რა იწვევს მიწაში სტაფილოს ძირხვენების დახეთქვას?
სტაფილო ერთ-ერთი გემრიელი და სასარგებლო ბაღჩეულია. ის ნიადაგური თუ სხვ პირობებისადმი დიდად მომთხოვნი არ არის და ამიტომაც მისი მოყვანა გამოუცდელ მეურნესაც თავისუფლად შეუძლია.
ხანდახან ისეც ხდება ხოლმე, რომ სტაფილოს ძირხვენა, მოსავლის აღებამდე მიწაშივე სკდება, ან ფორმას კარგავს. რა იწვევს ამას და ეს რომ არ მოხდეს, რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო ამ მცენარის მოვლის დროს.
პირველი მიზეზი _ მორწყვის არასწორი რეჟიმი
კითხვაზე, რა იწვევს სტაფილოს ძირხვენის დახეთქვას? სავარაუდოდ პირველი ყველაზე მართებული პასუხი იქნება _ არასათანადო მორწყვა!
ნიადაგის გამოშრობის შემდეგ, ჭარბი წყლის მიწოდების შემთხვევაში ძირხვენის უჯრედები დიდი რაოდენობით ტენს შეიწოვს, შესაბამისად მის შიგნით იზრდება წნევა, ქსოვილები იშლება და ძირხვენა სკდება.
ასეთ შემთხვევაში ვითარების გამოსწორება რთული არ არის, წყლის მიწოდების რეჟიმი დარეგულირდება და მგდგომარეობაც კალაპოტში ჩადგება, ამიტომ სტაფილო სიცხეში არ უნდა მოირწყას, უმჯობესია სტაფილო ზომიერად ადრე დილით და საღამოს მოირწყას.
როგორც კი ძირხვენა მიაღწევს ნორმალურ ზომას, მორწყვა საერთოდ უნდა შევაჩეროთ.
მეორე მიზეზი _ სასუქის სიჭარბე
ხანდახან ისეც ხდება, რომ სტაფილოს კვლებს ვრწყავთ დროულად და ზომიერად, მაგრამ სტაფილო მაინც სკდება.
რა ვიღონოთ ამ შემთხვევაში? სტაფილოს დახეთქვის ერთ-ერთი მიზეზი ნიადაგში აზოტის სიჭარბეა.
საქმე ის არის, რომ კარგად განოყიერებული ნიადაგში ძირხვენის უჯრედები ძალიან სწრაფად იზრდება და ძირხვენის ქსოვილი ვეღარ უძლებს შიდა წნევას და სკდება.
ამ დროს უსიამოვნების მიზეზის მიგნება რთულია. ამიტომ სტაფილო ხშირ ხშირად არ უნდა გამოკვებოთ, აზოტი ნიადაგში მცენარის განვითარების პირველ სტადიაში უნდა შევიტანოთ.
როგორც კი ძირხვენა გამოინასკვება და განვითარებას დაიწყებს, გამოკვება უნდა შეწყდეს.
ზაფხულში სტაფილო შეიძლება ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქით გამოკვებოს. ორგანული და აზოტიანი სასუქები უნდა გამოირიცხოს.
მესამე მიზეზი _ მძიმე თიხნარი გრუნტი
რატომ სკდება სტაფილო თუ ნორმირებულად ირწყვება და საკვებიც ზომიერად მიეწოდება?
ეს შეიძლება გამოწვეული იყოს, იმით, რომ ნიადაგი, სადაც სტაფილო გვითესია, მძიმე და თიხნარია, ამ შემთხვევაშიც მიზეზი ძლიერი წნევაა.
ზრდის პროცესში ძირხვენა ცდილობს გაფართოვდეს, მძიმე ნიადაგში გააღწიოს, იქმნება დიდი სინერგიული ძალა, რასაც ძირხვენის გარსი ვერ უძლებს სკდება. ვითარების გამოსწორება შესაძლებელია ნიადაგში ქვიშის ჩაკეთებით. ამ დროს უნდა გამოვიყენოთ მდინარის და არა კარიერიდან აღებული ქვიშა.
ამის გარდა, იმ დროს თუ თქვენი მეურნეობა, აგარაკი მთლიანად მძიმე თიხნარ ნიადაგებზეა, მაშინ უნდა შეარჩიოთ სტაფილოს ისეთი ჯიში, რომელიც მოკლე, მსხვილ ძირხვენას იკეთებს, ეს შეიძლება იყოს სტაფილოს ჯიში „შანტანე“ ან სხვა.
ხანდახან ისეც ხდება რომ ნიადაგში ქვიშაც ჩაკეთებულია, შესაბამისი ჯიშიც შერჩეულია, მაგრამ სტაფილო მაინც სკდება. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოსავალი გვრჩება, უნდა ამოვთხაროთ 20-40 სმ. სიღრმის ორმო, კვლები, ამოვავსოთ ფხვიერი, ნაყოფიერი ნიადაგით და მასზე დავთესოთ სტაფილო.
მეოთხე მიზეზი _ სტაფილოს გადამწიფება
ნიადაგში სტაფილოს გახეთქვის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ზოგიერთი ჯიში ვერ იტანს დაგვიანებით აღებას, ამიტომ საჭიროა სტაფილოს მოსავალი დროულად ავიღოთ. თუ რაიმე მიზეზის გამო გვიგვიანდება ამოღება, საჭიროა ისეთი ჯიშების შერჩევა, რომლების დახეთქვისადმი გამძლეა.