მედიარუბრიკებისტატიები

ქლუხორისა და ახალხევის რაიონები საქართველოს შემადგენლობაში

1940 წლისათვის ჩრდილოკავკასიელი ხალხები ძირითადად უკვე საკმაოდ მყარად იყვნენ მოქცეულნი “ერთიან საბჭოთა ძმურ ოჯახში”, მაგრამ არსებობდა მედლის მეორე მხარეც-ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში, მაღალმთიან აულებსა თუ სოფლებში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი კომუნისტებისადმი სიძულვილი, რუსებისადმი არამეგობრული და ხშირად, მტრული დამოკიდებულება. მთებში მოქმედებდნენ წინააღმდეგობის რაზმები, რომლებთაც ჩეკისტები ბანდიტებად მოიხსენიებდნენ და დაუნდობლად ებრძოდნენ.

საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების შემდეგ მთიელთა წინააღმდეგობამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო. ევროპაში მყოფმა პოლიტიკური ემიგრანტების ნაწილმა, კავკასიის ყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფოებიდან, იმედის თვალი ბერლინს მიაპყრეს – საბჭოთა რეჟიმის დამარცხების შემთხვევაში ისინი სამშობლოში დაბრუნებასა და ფაშისტური გერმანიის დახმარებით სახელმწიფოებრიობის აღდგენას ვარაუდობდნენ.

1942 წლის ზაფხულში გერმანიის ჯარები კავკასიონს მოადგნენ. მათ დაიკავეს ყარაჩაის, ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის საბჭოთა ავტონომიური წარმონაქმნების ტერიტორიები. როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფიული წყაროები ამტკიცებენ, დაკავებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა გერმანელთა მმართველობა მეტ-ნაკლებად დადებითად მიიღო, რაც საბჭოთა კანონმდებლობით უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენდა – ისინი სამშობლოს მოღალატეებად, გამყიდველებად და საბჭოთა ხალხის მტრებად მოინათლნენ. 1943 წლის იანვრიდან წითელი არმიის მიერ ყარაჩაის, ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიების გერმანელთა ოკუპაციისაგან გათავისუფლების შემდეგ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (შინსახკომის – НКВД) ორგანოებმა ზემოთ ხსენებული ბრალდება მთელ ხალხებზე გაავრცელეს – შესაბამისად, განხორციელდა უმკაცრესი ღონისძიებები.

საბჭოთა არქივებში მრავალი დოკუმენტი ინახება, რომელთა გამოყენება და გამოქვეყნება იმდროინდელ პრესაში აკრძალული იყო. ისინი ფართო მკითხველისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისში გახდა, როცა ყოფილი საბჭოთა არქივების დახურული სპეცფონდები გაიხსნა და განსაიდუმლოვდა.

როგორ შეიქმნა ქლუხორის რაიონი

1944 წლის 8 აპრილს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო ბრძანებულება ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ში მცხოვრები ბალყარელების გადასახლებისა და ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ის ყაბარდოს ასსრ-დ გარდაქმნის შესახებ. დოკუმენტის პრეამბულაში აღნიშნული იყო ბრძანებულების გამოცემის მიზეზები: „იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელი ფაშისტების მიერ ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ოკუპაციის დროს ბევრი ყარაჩაელი გამცემლურად მოქმედებდა, ერთიანდებოდნენ გერმანელების მიერ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ორგანიზებულ რაზმებში, აბეზღებდნენ გერმანელების წინაშე პატიოსან საბჭოთა ადამიანებს, თან მიჰყვებოდნენ და გზას უჩვენებდნენ უღელტეხილებზე ამიერკავკასიისაკენ მიმავალ გერმანიის ჯარებს, ხოლო ფაშისტების განდევნის შემდეგ ხელს უშლიან და ეწინააღმდეგებიან საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, მალავენ ხელისუფლების ორგანოებისაგან ბანდიტებსა და გერმანელების მიერ დატოვებულ აგენტებს, უწევენ მათ აქტიურ დახმარებას, – სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

  1. ყველა ყარაჩაელი, რომლებიც ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გადასახლდეს სსრკ-ს სხვა რაიონებში, ხოლო ყარაჩაის ავტონომიური ოლქი გაუქმდეს.
  2. ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციის გამო… ყოფილი ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ-ის ელბრუსსკისა და ნაგორნის რაიონების სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი შეუერთდა საქართველოს სსრ-ის ზემო სვანეთის რაიონს“.

1944 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებულებით კი, რომელიც ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობას ითვალისწინებდა, ყოფილი ყარაჩაის ავტონომიური ოლქის უჩკულანის რაიონი, აგრეთვე მიქოიანის რაიონის ნაწილი გადმოეცა საქართველოს სსრ-ს, აღნიშნულ ტერიტორიებზე შეიქმნა ახალი ადმინისტრაციული ერთეული – ქლუხორის რაიონი, ცენტრი – ქალაქი ქლუხორი (ყოფ. მიქოიან-შახარი).

ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთა რიგი ავტონომიური წარმონაქმნების გაუქმებას მოჰყვა უმაგალითო რეპრესიები, დაპატიმრება-დახვრეტები, გადასახლებები… რა თქმა უნდა, ეს იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაული.

როგორც საბჭოთა არქივების დოკუმენტებისა და იმდროინდელი ოფიციალური პირების მემუარებით ირკვევა, ავტონომიური წარმონაქმნების გაუქმებაში, გადასახლებებში და და საერთოდ, რეპრესიებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სსრ კავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებმა, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სახკომატების ხელმძღვანელებმა და სხვებმა. მათ შორის უპირველესად სახელდება ლავრენტი ბერია, რომელიც იმ დროს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო. მისი სურვილით საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა კავკასიის ქედის და ევროპის უმაღლესი მწვერვალიც – იალბუზის მთა… სხვათა შორის, აქვე შევნიშნავთ, რომ იალბუზის საქართველოსათვის გადმოცემის ფაქტი ყარაჩაელებმა თავის დროზე ძალზე მტკივნეულად აღიქვეს.

ჯერ გერმანელთა ოკუპაციისა, შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლების მიერ ყარაჩაელებისა და ბალყარელების გადასახლების შედეგად მოსახლეობისაგან დაცლილ ტერიტორიას მშრომელები ესაჭიროებოდა, ამიტომ, ცენტრის მითითებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, უმთავრესად კი სვანეთიდან და რაჭიდან ქლუხორის რაიონში ხუთი ათასზე მეტი ადამიანი ჩაასახლეს, ცხადია, გარკვეული შეღავათებით. როგორც ჩრდილოკავკასიელი მკვლევარები აღნიშნავენ, ამ საკითხშიც დიდი როლი ლავრენტი ბერიას შეუსრულებია.

ახალმა ქართულმა ადმინისტრაციამ რაიონის ტოპონიმიკის შეცვლა დაიწყო – რუკაზე გაჩნდა სოფლები: მზისა (ყოფილი სინტი), ზედვაკე (ყოფ. ხურზუკი), მადნისხევი (ყოფ. უჩკულანი), მთისძირი (ყოფ. კარტ-ჯურთი), ზემო ხიდისკარი, ახალშენი (ყოფ. ტაშკეპიური), იალბუზი (ყოფილი ელბრუსი), ბუხაიძე (ეს სახელი დაბა ვერხნი ბაქსანს ბალყარეთის მთებში, გერმანელებთან ბრძოლაში დაიღუპული ქართველი კაპიტნის მიხეილ ბუხაიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ეწოდა). აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ჩრდილოკავკასიელი მეცნიერი, გეოგრაფიული სახელწოდებების შეცვლის ფაქტების გახსენებისას, საქართველოსადმი დღესაც საკმაოდ უარყოფით განწყობას ამჟღავნებს.

რაც შეეხება რაიონის ეკონომიკურ განვითარებას:

ქლუხორში აღადგინეს გერმანელების მიერ აფეთქებული ჰესი, აიგო რამდენიმე ახალი სამ-ოთხსართულიანი შენობა როგორც ადმინისტრაციისათვის, ასევე მოქალაქეებისათვის. გაძარცული საავადმყოფო შეკეთდა და ხელახლა დაკომპლექტდა ახალი სამედიცინო აპარატურით. აიგო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ახალი ავტოვაგზალი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის რიგი საწარმოები… რაიონის სოფლებში აშენდა სკოლები, სახელოსნო სასწავლებლები, ბიბლიოთეკები. 1945 წლის მაისში კი ექსპლოატაციაში შევიდა ქლუხორის აეროპორტი, საიდანაც ხორციელდებოდა სამგზავრო თუ სატვირთო ავიარეისები სოხუმისა და თბილისის მიმართულებით. 1944 წლიდან ქლუხორში რეგულარულად იბეჭდებოდა ორენოვანი რაიონული გაზეთი “განთიადი”.

კურორტ თებერდაში, რომელიც ქლუხორის რაიონის შემადგენლობაში შევიდა, შეკეთდა 23 სანატორიუმი. მსგავსი სამუშაოები განხორციელდა კურორტ დომბაიშიც.

რაიონის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს სსრ პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეშვიდე სესიამ, რომელზეც 1945 წლის 14 მარტს დამტკიცდა ქლუხორის რაიონის სახელმწიფო ბიუჯეტი 3 მილიარდ 945 ათასი მანეთის ოდენობით. ეს იყო პირველი ბიუჯეტი, რომელიც ახლადშემოერთებულ ტერიტორიისთვის შემუშავდა. მის  საფუძველზე 1946 წელს შეიქმნა ქლუხორის რაიმრეწვკომბინატი, რომელშიც გაერთიანდნენ ტრიკოტაჟის, საკერავი, ტყავის გადამამუშავებელი, ხე-ტყის, ლიმონათის და სხვა საწარმოები. 1946 წლის 23 სექტემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, ქლუხორის რაიონში დაიწყო ქვანახშირის ამოღება, ხოლო 1954 წელს – პოლილითონების საბადოს ექსპლოატაცია.

საინტერესოა, რომ ყარაჩაი-ჩერქეზეთში 1960-70-იან წლებში გამოცემულ სამეცნიერო-კვლევით ლიტერატურაში თითქმის არ არის განხილული ის 15-წლიანი პერიოდი, როცა რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილს საქართველო ფლობდა. იმ შემთხვევაში კი, როცა ავტორები იძულებულნი არიან საქართველო მოიხსენიონ, ამას საკმაოდ უარყოფითი შეფასებები მოსდევს. ასე მაგალითად, ერთ-ერთ ნაშრომში, რომელიც ქალაქ ყარაჩაევსკის (ქლუხორის) ისტორიას ეხება, ნათქვამია: “საქართველოს საპროექტო ორგანიზაცია “საქპროექტმა” 1945 წელს შეიმუშავა ქალაქის განაშენიანების პროექტი, რომელიც მრავალსართულიანი საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების აგებას ითვალისწინებდა, თუმცა გენერალური გეგმის განხორციელება უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა. უფრო მეტიც – მთელ ომისშემდგომ პერიოდში მშენებლობა ძირითადად ინდივიდუალურ სექტორში ხდებოდა, მას შემთხვევითობა ახასიათებდა და ქალაქის სტრუქტურას ამახინჯებდა. 1944-56 წლებში ქალაქში არ აგებულა არცერთი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა. ნამდვილი მშენებლობა მხოლოდ მაშინ გაჩაღდა, როცა ყარაჩაევსკი რსფსრ-ს დაუბრუნდა და ახლად აღდგენილ ყარაჩაი-ჩერქეზეთის ასსრ-ის შემადგენლობაში მოექცა” (იხ. “ყარაჩაევსკი”, ჩერკესკი, 1968, გვ.26).

1956 წლის აპრილის მდგომარეობით, ქლუხორის რაიონის სტრუქტურა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიხედვით, ასეთი იყო: ქლუხორის საქალაქო საბჭო, მაღაროს, ორჯონიკიძის და კურორტ თებერდის სადაბო საბჭოები; ზემო თებერდის, მზისის, ბარის, ახალშენის და მადნისხევის სასოფლო საბჭოები. რაც შეეხება მოსახლეობას, 1956 წლის ივლისისათვის ქლუხორის რაიონის სოფლების მოსახლეობა შეადგენდა 4,1 ათას მცხოვრებს, მათგან უმეტესობა ქართველი იყო – 771 ქართული ოჯახი, ანუ 3 ათასზე მეტი ადამიანი.

როგორ შეიქმნა ახალხევის რაიონი

საერთოდ, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მთიან ნაწილში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველი წლებიდანვე გარკვეული დაძაბულობა შეიმჩნეოდა. ჯერ კიდევ 1925 წელს ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა საქართველოს სსრ-ს, რათა მათთვის გადაეცა მდინარე არღუნის ხეობაში მდებარე ქისტებით დასახლებული სოფლები – ჯარეგო, თერეთეგო, მელხესტი, ცეკარო, სახანო და სხვები. ეს აულები შედიოდნენ თიანეთის მაზრაში. როგორც ჩანს, იმ დროს ოფიციალური თბილისი იოლად დათანხმდა ჩეჩნების თხოვნას. 1927 წელს ქართველ შატილელებსა და ჩეჩენ ჯარეგოელებს შორის საძოვრების გამო დავა წარმოიშვა – ჯარეგოელების აზრით, შატილელებს უფრო მეტი საძოვრები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ამიტომაც სათიბებს დამატებით მოითხოვდნენ. ამჯერადაც დათმობაზე ისევ საქართველო წავიდა… სსრკ ცაკ-ის სპეციალურმა კომისიამ ა.ისლამოვის ხელმძღვანელობით საკითხი სრულიად რუსეთის ცაკ-ის პრეზიდიუმის სხომაზე გაიტანა და სასწრაფო წესით, 1928 წლის 20 აგვისტოს დაამტკიცა.

შატილელები ძალზე ნაწყენი დარჩნენ საბჭოთა ხელისუფლებისადმი. 1939 წელს დავამ ახალი ძალით იფეთქა და როგორც საარქივო წყაროებით ირკვევა, საქმე შეტაკებამდეც კი მისულა. საქართველოს სსრ კომპარტიის დუშეთის რაიკომმა, კონფლიქტის მიზეზების გამოკვლევის შემდეგ, კატეგორიული თხოვნით მიმართა საქართველოს კომპარტიის ცეკას, რათა 1928 წლის დადგენილება გადასინჯულიყო. მიმოწერა თბილისს, მოსკოვს და გროზნოს შორის საკმაოდ გაჭიანურდა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომი დაიწყო…

1944 წლის 7 მარტს მიღებული იქნა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ. მისი პრეამბულა ტრადიციული იყო – სოციალისტური სამშობლოს ღალატი, გერმანელ-ფაშისტებისადმი დახმარება, დივერსიების მოწყობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ბრძანებულების მეხუთე პუნქტში ნათქვამი იყო: “…შევიდეს საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში შემდეგი რაიონები: ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-დან – ითუმ-ყალეს რაიონი არსებული საზღვრებით, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი; გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი”. როგორც სხვა მსგავსი ბრძანებულებები, ეს ნორმატიული აქტიც გაზეთებში არ გამოქვეყნებულა.

რადგან სსრკ-ის ხელმძღვანელებმა ასე გადაწყვიტეს, შესაბამისად, საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომაც 1944 წლის 21 მარტს მიიღო დადგენილება ზემოაღნიშნული რაიონების საქართველოსადმი შემოერთების შესახებ, რითაც, ბუნებრივია, გადაწყდა 1920-იანი წლებში წარმოქმნილი ყოველგვარი სადაო საკითხები – ტყეების, საძოვრების და ა.შ. ბრძანებულების მეოთხე პუნქტში ნათქვამი იყო: “ყოფილი ითუმ-ყალეს რაიონის ცენტრს – სოფელ ითუმ-ყალეს სახელი შეეცვალოს და ეწოდოს ახალხევი”. იმავე ნორმატიული აქტით ჩრდილოეთ ოსეთის გიზელდონის რაიონისა და ჩაჩნეთ-ინგუშეთის პრიგოროდნის რაიონის სამხრეთი ნაწილები შეუერთდა საქართველოს სსრ ყაზბეგის რაიონს.

გადმოცემულ ტერიტორიებზე ზოგადი წარმოდგენა რომ შეგვექმნეს, გავეცნოთ 1944 წელს შემოერთებულ ორ უმთავრეს გეოგრაფიულ-ადმინისტრაციულ ერთეულს – არმხი-ჯეირახ-ასას ხეობებს და ახალხევს (ითუმ-ყალეს).

არმხ-ჯეირახის ხეობაშია ცნობილი ქართული ქრისტიანული ტაძარი – თხაბა-ერდი, რომელიც მე-12 საუკუნეშია აშენებული საქართველოდან ჩატანილი ქვის ფილებით. ხეობა მდიდარია ინგუშური ისტორიული ძეგლებითაც – აქ არის აული ერზი, რომელიც თავისი კოშკებითაა ცნობილი. გეოგრაფიულად ჯეირახი 1944 წლისათვის სწორედ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ პრიგოროდნის რაიონის სამხრეთ ნაწილს წარმოადგენდა. ჩრდილოეთ კავკასიაში ჯეირახი ახლაც და 40-იან წლებშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ და სამკურნალო-დასასვენებელ ზონად ითვლებოდა, შესაბამისად, ბევრი იყო სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები ფილტვების სნეულებიანი ავადმყოფებისათვის. ხეობაში ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი იყო სოფელი ჯეირახი (არმხი), რომელსაც საქართველოსთან შეერთების შემდეგ სახელი გადაერქვა და ეწოდა დარიალი. საერთოდ, ჯეირახის მიმდებარე ადგილებში დღესაც საკმაოდ არის ქართული ტოპონიმებიც, ალბი-ერდისა და თარგიმის ეკლესიების კედლებზე კი შემონახულია ქართული ასომთავრული წარწერები და ფრესკები.

ინგუში მკვლევარების მტკიცებით, “1944-46 წლებში დაცარიელებული ინგუშეთის გეგმაზომიერი ათვისება მეზობელი რესპუბლიკებიდან ჩასახლებულთა ხარჯზე მიმდინარეობდა. ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც ჩრდილო ოსეთს გადაეცა, გადაიყვანეს ოსური ოჯახები საქართველოს სსრ-დანაც (უმეტესად სამხრეთ ოსეთიდან). სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოდან ყოფილ ინგუშეთში დაახლოებით 25-დან 35 ათასამდე ოსი ჩაასახლეს“.

ახალხევის (ითუმ-ყალეს) რაიონი მდინარე არღუნის ხეობაში, მის შუაწელში მდებარეობდა. რა თქმა უნდა, ქლუხორის მსგავსად, ამ ახალ რაიონშიც ქართული ადმინისტრაცია ჩამოყალიბდა, დაიწყო სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ღონისძიებების გატარება. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ახალხევი (ითუმ-ყალე), ჯერ კიდევ ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმებამდე, რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად სასოფლო-სამეურნეო რაიონს წარმოადგენდა, შესაბამისად, გაფართოვდა სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურის, აგრეთვე კარტოფილის ნათესები, აშენდა მეცხოველეობის ფერმები, მოიმატა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ… მოგვიანებით, 1950-იანი წლების დასაწყისში, ახალხევის რაიონი გაუქმდა და მისი ტერიტორია დუშეთის რაიონს შეუერთდა.

ამრიგად, ზოგიერთი საარქივო მონაცემის თანახმად, 1944 წლის ზემოხსენებული ბრძანებულებების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიის ფართობმა მოიმატა თითქმის 76,4 ათასი კვადრატული კილომეტრით, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 26 ათასი ადამიანით. აქვე შევნიშნავთ, რომ ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ტერიტორიული შენაძენი საქართველოსთვის 1919-1921 წლების შემდეგ, როცა ჩვენს ქვეყანას უკვე დაკარგული ჰქონდა ლორე და სოჭის, ზაქათალის, ართვინისა და არტაანის ოლქები.

როგორც მოგვცეს, ისე წაიღეს

1944 წელს საქართველოსათვის ჩრდილოკავკასიური ტერიტორიების გადმოცემა საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. რამდენად სწორი და სამართლიანი იყო ეს? რამდენად მისაღები და სასარგებლო იყო ჩვენთვის ასეთი საჩუქარი? ცხადია, იმ პერიოდში ასეთი შეკითხვების დასმას ვერავინ გაბედავდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიების გადმოცემაზე (ფაქტიურად, ჩუქებაზე) უარს ვინ იტყოდა… არადა, ასეთ საჩუქარში იყო რაღაც უხერხული თუ მიუღებელი – სხვათა უბედურების საფუძველზე საკუთარი მდგომარეობით სიხარულის გამოხატვა, რბილად რომ ვთქვათ, მოსაწონი არ უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ახალი რაიონების მართვა 1940-50-იან წლებში საკმაოდ გაძნელებული იყო – წამოიჭრა ტრანსპორტის, კომუნიკაციების პრობლემა, ახლადშემოერთებული მიწები ბუნებრივი, ძნელად გადასალახავი ბარიერით დაშორებულნი იყვნენ ცენტრს (თბილისს)… საკმარისია აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული ქლუხორ-სოხუმისა და ქლუხორ-თბილისის ავიამარშრუტი, კავკასიონის ქედზე ამინდის ხშირი ცვალებადობის გამო, დიდი შეფერხებით მუშაობდა. მართალია, აშენდა საავტომობილო გზა ქლუხორის უღელტეხილზე, მაგრამ მასზე ტრანსპორტის მოძრაობას მხოლოდ სეზონური ხასიათი ჰქონდა, ხშირი იყო სატელეფონო და სატრანსპორტო კავშირის დარღვევები ახალხევთანაც და ასე შემდეგ.

იოსებ სტალინის სიკვდილის, განსაკუთრებით კი ლავრენტი ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ, კრემლის კულუარებში დაიწყო საუბარი საქართველოსათვის რუსეთის მიწების გადაცემის უსამართლობის შესახებ, რასაც ორიოდე წელიწადში შესაბამისი იურიდიული აქტიც მოჰყვა. ცხადია, საქართველოს ხელმძღვანელობა წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა ცენტრის გადაწყვეტილებას, თანაც მხედველობაში მიიღო ის, რომ მართლაც არსებობდა ზემოხსენებული ობიექტური სიძნელეები ცენტრისგან მოშორებული რაიონების მართვასთან დაკავშირებით და 1955 წლის 10 მარტს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო შემდეგი დადგენილება: “საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, მხედველობაში მიიღო რა ქლუხორის რაიონის ტერიტორიული დაშორება საქართველოსთან და მისი მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიური, კულტურული კავშირები რსფსრ სტავროპოლის მხარესთან, აგრეთვე რსფსრ-ის თანხმობა ქლუხორის რაიონის სტავროპოლის მხარესთან მიერთების თაობაზე, დაადგინა: გადაეცეს საქართველოს სსრ ქლუხორის რაიონის ტერიტორია რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას”.

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ზემოთ ხსენებული დადგენილების მიღების შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია, რომ კრემლში წამოიჭრა საკითხი რეპრესირებული ყარაჩაელი ხალხის რეაბილიტაციისა და მათი მშობლიურ ადგილებში დაბრუნების თაობაზე, რაც მალე განხორციელდა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ქლუხორის რაიონში მცხოვრები ქართველები ყარაჩაელებს გულთბილად დახვდნენ და ხელი შეუწყეს ჩვეული ცხოვრების მოწყობაში, ხოლო როცა სვანები და რაჭველები უკან – სვანეთში და რაჭაში დაბრუნდნენ, მათ თავიანთი ეზო-კარი, ბაღები და ბოსტნები უკლებლივ ყარაჩაელებს დაუტოვეს. 1957 წლიდან, რასაკვირველია, კვლავ შეიცვალა რაიონის ტოპონიმიკა – ქლუხორს ეწოდა ყარაჩაევსკი, ახალშენს – კამენომოსტი, მაღარო გადაიქცა ელბრუსად, მთისძირი – კარტ-ჯურთად, ზედვაკე – ხურზუკად, მადნისხევი – უჩკულანად, მზისა – ნიჟნი თებერდად, შუამთა – დაუთად, შერთულა – მარა-აიგად…

თითქმის იგივე პროცესები მიმდინარეობდა ყოფილ ახალხევის რაიონშიც.

1957 წლის 9 იანვარს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ჩეჩენი და ინგუში ხალხების რეაბილიტაცია და მათი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის აღდგენა განახორციელა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა შემდეგი დადგენილება მიიღო: “ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის აღდგენასთან დაკავშირებით, დაუბრუნდეს რსფსრ-ს ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ნაწილი, რომელიც შედგება ყოფილი ითუმ-ყალეს რაიონისაგან, აგრეთვე გალანჩეჟის, გალაშკის, შაროის, პრიგოროდისა და გიზელდონის რაიონების ნაწილებისაგან. ამის შესაბამისად, ჩაითვალოს აღდგენილად საქართველოსა და რუსეთის სფსრ-ის საზღვარი, რომელიც 1944 წლის 7 მარტამდე არსებობდა…”. ასევე დაუბრუნდა ჩრდილოეთ ოსეთს გიზელდონის რაიონის სამხრეთი ნაწილი.

ისევე როგორც ქლუხორის რაიონში, აქ მცხოვრები ქართველებიც ყველანაირად ეხმარებოდნენ სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებსა და ჩეჩნებს – დაუტოვეს მეცხო-ველეობის ფერმები, ბინები, ბაღები… მოკლედ, ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მათთვის დაბრუნებული ტერიტორიების მთელი სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურა.

სიმონ კილაძე, ანალიტიკოსი

პაატა კოღუაშვილი, პროფესორი