ქვეყანაში მთიანი სოფლების (აღდგენის) აღორძინების გზები
ბოლო წლების განმავლობაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში უამრავი პრობლემები დაგროვდა, მათ შორის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიგვაჩნია სოფლების, (სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების) განსაკუთრებით პირველ ეტაპზე მთიანი რეგიონების სოფლების აღორძინების საკითხი.
მოგეხსენებათ, რომ საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა, სადაც ნიადაგურ-კლიმატური პირობებით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან (იყოფა 16 ზონად და 6 ქვეზონად) ნიადაგის დამუშავების სისტემებით, წინამორბედი კულტურების, თანამედროვე ინტენსიური (დარაიონებული) გავრცელებადი ჯიშების და ჰიბრიდების შერჩევით, მათი აგროტექნიკური საკითხების შესწავლით. ერთწლოვანი მინდვრის კულტურების, მარცვლეული, მარცვლოვან-პარკოსანი, ბოსტნეულ- ბაღჩეული, მრავალწლოვანი და ერთწლოვანი საკვები ბალახების, ტექნიკური კულტურების, მრავალწლოვანი ნარგაობის ხეხილის, ვენახის, კენკროვანი კულტურების მოვლა-მოყვანით, მეცხოველეობის დარგის განვითარებით და სხვა.
აღნიშნულ წინასწარ შერჩეულ ნიადაგურ-კლიმატურ მიკროზონებში მოყვანილი პროდუქტი უნიკალურია და მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან მოსავლიანობით და რაც მთავარია ხარისხობრივი მაჩვენებლებით და გემური თვისებებით. მაგალითად; მეხილეობაში, მევენახეობაში, ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებში და სხვა.
სწორედ ასეთი განსხვავებული ნიადაგურ-კლიმატური პირობები და მიკროზონები უნდა იქნას გამოყენებული ადგილებზე სოფლებში და შესაბამისად განვითარდეს სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების მიხედვით პროდუქციის წარმოება, მოთხოვნილების შესაბამისად,. შეიქმნას მცირე გადამამუშავებელი საწარმოები რეგიონების მიხედვით,რათა ადგილებზე (გლეხებს) ფერმერებს მიეცეთ საშუალება მოყვანილი პროდუქციის დროულად და უდანაკარგოდ მოახდინონ მისი რეალიზაცია შესაბამისი ფასებით.
როგორც ზემოთ აღინიშნა ქვეყანაში ამჟამად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია მთიანი რეგიონების სოფლები, მათი უმეტესი ნაწილი დაცლილია ნაწილი თანდათანობით იცლება, გატარებულმა ღონისძიებებმა,სახელმწიფოს მხრიდან საკითხის მოგვარების მიზნით სრულყოფილი შედეგი არ გამოიღო.
ქვეყანაში მიწების პრივატიზაციის არასწორად უგეგმოდ ჩატარებამ, მისმა დაქუცმაცებამ სოფლებს სხვა საკითხებთან ერთად უამრავი პრობლემები შეუქმნა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვერ იყენებს მიწებს და მიტოვებულია. ამას ემატება სოფლებში დარჩენილი მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, ტექნიკის უკმარისობა, ინფრასტრუქტურის არარსებობა, ხშირ შემთხვევაში მოწეული პროდუქციის ფასი თვითღირებულებაზე დაბალია და უამრავი სხვა მოუგვარებელი პრობლემებია სოფლად.
აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორება მიტოვებული, გაპარტახებული, დაშლის პირას მისული სოფლები, განსაკუთრებით მხედველობაში გვაქვს მთიანი რეგიონების სოფლები,სადაც უნიკალური პირობებია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარებისათვის (მეცხოველეობა, მეხილეობა, მევენახეობა, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები, ტურიზმი და სხვა უამრავი დარგები) თანამედროვე პირობებში გვესახება შემდეგნაირად:
ვინაიდან რეგიონებში,მაღალ მთიან სოფლებისთვის სტატუსის განსაზღვრამ,პენსიების მომატებამ,ფულადი დახმარებების გაწევამ და მოსახლეობის ერთი სოფლიდან მეორე სოფელში მაცხოვრებლების კოოპერატივში ფორმალურმა გაერთიანებებმა 20-20 ლიტრი საწვავის დარიგებამ შედეგი არ გამოიღო.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია თუ გვინდა ქვეყანაში განვითარდეს (აღსდგეს) მთიანი რეგიონების სოფლები, სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგები, უშუალოდ სოფლის ბაზაზე ჩამოყალიბდეს კოოპერატივები,(შესაძლებელია მოხდეს მოსაზღვრე სოფლების გაერთიანებაც),სადაც მოხდება მოსახლეობაზე გაცემული მიწების გაერთიანება, ასევე თუ არის დარჩენილი სახელმწიფო მიწები, სახნავ-სათესი, საძოვრები, ტყე და დაერქვას სახელი სოფლის სახელწოდება„ მაგ. კოოპერატივი „სურები“ კოოპერატივი „უხუთი“ და ა,შ. შეიქმნას ადგილზე მმართველი ორგანო და მიეცეს იურიდიული სტატუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით შეიძლება ვიღაცამ თქვას, ამას წარსულში უნდა დაბრუნებაო, არა ბატონებო არავითარი წარსული, იმ წარსულს მე მოვესწარი და კარგად ვიცნობ, თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეებით, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას ბევრი კარგიც იყო, სწორედ იმ კარგის გათვალისწინებით ვიხელმძღვანელოთ დღეს, პირველ ეტაპზე მთიანი რეგიონების სოფლებში კოოპერატივების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
ქვეყანაში ყველგან ბარში და მაღალმთიან რეგიონის სოფლებში დადგენილი იყო სოფლის საზღვრები, მიწის ფონდი, სახნავ-სათესი, საძოვარი, მოსახლეობის რაოდენობა, ცალკეული დარგების მიმართულება, მევენახეობა, მეხილეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა, მებოსტნეობა, მარცვლეულის წარმოება და ა, შ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა აღსდგეს სოფლის ძველი საზღვრები, აღირიცხოს მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ამჟამად, ასევე აღირიცხოს სოფლიდან წასული ხალხი, რომლებსაც გააჩნიათ ქონება( მიწა) და სურს უკან დაბრუნება. განისაზღვროს სოფლის მეურნეობის რა დარგი უნდა განვითარდეს. სახელმწიფოს დონეზე შეიქმნას მუშა ჯგუფი რომელიც დაკომპლექტდება სპეციალისტებით; კერძოდ სოფლის მეურნეობის დარგის მუშაკებით, ეკონომისტებით, იურისტებით და სხვა. წინასწარ შემუშავებული მონაცემების საფუძველზე დამუშავდეს სოფლის განვითარების ბიზნეს გეგმა. შემუშავებული ბიზნეს გეგმის მიხედვით კონკრეტულ სოფელს სახელმწიფოს მხრიდან უნდა გამოეყოს უპროცენტო კრედიტი, რომლის გამოყენება მოხდება უშუალოდ ბანკიდან, ეტაპობრივად მიზნობრივად, გაწერილი ბიზნეს გეგმის მიხედვით.რომლის გადახდა დაიწყება ხუთი წლის შემდეგ წინასწარ დადგენილი შესაბამისი პროცენტით. ხუთი წლის შემდეგ შესაბამისი პროცენტის გადახდის დაწყება უნდა მოხდეს იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობის ნებისმიერი დარგი თუ სწორად იქნება დაგეგმილი განვითარდება სრულყოფილად, გარანტირებულ მოგების წინაპირობაა.
ასევე პარალელურად სახელმწიფოს მხრიდან უნდა დაიგეგმოს სოფლის განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა, გზა, წყალი, გაზი, სკოლა,სამედიცინო მომსახურება და სხვა.
წინასწარ შერჩეულ კონკრეტულ სოფელში ბიზნეს გეგმის მიხედვით დაგეგმილი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის (მიზნობრივად) თანხების ხარჯვას ადგილებზე მუნიციპალიტეტებში მონიტორინგს უნდა უწევდეს საინფორმაციო სამსახურის სპეციალისტები.
აღნიშნული საკითხის ასეთი სახით წამოწევა გავბედე იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვაკვირდები თუ როგორ იცლება და ნადგურდება განსაკუთრებით მაღალ მთიანი სოფლები, ( თუმცა არც დაბლობ სოფლებშიც არის კარგი მდგომარეობა), მართალია ჩემს ამ სტატიაში( მოსაზრებაში) ყველაფერს ამას დეტალურად ვერ გადმოვცემ, მაგრამ თუ იქნება სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნება, სწორი მიდგომა არსებული საგანგაშო მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ჩაერთვება სპეციალისტთა ჯგუფი საკითხის დეტალების გარკვევის და მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ჩემის აზრით სწორი მიდგომა იქნება.
აღნიშნულ პრობლემებზე თუ ვინმე გამოგვეხმაურება, იქნება წინადადებები, შენიშვნები სიამოვნებით იქნება გათვალისწინებული, მთავარია მდგომარეობა გამოსწორდეს.
ადოლ ტყეშელაშვილი, სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა დოქტორი, სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრის მთავარი აგრონომი