რუბრიკებისტატიები

კლიმატის ცვლილება _მითი თუ რეალობა?

საზოგადოების მიდგომა კლიმატის ცვლილებისადმი, მსოფლიოში ერთგვაროვანი არ არის. მეცნიერებსა და ეკონომისტებს შორის შეიძლება, სამი ჯგუფი გამოვყოთ, რომლებსაც გლობალური დათბობის მიმართ განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

პირველ ჯგუფს მიაჩნია, რომ გლობალური დათბობა არ არსებობს, ან არ წარმოადგენს საშიშროებას, ზოგიერთი პოპულარული ჟურნალისტი, რომელიც ამ ჯგუფს ემხრობა, იმასაც კი წერს, რომ გლობალური დათბობა მთლიანად მისტიფიკაციაა.

მეორე ჯგუფის პოზიციაა, რომ კაცობრიობამ ჯერჯერობით უნდა მოიცადოს და დააკვირდეს, სანამ უკეთესად არ შეისწავლის კლიმატის ცვლილების თემას და რომ არ აქვს აზრი დაიხარჯოს უზარმაზარი თანხები იმაზე, რომ გამოიძებნოს წიაღისეული საწვავის შემცვლელები, ტყის ჭრა შეიცვალოს ტყის გაშენებით და განხორციელდეს სხვა ძვირადღირებული ღონისძიებები, რაც შეიძლება, სულაც არ არის აუცილებელი.

მესამე ჯგუფი ფიქრობს, რომ კვლევები მაინც არ მოგვცემს საბოლოო პასუხს გლობალური დათბობის არსებობა-არარსებობის თაობაზე, ვინაიდან ჰავასთან დაკავშირებული საკითხები მეტად რთულია, ხოლო იმ დროს, როდესაც გლობალური დათბობის ნიშნები უტყუარ მტკიცებულებად ჩაითვლება, პროცესი შეიძლება უკვე შეუქცევადი და ზომების მიღება დაგვიანებული იქნება. ამიტომ ამ პოზიციაზე მყოფი მეცნიერების და ეკონომისტების რეკომენდაციაა, გატარდეს გარკვეული პრევენციული პოლიტიკა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფს უფრო და უფრო მეტად ემხრობიან მსხვილი სადაზღვევო ბიზნესის წარმომადგენლები. სადაზღვევო კომპანიებს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ხარჯები ეზრდებათ, ასეთი კატასტროფების სიხშირე და ინტენსიურობა კი მატულობს.

სადაზღვევო კომპანიები იძულებულები არიან, ზოგიერთი სახის მომსახურებაზე ფასები გაზარდონ.

რაც შეეხება სანაპირო ზოლებში განლაგებულ უძრავ ქონებას, მის დაზღვევაზე ზოგიერთმა კომპანიამ მოსალოდნელია მომავალში საერთოდ თქვას უარი. ამჟამად ზოგიერთი მსხვილი სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელები ლობირებენ მთავრობებს, რათა მათ მოსალოდნელი გლობალური დათბობის შესაჩერებლად, უფრო აქტიური ზომები მიიღონ.

რა არის კლიმატის ცვლილება?

კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავისტკივილია, რომელ ფენომენსაც პირველად მე- 20 საუკუნის 70-იანი წლებიდან მიაქციეს ყურადღება, როდესაც მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურა გაიზარდა და ბუნებრივი კატასტროფები გახშირდა.

დღეს უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილება მთელს დედამიწაზე ხდება.

კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ერთ მხრივ მყინვარების და ოკეანეებში ყინულის მუდმივი ფენის დნობაში, ე.წ. „სითბური ტალღების“, გვალვების გახშირებაში, ტერიტორიების გაუდაბნოებაში გამოიხატება​, მეორე მხრივ, ძლიერ წვიმებში, ოკეანის დონის აწევაში, სანაპიროების დატბორვაში, წყალდიდოების, ღავრცოფების, მეწყერების, ზვავების, ცუნამების, სხვადასხვა ქარიშხლების გაძლიერებას და გახშირებაში და სხვა.

კლიმატის ცვლილების შედეგად, იცვლება ბუნება და ეკოსისტემები, იზრდება დაავადებების რისკი, ეპიდემიები. „სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგების ინტენსივობა ყოველწლიურად იზრდება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს და პრობლემის გადაჭრის გადაუდებელ აუცილებლობას ქმნის.

მე-20 საუკუნეში დაფიქსირებული და ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილების მიზეზად აღიარებულია ადამიანის საწარმოო საქმიანობა და ინტენსიური ინდუსტრიალიზაცია, რის შედეგადაც გამოყოფილი სათბური აირები ატმოსფეროს შემადგენლობას ცვლის და ხელს უშლის სითბოს კარგვას. ამ აირებს „სათბური გაზები“ ეწოდება, რომელთა შორისაა ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი, ჰიდროფტორნახშირბადები, პერფტორნახშირბადები და გოგირდის ჰექსაფტორიდი. ეს გაზები შთანთქავს დედამიწიდან ატმოსფეროში არეკლილ ინფრაწითელ გამოსხივებას და აბრუნებს მას დედამიწაზე.

სათბური გაზების მთელი მოცულობის 63%-ს ნახშირორჟანგი შეადგენს, შემდეგ მეთანია 24%-ით, აზოტის ქვეჟანგი _ 10%-ით და სხვა აირები _ 3%-ით. ყველაზე ძლიერი გაზებია HFC, PFC-ები და SF6-ები, ზოგადი სახელწოდებით “ფ-აირები”. მეთანი აკავებს 21-ჯერ მეტ სითბოს, ვიდრე ნახშირორჟანგი, აზოტის ქვეჟანგი კი _ 310-ჯერ მეტს.

1988 წელს გაერომ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მოიწვია და შეიქმნა „გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭო“ (Intergovermental Panel on Climate Change – IPPC).

საბჭოს მიზანი ადამიანის ქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების რისკის, მისი პოტენციური შედეგების, მათი შერბილებისა და მისადმი ადაპტაციის გზების შეფასებაა. ის არ ატარებს კვლევებს ამ  ცვლილებებთან დაკავშირებულ რომელიმე მოვლენაზე. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალური ანგარიშების მომზადება და გამოქვეყნებაა, რომელიც ეყრდნობა ძირითადად, სამეცნიერო ლიტერატურაში ექსპერტთა მიერ გამოქვეყნებულ და გადამოწმებულ მონაცემებს.

IPCC-ს მეოთხე ანგარიშმა დაადასტურა, რომ მიმდინარე კლიმატური ცვლილებები ადამიანის საქმიანობასთან არის დაკავშირებული და პროგნოზი ბევრად უფრო სავალალოა, ვიდრე წინა ანგარიშებში იყო აღწერილი. კვლევის თანახმად, დღეს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მაჩვენებელი მილიონზე 400 ნაწილაკია, მაშინ როდესაც კრიტიკული ზღვარი მილიონზე 350 ნაწილაკია .

IPPC-ს მეხუთე ანგარიშის თანახმად, ყველაზე დამაიმედებელი სცენარების შემთხვევაში, მსოფლიო საშუალო ტემპერატურას 21-ე საუკუნის ბოლოსთვის 1.5 ცელსიუსით გადააჭარბებს 1850-1900 წლებთან მიმართებით, ხოლო 2 ცელსიუსით და მეტით (4-8 გრადუსზეც კი), თუ ნახშირორჟანგის გაფრქვევის ოდენობა მაღალი იქნება.

IPCC-ს განმარტებით, გვალვიან რეგიონებში გაიზრდება წყლისადმი ხელმისაწვდომობის პრობლემა, ხოლო ნალექების რაოდენობა _ ტენიან რეგიონებში, რასაც პირდაპირი იმოქმედებს მსოფლიოში საკვების უსაფრთხოებაზე.

ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მნიშვნელოვნად შემცირდება ნახშირორჟანგის გამოყოფა, კლიმატის ცვლილება , ატმოსფეროში უკვე დაგროვილი კუმულაციური ნახშირორჟანგის ზემოქმედებით მაინც გაგრძელდება.

განვითარებული ინდუსტრიული სახელმწიფოების ეკონომიკას საფუძვლად წიაღისეული საწვავი უდევს, რომლის წვა უკვე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს. შესაბამისად, სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი ატმოსფეროში ადამიანის საქმიანობის შედეგად გაფრქვეული ნახშირორჟანგის უდიდეს ნაწილზე. თუმცა, მათ სწრაფი ტემპით ეწევიან განვითარებადი ქვეყნებიც, განსაკუთრებით ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც ეკონომიკის სწრაფ ინდუსტრიალიზაციას ეწევიან. ზოგადად კი, პასუხისმგებლობა, მეტნაკლებად, ყველა სახელმწიფოს ეკისრება.

მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის აშშ ამჟამად ყველაზე მსხვილი „დამაბინძურებელია“ – იმის მიუხედავად, რომ მისი მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებია, აშშ დედმიწაზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის თითქმის მეოთხედზეა პასუხისმგებელი. სხვა ძირითად „დამაბინძურებლებს“ შორის არიან: ჩინეთი, ინდონეზია და ბრაზილია.

კლიმატის ცვლილება, როგორც უსაფრთხოების პრობლემა

კლიმატის ცვლილება უსაფრთხოების პრობლემადაც განიხილება. ნავარაუდევია, რომ ეკოლოგიური კატასტროფების შედეგად გაიზრდება ეკოლოგიურ ლტოლვილთა რიცხვი (ხელმისაწვდომობა წყალზე, საკვებზე, წყალდიდობები, ზვავები და ა.შ), რომ 2050 წლისთვის დედამიწაზე შეიძლება 50-150 მილიონი ეკოლოგიური ლტოლვილი იყოს, მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შედეგადაც კი ევროპაში მხოლოდ 7 მილიონი ლტოლვილი იყო. ამ ლტოლვილების დიდი ნაწილი არალეგალური მიგრანტის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან უცხო ქვეყნებში, რაც გამოიწვევს სოციალურ და პოლიტიკურ არასტაბილურობას.

ამგვარად, გლობალური დათბობა სახელმწიფოების საგარეო, სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციების თვალსაზრისით სერიოზულ საზრუნავს წარმოადგენს.

გლობალური დათბობის ზემოქმედება ადამიანების ჯანმრთელობაზე

კლიმატის ცვლილების სამთავრობოთაშორისო ჯგუფის სპეციალისტების ვარაუდით გლობალური დათბობა გამოიწვევს მეტ სითბურ ტალღებს.

სითბური ტალღები ეწოდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკიდურესად ცხელ ამინდს, რომელსაც თან სდევს მაღალი სინოტივე. მათი გახშირება და გაძლიერება გაზრდის სიკვდილიანობას მოხუცებში და გულით დაავადებულებში, ასევე რესპირატორული დაავადებების სიხშირეს, როგორიცაა ასთმა და ბრონქიტი.

უფრო თბილი და ნოტიო ტროპიკული ჰავის გავრცელება ეკვატორიდან ყოფილ ზომიერ კლიმატურ ზოლებში მოიტანს მალარიას, ენცეფალიტს, ყვითელ ციებ-ცხელებას და მწერების მიერ გადამტან სხვა დაავადებებს. მეცნიერები ასევე ვარაუდობენ ქოლერის ეპიდემიების გაცოცხლებას.

უფრო თბილი და ნოტიო კლიმატური პირობები ხელს შეუწყობს ბაქტერიების გამრავლებას და ობის წარმოქმნას ჩვეულებრივ პირობებში შენახულ პროდუქტებზე და ამგვარად, გაზრდის პროდუქტების გაფუჭების და ზოგიერთი სახის მოწამვლის სიხშირეს. ზღვის დონის აწევამ კი შესალოა ხელი შეუწყოს ინფექციური დაავადებების გავრცელებას, რადგან დაიტბორება სანაპირო ზოლში არსებული საკანალიზაციო და გამწმენდი ნაგებობები.

„მწვანე პოლიტიკა და გარემოს დაცვა“