რა პროფილაქტიკური სამუშაოა შესასრულებელი გაზაფხულზე მეფრინველეობაში
გაზაფხული მეფრინველეობაში ინკუბაციის ინტენსიური პერიოდია. ამ დროს სასოფლო-სამეურნეო ფრინველის ყველა სახეობაში წარმოებს ნამატის მიღება, რაც განსაკუთრებულ ძალისხმევას და ყურადღებას საჭიროებს.
მნიშვნელოვანია დაცული იყოს ასაკობრივად ტემპერატურეული რეჟიმი, შესაბამისი განათების ინტენსივობის და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის ფონზე. ასევე მნიშვნელოვანია მაღალი ენერგეტიკული ღირებულების სრულფასოვანი საკვები, სხვადასხვა სახეობისთვის შესაბამისი საკვების რეცეპტი და დღიური ნორმა.
აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარება. კერძოდ, ქათმის და ინდაურის მოზარდი პირველივე დღიდან მუშავდება მარეკის ვაქცინით, საწიწილეში აეროზოლური გაფრქვევის საშუალებით.
მე-5 და 15 დღეზე უნდა დამუშავდეს „ლასოტას“ ვაქცინით, ფრინველის ე.წ. ცრუ ჭირზე.
მე-8 დღეზე მუშავდება ვაქცინით „გამბორო.“ ზემოთ დასახელებული ორივე ვაქცინა ფრინველს ეძლევა სასმელი წყლის მეშვეობით.
პარალელურად 14 და 19 დღის ასაკაში მუშავდება სხვადასხვა ბრონქეალურ დაავადებებზე.
2 თვის ასაკში კი აუცილებელია აიცრას H ვაქცინით ნიუკასლის დაავადებაზე და დამუშავდეს ე.წ. ფრინველის ყვავილზე შესაბამისი ვაქცინით.
20 დღის ასაკიდან აუცილებელია რამდენიმეჯერ ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია.
რაც შეეხება წყალში მცურავ სახეობებს (იხვი და ბატი) მათ 15 დღიდან – 4 თვის ასაკამდე აუცილებელია ჩაუტარდეთ დეჰელმინთიზაცია რამდენიმეჯერ, 15-20 დღის ინტერვალით.
2-3 თვის ასაკში მუშავდება მათთვის დამახასიათებელი ჭირის ვაქცინით. ფრინველის დანარჩენი სახეობები (მწყერი, ციცარი, ხოხობი და სხვ.) სხეულის მაღალი ტემპერატურის გამო არ მიეკუთვნებიან სხვადასხვა ინფექციური დაავადებების რისკ-ჯგუფს, თუმცა აუცილებელია იმყოფებოდნენ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, პერიოდული დეჰელმინთიზაციის ფონზე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი