გ)საცხოვრებელი სართული და დ)თავანის სართული. “ხალხამის სართული ეწოდება აჭარული სახლის ქვედა ღია ნაწილს (ცოკოლის სართულს), რომელიც რთული რელიეფითაა შექმნილი და გამოყენებულია საქონლისათვის ზაფხულის პერიოდში თავისუფალ სადგომად. ხალხამის თავზე (მეორე სართულზე) გამართულია ე.წ. “ახორის” სართული, სადაც საზამთრო ბოსელია მოწყობილი. ბოსელი ხშირად ორი განყოფილებისაგან  შედგება, ან კიდევ ორ სართულად არის მიწის დონედან ამოყვანილი. აჭარული ტიპის საცხოვრებელი სახლები, პირველი საცხოვრებელი ზონის გარდა, გავრცელებულია აგრეთვე ნაწილობრივ II და III საცხოვრებელი ზონის აღმოსავლეთ ნაწილებშიც. აღსანიშნავია, რომ II და III საცხოვრებელ ზონებში გავრცელებულ აჭარული ტიპის სახლებში “ხალხამისა” და “ახორის” სართულებმა, ხსენებულ ზონებში მეურნეობის სხვა სახის, კერძოდ, მევენახეობის დაწინაურებასთან დაკავშირებით განიცადეს ე.წ. ფუნქციონალური ხასიათის ცვლილებები, ხალხამისა და ახორის სართულებს ჩამოშორდა პირუტყვი, რის გამოც აჭარული სახლის ქვედა სართული განთავისუფლდა ბოსლისაგან და მისი ადგილი დაიკავა მარანმა და სხვა დანიშნულების სათავსოებმა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია სოფ.ვაიოდან შ.ჩიკვაიძის საცხოვრებელი სახლი, რომლის ცოკოლის სართული წარმოადგენს მარანს. აჭარული სახლის სისტემაში საცხოვრებელი ნაწილი მოთავსებულია მეორე ან მესამე სართულზე. აჭარული სახლის გეგმის კომპოზიციის ერთ-ერთ დამახასიათებელ ტიპიურ ელემენტს წარმოადგენს გრძელი დერეფანი, რომელსაც აქ “იაზლოღს” ეძახიან. “იაზლოღი” მოთავსებულია გეგმის კომპოზიციის სიმეტრიის ღერძზე, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ სიმეტრიულადაა განლაგებული ზემოხსენებული სათავსოები. სიტყვა “იაზლოღი” არაბულ-თურქულ ტრანსკრიფციითაა ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში შემოსული და ნიშნავს “შუა დერეფანს”. აღსანიშნავია, რომ “შუადერეფნიანი” საცხოვრებელი სახლები უძველესი დროიდან გავრცელებულია კოლხეთის ტერიტორიაზე და წარმოადგენს კოლხური საცხოვრებელი ოდა-სახლის გეგმის კომპოზიციის კანონზომიერი განვითარების ერთ-ერთ ეტაპს

1.დაწვრილებით იხ.ი.ადამია, ხალხური ხუროთმოძღვრების ზოგიერთი ნიმუში მდ.ყვირილის ზემოდინების ხეობაში. “ძეგლის მეგობარი”, №12, თბილისი, 1967 წ.

გ.ყვავილაშვილის ფოტო

გეგმის კომპოზიციას საფუძვლად უდევს ხალხური მოდულური სისტემა, რომელიც სიმეტრიულობით ხასიათდება. აჭარული სახლის გეგმის კომპოზიციის მოდულური სისტემა დაკავშირებულია ხის, როგორც სამშენებლო ერთეულის სტანდარტულ განზომილებასთან, აგრეთვე მის სამშენებლო თვისებებთან და დამუშავების ტექნიკის უძველეს ხერხებთან. თავანის სართული საცხოვრებელი სახლის ქანობიანი სახურავის ქვეშ არსებულ შიგა სივრცეს ეწოდება, თავანის სივრცე აჭარული სახლის, სისტემაში გამოყენებულია სამეურნეო დანიშულებისათვის, რაც იმაში მდგომარეობს, რომ აქ საზამთრო ბეღელი ან სასიმინდეა შიგ შედგმული. თავანის სართულში, სადაც ბეღელია შედგმული, ასასვლელი მოწყობილია ტიპიური “შუადერეფნიდან”. ასვლა წარმოებს ჩვეულებრივი კიბის ან კიდევ “პწკალას” საშუალებით (“პწკალა” იტალიურ-თურქული ტრანსკრიფციის სიტყვაა, რომელიც ნიშნავს საფეხურებ ამოჭრილ მორს)

2.სამეგრელიში მას “ტკვაჯას” ეძახიან, რომელიც ორი სიტყვისაგანაა ნაწარმოები: “ტკვა -საფეხერი და “ჯა” – ხე (საფეხურებიანი ხე).

დიდ ინტერესს იწვევს აჭარული სახლის კოსტრუქციული სტრუქტურის არსი, რომელიც ასაწყობი მარტივი ელემენტებისაგანაა შედგენილი და ერთმანეთთან სარტყელებით დაკავშირებული დგარებისა და “ბოყვების” მდგრად სისტემას წარმოადგენს. „შუა ცეცხლის” გარეშე წარმოუდგენელი იყო ოჯახის არსებობა. ჩვენი აზრით, ამით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ცეცხლის დასანთებ ადგილს ყველგან “ოჯახს” ეძახიან. “ოჯახი”, ანუ “ონჯაყ”, აგრეთვე არაბულ-თურქული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს კერას, მაგრამ აჭარაში ბუხარსაც “ოჯახს” უწოდებენ. ოჯახს უწოდებენ აგრეთვე ცეცხლგამძლე ქვისაგან გამოთლილ ორიგინალურ გადასატან ღუმელსაც. კონსტრუქციული სტრუქტურის თვალსაზრისით დიდ ინტერესს იწვევს საცხოვრებელ სართულებში ბუხრის (“ოჯახის”) მოწყობის ტრადიცია, რაც მდგომარეობს იმაში, რომ უმარტივესი კონსტრუქციის საშუალებით ბუხრის მთელი სიმძიმე დაყრდნობილია ერთ ხის ბოძზე, ე.წ. “დირეგზე”, რომლის სიმაღლე მიწის დონედან საცხოვრებელი სართულის იატაკამდე აღწევს; იგი თავისი აგებულებითა და დანიშნულებით ქართული სახლის დარბაზულ სისტემაში არსებულ, ე.წ “დედაბოძს” მოგვაგონებს, რომელსაც ეყრდნობა “ოჯახის” მთელი ტვირთი. კონსტრუქციული სტრუქტურისა და ხუროთმოძღვრული სივრცობრივი ფორმის ურთიერთისადმი დაქვემდებარება, ტექნიკური აზრისა და ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ჩანაფიქრის ფუნქციური დაკავშირება შენობას ანიჭებს დინამიურობას, რომლის მკვეთრი სილუეტები ჰარმონიულად შეხამებულია მთის პეიზაჟთან და აძლიერებს კოლორიტულ ხუროთმოძღვრულ შთაბეჭდილებას. დასასრულ, ინტერესმოკლებული არ იქნება აღვნიშნოთ აჭარული სახლის იდენტური ტიპების არსებობა გურიისა და შიდა ქართლის ტერიტორიაზე. მათი შედარება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ისინი ნამდვილად ერთი და იმავე ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობისა და ტრადიციის მქონე ეროვნულ ნიადაგზე წარმოშობილ ქართულ საცხოვრებელთა ტიპებს წარმოადგენენ.

ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლები. საცხოვრებელ სახლებს, რომლებშიაც უცხოვრიათ და ამჟამადაც ცხოვრობენ უძველესი ქართველური ტომის წარმომადგენლები, ლაზები, პირობით ვუწოდებთ “ლაზური ტიპის” სახლებს. ქართული საცხოვრებელი სახლის ეს ტიპი გავრცელებულია აჭარის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიის სოფლებში – საცხოვრებელ ზონაში და ნაწილობრივ III საცხოვრებელ ზონაში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლები არსად არ იძებნება I საცხოვრებელ ზონის ტერიტორიაზე, მაშინ, როცა აჭარული ტიპის საცხოვრებელი სახლები თითქმის სამივე ზონაში გვხვდება. ლაზები თავიანთ საცხოვრებელ სახლებს “ოხოის” ეძახიან; “ოხოი”, ანუ “ოხორი” საცხოვრებელ სახლს ნიშნავს ლაზურად; მისი ადრინდელი მნიშვნელობით იგი ოჯახის აღმნიშვნელ სიტყვად არის ცნობილი. ლაზური სახლის გეგმის კომპოზიცია, მსგავსად აჭარული სახლისა, სწორკუთხედს წარმოადგენს, ან კიდევ კვადრატს უახლოვდება; ხშირად იგი ორ სართულად არის აგებული და რთულ რელიეფშია ჩამჯდარი. “ოხორის” (“ოხოი”) ქვედა სართული გამოყენებულია სამეურნეო დანიშნულებისათვის, როგორიცაა.: მარანი, ხილის საშრობი, ბოსელი და სხვ.; მეორე სართული წარმოადგენს საცხოვრებელს, რომელშიაც მთავარი ადგილი უკავია “საოჯახო” (საჯალაბო) დარბაზს. იგი ყველაზე ვრცელია, მისი ფართი 28-30 კვ.მ. აღწევს. “საოჯახო” დარბაზს ყველგან თიხის იატაკი აქვს და ერთ მხარეზე შუაცეცხლი (კერა) ან დიდი ტიპიური ბუხარია (“ოჯახი”) გამართული. თუ “საოჯახო” დარბაზში ორი კერაა მოწყობილი, ეს იმას ნიშნავს, რომ “ოხორი” შედგება ორი ოჯახისაგან და ა.შ. “საოჯახო” დარბაზს არა აქვს ჭერი, ამიტომ კერის თავზე პირდაპირ სახურავზე დატოვებულია “საფუტე” ხვრელი, ანუ “სარკუმე”1.ტერმინი “საფუტე” წარმოშობილია სიტყვა – ფუტიდან. საბას განმარტებით, ფუტი არის მავნე კვამლი, ასევეა “სარკუმეც” – რკუმა-კუმა (ლაზურ-მეგრული) ნიშნავს კვამლს; “სარკუმედან უნდა იყოს აგრეთვე წარმოშობილი “სარკმელიც”. “საოჯახო” დარბაზში შესასვლელი მოწყობილია ღია აივნიდან ან კიდევ ზოგიერთ სახლებში – შუა დერეფნიდან”, რომელსაც აქ ნახევარ დერეფანს ეძახიან. როგორც ჩანს გეგმებიდან, ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლი შედგება ხუთი-ექვსი და მეტი განყოფილებისაგან; ცნობილია, რომ მრავალგანყოფილებიანი საცხოვრებელი სახლის გეგმის განვითარებას აქვს ორი სტადია – სწორხაზობრივი და ცენტრალური. სწორხაზობრივად განვითარებული გეგმარება ევოლუციის პირველად სტადიას მიეკუთვნება, რომელიც წარმოშობს გეგმის კომპოზიციის წაგრძელებულ ფორმას (იხ.”გრძელი სახლის” განვითარების ეტაპები), ხოლო ლაზური საცხოვრებელი სახლის გეგმის კომპოზიცია ცენტრალური გეგმარების უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. ამ კომპოზიციაში მთავარი ადგილი “საოჯახო” დარბაზს უგავია, რომლის გარშემო ოთახები ცენტრალურად არის განლაგებული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლაზური სახლის გეგმის კომპოზიციის ცენტრალური გეგმარების სქემა ტიპიური კოლხური საცხოვრებელი ოდა-სახლის გეგმის კომპოზიციის სტრუქტურას მოგვაგონებს. გამოკვლევამ დაგვანახა, რომ II საცხოვრებელი ზონა, I საცხოვრებელ ზონასთან შედარებით, მოკლებულია ხის მასალის სიუხვეს, რომლის დეფიციტურობა აშკარად შეიმჩნევა, ამიტომ აქ გავრცელებული სახლების თხელკედლიან კონსტრუქციებში საკედლე მასალად გამოყენებულია გაბრტყელებული რიყის ქვის ფერადი ჯიშები, რომლითაც მდიდარია აჭარისწყლის, ჭოროხისა და ზღვის სანაპიროები. დიდ ინტერესს იწვევს ზემოთ აღნიშნული რიყის ქვისაგან აგებული კედლების კონსტრუქციული სტრუქტურა. ოთხკუთხოვანი კვეთის მქონე ხის ლარტყები ერთმანეთში ჭდობითაა ჩამჯდარი, რომლის მეშვეობით მიღებულია კვადრატული ხვრელებისაგან შედგენილი ე.წ. ბადე. ხვრელთა ზომები რიყის ქვის ზომების მიხედვითაა შერჩეული (18X18 სმ., 20X20 სმ. 25X25 სმ.). აღნიშნულ ხვრელებში ჩასმულია სხვადასხვა ფერის რიყის ქვები. ამრიგად, სხვადასხვა ფერის რიყის ქვებისაგან მიღებულია კედლის სიბრტყის მხატვრული დამუშავების მოზაიკური სახის უნიკალური ნიმუშები, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდიღებას ახდენენ მნახველზე. ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლის ფასადი მარტივი კომპოზიციით ხასიათდება, რომლის ელემენტები ძალზე ენათესავება აჭარული ტიპის საცხოვრებელი სახლის მკვეთრი პროფილის მქონე ელემენტებს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ აჭარული სახლის სილუეტი შედარებით დინამიურია. ამავე დროს აჭარული სახლის ექსტერიერი აღარ არის ტრადიციული ხუროთმოძღვრული სამკაულებით მორთული, მაშინ, როცა ლაზური სახლების ფასადებზე, ჩუქურთმების მრავალფეროვანი არშიების მოტივები და ცალკეული ნიმუშები, რაც დღემდე კანტი-კუნტად შემორჩენილია ფრაგმენტების სახით, ამჟღავნებენ ხუროთმოძღვრულ-მხატვრული სამკაულებით ფასადის მორთვის ტრადიციას, რითაც აღნიშნული კომპოზიციები თავიანთი სიუჟეტითა და ხუროთმოძღვრული დამუშავების ტექნიკით ენათესავება კოლხური საცხოვრებელი ოდა-სახლის სივრცობრივ კომპოზიციებს.

გ.ყვავილაშვილის ფოტო

ოდა სახლის ტიპის საცხოვრებელი სახლები. ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ საცხოვრებელ ზონაში გავრცელებული სახლების ძველი ტიპები ჩამოყალიბებულია ლაზური სახლის გარდაქმნის (გადაკეთების) ნიადაგზე და კოლხური ოდა-სახლის გეგმის კომპოზიციას იმეორებენ. აქაური ოდა-სახლი ორსართულიანია – პირველი სართულის (პალატის) კედლები უპირატესად თლილი ქვისაგანაა უხსნაროდ (მშრალი წყობით) აგებული. ქვის კედლების მშრალი წყობით აგების ანალოგიური ნიმუშები გავრცელებულია აგრეთვე ლაზური და აჭარული ტიპის საცხოვრებელ სახლებში. ლაზური და აჭარული ტიპის სახლებს აქ “ძველ პლანზე” აგებულ სახლებს ეძახიან. აღსანიშნავია, რომ “ძველ პლანზე” აგებული სახლების უმრავლესობა გადაკეთებულია და ყველგან მიღებულია ოდა-სახლის იდენტური ტიპის საცხოვრებელი სახლები. პირველი სართული თითქმის გადაუკეთებლად არის ყველგან მოღწეული, ხოლო ზედა სართული ხისაგანაა აგებული და მისი გეგმა რეკონსტრუქციის შედეგად კოლხური ოდა-სახლის გეგმის კომპოზიციას უახლოვდება. აჭარის ტერიტორიაზე ზემოთ განხილული საცხოვრებელი სახლების ძველი ტიპების განხილვისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ამ საცხოვრებელთა ინტერიერისა და ექსტერიერის ხუროთმოძღვრულ-მხატვრულ დამუშავების უძველეს ხერხებს, რომლებიც შენობათა ნაწილების ორნამენტებით შემკობაში მდგომარეობს”… ორნამენტებს ხეზე საცხოვრებელი ნაგებობების კონსტრუქციებში საპატო ადგილი ჰქონია განკუთვნილი და გარკვეული ფუნქცია უტარებია”1.გ.ჩიტაია, სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში, აკად.ნ.მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე, X, თბ., 1941, გვ.303. ლაზი ხელოსნების მიერ დიდი ოსტატობითა და მხატვრული გემოვნებით ჩუქურთმების ხეზე ამოკვეთის საქმემ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. მათ მიერ შესრულებული სინატიფით განთქმული მრავალფეროვანი ორნამენტები, როგორც ხუროთმოძღვრული სამკაული, გამოყენებულია საცხოვრებელი და საკულტო ხალხური შენობების ექსტერიერისა და ინტერიერის გასამშვენებლად. მათმა ნახელავმა სახელი მოიხვეჭა არა მარტო საქართველოს ამ კუთხეში, არამედ მთელ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც. ამრიგად, ქართველური ტომის – ლაზების ნიჭი და თვითმყოფადი კულტურული შინაგანი ძალა იმაში მდგომარეობდა, რომ უცხო მოწინავე ქვეყნებთან კულტურული ურთერთობის პროცესში შემოქმედებითად გამოიყენეს მათ კულტურული მიღწევები, განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში; აითვისეს და გადაამუშავეს ისინი საკუთარი ტრადიციების საფუძველზე, მისცეს მათ მსოფლიო მნიშვნელობის დიდი შინაარსიანი ქართული კულტურის დამოუკიდებელი ეროვნული სახე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილი ორნამენტების მთელი სისრულით განხილვა, ცხადია, ცალკე კვლევის საგანს შეადგენს. ამიტომ ჩვენ აქ ვიძლევით ხალხური ორნამენტული დეკორის მხოლოდ რამდენიმე ნიმუშს. ორნამენტი ინტერიერში გამოყენებულია უმთავრესად ჭერის მოსართავად, რომელიც სხვადასხვა წესით დამუშავებული მრავალფეროვანი არშიებისა ღა ვარდულების (როზეტების) სახითაა გავრცელებული ან კიდევ ჭერში მოწყობილი გვირგვინისებური “ყუბეების” (ხონჩების) საფეხურებიანი ზედაპირები, მხატვრულად დამუშავებული. ორნამენტები გამოყენებულია აგრეთვე კედლებში მოწყობილი კარადებისა  და თახჩების სიბრტყის ნაწილების დასამშვენებლად, კარ-ფანჯრებისა და მათი საპირეების შესამკობლად და სხვ. რადგანაც ჩვენ აქ არ ვიძლევით საქართველოს ამ კუთხეში გავრცელებული მრავალფეროვანი ორნამენტების კლასიფიკაციას, არც მათი კომპოზიციის, სიუჟეტის თემატიკისა და მათი ხეზე და ქვაზე დამუშავების ტექნიკის საკითხების განხილვას, ამიტომ ჯერ-ჯერობით ზემოთ მოტანილი ილუსტრაციებითა და მოკლე ცნობებით დავკმაყოფილდებით.

ორნამენტები აჭარულ საცხოვრებელ სახლებზე

ილია ადამია

„ქართული საცხოვრებელი სახლების უძველესი ტიპები აჭარაში“