აგროსიახლეები

რა გავლენას ახდენს COVID-19 საქართველოს სურსათის მიწოდების ჯაჭვზე?

მარტში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან 10 მლნ. ლარი გამოიყოფა კერძო სექტორის სუბსიდირებისა და 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის (ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო) ფასების დაზღვევისთვის.

მთავრობისავე განცხადებით, კორონავირუსის აფეთქების ფონზე, დამატებით 16 მლნ. ლარი დაიხარჯება ქვეყანაში შაქრის (5,000 ტ.), მცენარეული ზეთისა (1,500 ათასი ლ.) და მაკარონის (500 ტ.) მარაგის შექმნაზე. საკმარისია თუ არა ეს ღონისძიებები იმ პოტენციური გავლენის შესარბილებლად, რაც COVID-19-ს შეიძლება ჰქონდეს სურსათის მიწოდების ჯაჭვზე?

საქართველო სურსათის თითქმის ყველა კატეგორიაში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სურსათის იმპორტის ბაზრების უმეტესობა (მაგ.: ხორბალი, ხილბოსტნეული, მცენარეული ზეთი) ძალიან კონცენტრირებულია, რაც ზრდის აღნიშნულ ბაზრებთან დაკავშრებულ რისკებს, განსაკუთრებით კი COVID-19-ით გამოწვეულ სიტუაციაში. როგორც გლობალური სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის ნაწილი, ცხადია, საქართველოც გაიზიარებს სურსათის გლობალური სისტემის (არსებულ თუ მოსალოდნელ) გამოწვევებს პანდემიის დროს თუ მისი დასრულების შემდეგ.

შექმნილ ვითარებაში ექსპერტები მთავარ რისკად სურსათის ხელმისაწვდომობას ასახელებენ, თუმცა განსაკუთრებულ აქცენტს სურსათის ღირებულებათა ჯაჭვებში შექმნილ პოტენციურ სისტემურ პრობლემებზე აკეთებენ, რამაც შეიძლება მთელ მსოფლიოში სურსათის დეფიციტი, სურსათის ფასების ზრდა და სურსათის უსაფრთხოების პრობლემის გამწვავება გამოიწვიოს.

იმისათვის, რომ საქართველომ თავიდან აიცილოს სურსათის მიწოდების ჯაჭვზე COVID-19-ის უარყოფითი გავლენა, რეკომენდირებულია შემდეგი ზომების გატარება:

ფერმებისთვის საჭირო წარმოების საშუალებების დროებითი სუბსიდირება;
  ლოჯისტიკის ინფრასტრუქტურაში ინვესტირებით ღირებულებათა ჯაჭვების კავშირების გაძლიერება (მაგ.: შეიძლება შეიქმნას სურსათის შემგროვებელი ცენტრები), რაც სურსათის უწყვეტ მიწოდებას, დისტრიბუციასა და პარალელურად სურსათის უსაფრთხოების სტანდარების დაცვას უზრუნველყოფდა; 
♦  ფერმერთა ჩართვა სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმაში, რაც მათ მოწეული პროდუქციის რეალიზებაში დაეხმარება;
♦  იმ ფერმერების მიზნობრივი დახმარება, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ რესტორნებისა და სასტუმროების მხრიდან მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო.
ამგვარი მიზნობრივი მხარდაჭერის ღონისძიებები გულისხმობს:
1) პირველ რიგში ფერმერთა ასოციაციებისა და რეგიონული საინფორმაციაო-საკონსულტაციო ცენტრების დახმარებით ასეთი ფერმერების იდენტიფიცირებას;
2) ამ ფერმერებისთვის დისტრიბუციის არხების რესტრუქტურიზაციის საკითხზე საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებას;
3) ფერმერების პროაქტიურად დახმარებას, გადაერთონ სხვა, რესტორნებისა და სასტუმროებისგან განსხვავებულ საბოლოო მომხმარებლებზე ორიენტირებულ ღირებულებათა ჯაჭვებზე (მაგ.: დააკავშირონ ასეთი ფერმერები უახლოეს შემგროვებელ
ცენტრთან, ექსპორტიორთან, სურსათის ონლაინ გამყიდველთან და სხვ.)

კვლევა სრულად იხილეთ ბმუმლზე: PDF / https://drive.google.com/drive/u/3/folders/1HIE1kuY8KAZQMlTsGpKBk-Jb_TRIxi-1