დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქვევრის  პირის  ჰერმეტული  დახურვა (ტრადიციული  მეთოდები)

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ქვევრის პირზე დახურული ბადიმი და მის ზემოთ განთავსებული ყველა მაჰერმეტიზებელ საშუალებათა ერთობლიობა ქვევრის თავს წარმოადგენს. ქვევრის პირის ახდა გვიხდება, როგორც ქვევრის მოვლისას, ისე მასში ღვინის ჩასხმა-ამოღების დროს. ქვევრის პირიდან სახურავის ახდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მარნებში განსხვავებულია, ასევე, განსხვავებულია მათი დახურვის მეთოდები.

აღმოსავლეთ საქართველოში ქვევრის პირს ზემოთ ორმოს დიამეტრი 15-20 სმ-ით მეტია ქვევრის ფარფლის გარე რკალის დიამეტრზე და მშრალი მიწის მოშორების შემდეგ ქვევრის სარტყელი იმდენად შიშვლდება, რომ ფარფლის გარე რკალზე ხელის შემოსმა შეიძლება, იხ. ნახ.12. სადაც 12/1-ორმოს ამოშენებული აგურის წყობაა. 12/2-ქვევრის თავსახური ბრტყელი ქვა, 12/3-მაჰერმეტიზირებელი თიხის რგოლი. აღმოსავლეთ საქართველოში ქვევრის პირსახურად მრგვალ-ბრტყელ სიპ ქვას იყენებენ. ქვევრში ღვინის ჰერმეტულად დახურვის მიზნით ფარფლზე სიპ ქვას აყალოს რგოლით აწებებენ (დღეს არის თიხის შემცვლელი სხვა სპეციალური საშუალებები). გამრგვალებული მაჰერმეტიზებელი თიხის დიამეტრი საშუალოდ 13-15 მმ. უნდა იყოს. თიხის რგოლი ფარფლს შუა რკალზე უნდა დაიდოს, შემდეგ კი მასზე ბრტყელი სიპი ქვა დაადოთ და ფეხის დაჭერით ფარფლზე დაასრისოთ. ქვის დაწებების შემდეგ, მის ზემოთ ცარიელ ორმოს მშრალი მიწით ავსებენ და კოკოლას უკეთებენ.

აღმოსავლეთ საქართველოში ქვევრის პირის ახდა შემდეგნაირად ხდება: პირველ რიგში, ქვევრის ორმოს მშრალი მიწისგან ათავისუფლებენ, ამის შემდეგ კი ახდიან სიპ ქვას. რადგან ქვევრის ფარფლსა და სიპ ქვას შორის მაჰერმეტიზებელი თიხა ფარფლზე კარგადაა დასრესილი, ამიტომ ფარფლი და სიპი ქვა თიხითაა დასვრილი, რომლის გასაწმენდად მარანში ხის „ლაფარა“ აქვთ, რომლითაც როგორც ქვევრის ფარფლს, ისე პირსახურ ქვას წმენდენ, შემდეგ კი ქვევრის ფარფლზე და სახურავზე დარჩენილი თიხა სველი ტილოთი უნდა მოიწმინდოს. ამ პრობლემას აიშორებთ, თუ თიხის ნაცვლად ქვევრს მისი შემცვლელი საშუალებებით დახურავთ, რომლებიც ფარფლს არ ეწებება, არ სვრის და უფრო ჰიგიენურია.

დასავლეთ საქართველოში ქვევრის პირის ახდა-დახურვა აღმოსავლეთში გავრცელებული მეთოდისაგან განსხვავებულია. დასავლეთში ქვევრს ბრტყელი ქვის ნაცვლად ცეცხლის ალზე გარუჯული ხის ნახევარწრიული ორი ბადიმით ხურავენ, ხოლო ქვევრის პირს ზემოთ ცარიელ ორმოს მშრალი მიწის ნაცვლად გადაზელილი აყალო თიხით გოზავენ და მით ახდენენ ქვევრში ღვინის ჰერმეტიზაციას, რომელიც საუკეთესო მაჰერმეტიზებელ საშუალებად უნდა ჩაითვლოს, ანუ აქ არ ხდება ქვევრის ფარფლზე ნედლი თიხის რგოლით ბადიმის დაწებება. ამასთანავე, ორმოს დიამეტრი 30-35 მმ-ით ნაკლებია ქვევრის ფარფლის დიამეტრზე, ანუ ფარფლს ზემოთ ცარიელი ორმო გაცილებით მცირე ზომისაა, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს სინამდვილეშია. თიხით დაგოზვის შემდეგ, ქვევრს ზემოდან ცელოფნის ან რეზინის ფირს (მშრალი მიწა, თიხაში რომ არ შეერიოს და ნესტი არ გაიწოვოს) აფარებენ, ფირს კი ზემოდან მშრალ მიწას აყრიან და მით უკეთებენ კოკოლას. ბევრგან არც ამას სჯერდებიან და მზის სხივებისგან დაცვის მიზნით (თუ მარანი ღია ცის ქვეშაა) მუხის მწვანე ტოტების კონას აფარებენ. ზემო იმერეთში ასეთ კონას ჯარჯს ეძახიან და მის შესაკრავად, მხოლოდ მუხის ტოტებს იყენებენ, რომელიც მაისის თვეში უნდა მოიჭრას (იმ დროს, როცა ყლორტი და ფოთოლი კარგად წამოიზრდება სწორედ ამ დროსაა ფოთოლი კარგად მიკრული ყლორტზე და გახმობის შემდეგაც არ ცვივა).

როგორც ხედავთ, დასავლეთ საქართველოს სინამდვილეში ქვევრის დახურვა  განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული მეთოდისგან. ასევე, განსხვავებულია ქვევრის თავის ახდა. ქვევრის თავის ასახდელად დასავლეთ საქართველოს მარნებში ძირითად სამუშაო იარაღს თოხი და ხის ბარი წარმოადგენს (ხის ბარი, იმიტომ რომ ქვევრის ფარფლზე მოხვედრის შემთხვევაში ფარფლა არ აზიანებს). პირველ რიგში, ქვევრის თავიდან თოხით აშორებენ მშრალი მიწის კოკოლას, შემდეგ კი ფარფლის გარშემო ხის ბარით შემოჭრიან აყალო თიხას, ამოიღებენ ორმოდან და სპეციალურად მისთვის დაფენილ ცელოფნის ან რეზინის იმ ფირზე გადაბრუნებულ მდგომარეობაში დებენ, რომელიც ქვევრის თავს ეხურა. ამის შემდეგ, ქვევრის პირიდან ხის ბადიმებს ახდიან და თიხით დასვრილი მხრიდან თიხის თავსახურზე აწყობენ. რადგან ფარფლზე ხის ბადიმი თიხის რგოლით არაა დაწებებული, ამიტომ ქვევრის ფარფლი სუფთაა. თუ ფარფლიდან თიხის აფხეკა გახდა საჭირო, ამას ხის ბარით ან ხის პატარა ლაფარით აკეთებენ. ფარფლის გასუფთავების შემდეგ, ქვევრი პირახდილად ითვლება.

ქვევრის დახურვის დასავლეთ სქართველოში გავრცელებული მეთოდის დიდი უპირატესობა აღმოსავლეთში გავრცელებული მეთოდისგან მისი ჰერმეტიზაციის საიმედოობასა და მუდმივობაშია, ანუ არაა საჭირო თიხის რგოლის გამოცვლა. ნებისმიერი ზომის ხის ბადიმის გამოჭრაც დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. უარყოფითი კი, ალბათ, ისაა, რომ მისი მოხდა-დახურვა აღმოსავლურ მეთოდთან შედარებით მძიმეა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვევრის გახსნა-დახურვის ორივე ეს მეთოდი, ქართული ტრადიციულია და უხსოვარი დროიდან ემსახურება ქართულ მეღვინეობას. მეთოდი მისადაგებული იყო ოჯახურ მეღვინეობასთან და დღემდე შეცვლას არ საჭიროებდა. შემდგომში კი ქვევრი მსოფლიო მეღვინეობის ძირითადი ჭურჭელი უნდა გახდეს, ამიტომ დიდ მარნებში განსხვავებით ჩვენი წინაპრის რამდენიმე ათეული ქვევრისა, ასობით ქვევრი იქნება ჩადგმული. ამიტომ თუ ქვევრის თავის მოხდა-დახურვის მეთოდი არ შეიცვალა (გამარტივების მიმართულებით), დიდ შრომით დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. ვფიქრობთ, ჩვენს მიერ შემუშავებული ქვევრის გახსნა-დახურვის ახალი მეთოდი (რომელიც სხვა თავშია განხილული), საგრძნობლად გააიოლებს ქვევრის მოხდა-დახურვას. დღეს სხვა ენთუზიასტებიც ბევრ ამდაგვარ სიახლეს გვთავაზობენ, რომელთა შეკრება-გაანალიზება, ერთ, ყველასათვის მისაღებ იოლ და საიმედო მეთოდამდე მიგვიყვანს.

ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის                             

უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის

ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/,

ტელ. 551 333 155