რამდენიმე რჩევა თაფლის ექსპორტით დაინტერესებულ კომპანიებს
ყურადღებით უნდა შეარჩიოთ მიმღები ქვეყანა, სადაც აპირებთ თაფლის ექსპორტს, გაითვალისწინოთ მათი და საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნები, სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორები და გაანალიზეთ შეგიძლიათ თუ არა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ექსპორტის პროცესის დასაგეგმად შემდეგ კითხვებზე იქნება პასუხი გასაცემი:
გყავთ თუ არა თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას?
შეგიძლიათ სათანადო რაოდენობის თაფლის სათანადო დროში მიწოდება?
აკმაყოფილებს თქვენი შეფუთვა და ეტიკეტირება მიმღები ქვეყნის მოთხოვნებს?
რა დაგეგმილი და გაუთვალისწინებელი ხარჯები შეიძლება ახლდეს საექსპორტო ოპერაციას?
სწორად შეარჩიეთ იმპორტიორი–პარტნიორი:
ვინ არის თქვენი პარტნიორი – სავაჭრო ქსელი? დისტრიბუტორი კომპანია? გამოიყენებთ საბროკერო კომპანიებს? საჭიროა ერთობლივი კომპანიის შექმნა? ზუსტად, მკაფიოდ, სრულად და წერილობით არის შეთანხმებული იმპორტიორთან საექსპორტო ოპერაციის ყველა პირობა (ამ სახელმძღვანელოში მოცემული საკითხები, მხარეთა ვალდებულებები, თანხის გადახდის პირობები…)?
იმპორტიორი/თქვენი პარტნიორი კარგად ერკვევა მისი ქვეყნის საკანონმდებლო მოთხოვნებში?
გათვალისწინებულია ენობრივი ბარიერის ან ადგილობრივი კულტურის გავლენის რისკი ბიზნესოპერაციებზე?
დაიჭირეთ თადარიგი პროდუქციის სათანადო შეფუთვისთვის.
ექსპორტის პროცესში ერთერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია პროდუქციის ტარა. იმპორტიორები ითხოვენ თაფლის მიწოდებას ძირითადად 3 ტიპის ჭურჭლით:
1. მინის ან პლასტმასის ქილებში;
2. პლასტმასის სათლებში (20-35 ლ.);
3. მეტალის ცილინდრულ ავზებში (220 ლ.).
თუ საჭირო ჭურჭელს საქართველოში ვერ მოიძიებთ, მოგიწევთ მისი მიღება უცხოეთიდან; მათი მცირე რაოდენობით შემოტანა კი საკმაოდ რთული, ძვირი და ხანგრძლივი პროცესია,ამიტომ ექსპორტიორს წინასწარ უნდა ჰქონდეს მოძიებული ინფორმაცია ჭურჭლის მწარმოებლებზე და შემომტანებზე და მზად იყოს თაფლის მიმღების/იმპორტიორის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
მიიღეთ კონსულტაციები:
გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა საკითხი დააზუსტეთ სპეციალისტებთან, ექსპორტ-იმპორტის პრაქტიკოსებთან და კონსულტანტებთან.
„მეთაფლე ფუტკრის დაავადებების მართვა და უვნებელი თაფლის წარმოება“ (სახელმძღვანელო)