აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

 ქვევრის სტანდარტი _ რატომ არის  აუცილებელი სტანდარტული ქვევრების აშენება

 მართალია, ჩვენ წინაპრებს ქვევრის ტევადობის მიხედვით მისი კედლის სისქის სტანდარტი თიხის ფირფიტაზე დაწერილი არ დაუტოვებიათ (ჩვენთან ასეთი არტეფაქტი დღემდე მიკვლეული არ არის), მაგრამ  ამის მიუხედავად, ადრე ყველა მექვევრემ იცოდა, რა ტევადობის ქვევრი რა სისქის კედლით უნდა აეშენებინა.

ამის ნათელი მაგალითი ის უძველესი ქვევრებია, რომლებიც მრავლადაა მიკვლეული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და არა მარტო აქ. მათ ეს ცოდნა საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით მიიღეს და თაობიდან თაობაზე გადაცემით საუკუნეები გამოატარეს. დღეს კი ეს ცოდნა, შეიძლება ითქვას, უგულებელყოფილია და მექვევრე ოსტატები ქვევრის სიმაგრეს კედლის სისქეზე კი არ ხდიან დამოკიდებულს, არამედ ქვევრის დაკირვა-დაცემენტებაზე, რაც არასწორია. ქვევრს თავისი საბაზისო სისქე ისეთი უნდა ჰქონდეს, რომ დაუკირავადაც არ შეექმნას პრობლემა.

ცნობილი ქართველი ეთნოგრაფი, პროფესორი ლევან ფრუიძე წერს, – „რაჭველებს აქვთ ასეთი გამოთქმა: „ცხოვრებაში სამ რამეს უნდა გაფრთხილება: სახლის საძირკვლის გამართვას, ცოლის თხოვასა და ჭურის შეძენასო“. ადრე ჭურის შეძენის დროს არა მარტო რაჭაში, არამედ საქართველოს ყველა კუთხეში დიდ ყურადღებას იჩენდნენ და ქვევრის, მით უმეტეს, დიდი ქვევრის ყიდვა-გაყიდვა გარკვეული პირობით ხდებოდა. უპირველესი პირობა ის იყო, რომ მექვევრე პასუხს აგებდა ქვევრის ხარისხზე და პრობლემის შემთხვევაში არა მარტო ქვევრი უნდა შეეცვალა, არამედ მყიდველის მიერ გაწეული სხვა ხარჯიც უნდა ეზღო. ამიტომ მექვევრე მყიდველის მოტყუებას არ ცდილობდა, რადგან ქვევრის გაყიდვით არაფერი მთავრდებოდა, პირიქით, ის უფრო რთული და პასუხსაგები ურთიერთობის დასაწყისი იყო.

არქეოლოგების მიერ მიკვლეული უძველესი ქვევრები, ზომების მიხედვით, 30-50 მმ. სისქის კედლითაა აშენებული. რა თქმა უნდა, შენდებოდა პრობლემური ქვევრებიც (თხელი კედლით). ჩვენი წინაპარი ქვევრის გამოწვას 5-7 დღეს ანდომებდა. დღეს კი მექვევრე ქვევრის გამოწვას ყველაზე დიდს, სამ დღეს ანდომებს. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ მიერ აშენებული ქვევრების კედლის სისქე 30-35 მმ-ია. შედავებასაც აზრი არ აქვს, რადგან ქვეყანას დღემდე არ აქვს ქვევრის კედლის სისქის სტანდარტი, სადაც გაწერილი იქნება კედლის სისქე ტევადობის მიხედვით, ამიტომ შენს „პრეტენზიას“ ვერაფრით დაიცავ. სამწუხაროდ, დღეს არც მექვევრეთა სურვილია, ეს სტანდარტი თვითონვე დაუდგინონ თავიანთ თავს ისე, როგორც ამას მათი წინაპარი აკეთებდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მყიდველსაც არაფერი სმენია იმის შესახებ, გარკვეული ზომის ქვევრი, გარკვეული სისქის კედლით რომ უნდა შენდებოდეს. სამაგიეროდ, ყველასთვის ცნობილია, თუ რა არის ხელშეკრულება, როგორ და რისთვის იდება ის, ამიტომ თუ არ გვაქვს ქვევრის სისქის სტანდარტი, მაშინ მექვევრესა და მყიდველს შორის შეკვეთილი ან შეძენილი ქვევრის ხარისხზე უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, სადაც ჩაიწერება, თუ  რა ფორმით აგებს პასუხს მექვევრე უხარისხო ქვევრის აშენება-რეალიზაციისთვის.

როგორც აღინიშნა, ქვევრის სტანდარტის საქმე მოსაგვარებელია და ვისაც ეს ევალება, დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს, რადგან 3-ტონიანი ქვევრი, სულ მცირე 50 მმ. სისქის კედლით უნდა აშენდეს, დღეს კი ასეთი ზომის ქვევრს არა უმეტეს 40 მმ. სისქე აქვს და ქურაში სულ დიდი, სამი დღე-ღამეს აყოვნებენ. თუ ასეთი ტევადობის ქვევრს სტანდარტული 50 მმ. სისქის კედლით აშენდება და ქურაში სამს დღეს დააყოვნებენ, ქვევრი გამოუწვავი დარჩება. ამიტომ აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა ზომის ქვევრი რა სისქის კედლით უნდა აშენდეს და რამდენხანს უნდა გამოიწვას ქურაში.

დღეს მექვევრეთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ 50-60 მმ. სისქის კედლის სრულყოფილი გამოწვა შეუძლებელია და ამიტომ აშენებენ თხელკედლიან ქვევრებს. ეს მართლაც ასეა, 50 მმ. სისქის კედლიან ქვევრს  სამ დღეში ნორმალურად ვერ გამოწვავ, მისი 5-6 დღით ქურაში დაყოვნება კი დღემდე არავის უცდია. აქ ჯერ ისაა დიდი შეცდომა, რომ მექვევრეს ქურაში ტემპერატურა 820-8500C-ზე (შეშა მეტ ტემპერატურას არ იძლევა) ორ დღეში რომ აჰყავს; მეორე ის, რომ ამ ტემპერატურაზე ასვლისთანავე შეშის შეკეთებას წყვეტენ და გამოწვას ამთავრებენ. ამ ტემპერატურაზე თიხა ცხობას იწყებს და გამოწვის პროცესი 20-24 სთ. უნდა გაგრძელდეს, შემდეგ კი წაბლის ან წიფლის შეშა უნდა შეუკეთოთ, ქურაში ტემპერატურა 1000 გრადუსზე აიყვანონ და ამ ტემპერატურაზე ქვევრი, 4-6 საათს უნდა დააყოვნონ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვევრის გამოწვის ძველი ტრადიციული წესები ეთნოგრაფთა ნაშრომებშია მოცემული და თუ მის გაცნობას მექვევრე მოინდომებს, პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა ისაა რომ ამის სურვილი მექვევრეთაგან არავის უჩნდება. ასევე, გამოუყენებელია პროფესიონალ კერამიკოსთა ცოდნა, სამწუხაროდ, მეცნიერებასა და წარმოებას შორის ასეთი კავშირი გაწყვეტილია, მის აღდგენაზე კი ხელისუფლება არ ზრუნავს, რაც ქვევრთან მიმართებაში საბოლოოდ კატასტროფად დაგვიბრუნდება (დაიკარგება ქვევრისადმი ნდობა). ამიტომ გამოსავალი, რომელიც მოძებნილია დაკირვის სახით, უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არა კედლის სისქის ძლიერ შემცირების ხარჯზე.

სამწუხაროა, რომ დღეს ექსპორტზე არასტანდარტული სისქის კედლიანი ქვევრები გააქვთ და მათი ღვინის დაწოლით გახეთქვის შემთხვევაში, სამუდამოდ დაიკარგება ჩვენი ქვევრებისადმი ნდობა. იყალთოში აშენებული ქვევრის აკადემიის მესვეურები გვპირდებოდნენ, რომ მუშაობენ დანადგარზე, რომლითაც შეამოწმებენ ახალი ქვევრების საიმედოობას. მათი გეგმით, მომავალში ექსპორტზე ქვევრი მხოლოდ ამ ტესტის გავლის შემდეგ უნდა გასულიყო (მომავალში ასეთი სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ საქართველოში გასაყიდ ყველა ქვევრზე). სანამდე იყალთოელები დანაპირებს შეასრულებენ, მანამდე აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ შევამოწმოთ ახალი ქვევრის საიმედოობა. ქვევრის სიმაგრის დადგენის დროს მისი დაცემენტებით გაზრდილი სიმტკიცე მხედველობაში არ მიიღება, რადგან ქვევრი, დაცემენტების გარეშე უნდა იყოს საიმედო ჭურჭელი. როცა ასეთ ქვევრს დაკირვით მიღებული სიმტკიცე დაემატება მაშინ გვექნება ყველა კატაკლიზმების გამძლე სანდო ქვევრი, რომლის ექსპორტზე გაგზავნა საშიში აღარ იქნება.

ქვევრის სიმტკიცე შემდეგნაირად შეამოწმეთ: ახალი ქვევრი დააყენეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში (ჩასვით 40-50 სმ. სიღრმის ორმოში), აავსეთ წყლით და 16-20 სთ-ით დააყოვნეთ. ხარისხიანი ქვევრის სველმა კედელმა წყლის სიმძიმესაც უნდა გაუძლოს და კედელგაუსანთლავი ქვევრის კედლიდან არც წყალმა უნდა გაჟონოს იმ ფორმით, რომ მისი გარეთა კედელი სველი იყოს (კედლიდან წყლის აორთქლებამ კედლის გარე ზედაპირი მშრალად უნდა შეინახოს, ისე, როგორც ეს მუხის კასრის შემთხვევაში ხდება), თუ ქვევრის სველმა კედელმა წყლის დაწოლას გაუძლო, ამ სიმაგრეს დამატებული დაკირვა და ქვევრის გარშემო შემოტკეპნილი მიწა, მისი საიმედოობის გარანტიას იძლევა. რაც შეეხება წყლის გაჟონვას, ამ დროს დასაშვებია ქვევრის კედელს გარედან, რამდენიმე ადგილზე, სისველის კვალი ემჩნეოდეს.

ქვევრის კედლის სისქის სტანდარტი   
 ნებისმიერი ჭურჭლის შეფასების ზღვარი მის საიმედოობაზე გადის. ქვევრის საიმედოობა მტვრევის მიმართ მის მედეგობაზეა დამოკიდებული, მტვრევისადმი მედეგობა კი, პირველ ყოვლისა, ქვევრის კედლის სისქესა და კაზმში ცხიმიანი თიხის რაოდენობაზე.

Без названия (3)

როგორც ცნობილია, ქვევრი რამდენიმე ლიტრიდან რამდენიმე ტონის ტევადობის შენდება, ამიტომ კედლის სისქე მათ ტევადობაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ქვევრის საშენი თიხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი მცირე ზომის ქვევრის სისქე 12-13 მმ. მაინც უნდა იყოს, მოზრდილი ზომის ქვევრები, 400 ლიტრამდე ტევადობით (რომელთა რეცხვა ზემოდან, ქვევევრში ჩაუსვლელად ხდება), ზომების მიხედვით, 15-20 მმ სისქის კედლით უნდა აშენდეს. ქვევრის კედლის სისქეს განსაკუთრებული ყურადღება დიდი ზომის (ჩასავალი) ქვევრების შენების დროს უნდა მიექცეს. ერთტონიან ქვევრს 35 მმ. სისქის კედელი მაინც უნდა ჰქონდეს, 1,5 ტ. ქვევრს კი – 35-40 მმ. ორტონიანი ქვევრი 40-45 მმ. კედლის სისქით უნდა აშენდეს, ხოლო 2,5-3 ტ. ტევადობის ქვევრს 45-50 მმ. 1-2- და 3-ტონიანი ქვევრები სამრეწველო დანიშნულებისაა, ამიტომ მათი კედლის სისქე მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული და შენების დროს დაცული. რაც შეეხება სამ ტონაზე მეტი ტევადობის ქვევრებს, ისინი სპეციალური შეკვეთით უნდა აშენდეს და სამტონიანი ქვევრის სტანდარტით გათვალისწინებულ კედელს ყოველ ტონაზე 5-8 მმ. სისქე უნდა დაემატოს. ასევე, ანგარიში უნდა გაეწიოს კაზმში ცხიმიანი თიხის რაოდენობას, რადგან, ცხიმიანი თიხა, კაზმში ცემენტის ანუ შემკვრელის როლს ასრულებს და რაც უფრო მეტი რაოდენობითაა კაზმში (გარკვეულ ნორმამდე), მით უფრო მაგარია ქვევრის კედელი და მით უფრო ნაკლები სისქის კედლით შეიძლება მისი აშენება.

მართალია, ქვევრის სისქის სტანდარტი მოითხოვს, რომ 3-ტონიანი ქვევრი 5-6 სმ. სისქის კედლით აშენდეს, მაგრამ ასეთი ქვევრის შრობა და გამოწვა პრობლემურია, ხშირია შემთხვევა, როცა ქვევრის კედელი შრობის ან გამოწვის დროს იბზარება და სკდება. ასევე, ხშირია, როცა კედლის შუაში თიხა გამოუწვავი რჩება, ამიტომ ვიდრე ქვევრის წარმოების ჩვენი ინდუსტრია სქელკედლიანი ქვევრის გაშრობა-გამოწვას ისწავლის უნდა ინახოს ოქროს შუალედი, რომელიც პირადად ასე წარმომიდგენია _  2,5-3-ტონიანი ქვევრი საშუალოს 40 მმ. სისქის კედლით აშენდეს, ხოლო კედლის გამაგრების მიზნით ის უნდა დაიკიროს, ანუ თიხის კედელს სიმაგრისთვის 40-50 მმ. სისქის კირის კედელი უნდა დაემატოს. კირი, გარდა იმისა, რომ კედელს ამაგრებს, ანტისეპტიკია და ქვევრის კედელს გარედან მავნე მოკროორგანიზმების გავლენისგან დაიცავს.

          საქართველოში მიკვლეულ მარნებში უამრავი დიდი ზომის ქვევრია, რომელთა სისქე 40 მმ-ს არ აღემატება. მართალია, საუკუნეების განმვლობაში მოხმარების დროს მათმა სისქემ მოიკლო, მაგრამ ისინი არც თავიდან იქნებოდა სქელკედლიანი. მიუხედავად ამისა, ბევრმა მათგანმა ბევრ მიწისძვრას და კატაკლიზმებს გაუძლო. მათი მედეგობა კაზმში ცხიმიანი თიხის მეტობით უნდა აიხსნას და ჩვენმა მექვევრემ დღესაც ფართოდ უნდა გამოიყენოს ქვევრის კედლის გამაგრების ეს მეთოდი.

ქვევრის შენებას ძირში სქელი კედლით იწყებენ, შემდეგ რაც უფრო უმატებენ კედელს სიმაღლეს, მისი სისქე იკლებს. ყელის წაბმის ადგილზე კი ის შეიძლება, ძირის კედლის სისქის ნახევარი იყოს, ამიტომ ზემოთ დასახელებული კედლის სტანდარტული სისქის ზომები ქვევრს მუცლის დიამეტრის ზონაში და მის ქვემოთ უნდა ჰქონდეს, რადგან სწორედ შუას ქვემოთ კედელზე მოდის ღვინისგან ყველაზე მეტი დაწოლა, ანუ ქვევრის კედლის სისქის სხვადასხვაობა გამოწვეულია მასში ჩასხმული ღვინის, კედელზე დაწოლის თანაბრად გადანაწილების მიზნით. ზომების მიხედვით კედლის სისქის ყველა ზემოთ მოყვანილი ზომა პირობითია და ნიშნავს არანაკლებს, რადგან ქვევრი მით უფრო საიმედოა, რაც უფრო სქელი კედლითაა აშენებული და ხარისხიანად გამომწვარი.

ისე, როგორც ქვევრის შენების სტანდარტია დასადგენ-დასაწერ-მისაღები, დასაწერია მისი კედლის სისქის სტანდარტიც, რადგან უსტანდარტო თხელი კედლით აშენებული ქვევრი (ისეთი, როგორსაც დღეს მექვევრეთა უმრავლესობა აშენებს), მასში ჩასხმულ ღვინოს ვერ უძლებს და სკდება, რის შემდეგაც ქვევრისადმი ნდობა იკარგება და მისი მსოფლიო მეღვინეობაში კი არა, საქართველოში დამკვიდრებაც გაჭირდება.

ჟორა გაბრიჭიძე,

ტელ: 551-333-155