ქართული ტრადიცია და ორგანული სასუქების დამზადების ინოვაციური მეთოდები
ქართული მიწათმოქმედება ერთ–ერთი უძველესია მსოფლიოს ცივილიზაციათა შორის. საქართველოში აღმოჩენილი სასოფლო–სამეურნეო იარაღები და სარწყავი სისტემები მიუთითებს, რომ ქართველები აგრარული საქმით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 10 000 წლის წინათ იყვნენ დაკავებული.
ბოლო საუკუნეების მანძილზე საქართველო მეზობელი სახელმწიფოებისგან მუდმივად განიცდიდა შევიწროებას.
ივ. ჯავახიშვილი „საქართველოს ეკომომიკურ გეოგრაფიაში“ მიუთითებს, რომ ქართველებს 2000-მდე სასოფლო-სამეურნეო კულტურა მოჰყავდათ. კულტურათა ასეთი მრავალფეროვნება გამოწვეული იყო: პირველი, საქართველოს მრავალფეროვანი ნიადაგურ-კლიმატური პირობებით და მეორე, საცხოვრებელი პირობებით. ამ უკანასკნელში იგულისხმება მუდმივი საომარი მოქმედებები და მთელი წლის მანძილზე საკვების მოპოვების პრობლემა.
საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა კუთხეში განვითარებულ მიწათმოქმედებას ღრმა ფესვები მოეპოვება დიდი ხნის წარსულში. ამიტომ ბუნებრივია, რომ მისი წარმოქმნისა და განვითარების საწყისები, ქართველი ხალხის უძველეს კულტურულ მონაპოვართა წიაღშია საძიებელი. ქართულ საბჭოთა საისტორიო ლიტერატურაში ფართოდ „იქნა გაზიარებული მოსაზრება საქართველოს მიწა–წყალზე მიმდინარე კულტურული განვითარების ავტოქტონური ხასიათის შესახებ. ამიტომ ქართველი ხალხის მრავალი კულტურული ტრადიცია, და მათ შორის მიწათმოქმედება კანონზომიერად არის მიჩნეული მის ტერიტორიაზე მოსახლე ქართველთა წინაპარი ტომების მემკვიდრეობად. ხვნა–თესვა ძველთაგანვე ქართველი მეურნის ძირითად საქმიანობას შეადგენს. ქართველი ხალხი ყურადღებას იჩენდა ყველა იმ კულტურისადმი, რომელიც უზრუნველყოფდა მათი არსებობის, განსაკუთრებით კი ხორბალს და ვაზს. ქართველი ხალხის უძველესმა აგრო–ტექნოლოგიებმა და ბუნებრივმა მრავალფეროვნებამ შექმნა მსოფლიოში უნიკალური ბიომრავალფეროვნება. სწორედ ამაზე წერს შვეიცარიელი მეცნიერი სქოული: „მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ტერიტორია, სადაც ასეთ პატარა ფართობზე, ასეთი მდიდარი ბიომრავალფეროვნებაა წარმოდგენილი.
ილის ჭავჭავაძე ქართველ გლეხს ინტელიგენტს უწოდებდა. ქართველი გლეხი ყოველთვის ეძებდა ახალ საშუალებებს კულტურათა მოსავლიანობის გასაზრდელად. ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში მიაგნო ნაკელის დამზადების ტექნოლოგიას. ეს უძველესი ტექნოლოგია თანამედროვეობის უახლესი ინოვაციაა. მახსოვს, 1978 წელს, ჩამოსული იყო დიდი მეცნიერი ტუნი. მას გავაცანი ნაკელის დამზადების ქართული წესი და პირველად მან მითხრა, რომ ეს თანამედროვე მეცნიერების უდიდესი მიღწევაა.
სამწუხაროდ ჩვენმა ხალხმა ნაკელის დამზადების ეს წესი დაივიწყა. დღეს საქონლის ნაკელი მაშინვე გააქვთ ნიადაგში, ან აგროვებენ ღიად. ასეთ შემთხვევაში აქროლებული ნივთიერებები წამლავს ჰაერს, დიდი ნაწილი სასარგებლო ნივთიერებებისა იკარგება და მთავარი, სუნი აუტანელია.
ახლა გავეცნოთ ნაკელისგან ორგანული მასის მიღების უძველეს ქართულ ტრადიციას და თანამედროვეობის ინოვაციას. ქართველები თხრიდნენ ორმოს. ზომა დამოკიდებული იყო ცხოველთა რაოდენობაზე. დილით დაასუფთავებდნენ ბაგას. ნაკელს წუნწუხთან ერთად ათავსებდნენ ორმოში და ზევიდან აფარებდნენ ჯვალოს, ან მიწას თხლად აყრიდნენ. ასე გრძელდებოდა წლის ან საჭიროების მიხედვით 6 თვე. მერე გახსნიდნენ ამოიღებდნენ გადამწვარ ორგანულ მასას და იყენებდნენ საჭიროებისამებრ. მისი უპირატესობაა ორგანული მასის მაღალი ხარისხი, გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან, აუტანელი სუნისგან დაცვა.
შემდეგში ქართველმა ხალხმა ნაკელის ორმოს დაფარვა დაიწყო ეზოში და ნაკვეთების საზღვრებზე მოგროვილი მწვანე მცენარეთა ნარჩენებით. ესეც თანამედროვე ინოვაციის, კომპოსტის დამზადების, თანამედროვე წესია.
საუკეთესო ორგანულ მასას იძლევა ნაკელის გამოყენება ბიოსაწვავის მისაღებად. სამწუხაროდ ეს ქართული წესი არ არის, მაგრამ შესანიშნავი ინოვაციაა, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ამ მეთოდის დანერგვას ვცდილობდით 90-იან წლებში მე და პროფესორი კობა კობალაძე. მაშინ მხოლოდ რამდენიმე მეურნემ მოახერხა დანერგვა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მცხეთის რაიონში ოთარ ფოცხვერაშილმა და სოფელ თხინვალში (გვარი არ მახსოვს). ჩინეთში 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს.
როგორ მივიღოთ ნაკელისგან ბიოსაწვავი. ოჯახის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარისი 2-3 სული თავისი ნამატით. ბაგა უნდა მოეწყოს ცოტა შემაღლებულ ადგილზე, ისე, რომ ქვეშ მოთავსდეს 300-400 ლიტრი ტევადობის კასრი. დიდი ფერმის არსებობის შემთხვევაში 20-50 ტონიანი ცისტერნა. ასეთ დროს ყველა პროცესი უნდა განხორციელდეს მექანიზებულად. ასე იყო მოწყობილი თხინვალაში. პატარა ტევადობის შემთხვევაში უმჯობესია დაიგეგმოს ისე, რომ ნაკლები შრომა დასჭირდეს. მთავარია ნაკელი წუნწუხთან ერთად მოთავსდეს საცავში და მოხდეს მისი არევა პერიოდულად. მორევის დროს გამოიყოფა ბიოგაზი, რომელიც მოიხმარება ოჯახში საჭმლის მოსამზადებლად და სახლის გასათბობად. დიდი ფერმის შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ კომერციული მიზნითაც, გავყიდოტ.
მთავარი უპირატესობა ნაკელისგან ბიოსაწვავის მიღების დროს არის: გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან და უსიამოვნო სუნისგან; მაღალი ხარისხის ორგანული მასის მიღება; მთავარი, ორგანული მასის დაჩქარებული მიღება. თუ წინა წესის მიხედვით ორგანულ მასას ვღებულობთ 6-8 თვეში. ამ წესით ორგანულ მასას ვღებულობთ 2-3 თვეში.
ორგანული მასის მიღების უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიაა კომპოსტირება. ეს არის ბიოლოგიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ორგანული ნარჩენების, მიკროორგანიზმების, ტენისა და ჟანგბადის ურთიერთზემოქმედებით.
კომპოსტირებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ, 4500 წლის წინათ მესოპოტამიაში კომპოსტს სოფლის მეურნეობაში გამოიყენებდნენ. კომპოსტირების ხელოვნებას ფლობდნენ ძველი რომაელები, ეგვიპტელები და ბერძნები.
ქართველებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ კომპოსტის მნიშვნელობა. 2000-იანი წლებიდან ამ საქმით დაინტერესდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორი თეო ურუშაძე. მისი ოჯახური ტრადიციებიდან და სპეციალობიდან გამომდინარე ადვილად მიხვდა ამ მეთოდის უპირატესობას ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებაში. დაიწყო ბრძოლა ორგანული ნარჩენებიდან კომპოსტის მისაღებად საწარმოს გასახსნელად. დიდი შრომით მოახერხა და მარნეულის მუნიციპალიტეტში, გერმანელი პროფესორის ფოხტმანის უსასყიდლო დახმარებითა და რჩევებით აშენდა კომპოსტის გადამმუშავებელი საწარმო,სადაც მისი ტექნოლოგიით იწარმოებოდა მაღალი ხარისხის კომპოსტი, ხოლო კომპოსტის ხარიხსობრივი ანალიზი კეთდებოდა აგრარულ უნივერსიტეტში. მარნეულში წარმოებული კომპოსტი იყიდებოდა საქართველოს მაღაზიების ქსელში, თუმცა წარმოების მომარაგება საკმარისი ორგანული ნარჩენებით ძალიან რთული შეიქნა. წლების განმავლობაში დილაუთენია სტუდენტებთან ერთად მიდიოდა და ნაგვის მანქანებიდან აგროვებდნენ ორგანულ მასას. არაჩვეულებრივი შედეგი მიიღეს, მაგრამ როგორც ყოველთვის საწარმომ მალე შეწყვიტა მუშაობა. ეს კულტურა სამწუხაროდ ჩვენს ხალხს არ აღმოაჩნდა. ევროპის ქვეყნებში ალბათ გინახავთ ყველა სახლიდან გამოდს ნაგავი რამოდენიმე პარკით, რომელშიც დაფასოებულია ნარჩენები. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ინგლისში ბოსტნეულის ნარჩენებისგან ამზადებენ რძეს.
დღეისათვის კომპოსტირება რეციკლირების ბუნებრივი ფორმაა, ბუნებრივი პროცესი, რომლის დროსაც მიკროორგანიზმები (ბაქტერიები, მიკროსკოპული სოკოები) და უხერხემლოები (მწერები, ჭიები) შლიან ორგანულ მასალას და ამ გზით სასუქს – კომპოსტს წარმოქმნიან.
ხარისხიანი კომპოსტის მისაღებად საჭიროა: ნახშირბადით მდიდარი ინგრედიენტები (ჩალა, ხის ტოტები, ნახერხი) და აზოტით მდიდარი ინგრედიენტები (სარეველები, ფოთლები, ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენები). ტენი, ვინაიდან ის ბაქტერიებისთვის იდეალურ საარსებო გარემოს ქმნის. − ჰაერი, იმისათვის, რომ მასალების დამშლელმა მიკრობებმა თავიანთი სამუშაო უკეთ შეასრულონ. კომპოსტირება შესაძლებელია როგორც მცირე მასშტაბებით, საკუთარი სახლების ეზოებში, ასევე დიდი მასშტაბებითაც, რომელშიც მთელი თემი იქნება ჩართული.კომპოსტირების პროცესზე მოქმედი ფაქტორები ყველა ორგანული მასალა დროთა განმავლობაში იშლება, თუმცა დაშლას შესაძლოა საკმაო დრო დასჭირდეს. სხვადასხვა ფაქტორების რეგულირებით შესაძლოა დავაჩქაროთ ორგანული ნარჩენების კომპოსტირება. კომპოსტირების პროცესზე გავლენას ახდენენ: ორგანული მასალები (ნახშირბადის და აზოტის ბალანსი, როგორც კვების წყარო), მოცულობა, აერაცია, ტენიანობა, ზედაპირის ფართობი, ტემპერატურა.
ჩვენ მიერ ყოველდღიურად წარმოქმნილი ნარჩენების თითქმის ერთი მესამედი ორგანული ნარჩენებია: სამზარეულოს ნარჩენები (ბოსტნეულისა და ხილის ნათალი, ყავის ნალექი, ფილტრის ქაღალდი, საკვების ნარჩენები, ძვლები და კვერცხის ნაჭუჭი), ცხოველური წარმოშობის ნარჩენები (ნაკელი, ბოცვრის ან სხვა შინაური ცხოველის ექსკრემენტები, ფრინველის ნაკელი, ჩალა, რომელიც გამოყენებული იყო ზაზუნების ან სხვა მცირე ზომის ცხოველების საგებ მასალად), ბუმბული და ბეწვი, ბაღის ნარჩენები (ბალახი, ხმელი ფოთლები, ხის ტოტები და ქერქი, სარეველა, ნასხლავი). ამ სახის ნარჩენები, ბაღისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო, ძალიან სასარგებლოა მეურნეობაში.
გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველოში საკომპოსტე მასალა უამრავია, რომელსაც ჩვენი ფერმერები სრულიად სხვა მიზნით იყენებენ და ფაქტიურად ანადგურებენ ორგანულ მასას. საქმე ეხება თავთავიანი კულტურების ჩალას, რომელსაც დატუკავენ და შემდეგ ცდილობენ გაყიდონ საქონლის საკვებად. ჭკვიანი მეცხოველე სპეციალისტი საქონლის საკვებად მას არ გამოიყენებს. იშვიათ შემთხვევაში ქერი კიდევ მისაღებია. კახეთის რეგიონში ასეთი ზვინები უამრავია, რომელიც ძველდება და კარგავს ხარისხს. თავის დროზე გამოყენების შემთხვევაში კი თავისი წონის 70% ორგანულ მასას იძლევა. ხშირია მისი დაწვის შემთხვევებიც. ასეთივე მდგომარეობაა ვაზის და ხეხილის ნასხლავში.
საკომპოსტედ უნდა მომზადდეს ნაყარი. ნაყარის მომზადება სასურველია, განთავსდეს ისეთ ადგილას, სადაც მოხდება მის გამოყენება, იგი არ უნდა განთავსდეს ჭის, მდინარის ან ნაკადულის მახლობლად. ასევე არაა სასურველი მისი განთავსება მრავალწლოვანი ხეების ძირში, რადგან შესაძლებელია ხის ფესვებმა შეაღწიონ საკომპოსტე ნაყარში, რამაც შესაძლოა გაართულოს საკომპოტე ნაყარის არევა და ხელი შეუწყოს მის გამოშრობას. საკომპოსტე ნაყარი უნდა განთავსდეს მცირე ნესტიან და ცუდად განიავებად ადგილას. გამოშრობის თავიდან ასაცილებლად კომპოსტირების ადგილი დაცული უნდა იყოს ცივი ქარებისაგან და მზის ინტენსიური სხივებისაგან. კომპოსტის მიღების დასაჩქარებლად შესაძლებელია ნაყარი მოთავსდეს იზოლირებულ ჭურჭელში ან ორმოში.
კომპოსტს გააჩნია უპირატესობები:
- საუკეთესო სასუქია ნიადაგებისათვის;
- მასში შემავალი საკვები ნივთიერებები ეფექტიანად გამოიყენება;
- ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებას;
- ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას;
- იცავს ნიადაგებს ქიმიური ნივთიერებებისაგან;
- აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს;
- კომპოსტი ხელს უწყობს ნიადაგში წყლის შეკავებას და დაავადებებსა და მავნებლებთან ბრძოლას;
- ამცირებს ქიმიური სასუქების გამოყენების საჭიროებას;
- ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლებას, რომლებიც მონაწილეობენ ჰუმუსის – საუკეთესო ბუნებრივი საკვების – წარმოქმნაში;
- ამცირებს მეთანის გაფრქვევას ატმოსფეროსი; − ხელს უწყობს ნიადაგში pH-ის ბალანსის შენარჩუნებას და ტემპერატურის რეგულირებას.
ჩვენი აზრით ორგანული სასუქების დამზადების სამივე ინოვაცია საუკეთესო საშუალებაა ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად და აღსადგენად. ყველა ფერმერს და ინდივიდუალურ მომხმარებელს შეუძლია ნარჩენებისაგან ადვილად მიიღოს ორგანული პროდუქტი. არცერთი მეთოდი არ საჭიროებს განსაკუთრებულ ხარჯებს და შესაბამისი ცოდნით შეძლებს მიიღოს დიდი მოგება.
ცოტნე სამადაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
გამოყენებული ლიტერატურა:
- ც. სამადაშვილი – მიწათმოქმედების საფუძვლები. გამომცემლობა „საზოგადოება ცოდნა“. თბილისი, 2020;
- კომპოსტირების შესახებ.პრაქტიკული რეკომენდაცია. – იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, 2022;
- ლ. ბერიაშვილი – მიწათმოქმედება მესხეთში. გამომცემლობა მეცნიერება. თბილისი, 1973;
- კომპოსტი და მისი მომზადება. ბროშურა მომზადებულია პროექტის “მიწისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვა მიწის დეგრადაციის რისკის შესამცირებლად და მცირე მოწყვლადი მეურნეობების ეკონომიკური მდგომარების გასაძლიერებლად“. თბილისი, 2018-2019:
- https://www.weleda.ge/magazine/nature/how-compost-helps-your-garden-soil
- ს. ლომიძე – კომპოსტი, კომპოსტის დამზადება და გამოყენება. გაზეთი აგროკავკასია, თბილისი, 2023;