აგროსიახლეები

ჭიათურის სოფელ მანდაეთში კომპანია „ქვევრულა“ გამოუსანთლავი ქვევრის საწარმოს აშენებს

კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ჩინჩალაძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ საწარმო მშენებლობის დასრულებისთანავე, ანუ ივლისში ამოქმედდება და პირველ ეტაპზე დაახლოებით 50 ადამიანს დაასაქმებს.

ტრადიციურლი ქვევრის წარმოების გამოცდილების მქონე ალექსანდრე ჩინჩალაძე განმარტავს, რომ გამოუსანთლავ ქვევრზე მოთხოვნა დიდია და პარტნიორებმა ინვესტიციის ჩადება ამ წარმოებაში სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს.

„მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზეც გვაქვს, თუმცა პირველ ეტაპზე ჩვენს ბაზარზე გავიტანთ, სადაც ინტერესი როგორც დიდი ღვინის მწარმოებლებისგან, ასევე მცირე მარნებიდანაც არის.

გამოუსანთლავი ქვევრის ქარხანა 3 ჰა მიწის ფართობზე იქნება განთავსებული. პროექტი საწარმოო შენობასთან ერთად, დამხმარე ფართების მშენებლობასაც მოიცავს. საწარმოს მშენებლობა უკვე დაწყებულია და დასრულების შემდეგ, ორ თვეში ამოქმედება. ერთ წელში აშენდება დამხმარე ფართები და საწარმო სრული დატვირთვით ამოქმედდება. საწყის ეტაპზე საწარმო 200 ცალ ერთტონიან ქვევრებს დაამზადებს, ხოლო ერთი წლის შემდეგ წარმადობა 5-დან 7 000 ქვევრამდე გაიზრდება“, – აღნიშნავს „ქვევრულას“ აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, 2022 წლიდან ქარხანა სრული დატვირთვით ამოქმედდება და 200-250 ადამიანს დაასაქმებს.

„ქვევრის საწარმოში სოფელ ტყემლოვანას მაცხოვრებლები დასაქმდებიან, მათ ქვევრის წარმოებისა ცოდნა და გამოცდილება აქვთ. გამოუსანთლავი ქვევრის საწარმოებლად ქარხანაში მიწის 4-ეტაპიანი დამუშავება თანამედროვე დანადგარებით მოხდება, რომელიც დღეისთვის ჩინეთიდან და თურქეთიდან ტრანსპორტირდება. ადგილობრივ მწარმოებლებთან კონკურენციაში ვერ მოვალთ, რადგან ჩვენი პროდუქტი იქნება გამოუსანთლავი ქვევრი, რომელიც ძვირად ღირებული პროდუქტია. ქვევრის ფასი კი მისი მოცულობით განისაზღვრება და ლიტრის ღირებულება დაახლოებით 8-10 ლარი იქნება“, – განმარტავს ალექსანდრე ჩინჩალაძე და დასძენს: „გამოუსანთლავი ქვევრის დამუშავების ტექნოლოგია განსხვავდება ტრადიციული მეთოდისგან და ქვევრის გემოვნური თვისებები ღვინოს მეტად გადაეცემა, შესაბამისად უფრო კარგი ღვინო ყენდება“.

ქვევრის საწარმოს იდეის ავტორი ამბობს, რომ სრული ამოქმედების შემდეგ „ქვევრულას“ პროდუქტი ექსპორტზეც გავა, თუმცა ჯერ კონკრეტულ მოცულობებსა და მიმართულებებს ვერ ასახელებს.

„რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს გამოუსანთლავ ქვევრზე მოთხოვნა ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან არის. ქვევრი ექსპორტზე საწარმოს სრული ამოქმედების შემდეგ გავა“, – ამბობს „ქვევრულას“ დამფუძნებელი.

ავტორი: ვიქტორია მღებრიშვილი,

წყარო: bm.ge