აგროსიახლეები

 ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში

ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სოფლებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანების ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა. ტოლოშში (ასპინძა), ნაქურდევსა (ადიგენი) და მუსხში (ახალციხე) ცხოველები და მათი სადგომები ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატებით მუშავდება.
დაავადება წელს პირველად სოფელ მუსხში დაფიქსირდა, მისი სიმპტომები ასევე სოფელ ტოლოშში და ნაქურდევში გამოუვლინდათ 63 და 58 წლის მამკაცებს. სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და თბილისში მკურნალობენ.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ პირუტყვის სპეციალური ხსნარით დამუშავება დაიწყო.

მწვავე ვირუსული ინფექცია ადამიანებზე ცხოველის ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ამის გამო სურსათის უვნებლობის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტკიპა ცხოველს ხელთათმანის გარეშე არ მოაცილონ. გარდა ამისა, ჩაუტარონ დეზინფექცია პირუტყვსა და სადგომს.

რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირება.

პირველად ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები რეგიონში 2013 წელს გამოვლინდა. მას შემდეგ შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. 2022 წელს ვირუსული ინფექცია სამცხე-ჯავახეთში 41 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ორი გარდაიცვალა. დაავადების რთული მიმდინარეობის გამო, პაციენტების ნაწილს თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაში ათავსებენ.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge