დარგებიმე და ჩემი სოფელიფერმერი ფერმერს

ქვევრებს, როგორც შვილებს, ისე ვზრდი და ვეფერები

მექვევრე ემზარ კაპანაძე ჭიათურის რაიონი სოფელი ტყემლოვანაში ცხოვრობს. მისი წინაპრები საუკუნეებია მექვევრეობას, მეთუნეობას მისდევენ და ეს ოჯახური  ტრადიცია გრძელდება. ბატონი ემზარის ტყუპი ვაჟები უკვე პროფესიონალ მექვევრეებად ყალიბდებიან.

_ ქვევრების წარმოება ძალზე შრომატევადი საქმეა, _  ამბობს მექვევრე ემზარ კაპანაძე, _  დიდ ენერგიას, გულმოდგინე შრომას და ამ საქმისადმი სიყვარულს მოითხოვს. სხვაგვარად კარგი ქვევრის დამზადება შეუძლებელია და მეც ქვევრებს, როგორც ჩემ შვილებს, ისე ვზრდი და ვეფერები.

თიხას ჩვენს მამაპაპისეულ მიწაზე ხელით მოვიპოვებთ. ტექნიკა არ გვაქს, მსუყე (მჭლე) თიხა ხელით უნდა აიღო, საზელ ბარაბანში ჩაყარო და  ვიდრე ქვევრის დამზადებას დაიწყებ, კარგად უნდა დაამუშაო.

ხარისხიანი ქვევრის დასამზადებლად ყველა მასალა აუცილებლად იდეალურად შეთავსებული და უნდა იყოს.

კარგი მექვევრე, მაშინვე ამჩნევს ქვევრი ხარისხიანია თუ არა _ ამბობს ემზარ კაპანაძე.

ქვევრის ხარისხზე თიხის,  მოპოვებას, მომზადებას, მოზელას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ქვევრს შმორის სუნი გამოჰყვა, ეს იმის ნიშანია, რომ თიხა ბინძური წყლით მოიზილა, ამიტომ ყველა წვრილმანს გაკონტროლება სჭირდება, შენიშნავს პროფესიონალი მეთუნე.

_ თიხას 2 კილომეტის დაშორებით, სოფელ მანდაეთში ვიღებთ; ხარისხიანი ქვევრის დამზადება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ამინდი.

 ქვევრები სამუშაოდ პარტიებად გვაქვს დაყოფილი, პირველი პარტია ივნისის ბოლოს იწვება. ქურაში ტემპერატურა თერმომეტრის საშუალებით იზომება და კონტროლდება. თუ კარგად არ გამოიწვა, ქვევრი ხარისხიანი ვერ იქნება, ამიტომ გამოწვის პროცესს დიდი ყურადღება ექცევა.

დღეს, თიხას ჩვენივე შექმნილი საზელით ვზელთ, რამაც ძალიან გაგვიიოლა საქმე ,ადრე ხარებით გვიწევდა მოზელა, რაც არცთუ იოლი საქმე იყო.

ტყუპები, თორნიკე და მირიან კაპანაძეები,  მხარში მიდგანან და ისევე, როგორც მე, ტრადიციულ მამაპაპისეულ საქმეს ვაგრძელებთ და ეს საქმე თითქოს გენში გვაქვს გამჯდარი _ ამბობს პროფესიონალი მექვევრე.

ვაჟებიც ძალიან მშრომელი, თავის საქმეზე უზმოდ შეყვარებული ახალგაზრდები არიან, უკვე დაოჯახებულნი. მათ დიდი მიზნები აქვთ, რასაც, მჯერა აუცილებლად აისრულებენ, მამა-პაპის საქმეს კიდევ უფრო დახვეწენ და სახელს გაუთქვამენ.

_ ღვთის მადლით  ქვევრისადმი ინტერესი იზრდება, ჩვენც საქმე არ გველევა და  ამით ვარსებობთ, ამით ვსუნთქავთ. შეკვეთები გვაქვს, მაგრამ ბოლო დროს კორონა ვირუსის გამოჩენის შემდეგ მუშაობა ცოტა შეფერხდა, თუმცა ვითარება თანდათან ლაგდება.

ჩვენი ქვევრები მთელ საქართველოშია გაბნეული, უცხოეთშიც ბევრი ქვევრი წაუღიათ ჩვენგან. იმედია მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

მექვევრეთა შორის კონკურენცია საკმაოდ დიდია, რაც კარგია, საქმეს წაადგება. მიხარია რომ ჩვენს სოფელში ბევრი ახალგაზრდა დაუბრუნდა წინაპართა საქმეს და  მექვევრეობას მიჰყო ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვევრზე მოთხოვნა იზრდება, სოფელი ძლიერდება, ჩვენ საქმესაც ფასი ედება.

სახელმწიფო რომ ყურადღებას იჩენდეს, ხელს გვიწყობდეს, საქმე კიდევ გაგვიიოლდება. ქვევრების გამოსაწვავად შეშას ვიყენებთ, შეშის გარეშე ქვევრის ხარისხიანად გამოწვა ფაქტობრივად შეუძლებელია, ბუნებრივ გაზით და ელ. ენერგიით აქ, ამ პირობებში სათანადო ტემპერატურის, რაც 1000 გრადუსს სცდება, საჭირო დროით შენარჩუნება შეუძლებელია. ჯერ შეშას აქ ვერაფერ ცვლის, ამიტომ გვჭირდება დახმარება, რომ გაგვიმარტივდეს შეშის მოპოვება, ამაში სახელმწიფოს თუ დაგვეხმარება და შეღავათს გაგვიწევს, კარგი იქნება, თუმცა დღემდე, სამწუხაროდ არანაირი ხელშეწყობა არ გვაქვს.

თუ გსურთ ხარისხიანი, გამძლე, საღი ქვევრების შეძენა, დაუკავშირდით: 

ჭიათურის მინიციპალიტეიტი, სოფელი ტყემლოვანა, 

ემზარ კაპანაძე, 

ტელ: 595 78 36 95

 

მოამზადა ნესტან გუგუშვილმა