დარგებივეტერინარიამეცხოველეობაფერმერი ფერმერს

ყირიმ – კონგოს ცხელება, დაავადების პროფილაქტიკა და მის წინააღმდებ ბრძოლა

დათბობასთან ერთად ბუნებაში ტკიპებიც აქტიურდებიან. ალბათ არანაირ ტკიპასთან შეხება სასიამოვნო არ არის, მაგრამ არიან ტკიპები,  რომლებსაც ისეთი საშიში დაავადებების გავრცელება შეუძლიათ,  ადამინების და ცხოველების სიცოცხლეს საფრთხეს რომ უქმნიან.

ერთ-ერთი ასეთი საშიში დაავადება კონგო-ყირიმის (ან ყირიმ-კონგოს) ცხელებაა, რომელმაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იჩინა თავი და რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა.

ამიტომ განსაკუთრებით აქტუალურია, ვიცოდეთ როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისა და მათგან გამოწვეული საფრთხისგან.

დაავადების პროფილაქტიკა და მასთან ბრძოლა

ადამიანებსა და ცხოველებში კყ/ც-ის ინფექციის პროფილაქტიკის ჩატარება და მასთან ბრძოლა რთულია, ვინაიდან ციკლი „ტკიპა-ცხოველი-ტკიპა“ ჩვეულებრივ მიმდინარეობს შეუმჩნევლად და ინფექცია შინაურ ცხოველებში ჩაივლის თვალსაჩინო ნიშნების გარეშე. გარდა ამისა, დაავადების გადამტანი ტკიპები არიან მრავალრიცხოვანები და ფართოდ გავრცელებულები, ამიტომ ერთადერთ პრაქტიკულ ვარიანტს მეცხოველეობის წარმოების სათანადოდ მართული საწარმოებისათვის წარმოადგენს ტკიპებთან ბრძოლა აკარიციდების (ტკიპების მოსასპობად განკუთვნილი ქიმიური ნივთიერებების) მეშვეობით. ასევე მინდვრებში სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოების დროულად ჩატარება. სასაკლაოებზე, სადაც დაავადება დაფიქსირდა და მის ახლო რეგიონებში, საჭიროა მიღებულ იქნეს ზომები, რომ დაკვლამდე 14 დღის განმავლობაში ცხოველები მოთავსდნენ ტკიპებისგან თავისუფალ საკარანტინო ადგილებში. ეს ღონისძიება ხელს უწყობს იმ რისკის შემცირებას, რომ თუ დაკვლის დროს ცხოველი იქნება ინფიცირებული, დროულად ავიცილებთ ცხოველებთან კონტაქტების მქონე ადამიანთა დასენიანებას. ეფექტიანი ვაქცინა ადამიანებსა და ცხოველებში გამოსაყენებლად არ არსებობს.

ადამიანთა დაინფიცირების რისკის შემცირება

რაკი ვაქცინა არ არსებობს, ადამიანებში ინფექციის რიცხვის შემცირების ერთადერთ გზას წარმოადგენს რისკ-ფაქტორების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ადამიანთა განათლება იმ ზომების მიღების თაობაზე, რომელთა მიღებაც მათ შეუძლიათ ვირუსთან კონტაქტების შესაზღუდავად.საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები მიმართული უნდა იყოს რამდენიმე ასპექტზე.

ტკიპასაგან ადამიანისათვის ვირუსის გადაცემის რისკის შემცირება:

დამცავი ტანსაცმლის ჩაცმა (გრძელი სახელოები, გრძელი შარვალი);

ღია ფერის ტანსაცმლის ჩაცმა, რაც საშუალებას იძლევა, ადვილად აღმოვაჩინოთ მასზე ტკიპები;

ვიხმაროთ გამოსაყენებლად ნებადართული აკარიციდები (ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც განკუთვნილია ტკიპების მოსასპობად) ტანსაცმელზე;

გამოვიყენოთ გამოსაყენებლად ნებადართული რეპელენტები კანისა და ტანსაცმლისათვის;

რეგულარულად დავათვალიეროთ ტანსაცმელი და კანი ტკიპების აღმოსაჩენად; აღმოჩენის შემთხვევაში მოვიცილოთ უსაფრთხო მეთოდებით;

ვეცადოთ არ დავუშვათ ცხოველების დაზიანება ტკიპების მიერ, ან ჩავატაროთ ტკიპებთან ბრძოლა ცხოველების საბინადრო სათავსოებში;

მოვერიდოთ იმ რაიონებში ყოფნას, სადაც ბინადრობს დიდი რაოდენობის ტკიპები, და იმ სეზონებში, როდესაც ისინი ყველაზე აქტიურნი არიან.

ცხოველებისაგან ადამიანისათვის ვირუსის გადაცემის რისკის შემცირება:

გავიკეთოთ ხელთათმანები და ჩავიცვათ სხვა დამცავი ტანსაცმელი ცხოველებთან ან მათ ქსოვილებთან კონტაქტისას ენდემურ რაიონებში, განსაკუთრებით დაკვლისას, ნაკლავის დანაწევრებისას და წუნდებისას სასაკლაოებზე ან შინაურ პირობებში;

ცხოველები შევაყოვნოთ კარანტინში მათ სასაკლაოზე წაყვანამდე ანდა ჩვეულებრივი წესით დავამუშავოთ ცხოველები პესტიციდებით დაკვლამდე ორი კვირით ადრე.

ცალკეულ საზოგადოებებში ადამიანისაგან ადამიანისათვის ინფექციის გადაცემის რისკის შემცირება:

ცხოველებში, როგორც ყირიმ-კონგო ვირუსის პათოგენური აგენტის რეზერვუარებში კლინიკური გამოვლინება ფაქტიურად არ არის, ავადდება მხოლოდ ადამიანი.

ვერიდოთ კყ/ც-ით დაინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო ფიზიკურ კონტაქტს.

გავიკეთოთ ხელთათმანები და ჩავიცვათ დამცავი ტანსაცმელი ავადმყოფების მოვლისას.

რეგულარულად დავიბანოთ ხელი ავადმყოფების მოვლის ან მათთან სტუმრობის შემდეგ.

ძვირფასო კოლეგებო, დაავადების გავრცელების პროფილაქტიკა დამოკიდებულია თქვენს მიერ სანიტარული პირობების დაცვაზე და ყველა იმ ჩამოთვლილი ვეტერინარული ღონისძიებების გატარებაზე, რომელიც აუცილებელია ცხოველთათვის და მათი სადგომებისათვის.

ხოლო ბუნებაში დამსვენებლებს ვურჩევთ:

1) ტყეში, ბაღში, აგარაკზე ჩაიცვან ტანსაცმელი გრძელი სახელოებით, შარვლები, თავზე დაიხურონ თავსაბურავი.

2) მაქსიმალურად გამოიყენონ ტკიპების და სხვა მწერების დამაფრთხობელი საშუალებები, მალამოები (რეპელენტი) 2-3 საათში ერთხელ.

3) მაქსიმალურად მოერიდონ ბუჩქებს, მაღალ ბალახს, რადგან იქ შეიძლება ბინადრობდნენ ტკიპები.

4) ტყიდან დაბრუნების შემდეგ დაითვალიერეთ თავი ან თხოვეთ სხვა ადამიანს (ყურადღება მიაქციეთ: თავის თმის მიდამოებს, ყურის არეს და სხვა).

5) დაათვალიერეთ თქვენი ცხოველები, რომლებმაც შეიძლება ტკიპა სახლში მოიტანონ.

6) ტკიპის ნაკბენის შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.

7) მართალია დაავადება ხასიათდება სეზონურობით (გაზაფხული-ზაფხული), პიკი არის მაისი-აგვისტო, მაგრამ მაინც არ ვართ დაზღვეულები სხვა პერიოდებშიც, რადგან არ მიმდინარეობს საძოვრების, სადგომების, ცხოველთა დამუშავება რეგულარულად.

თქვენი უსაფრთხოება თქვენსავე ხელშია!

მიხეილ ჭიჭაყუა, „აგრო ექსპერტთა ასოციაცია“,

ბიოლოგიის დოქტორი