მედიარუბრიკები

 რა არის სურსათი და რატომ ვიკვებებით

 ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში, ძველბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე წერდა: „უნდა იკვებო იმისათვის რომ იცოცხლო, და არა იმისთვის იცოცხლო, რომ იკვებო“.

კვება ადამიანის ძირითადი ბიოლოგიური სასიცოცხლო პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას — ჯანმრთელობას, ზრდა-განვითარებას, გამრავლებას, შრომისუნარიანობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, ორგანიზმის მდგრადობას გარემო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების მიმართ და ა.შ

რა დაემართება ადამიანს რამდენიმე დღე რომ იშიმშილოს?

 მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანი სურსათის მიღების გარეშე, თუ ის წყალსაც არ ღებულობს, არაუმეტეს 5-7 დღის განმავლობაში ცოცხლობს. თუმცა ეს მეტ-ნაკლებად ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, სხეულის წონაზე და კლიმატურ ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.

რა ხდება შიმშილის დროს ორგანიზმში?

ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 20 % ცილები, 15 % ცხიმები, 1% ნახშირწყლები, 5 % მინერალური ნივთიერებები და 59 % წყალია. კვების დროს ადამიანის ორგანიზმში ხდება სურსათის გადამუშავება და ორგანიზმის სამარაგო ნივთიერებების — ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაგროვება. ორგანიზმში ეს ნივთიერებები მუდმივად იხარჯება სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესების განხორციელებისას. შიმშილის დროს, როდესაც ორგანიზმს არ მიეწოდება მისთვის საჭირო ნივთიერებები, ხდება ამ სამარაგო ნივთიერებების სრულად მოხმარება. პირველ რიგში ორგანიზმი მოიხმარს ცხიმს, ხოლო შემდეგ ცილოვან ნივთიერებებს. ამ დროს ნელდება ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო რეაქციები, ადამიანი ვეღარ ღებულობს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ენერგიას და საჭირო ნივთიერებებს, რის შედეგადაც სუსტდება კუნთები, კლებულობს კანის ელასტიურობა, ვითარდება ცილოვან-ენერგეტიკული უკმარისობა, ქვეითდება იმუნიტეტი, სუსტდება გონებრივი უნარები, ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ა.შ. ანუ იწყება ე.წ „კვდომის პროცესი“. ამის პროცესის მიზეზია ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა.

დისიმილაცია დისიმილაციის დროს ორგანიზმში ხდება სურსათით მიღებული რთული ნივთიერებების დაშლა, რომელსაც თან ახლავს ენერგიის გამოყოფა.

რა არის ნივთიერებათა ცვლა? ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმი შედგება სხვადასხვა ორგანოებისაგან, ორგანოები ქსოვილებისგან (კუნთოვანი ქსოვილები, ძვლოვანი ქსოვილები), ქსოვილები — უჯრედებისგან. ნივთიერებათა ცვლა არის პროცესი, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს ყველა უჯრედში, ქსოვილში და ორგანოში. ამ დროს, რთული ბიოქიმიური პროცესების შედეგად, ხდება კვების დროს სურსათით მიღებული ნივთიერებების — ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალური ნივთიერებების და ვიტამინების გარდაქმნა უჯრედების სტრუქტურულ ელემენტებად, ანუ ორგანიზმის ე.წ. „საბალანსო ნივთიერებებად“ ხდება უჯრედებისა და ქსოვილების აღდგენა. სწორედ კვება არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი ღებულობს იმ ენერგიას, რომელიც საჭიროა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მათ შორის ფიზიკური და გონებრივი მუშაობისათვის.

ამრიგად, ადამიანის ორგანიზმი თვითგანახლებადი სისტემაა, რომელშიც მუდმივად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა ანუ მეტაბოლიზმი. ეს არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი — დისიმილაცია და ასიმილაცია. დისიმილაციის დროს ორგანიზმში ხდება სურსათით მიღებული რთული ნივთიერებების დაშლა, რომელსაც თან ახლავს ენერგიის გამოყოფა, ხოლო ასიმილაციის დროს — ორგანიზმისთვის საჭირო ყველა რთული ნივთიერების სინთეზი ანუ წარმოქმნა (სურ. 1.1.1.). ამ ორი პროცესის ნორმალურად მიმდინარეობისათვის და შესაბამისად, ადამიანის არსებობისათვის, აუცილებელია სრულფასოვანი სურსათის მოხმარება.

თანამედროვე განმარტების თანახმად, სურსათი ეს არის ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი ასევე მოიცავს ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინს და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს.

სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს (გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის), მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათიურ საშუალებებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კოსმეტიკურ საშუალებებს, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს.

მცენარის ნაყოფი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოკრეფილი, არ არის სურსათი, ისევე, როგორც ძროხა, რომელიც ფერმაშია ან ბალახობს. ძროხა სურსათად შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ მაშინ, თუ ბაზარზე განთავსებულია და გამიზნულია დასაკლავად.

გახსოვდეთ, გამოიყენეთ სწორი ტერმინები! ადამიანი მოიხმარს სურსათს და არა „კვების პროდუქტს“!

ადამიანი მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათი შეიძლება იყოს როგორც ცხოველური წარმოშობის — სხვადასხვა ცხოველის, მათ შორის ფრინველის ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე და რძის ნაწარმი და მათგან დამზადებული პროდუქტები, ისე მცენარეული წარმოშობის — ხილი, ბოსტნეული, სოკო, კენკროვნები, მარცვლოვნები და პარკოსნები. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება.

ანუ კვების რაციონში ისეთი ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების ჩართვა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო რაოდენობით ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. არასარულფასოვანი სურსათის მოხმარება იწვევს ორგანიზმის თანდათანობით დასუსტებას და სხვადასხვა დაავადებების განვითარებას.

იდეალურია კვება, როდესაც სურსათით მიღებული სამარაგო ნივთიერებების რაოდენობა მაქსიმალურად შეესაბამება მათ ხარჯვას. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენი ნივთიერებაც იქნა დახარჯული ორგანიზმის მიერ ენერ გიისა და ქსოვილების წარმოქმნისათვის, იმდენივე ნივთიერება უნდა იქნეს მიღებული სურსათის მოხმარებით.

ორგანიზმის ნორმალურად ფუნციონირებისათვის აუცილებელია, ასაკობრივი და სქესობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, განისაზღვროს საჭირო სურსათის კალორიულობა ანუ სურსათის ენერგეტიკული ღირებულება, რომელიც ფიზიკური და გონებრივი შრომის დროს ორგანიზმის მიერ დახარჯული ენერგიის ადექვატური ანუ შესაბამისი უნდა იყოს.

რა იგულისხმება მზა სურსათში?

მზა (საბოლოო) სურსათი (პროდუქტი) — სურსათი, რომლის შემდგომი გადამუშავება ან გარდაქმნა არ ხდება ბიზნესოპერატორის მიერ. ამასთან, პროდუქცია, რომელიც სხვა ბიზნესოპერატორის მიერ დაექვემდებარება შემგომ გადამუშავებას ან ტრანსფორმაციას, პირველი ბიზნეოპერტორისათვის არის მზა პროდუქცია (სურსათი), ხოლო მეორესთვის — ნედლეული ან ინგრედიენტი.

მაგალითად, ფქვილის მწარმოებელი ბიზნესოპერატორისთვის, რომელიც წარმოადგენს წისქვილს, ფქვილი არის მზა პროდუქტი (სურსათი), ხოლო პურის მწარმოებელი ბიზნესოპერატორისათვის — ფქვილი ნედლეულია. მისი მზა (საბოლოო) სურსათია (პროდუქტი) გამომცხვარი პური.

დღეისათვის მზა სურსათის ამორჩევითი კონტროლის ჩანაცვლება პრევენციული მიდგომებით, საბოლოოდ უზრუნველყოფს საწარმოთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მომხმარებელთა უვნებელი და ხარისხიანი სურსათით უზრუნველყოფას, რაც, რა თქმა უნდა, შესაბამის რეგულირებას საჭიროებს.

წყარო:agriedu.ge