დარგებიმემარცვლეობაფერმერი ფერმერს

რამდენიმე რჩევა ხორბლის უხვი მოსავლის მისაღებად

პურის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. პური ხორბლისაგან მიიღება, რომლის ნათესებს მსოფლიოში ყველა კულტურაზე მეტი ფართობი უჭირავს და მოსავალიც ყველაზე მეტი ხორბლის მოჰყავთ.
ცნობილია, რომ ხორბლის კულტურა კაცობიობას ჩვენმა წინაპარმა მისცა. ხორბალს მოსავლის დიდი დიაპაზონი აქვს. არიან ისეთი მეურნეები ჰექტარი ყანიდან 500-700 კგ. ხორბალს,   რომ  იღებენ, საბედნიეროდ არიან ისეთებიც, რომელთათვის ჰექტარზე  8-10 ტონა ხორბლის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველები პირველთა რიცხვში შევდივართ და ჰექტარი ყანიდან  2 ტონა ხორბლის საშუალო მოსავლის მიღება საოცნებოდ გაგვიხდია.

ამ წერილის მიზანია,  შესაძლებლობის ფარგლებში ავხსნათ ამის მიზეზი და რამდენიმე რჩევა შემოგთავაზოთ მდგომარეობის გამოსასწორებლად, იქნებ ვინმეს გამოადგეს.

ვფიქრობთ, პირველი და უმთავრესი მიზეზი დაბალი მოსავლისა, ხორბლის კულტურის მიმართ მეურნის ზერელე დამოკიდებულებაშია, რატომღაც საქართველოში დამკვიდრებულია აზრი, რომ ხორბალი ადვილად მოსაყვანი კულტურაა: დახანი,  დათესე და  მომკე. სამწუხაროდ, ის აზრიც დამკვიდრებულია, რომ  ჰექტარზე 1,5-2 ტონა ხორბლის მიღება, ნორმალურ მოსავლად რომ ითვლება და თუ ამაზე შენიშვნას არავინ გაძლევს ე.ი. მეტი არცაა საჭირო. ვფიქრობთ, მცირე მიწიან ქვეყანაში, ასეთი მოსავალი, მიწის მოცდენად უნდა ითვლებოდეს და მეურნე პასუხსაც უნდა აგებდეს ამაზე.

ცნობილია, რომ ხორბლის მოსავალზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, რომელთა უარყოფას სავალალო შედეგებამდე მივყავართ. მეურნემ უნდა იცოდეს, რომ თესვის წინ მოხნული მიწა, მოსავალს 20-25%-ით ამცირებს, ხოლო თესვის ვადების დარღვევით მოსავალი შეიძლება საერთოდ ვერ მიიღო. ცუდი სათესლე მასალა და ნათესში სასუქის შეტანის დროის დარღვევა, მოსავალს 15-20%-ით ამცირებს, ხოლო მომწიფებული ხორბლის აღების ყოველდღიური დაგვიანება 2%-ამდე მოსავლის დანაკარგია. თესვის ნორმის დარღვევით კი არა მარტო გარკვეული რაოდენობის მოსავალი იკარგება, არამედ, ეს ძვირადღირებული თესლის დანაკარგიცაა.

ხორბლის პოტენციური შესაძლებლობა ჰექტარი ყანიდან 14 ტ. ხორბალია. როგორც ხედავთ ჩვენი დაუდევრობით მოსავალზე მიყენებული ზარალი 80%-ზე  მეტია, გამოვაკლოთ  პოტენციურ შესაძლებლობას ზარალი და რჩება ის 2 ტ. რომელიც დიდი ხანია საქართველოში ნორმად გაიხადეს. შიშველი სიტყვებით საუბარი, რომ არ გამომივიდეს მოდით გავარჩიოთ, რას ვაკეთებთ არასწორად და რასაც კარგად არ ვაკეთებთ, ამით რა ზიანს ვაყენებთ მისაღებ მოსავალს.

ხორბლის მოსავალი, პირდაპირ დამოკიდებულებაშია მიწის დამუშავების დროზე და ხარისხზე. უკანასკნელ ათწლეულებში ხორბლის მთესველ მეურნეთა 80%-ზე მეტი, სახორბლე ყანას თესვის წინ ხნავს. ეს დიდი შეცდომაა, რადგან წინაპართა გამოცდილება და მეცნიერ-მკვლევართა კვლევის შედეგები გვასწავლის, რომ ყანა, ხორბლის აღებისთანავე უნდა მოიხნას. ასეთი ხვნის უპირატესობა შემდეგია:

1. მოხნული ყანა, ბელტიანია და ზაფხულის განმავლობაში ქარის ზემოქმედებით ბელტი მდიდრდება ჟანგბადით, მოსული ნალექი შლის ბელტს და შემოდგომისათვის ვიღებთ ჟანგბადით გამდიდრებულ გაფხვიერებულ ყანას.

2. მიწის მოხვნით იშლება ის კაპილარები, რომლის მეშვეობით ზაფხულის სიცხეში მიწიდან ნესტი ამოდის ე. ი. ამით ვინარჩუნებთ ნესტს მიწაში. ზაფხულის განმავლობაში კი ხნულში თავიდან ყალიბდება კაპილირთა სისტემა და შემოდგომის ჯეჯილი, მით მარაგდება გრუნტის წყლით. თესვის წინ მოხნული მიწა კი ბელტიანია, წყლის სამოძრაო კაპილარებიც მოშლილია და თუ წვიმა არ მოვიდა ხორბალი საერთოდ არ გაღივდება, ხოლო რაც გაღივდება მისი ფესვთა სისტემა მშრალ მიწაში, არ განვითარდება.

3. ზაფხულში მოხნულ მიწაში ბალახის თესლი ღივდება და ამოდის, რომელთა განადგურების შემდეგ, სარეველა ბალახისაგან თავისუფალ ყანას ვიღებთ. შემოდგომაზე მოხნულ ყანაში კი ბალახი ზოგო ხორბალთან ერთად ამოდის და ზოგიც გაზაფხულზე. და დიდ პრობლემას უქმნის ჯეჯილს. ვფიქრობთ კარგი მეურნისათვის გასაგებია თუ რა დიდი სარგებლობა შეიძლება მოიტანოს ზაფხულში მოხნულმა ყანამ და რატომ და რითაა შეზღუდული თესვის წინ მოხნულ მიწაში ჯეჯილი.

ხორბლის მოსავალზე დიდ გავლენას ახდენს თესვის დროის ზუსტი დაცვა. საქართველო მთის და ბარის ქვეყანაა, ამიტომ წინაპართა გამოცდილებაზე დაყრდნობით და მეცნიერული კვლევების საფუძველზე, ყოველი კონკრეტული რაიონისთვის  დადგენილია თესვის ვადები, ის აგვისტოს ბოლოს იწყება და ოქტომბრის ბოლოს მთავრდება. ცნობილია, რომ ხორბალმა დათესვიდან მოსავლის აღებამდე ზრდა-განვითარების ორი ციკლი უნდა გაიაროს: საშემოდგომო და საგაზაფხულო. მოსავლის რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულებაშია ხორბლის ჯეჯილის მიერ, ამ ციკლთა თავის დროზე და სრულად გავლაზე. შემოდგომაზე ხორბალმა უნდა მოასწროს კარგი დაფესვიანება და  3-5 ბარტყის გაკეთება. ამ ციკლის გავლას  ხორბალი, 45-60 დღე ანდომებს, ამიტომ ოქტომბრის ბოლოს დათესილი ყანა ზრდა-განვითარების საშემოდგომო ციკლს ბოლომდე ვერ გადის, მით უმეტეს იქ სადაც დეკემბერში ყინვები იცის. სამწუხაროდ, ქვეყანაში ისეთი ფერმერებიც გვყვანან, რომელთათვის ხორბლის ოქტომბრის ბოლოს კი არა, ნოემბრის ბოლოს დათესვა პრობლემას რომ არ წარმოადგენს.

რითაა კარგი და აუცილებელი ხორბლის თავის დროზე თესვა? ამ დროს ხორბალი ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას, იკეთებს 3-5 ბარტყს, ზამთრის ყოველნაირ სუსხს ადვილად უმკლავდება და უდანაკარგოდ იზამთრებს,  ადრე გაზაფხულზე კი კარგი ფესვთა სისტემის წყალობით და ზამთარში მიწაში დაგროვილი ნესტის დახმარებით ჯეჯილი, სწრაფად იზრდება და ყველა წინა წლის ბარტყი თვითონ იკეთებს ბარტყს და ყველა ძირზე 3-5 ღერო-თავთავის ადგილზე 15-20 ღეროთავთავს ვღებულობთ, რომლებიც ზომით და მარცვლების რაოდენობით ძირითად ღეროთავთავს უტოლდება. ასეთი ჯეჯილი ადვილად იტანს გვალვიან გაზაფხულს და კარგი მოსავლის მოცემა წვიმის გარეშეც შეუძლია. გაზაფხულის გვალვაც ხმობის პერიოდში უსწრებს და ხელს უწყობს სავეგეტაციო პერიოდის დასრულებაში,  ხორბალიც 15-20 დღით ადრე შემოდის.

ცნობილია, რომ სარეველა ბალახი, ხორბალში ძირითადად გაზაფხულზე ამოდის, ამიტომ თუ შემოდგომაზე ხორბალი თავის დროზე დაითესა და ზრდა-განვითარების საშემოდგომო ციკლი სრულად გაიარა, ასეთი ხორბალი, გაზაფხულის სითბოს დადგომისას სწრაფად იწყებს ზრდას, თრგუნავს შემოდგომაზე ამოსულ სარეველა ბალახებს, ხოლო გაზაფხულზე ამოსასვლელი ბალახი მის ჩრდილში საერთოდ არ ამოდის, ანუ თავიდან ვიცილებთ ჯეჯილის დასარევლიანებას.

ახლა ვნახოთ რითაა ცუდი გვიან დათესილი ხორბალი: ის, ვერ ასწრებს ზრდა-განვითარების საშემოდგომო ციკლის გავლას, ე.ი. ფესვთა სისტემა განუვითარებელი რჩება და ბარტყიც არ აქვს, ასეთი ჯეჯილი, ცუდად იზამთრებს. ის, გაზაფხულზე იწყებს ფესვთა სისტემის განვითარებას და პირველ ბარტყობას, ე. ი. განვითარების საშემოდგომო ციკლის დასრულებას გაზაფხულის 15-25 დღეს  ანდომებს. ასეთი ჯეჯილი ვეღარ ასწრებს მეორე ბარტყობას და ყანა მეჩხერი რჩება. თუ გაზაფხული გვალვიანი იქნა, მეურნე მთლიანი მოსავლის დაკარგვის საფრთხის წინაშეც დგება. ასეთ ჯეჯილს, ზაფხულის გვალვა, ზრდა-განვითარების სტადიაში უსწრებს და მარცვალი მოუსრულებელი შეიძლება დარჩეს. მოსავლის აღებაც 2-3 კვირით გვიანდება. როგორც ხედავთ თესვის დროის სწორად შერჩევა, ხორბლის მაღალი მოსავლის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.

მაღალი მოსავლის მიღებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სათესლე ხორბლის ხარისხს. დღეს სათესლე ხორბალს სპეციალური ტექნიკით ზომის და წონის მიხედვით არჩევენ, უკეთესია წონით გარჩეული თესლი, ამიტომ თუ თესლი ასარჩევია, შეიძინეთ  წონით გარჩეული თესლი.

ხორბლის მაღალი მოსავლის მიღებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, სასუქების სრულ და დროულ გამოყენებას. საქართველოში ძირითადად მოიხმარენ გვარჯილას. გვარჯილა ძირითადად აზოტს შეიცავს, აზოტი კი ზრდის მცენარის მწვანე მასას. როგორც ცნობილია, ქართული ჯიშის ხორბალთა უმრავლესობა მაღალმოზარდია, ამიტომ თუ გვარჯილას გამოიყენებთ, მთლიანი ულუფა  შემოდგომაზე, თესვის დროს უნდა მისცეთ (ეს მაშინ თუ ხორბალს დროზე დათესავთ). გაზაფხულზე დამატებითი კვებისათვის მიცემული აზოტიანი სასუქი, გაუმართლებელი ხარჯია, რადგან  საშემოდგომო ციკლგავლილი ხორბალი, გაზაფხულზე ყოველგვარი დამატებითი კვების გარეშე მიაღწევს მწვანე მასის საკმარის სიმაღლეს, მეტრნახევრიანი სიმაღლის ნამჯის გაზრდა კი არცერთი მეურნის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. რაც შეეხება კალიუმისა და ფოსფორის სასუქებს, ისინი ხორბლის ყანას მთლიანი ულუფით, თესვამდე 1-2 თვით ადრე ან თესვის წინ უნდა მისცეთ, რადგან მათი დაშლის პროცესი რამდენიმე თვეს გრძელდება და  შესათვისებელ ფორმებში გაზაფხულზე გადადიან. საერთოდ კი უნდა გვახსოვდეს: ნაკლები სასუქი, მოსავლიანობას ვნებს, ზედმეტი კი ადამიანის ჯანმრთელობას და მეურნის ჯიბეს, ამიტომ სასუქი ყანას, მხოლოდ მიწის გამოკვლევის შემდეგ საჭირო დოზით და თავის დროზე უნდა მიეცეს.

ხორბლის მოსავალზე, აგრეთვე დიდ გავლენას ახდენს მოსავლის დროულად აღება. ხორბალი მაშინ უნდა ავიღოთ როცა მარცვალში ტენიანობა 12%-ზე დავა, ამის შემდეგ ყოველი დაგვიანებული დღე 1-1,5 % – ით ამსუბუქებს მოსავალს.

დიდია თესვის ნორმის გავლენა მოსავალზე. საქართველოში ნორმით ჰექტარ ყანაში 5-5,5 მილ. ღერო-თავთავი უნდა იდგეს. ამ რაოდენობის მიღწევა ორი გზით შეიძლება: პირველი, დავთესოთ 5 მილიონი მარცვალი და მეორე, დავთესოთ 1. მილიონი და ღერო-თავთავის საჰექტარო რაოდენობას ბარტყობით მივაღწიოთ, სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე პირველ ვარიანტს ვიყენებთ და ჰექტარზე 250-300 კგ. ხორბალს ვთესავთ. ეს კი პროფ. ქევხიშვილის აღიარებით „უნდა შეფასდეს, როგორც „მსხვერპლი“, რომელიც მეურნემ უნდა გაიღოს თავისი არაკვალიფიციურობის გამო, რაც მეურნისაგან მიწათმოქმედების დაბალ კულტურაზე მიუთითებს“. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან უგულებელყოფილია მიწასთან მუშაობის ყველანაირი ნორმები.

დღეის მდგომარეობით მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ჰექტარ ყანაში არ თესავენ 120 კგ-ზე მეტ ხორბალს. აშშ-ში თესვის ნორმა 60-100 კგ-ია. მე პირადად ყველაზე კარგი შედეგი 50-კგ-იანმა ნათესმა მომცა. ასე, რომ თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ხორბლის ჯიშების მაღალბარტყიანობას და მიწასთან მუშაობის ნორმებს ზუსტად დავიცავთ , თამამად შეიძლება 60-80კგ. თესვის ნორმაზე გადასვლა. ეს კი საშუალებას მოგვცემს, ყოველი ჰექტარი ყანიდან 200კგ-ზე მეტი ძვირადღირებული თესლი დავზოგოთ. ვინც ეჭვის თვალით უყურებს თესვის დაბალ ნორმებს გირჩევთ, თესვის ნორმა ყოველწლიურად 50-70კგ-ით შეამციროთ და ამ გზით დახვიდეთ თესვის დაბალ ნორმაზე. აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ხორბლის დაბალი ნორმა იმ შემთხვევაში უნდა დათესოთ თუ ხორბალს თავის დროზე თესავთ, რადგან ამ დროს, ორი ნორმალური ბარტყობა მიიღწევა.

ნათქვამია: „მიწის მუშა ზეცის მუშაა და მისი შრომა უფლის სამსახურია“,  ამიტომ მიწასთან მუშაობის დროს ისეთივე მართალი და თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, როგორც უფალთან ურთიერთობის დროს ვართ. როგორც ათი მცნებიდან ნებისიერის დარღვევა ყველას დარღვევას ნიშნავს, ასეა  მეხორბლეობაშიც, ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერის დარღვევა, დაბალი მოსავლის მიღების მიზეზი ხდება.

აი, სულ ესაა ბატონო მეხორბლე ფერმერებო, რისი თქმაც მინდოდა, თუ ერთ თქვენგანს მაინც გამოადგება ჩემი რჩევა და ამით გაზრდის საჰექტარო მოსავალს, გამოვა რომ ტყუილად არ მიშრომია.

  ჟორა გაბრიჭიძე 

სტუ. ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა

კვლევის სამეცნიერო ცენტრის სწავლული  მდივანი.