რამინ ელდარ ოღლის ბიზნესად ქცეული საოჯახო მეურნეობა
სოფლის მეურნეობის განვითარების სამთავრობო თუ საკრედიტო ორგნიზაციების ინიციატივებს და სპეციალურ პროგრამებს, როგორც ქვეყანაში ისე კასპის მუნიციპალიტეტში ბევრი მოსარგებლე ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ბენეფიციარი რამინ ელდაროღლია.
სოფელ საქადაგიანოს მკვიდრი ბატონი რამინის ოჯახი ტრადიციულად მეცხოველეობას მისდევს. აქამდე, მართალია, მეურნეობას მამა-პაპური მეთოდით მართავდნენ, მაგრამ ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო მაინც ეს იყო და ოჯახი გასაჭირს არასდროს უჩიოდა; პროდუქციას – ყველს, რძეს და ხორცს – ნაწილს თვითონ მოიხმარდნენ, ნაწილსაც ადგილობრივ ბაზარზე ყიდდნენ. შინაური ფრინველებიც მრავლად ჰყავთ, ძირითადად, – საოჯახო მოხმარებისათვის.
ბავშვობიდანვე შეიყვარა და შეისისხლხორცა რამინმა მეცხოველე ფერმერის პროფესია. ჯერ მწყემსობაში და პირუტყვის მოვლაში ეხმარებოდა მშობლებს. ბოლოს, ასაკის მატებასთან, ისე დაოსტატდა, რომ საძოვარზე მისი პირუტყვი სიმსუქნით, სიჯანსაღითა და სისუფთავით აშკარად გამოირჩეოდა. ამიტომაც ამბობდნენ მასზე – ხარ-ძროხის მესაიდუმლეაო. მართლაც გამოცდილი ფერმერის თვალს არაფერი გამოეპარება, შეხედავს თუ არა, უმალვე ატყობს რა აწუხებს, რა სჭირდება პირუტყვს და ცდილობს მაშინვე მოაგვაროს პრობლემა, იზრუნოს მათი უტყვი „მოთხოვნილებების“ დასაკმაყოფილებლად.
სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომ საოჯახო მეურნეობის განვითარების კარგ პირობას იძლეოდა, ელდარი ამის თაობაზე სპეციალისტთა რჩევით დაინტერსდა, გადაწყვიტა, ოჯახური ტრადიციული მეურნეობა სერიოზულ ბიზნესად ექცია. იგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც, „საქართველოს ბანკს“ შეღავათიანი სესხისთვის მიმართა:
ცას ეწია სიხარულით, როცა დასტური მიიღო და „საქართველოს ბანკმა“ 180 ათასი ლარი შეღავათიანი სესხი დაუმტკიცა.
მყისვე შეუდგა საკუთარი გეგმების განხორციელებას და გემოვნებით შერჩეული პროექტით 110 სულიანი ფერმის მშენებლობა წამოიწყო. მუშა-ხელად, საკუთარი თავის გარდა, ოჯახის წევრებიც დაიხმარა, სპეციალისტები დაიქირავა და სულ რაღაც სამიოდე თვეში ფერმის მშენებლობა დაასრულა; მომდევნო ორ თვეში კი, პირუტყვის ბაგურ კვებაზე დასაყენებლად, საჭირო მოწყობილობები, წყალგაყვანილობის, ელექტროფიცირების, ტემპერატურული რეჟიმის დაცვის სისტემები დაამონტაჟა და გამართა. გასული წლის დასაწყისში მეურნეობა უკვე მეხორცული და მერძეული პირუტყვი ინტენსიურ კვებაზე დასაყენებლად მზად იყო. ავტომატურ რეჟიმში ემსახურებოდა ფერმას წყლის და საკვების მიწოდების, ნარჩენების, ფეკალის გატანის სისტემები.
ახლა, როცა ძირითადი სიძნელეები უკვე დაძლეულია, განვლილ-განცდილის მოგონება რამინს ძალიან სიამოვნებს.
პასუხისმგებლობა მართლაც დიდი იყო. ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდი. ყურადღება ერთი წუთითაც არ მომიდუნებია, ყოველ თეთრს მიზნობრივად ვხარჯავდი.
მართლაც არაფერი შეედრება იმ სიხარულს, როცა შენი შრომით შექმნილი საქმე ამართლებს და შედეგს თვალსაჩინოდ ხედავ. დღეს უკვე აღარაფერი მაქვს სათუო და სარისკო.“
არადა სათუო რაღა უნდა ჰქონდეს: თერთმეტი სული მეწველი ძროხა ჰყავს, 70 სული – სასუქად დაყენებული საჯიშე და სახორცე მოზვერი, 50 სული ცხვარი.
კმაყოფილია წლევანდელი შედეგითაც: 13 ტონა ხორცი დაამზადა და გაყიდა, 5 ტონა ნატურალური რძეს და ყველი გაიტანა ბაზარზე, არც იალაღზე გაზრდილ ცხვარს აკლია მუშტარი.
ელდარს ყოველმხრივ მოწესრიგებული მცირე სიმძლავრის საკუთარი სასაკლაოც აქვს. საკუთარ საწარმოში დაფასოებული რძით, ყველით და ხორცით ამარაგებს თბილისში საკუთარ მაღაზიას. მომხმარებელიც მუდმივად ჰყავს, რადგან მათ ყოველთვის ჯანსაღ, მაღალხარისხიან პროდუქტს აწვდის.
ერთი კეთილი საქმეც გააკეთა მეზობლის მრავალსულიანი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი დაასაქმა. მომავალში კიდევ რამდენიმე ოჯახის დასაქმებას აპირებს.
რამინს, როგორც გამოცდილ ფერმერს, ხშირად ეკითხებიან რჩევას, მიმბაძველიც ბევრი ჰყავს და მოუცლელობის მიუხედავად, მათთვის დროს ყოველთვის ნახულობს და გამოცდილების გაზიარებაზე უარს არ ეუბნება.
ყველაზე საამაყო მისთვის მაინც ისაა, რომ მარტო საქადაგიანოში კი არა, მთელს მუნიციპალიტეტში გამრჯე, პატიოსანი, უღალატო კაცის სახელი აქვს დამკვიდრებული, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
ზურაბ თურმანიძე, კასპი, იანვარი, 2022წ.