აგროსიახლეები

„ქათმის ხორცის დეფიციტი არ შეიქმნება“ – მთავრობა იმპორტიორებს პასუხობს

საქმე ის არის, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი. საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლისას, იგივე დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილი იქნას ვეტერინარული სერტიფიკატის სახითაც, ხოლო მასში მითითებულ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში, წყლის საერთო რაოდენობა უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა. იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნულ სერთიფიკატს მათ პარტნიორები ვერ აწვდიან, შესაბამისად, ხორცს იმ რაოდენობით ვეღარ შემოიტანენ და შეიქმნება დეფიციტი. რეგულაციის ამოქმედება მთავრობამ ერთხელ უკვე გადადო(აპრილში) და რათა, პანდემიიდან გამომდინარე ბაზარზე ხორცის დეფიციტი არ შექმნილიყო.

„როცა რეგულაციის ამოქმედების გადავადების გადაწყვეტილება მივიღეთ, გვახსოვს, რომ ეს იყო კოვიდთან დაკავშირებული მძიმე პერიოდი, როცა სხვადასხვა ქვეყანა ზღუდავდა ექსპორტს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა, ის, რომ არ ყოფილიყო დეფიციტი არც ერთ მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტზე. ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და ამაზე პასუხს სრულად ვაგებთ.

მაშინ იყო სპეკულირება ადგილობრივი მწარმოებლებისგან, რომ ვიღაცის ინტერესების ლობირება ხდებოდა და ა.შ. ახლა ჩვენ არ ვგეგმავთ არანაირ გადავადებას, არ ვხედავთ შეზღუდვებს მსოფლიო ბაზარზე. აქ არის ორი ჯგუფი, მათგან ერთი გვადანაშაულებს, რატომ მოხდა ეს, არასწორი იყოო, მეორე, არის იმპორტიორების ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ ამის შედეგად საქართველოში იქნება დეფიციტი. რა თქმა უნდა, დეფიციტი არ იქნება, იქნება ვაჭრობა, თან სამართლიანი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც ასეთი მკაცრი და მკაფიო რეგლამენტი არსებობს, მათ შორის მარკეტინგული სტანდარტები სახელმწიფო რეგლამენტის დონეზეა აყვანილი, იგივე ქათმის ხორცთან დაკავშირებითაც.

ინგა მურუსიძე, 

წყარო: bm.ge