ქათმის ძირითადი ჯიშები
თანამედროვე ფრინველი 18 რიგშია გაერთიანებული: ქათამი, ინდაური, ციცარი, ხოხობი, მწყერი მიეკუთვნება ქათმისნაირთა რიგს, ხოხბისნაირთა ოჯახს; ქათმის, ინდაურის და ა.შ. სახეობას.
ამჟამად ცნობილია 8600-მდე ფრინველის სახეობა, მათ შორის 240 ქათმისნაირია. დანამდვილებით არავინ იცის, პირველად როდის მოაშინაურეს ფრინველი. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მეცხოველეობა მიწათმოქმედებასთან ერთად 9-10 ათასი წლის წინათ განვითარდა. არქეოლოგების მონაცემებით ფრინველის მოშინაურება 9000 წლის წინათ მომხდარა. ყველაზე ადრე მოშინაურებული ბატი ყოფილა, ყველაზე ბოლოს მწყერი. ეს განაპირობა იმან, რომ ბატი შედარებით ადვილად შესანახია, რადგან ბალახის მჭამელია, თან იძლევა ბევრ ხორცს და დაჭერაც შედარებით ადვილია. ქათმის მოშინაურება პირველად ინდოეთში ჩვ. წ. აღრიცხვამდე 3250 წლის წინათ მომხდარა, საიდანაც შემდეგ გავრცელებულა ჩინეთში, ეგვიპტეში, ირანში.
ევროპაში ქათამი მოგვიანებით, ჩვ. წელთაღრიცხვამდე 500-400 წლის წინათ, ბიზანტიაში გამოჩნდა. შემდეგ გავრცელდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და ინგლისში (II-I საუკუნე ჩვ.წ-მდე). ამერიკაში ქათამი შეყვანილი იყო 2 ათასი წლის წინათ. ჩინეთში, აგრეთვე ბირმასა და სუმატრაში ბუდისტურ ტაძრებში გამოყვანილი ყოფილა ქათმის ისეთი მეხორცული ტიპი, როგორიცაა ბრახმა ანუ ბრამა. შემონახულია აღნიშნული ფრინველის მოდგმის ნუსხა. ეგვიპტის სამარხებში, რომლებიც აგებულია 2 ათასი წლის წინათ ჩვ. წელთაღრიცხვამდე სხვადასხვა სახეობის ფრინველის (გარდა ქათმისა) ბევრი ნახატი ინახება. მსგავსი ისტორიული ფაქტები შემონახულია სირიაშიც. ლათინურ ამერიკაში მოშენებულია ადგილობრივი არაუკანის ქათამი. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ იგი კოლუმბის აღმოჩენამდე ჰყავდათ ადგილობრივ ტომებს. ამ ჯიშის განმასხვავებელი თავისებურებაა კუდის უქონლობა და კვერცხის მუქი მოცისფრო-მომწვანო ნაჭუჭის ფერი.
მსოფლიოში დღესდღეობით აღრიცხულია ქათმის – 100, იხვის და ინდაურის – 20 და ბატის – 40 ჯიში. თანამედროვე მეფრინველეობა ბაზირებულია ქათმის მხოლოდ 4-5 ჯიშზე (ლეგორნი, პლიმუტროკი, როდ-აილანდი, ნიუ-ჰემპშირი, კორნიში), სწორედ ამ ჯიშების მონაწილეობით გამოყვანილია მრავალი მეკვერცხული და მეხორცული კროსი.
ექსტერიერის მიხედვით არჩევენ ქათმის სამ ტიპს: მეკვერცხულ, მეხორცულ და კომბინირებულ, ანუ მეხორცულ-მეკვერცხულ ტიპებს.
მეკვერცხული ჯიშები და კროსები. მეკვერცხული ჯიშები ექსტერიერით მიეკუთვნება ევროპულ ტიპს, აქვთ სხეულის სამკუთხედისებური ფორმა, წინა ნაწილი – უფრო ვიწრო, უკანა – ფართო და ღრმაა, თავზე კარგად განვითარებულია ხორცოვანი დანამატები (ბიბილო, ღაბაბი, საყურე); ტერფი შეუბუსავი, ცოცხალი ტემპერამენტი. სწრაფად იზრდება. აქვს აკლიმატიზაციის კარგი უნარი. სამეურნეო სიმწიფეს ადრეულ ასაკში აღწევს. ხასიათდება ნაკლები ცოცხალი მასით და ხორცის დაბალი ხარისხით. ახასიათებს მაღალი კვერცხმდებლობა და ცხოველმყოფელობა.
ლეგორნი _ ძირითადი მეკვერცხული ჯიშია, რომლის საფუძველზეც გამოყვანილია ქათმის თანამედროვე ხაზები და კროსები. ლეგორნის ჯიშმა თავისი სახელწოდება მიიღო იტალიის საპორტო ქალაქ – ლივორნოდან, საიდანაც იგი გაყვანილი იქნა სხვა ქვეყნებში. ლეგორნი აშშ-ში 1837 წელს შეიყვანეს. თავდაპირველად შეუჯვარეს თეთრ მინორკას, ესპანურ ქათამს, ძიძგილა და დეკორატიულ (იოკოჰამა, ფენიქსი) ჯიშებს. მაღალ დონეზე წარმოებულმა სასელექციო მუშაობამ ლეგორნი ჩამოაყალიბა მაღალპროდუქტიულ მეკვერცხულ ჯიშად, რომელიც შემდეგ გაიყვანეს ინგლისში, ჰოლანდიაში და სხვა ქვეყანებში. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელია მეკვერცხული ტიპის ექსტერიერი და კონსტიტუცია. სხეულის სამკუთხისებური ფორმა, უკანა ნაწილი წინა ნაწილთან შედარებით განიერია, თავი საშუალო სიდიდისაა, ბიბილო ფოთლისებური (მამლებს სწორმდგომი, დედლებს გვერდზე გადახრილი), კისერი გრძელი, წინ წამოწეული. მამალს კარგად განვითარებული ფაფარი, მრგვალი, გამოზნექილი მკერდი, გრძელი ზურგი, მოცულობიანი მუცელი, საშუალო სიმაღლის ტერფი აქვთ. ბუმბულის ძირითადი ფერია თეთრი. ცოცხალი მასა დედლების – 1,7-2,0 კგ, მამლების – 2,3-2,6 კგ. სქესობრივი სიმწიფე 150-165 დღის ასაკიდან ეწყებათ, კვერცხმდებლობა 220-250 ცალია, კვერცხის მასა – 60 გ. ამ ჯიშის მონაწილეობით გამოყვანილია მრავალი კროსი. მეკვერცხულ მეფრინველეობაში აშენებენ ორი ტიპის მეკვერცხულ კროსს. ერთნი, ტიპური მეკვერცხული კროსებია, რომლებიც მიღებულია მხოლოდ ლეგორნის ჯიშიდან და დებენ თეთრნაჭუჭიან კვერცხს. აღნიშნული კროსები მაღალპროდუქტიული ფრინველებია და წელიწადში დებენ 330-350 ც კვერცხს, ხოლო კვერცხის მასა 60-65 გრ-ია. აქვთ გამოჩეკის მაღალი უნარი (87-88%), შენარჩუნება – 95%.
მეორენი, დებენ ყავისფერნაჭუჭიან კვერცხს და დაფუძნებული არიან ამერიკული როდ-აილანდისა და ნიუ-ჰემპშირის ჯიშებზე. თეთრნაჭუჭიანი კროსები ფერადნაჭუჭიანი კროსებისაგან პროდუქტიულობით განსხვავდებიან. ფერადნაჭუჭიანი კროსები წელიწადში იძლევიან 8-12 კვერცხით ნაკლებს, ხოლო ცოცხალი მასითა (0,6 კგ) და კვერცხის მასით სჭარბობენ (2-3 გ) თეთრნაჭუჭიანს. კვერცხის შემადგენლობაში განსხვავება არ არის, ნაჭუჭის ფერი მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული.
მეხორცული ჯიშები და კროსები. თანამედროვე მეხორცულ მეფრინველეობაში ბროილერის ხორცის წარმოებისთვის გამოიყენება ორი ძირითადი ჯიში: კორნიში და პლიმუტროკი.
კორნიში ანუ კორნუელის ჯიშის ქათამი _ გამოყვანილია ინგლისში კორნუელის საგრაფოში, საიდანაც მიიღო ეს სახელწოდება – კორნიში. იგი მიღებულია ადგილობრივი ინგლისური ძველი ტიპის ძიძგილა მალაის და ძიძგილა აზილის ჯიშების შეჯვარებით. არსებობს კორნიშის ჯიშის რამოდენიმე ტიპი: მუქი წითელი, თეთრი და ჩალისფერი. როგორც ჯიში, მუქი ფერის კორნიში ამერიკულ სტანდარტში შეტანილი იქნა 1893 წლიდან, თეთრი კი – 1898წ. ყველაზე გავრცელებულია თეთრი ფერის კორნიში, რომელიც მიღებული იქნა თეთრი მალაის და მუქი კორნიშის შეჯვარების შედეგად. ექსტერიერი – თავი მასიური და ფართე “არწივისებრი“, ბიბილო პარკისებრი, კისერი საშუალო სიმაღლის, წელი გრძელი და განიერი, კომპაქტური სხეული კარგად განვითარებული კუნთებით, ძლიერი ფეხებით, მკვრივი ბუმბულით.
ზრდასრული დედლების ცოცხალი მასა – 3,0-3,5 კგ, მამლების – 4,5-5,0 კგ. მოზარდი კვერცხის დებას იწყებს 6 თვის ასაკში, საშუალო კვერცხმდებლობა 110-130 ც კვერცხი. კვერცხის საშუალო მასა 58-60 გ. კვერცხის ნაჭუჭი ღია მოყავისფროა. მოზარდი ხასიათდება ინტენსიური ზრდით. ერთი თვის ასაკში ცოცხალი მასა აღწევს 500-600 გ, 2 თვის ასაკში – 1,3-1,4 კგ, 3 თვის – 2,0-2,8 კგ და 5 თვის 3,0-3,1 კგ. ბროილერის საწარმოებლად მამისეულ ფორმად გამოიყენებენ კორნიშის რამოდენიმე შეხამებულ ხაზებს, რომელთა შეჯვარების შედეგად ვლინდება მეხორცული თვისებების ჰეტეროზისის ეფექტი.
პლიმუტროკი _ გამოყვანილია გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ პლიმუტში, საიდანაც წარმოიშვა მისი სახელწოდების პირველი ნაწილი, მეორე – “როკ” ნიშნავს ფიქალს, სიმაგრეს. პლიმუტროკი მიიღება ესპანური მამლების შეჯვარებით კოხინხინის, დორკინგის და იავის ქათმებთან. ექსტერიერული ნიშანთვისებები შემდეგია: თავი საშუალო ზომის, ბიბილო ფოთლისებრი, კისერი საშუალო სიმაღლის, წელი გრძელი, ფართე, მკერდი განიერი, ღრმა, კარგად განვითარებული კუნთებით, ფეხები საშუალო სიმაღლის. არსებობს პლიმუტროკის ჯიშის რამოდენიმე ტიპი: თეთრი, შავი, ჩალისფერი, ზოლიანი. ზრდასრული დედლების ცოცხალი მასა – 2,8 კგ, ხოლო მამლების – 3,9 კგ-ია. საშუალო კვერცხმდებლობა 160-170 კვერცხი, კვერცხის მასა – 56-60 გ. ნაჭუჭი ღია მოყავისფროა.
ყველაზე გავრცელებულია თეთრი ფერის პლიმუტროკი, რომელიც მიღებულია ზოლიანი პლიმუტროკის მუტაციის შედეგად. მათი შეფერილობა რეცესიულია, ამიტომ ზოგჯერ გამოერევა წიწილები მუქი შეფერილობით, ნაცრისფერი, ან ჩალისფერი ლაქებით. პლიმუტროკის ის ხაზები, რომლებიც ხასიათდებიან დომინანტური თეთრი შეფერილობით, მიღებულნი არიან პლიმუტროკის შეჯვარებით თეთრ ლეგორნთან. იგი ფართოდაა გავრცელებული მეხორცულ მეფრინველეობაში. ამჟამად თეთრ პლიმუტროკს იყენებენ დედისეულ ფორმად ბროილერის საწარმოებლად. სპეციალიზირებული მეხორცული ხაზები ხასიათდებიან ინტენსიური ზრდით, კარგი მეხორცული თვისებებით და ხარისხით. კორნიშის და პლიმუტროკის ჯიშებს ხალასად სამრეწველო მიზნით არ აშენებენ. მათ გამოიყენებენ ჰიბრიდების (ბროილერის) მისაღებად.
ამჟამად მსოფლიოში ბროილერების მისაღებად მუშაობს უმსხვილესი გაერთინება „ავიაგენი”, რომელიც აერთიანებს 3 ფირმას: 1. „როსს-ბრიდერზს”, რომელიც მუშაობს კროსზე 208 და 308-ზე. 2. „არბორ-ეიკრიბს” და 3. „ლომან-ტირცუხტ”.
აშშ-ში ბროილერების მიღებაზე მუშაობს ფირმა „კობბი”, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბროილერულ საწარმოებს აწვდის თავის პროდუქციას (კობბ-500, კობბ-700).
ბროილერების მწარმოებელი ფირმაა „ხაბბარდ-ფარმი” (აშშ), ჰოლანდიაში – „ევრიბრიდი”, ფირმა „ნიუბრიდჟი” (დიდი ბრიტანეთი), „ლომანი” (გერმანია), „ისა” (საფრანგეთი).
ბროილერების საწარმოებლად გამოყვანილია ფედერსექსური კროსები, რაც ნიშნავს, რომ სქესზე გარჩევა ხდება საფრენი ბუმბულის სიგრძის მიხედვით.
ქათმის კომბინირებული ჯიშები
კომბინირებული ანუ საერთო გამორგების ჯიშები იკავებენ შუალედურ ადგილს მეხორცულსა და მეკვერცხულ ჯიშებს შორის.
როდაილენდი _ მეხორცულ-მეკვერცხული ჯიშია, გამოყვანილია მე-19 საუკუნის 40-50-ინ წლებში, აშშ-ში, როდაილენდის შტატში, საიდანაც მიიღო აღნიშნული სახელწოდება. ადგილობრივ ქათმებს შეუჯვარეს ინდოეთიდან შემოყვანილი შანხაის ჩალისფერი და მალაის მუქი წითელი ფერის მამლები. შემდეგში მიღებული ნაჯვარი დედლები, მეკვერცხული პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, შეუჯვარეს ნაცრისფერ ლეგორნს.
როდაილენდის ჯიში ხასიათდება: მართკუთხედისებური, ღრმა და განიერი სხეულის ფორმით, ფოთლისებური ბიბილოთი, საშუალო სიგრძის კისრით, განიერი და გრძელი ზურგით. ბუმბულის შეფერილობა წითელია ღია ან მუქი შეფერილობით. კუდის, ფრთის და ფაფრის ბოლო შავი ბუმბულით არის დაფარული. დედალი იწონის 2,5 კგ, მამალი – 3,5-4,3 კგ-ს, კვერცხის მასა – 60 გ-ია. კვერცხდებას იწყებს 170-180 დღიდან. წლიური კვერცხმდებლობა 160 ცალია. როდაილენდის მეკვერცხული ხაზები 220-240 ცალ კვერცხს დებენ. კვერცხი მუქი ნაჭუჭით ხასიათდება.
ნიუ-ჰემპშირი _ გამოყვანილია აშშ-ში ჰემპშირის შტატში. როდაილენდის ჯიშის მეკვერცხული თვისებების გაუმჯობესების მიზნით. ნიუ-ჰემპშირი განსხვავდება როდაილენდისაგან ბუმბულის ღია შეფერილობით, კვერცხმდებლობით და მალმწიფადობით. ნიუ-ჰემპშირის საშუალო წლიური კვერცხმდებლობა 190-200 ცალია, კვერცხის მასა 58-59 გ. ზოგიერთი ხაზის კვერცხმდებლობა 268-270 ცალს აღწევს. დედლების ცოცხალი მასა 2,3-2,8 კგ-ია, მამლების – 2,9-3,5 კგ.
სუსექსი _ გამოყვანილია ინგლისში – სუსექსის საგრაფოში. ადგილობრივ ქათმებს შეუჯვარეს დორკინგის, კორნიშის, თეთრი კოხინხინის, ორპინგტონის და ღია შეფერილობის ბრამას ჯიშები. სუსექსი ხასიათდება ღია შებუმბვლით, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ბრამასაგან და ასეთ შებუმბვლას კოლუმბიური ეწოდება. ამგვარად, სუსექსისთვის დამახასიათებელია კოლუმბიური შეფერილობა. სხეული დაფარულია მოთეთრო-მოვერცხლისფრო ბუმბულით, ფაფარზე აქვს თეთრი და შავი ზოლები, კუდის ბუმბული შავია, ასეთივე ფერისაა საფრენი ბუმბულის შიდა ნაწილი. სხეული კვადრატული ფორმისაა, იგი ღრმა და განიერია; სწორი ზურგი და მოკლე კუდი აქვს. ახასიათებს პატარა ფოთლისებური ბიბილო და წითელი საყურე. საზღვარგარეთ სუსექსის ჯიშის მონაწილეობით გამოყვანილია ფერადნაჭუჭიანი კვერცხის მომცემი კროსები. დედლების ცოცხალი მასა – 2,5-2,7 კგ, მამლების – 3,3-3,6 კგ. კვერცხმდებლობა – 160-170 ცალი, კვერცხის მასა – 56-58 გ.
საქართველო გამოირჩევა ადგილობრივი ფრინველის მრავალფეროვნებით. ისინი წარმოადგენენ აბორიგენული ფრინველის პოპულაციებს. ექსტერიერის და პროდუქტიულობის მაჩვენებლების მიხედვით ისინი მიეკუთვნებიან კომბინირებულ, ანუ მეხორცულ-მეკვერცხულ ფრინველთა ჯგუფს.
ფერმერულ და საკარმიდამო მეფრინველეობაში წარმატებით შეიძლება მოვაშენოთ საქართველოში გავრცელებული ადგილობრივი ქათმის ჯიშები: ყელტიტველა, მეგრულა, ჩალისფერი, შავი და ნაცარა ქათმები. მათი პროდუქტიულობის შესწავლამ დაგვანახა, რომ ისინი კულტურულ ჯიშებთან შედარებით დაბალპროდუქტიულნი არიან, მაგრამ შედარებით უკეთესი გამძლეობით ხასიათდებიან, ადვილად ეგუებიან ადგილობრივ პირობებს, ხასიათდებიან არაჩვეულებრივი ხორცისა და კვერცხის ხარისხით, არ მოითხოვენ კვება-მოვლის იდეალურ პირობებს და პრიმიტიული ტიპის საფრინველეშიც თავს კარგად გრძნობენ. მათი კვერცხმდებლობა წელიწადში მერყეობს 120-150 ცალამდე, კვერცხის მასა – 58-60 გ, შენარჩუნება – 85-87%. ადგილობრივი ფრინველი შედარებით გვიანმწიფადებადია და კვერცხდებას 6-7 თვის ასაკიდან იწყებენ. გაუმჯობესებული კვება-მოვლის პირობებში ისინი პროდუქტიულობას მკვეთრად ზრდიან.
ამრიგად, მეფრინველეობა მეცხოველეობის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც წლითი-წლობით განიცდის განახლებას. იქმნება ახალი მეკვერცხული და მეხორცული მიმართულების კროსები და ხაზები, რომლებიც ხასიათდებიან წინამორბედებთან შედარებით უფრო მაღალი პროდუქტიულობით.
კობა ნაცვალაძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი,
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,