დარგებიმევენახეობა-მეღვინეობასტატიები

ილია ჭავჭავაძე ჩვენს მეღვინეობა-მევენახეობაზე

როგორ დავიჯეროთ, რომ ღვინომ, ესე იგი, მომეტებულმა წყარომ სიმდიდრისამ, ერი გააღარიბოს. ეს მადლის ცოდვად გადაქცევა, ლხინის ჭირად გარდაქმნა ჭკუაში როგორღაც არ მოდის, ლოღიკა როგორღაც ვერ ითვისებს, ვერ იწყნარებს; აქ უნდა სხვა რამ მიზეზი იყოს და ამ მიზეზის გამორკვევა მეტად საინტერესო გახდა ჩვენთვისა.
როცა ამბობენ, ესა თუ ის ქვეყანა მდიდარიაო, ამით იმისი თქმა არ უნდათ, რომ ვითომ იმ ქვეყნის ერია მდიდარი, იმიტომ, რომ შესაძლოა ერი მდიდარი იყოს და ამ სიმდიდრეში თვითონ ქვეყანა, როგორც მომცემს ადგილს, არავითარი მონაწილეობა არა ჰქონდეს სიმწირის გამო.

სიმდიდრეს ქვეყნისას შეადგენს ის ძალ-ღონე ჰავისა და მიწისა, რომელიც შესაძლოდა ჰხდის მოცემის მრავალგვარობას, და რამდენადაც ეს მრავალგვარობა დიდია, იმოდენად მდიდარია ქვეყანა. ამ საბუთით ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა მდიდარია, რადგანაც ჰავა და მიწა ბევრგვარს საგანს სიმდიდრისას იძლევა, თუ კაცი ცნობიერად ხელს მოჰკიდებს და ცოდნით და ხერხიანად გაირჯება. ჩვენი ქვეყანა, მაგალითებრ, ღვინოს და კარგი თვისების ღვინოსაც იძლევა სხვათა შორის. ამ მხრით, იგი მდიდარია იმ ქვეყნებზედ, საცა ვაზი გამო ჰავისა ვერა ჰხეირობს. ეს ხომ ესეა, მაგრამ ერთი საოცარი ამბავი უნდა შევნიშნოთ. ჩვენ არაერთხელ გაგვიგონია ჩვენის ყურით გულისხმიერ შინაურ კაცთაგან, რომ გლეხობა აქ არის ჩვენში ღარიბი და ყელთამდე ვალში ჩაცვივნული, საცა ვენახობა და, მაშასადამე, ღვინის კეთება გახშირებულია და საცა გლეხკაცობა ამ ვენახობაზედ არის უფრო მეტად თავდადებულიო. პირიქით, საცა გლეხობა მარტო ხვნა-თესვას მისდევს, იქ კი გლეხნი უფრო შემძლებელნი და უვალონი არიანო. ხშირად ამის დასამტკიცებლად თვითონ სოფლებიც დაუსახელებიათ და ამ სოფლების მცოდნე კაცებს უთქვამთ, რომ ამ დასახელებულ სოფლებში მართლა ეგრეა გლეხთა მდგომარეობაო. ჩვენც თვითონ გამოგვიძიებია ეს საოცარი ამბავი ჩვენს ახლო-მახლო თვითო-ოროლა სოფლებში და, ჩვენდა სამწუხაროდ, გამოძიებას არც ერთგან არ გაუმტყუნებია ზემოხსენებული ნათვალევი შინაურ კაცებისა: ყველგან, საცა თვალი მიგვიწვდენია, გამოსულა, რომ გლეხობა იქ უფრო შეძლებულია და უვალო, საცა ვენახები ან სულ არა აქვთ, ან ძალიან ცოტა და საცა უფრო ხვნა-თესვაა, ვიდრე სხვა რამ მიწათმოქმედება. ეს ისეთი დაუჯერებელი ამბავია პირველი შეხედვით, რომ ჩვენს თვალსაც არ ვუჯერებდით და გულში ვამბობდით, თვითო-ოროლა სოფლის მაგალითი ჯერ კიდევ საბუთი არ არის, სიღარიბის მიზეზად ვიცნათ საგანი სიმდიდრისა, რომელსაც ღვინო წარმოადგენს. მართალიც არის.

დრო გადიოდა და ჩვენ შევიტყვეთ, რომ ერთი დიდი მემამულე, რომელსაც ორასის დღის ვენახი აქვს გადაჭიმული ერთს ადგილას, ნებას არ აძლევს გლეხობას მის მამულში ვენახი აიშენოს სწორედ იმ მიზეზით, რომ ჩემი გლეხობაო, რომელიც ეხლა მარტო ხვნა-თესვას მისდევს და ცოტად თუ ბევრად წელმაგარია, გაღარიბდება, რაკი ვენახის დავიდარაბას აიკვიატებსო.

ჩვენ ვიცნობდით ამ მემამულეს და საინტერესოდ გაგვიხდა მისგან ამ საგანზედ შეგვეტყო რამე. მან გვითხრა, რომ სწორედ ეგრე ვიქცევი ჩემს მამულში და ჩემისთანა უვალო და შეძლებული გლეხობა ბევრს არ უსახლიაო. ჩემს გვერდით ჩემობას ერთი პატარა სოფელი დაშენდა სახელმწიფო მამულზედაო და როცა ამ პატარა სოფლის გლეხთა ვენახების გაშენება დააპირეს, ბევრი ვურჩიეო, თუ თავის დაღუპვა არ გინდათ, ვენახებს თავი დაანებეთ, მარტო ხვნა-თესვას მიჰყევითო. არ დამიჯერეს და ეხლა ჰნანობენო, ყელთამდე ვალებში არიან, და ჩემი გლეხები კი იმოდენად კარგად არიან, რომ ისინი ამათ შეჰნატრიანო. დღესაც იმ ადგილებში გარშემო ვენახები აქვს გლეხობას და მარტო შუაგული მამულია ხსენებულ მემამულისა, საცა არც ერთს გლეხს ვენახი არა აქვს და არც ნდომობს, რომ იქონიოს. ჩვენ ეს ამბავი სულ სხვა მიზეზს მივაწერეთ, რადგანაც ლოღიკას როგორღაც არ ეფერებოდა. ჩვენ გვეგონა, რომ რადგანაც ხსენებულს მემამულეს სულ სხვა ხიზნები ჰყავს თავის მამულში, ამ მიზეზით ნება არ მიუცია ვენახების გაშენებისა, რომ მკვიდრად ფეხი არ მოიკიდონ მამულში და მერე სადავიდარაბოდ არ გაიხადოს საქმე. ამის გამო სულ სხვა მიზეზი შევწამეთ და არა ის, რასაც იგი გვაუწყებდა. ეხლა კი ეს საოცარი ამბავი სხვა მხრიდამაც ჰმართლდება. ხომ მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩვენში ბ-ნმა ტიხიევმა რჩეულნი მოხელენი გაჰგზავნა სხვადასხვა ადგილას ჩვენში სახელმწიფო გლეხთა ეკონომიურის ყოფაცხოვრების გამოსაძიებლად. ამათგან ერთმა, ბ-ნმა არღუთინსკიმ, გამოიძია თელავისა და სიღნაღის მაზრის გლეხობის ყოფა-ცხოვრება და როგორც ეტყობა საბუთიანადაც, და იმასაც, წარმოიდგინეთ, იგივე შეუნიშნავს შესახებ იმ გლეხებისა, რომელნიც მევენახეობას უფრო მისდევენ. იგი ამბობს, რომ საცა გლეხობა ვენახობას აჰყოლია ამ ორს მაზრაში, ნამეტნავად თელავისაში, იქ გლეხობა ვალშია, ღარიბია და სახელმწიფო გადასახადის დარჩენილი ფულიც იქ მეტია, ვიდრე სხვაგანაო, ამის დასამტკიცებლად საბუთებიც მოჰყავს საკმაოდ შესაწყნარებელი. რაკი ამ მხრითაც შემოწმებულია დღეს ის დაუჯერებელი ამბავი, რომელიც წინად მოვიხსენიეთ, არ შეიძლება კაცმა ყურადღება არ მიაქციოს და მის ვითარებას არ ჩაუკვირდეს, როგორ გადაექცევა ჩვენს გლეხობას ერთი კაი მოზრდილი წყარო სიმდიდრისა სიღარიბის სათავედ, _ ამის გამოძიება და გამორკვევა მეტისმეტად საინტერესოა და ჩვენს ამ საგანს ჩვენის შეძლებისამებრ გამოვიკვლევთ.

ცალკე ის მოწმობანი, რომ ყველგან, საცა გლეხკაცობა მისდევს ვენახის კეთებასა, გლეხნი სიღარიბეში არიან და ვალებით დამძიმებულნი, ცალკე ის უეჭველი ამბავი, რომ ვენახები თანდათან ჰმატულობენ და მრავლდებიან ქართლ-კახეთში და ამ უკანასკნელ დროს უფრო ქართლში, _ ორს ერთმანეთის შეუფერებელს და შეუწყნარებელს მოვლენას წარმოგვიდგენენ. თუ ვენახებითა ჰღარიბდებიან გლეხნი, რაღად მრავლდება ვენახები და თუ ვენახები მრავლდება, რაღას ჰნიშნავს ხსენებული მოწმობანი?

ვენახების გამრავლება ხომ ანგარიშზეა დამოკიდებული და თუ ვენახები ანგარიშში არ მოდის, თავს ტყუილად ვინ გაიცივებდა იმის გასამრავლებლად, რაც ხეირის მაგიერ მარტო ზიანისა და ზარალის მომტანია. ჩვენა გვგონია, რომ ამ ერთმანეთის დამლევს და შემუსვრელს ამბავის მიზეზს მივუხვდებით, თუ თვალწინ წამოვიყენებთ იმ ეკონომიურს ძალ-ღონეს, რომელიც გლეხკაცობას ვენახის გასაშენებლად აიძულებს. ვენახი თუ ამინდი ხელს უწყობს და წელიწადი კარგი შეხვდა, დიდძალს მოგებას იძლევა. მაგალითებრ, ბ-ნ არღუთინსკის გამოძიებით გამოდის, რომ თელავის მაზრაში დღიურს ვენახზედ იხარჯება წელიწადში 34 მანათი და შემოსავალი კი ორთა შუა მოსავლისა იძლევა 110 მანათსა, ასე, რომ დღიურზედ წმინდა მოგება რჩება 76 მანათი. ხვნა-თესვა კი იმავ მხარეს იძლევა წმინდა შემოსავალს დღიურზედ 10 მანათსა და ორს აბაზსა, რადგანაც ბ-ნ არღუთინსკის გამოყვანილი აქვს ხვნა-თესვის ხარჯი დღიურზედ 14 მანათი და ორი შაური და შემოსავალი 24 მანათი და ათი შაური, ისიც მაშინ, თუ პურია დათესილი. სხვა მარცვლეულობა კი, მაგალითებრ, ქერი, სულ ოთხს მანათს და ექვს შაურს წმინდა მოგებას იძლევა და სიმინდი მარტო სამს მანათს და ათ შაურსა. რაკი ხალხის გამრავლება ცოტად თუ ბევრად ყოველწლივ წინ მიდის და ამის გამო სახნავ-სათესი მიწები აღარ ჰყოფნის ხალხსა, რა თქმა უნდა, სახნავსათესი მიწა იმისთანა სამუშავოდ უნდა აქციოს, რომელიც ხვნა-თესვაზედ უფრო დიდს შემოსავალს იძლევა, რადგანაც ბარად ჩვენის ქვეყნის მომეტებულ ნაწილში ყურძენი ჰხეირობს და ვენახობა შესაძლებელია, და რადგანაც ვენახი თითქმის ერთიშვიდად მეტს იძლევა ვიდრე სახნავ-სათესი, აშკარაა, ვენახად ქცეული სახნავ-სათესი ერთიშვიდად მეტს სარჩოს მოიტანს; ამ სახით, ანგარიში თვალნათლად აჩვენებს გლეხკაცსა, რომ იგი ტანი მიწა, რომელიც ხვნა- თესვით საკმაო სარჩოს არ იძლეოდა, ვენახეობით კი გაუძღვება მისის რჩენის საჭიროებასა. ამაში უნდა მოიპოვებოდეს მიზეზი ვენახების გამრავლებისა ჩვენში. ამაშივე უნდა მოიჩხრიკებოდეს მიზეზი გლეხის გაღარიბებისა და ვალში ჩავარდნისა, თუ ერთიც და მეორეც მართალია და არა მოჩვენებული ღრმად ჩაუხედავობისაგან. ხვნა-თესვა იმისთანა რამ არის, რომ თუმცა ცოტას იძლევა, მაგრამ რასაც იძლევა, უფრო საიმედოა და მშრომელს უფრო ნაკლებ გაუმტყუნდება ხოლმე.

ხვნა- თესვის მოსავალს იმდენი განსაცდელი, ფათერაკი არა სდევს, რამდენიც ვენახისას. გარდა ამისა, რომ სულაც მოუცდეს გლეხკაცსა, უფრო ადვილად ასატანია, ვიდრე ვენახის მოსავლის მოცდენა იმიტომ, რომ პირველს შემთხვევაში 14 მანათი ეკარგება და მეორეში კი 34 მანათი, თუ ბ-ნ არღუთინსკის ციფრებს მივიღებთ საანგარიშოდ ეგ ციფრები მით უფრო სარწმუნონი არიან, რომ საკმაოდ ახლო არიან მართალ ციფრებზედ. იმას აღარ ვიტყვით, რომ ხვნა-თესვის მოსავალის ხელაღებით მოცდენა ძნელი და იშვიათი შემთხვევაა, ვენახისა კი უფრო ადვილია და ხშირი, ჯერ მარტო იმ მიზეზით, რომ ხვნა-თესვის მოსავალზედ კარგა გვიან მოდის მოსავალი ვენახისა და, მაშასადამე, ამინდის ცვლილებისა თუ სხვა განსაცდელის ქვეშ უფრო დიდხანს იმყოფება. სხვა რომ არა იყოს რა, მარტო სეტყვა ავიღოთ. ხვნა-თესვის მოსავალი მარტო მკათათვის დამლევამდეა სიტყვის შიშქვეშ და ვენახისა კი თითქმის ღვინობისთთვემდე და ამ ხნის მანძილზედ ვინ იცის, რა არ დაემართოს ვენახსა, კაცზედ დამოუკიდებელ მიზეზის გამო. ერთის მხრით, დიდს შემოსავლის იმედი, რომელსაც ვენახი იძლევა და რომელიც ცოტად თუ ბევრად საბუთიანია და დიდს ხარჯს აწევინებს, და მეორეს მხრით, ის მრავალგვარი განსაცდელი, რომელიც თან სდევს ვენახის მოსავალსა და ხშირად ვენახის პატრონს ყველაფერზედ ხელს აბანინებს, უნდა ცნობილ იქმნას იმის მიზეზად, რომ ვენახის მიმდევარი გლეხი შეძლებით უფრო უღონოა, ვიდრე ხვნა-თესვის ამყოლი. ვენახს იმოდენა ხარჯი და მოვლა უნდა, რომ ერთი წელიწადი მოუცდეს გლეხსა, გლეხი უეჭველად ვალში უნდა ჩაიფლას, და ვალიც იმისთანა მძიმე პირობისაა, რომ ერთხელ ჩაფლული ძნელად თუღა იხსნის ვალისაგან თავსა. ჩვენ მოვიყვანეთ ბ-ნ არღუთინსკის მიერ გამოძიებული რაოდენობა ხარჯისა ერთის დღიურის ვენახის გასაკეთებლად, მართალზე ძალიან ახლოს. ამ ციფირისაგან სჩანს, რომ ერთის დღიურის ვენახის პატრონს ვენახზედ იხარჯება 34 მანათი.

ვენახი რომ მოუცდეს და 34 მანათი ვალად დაედვას ერთის დღიურის ვენახის პატრონს გლეხსა, როგორღა დაიღწევს ამ ვალისაგან თავსა. რადგანაც ვენახი დიდი შემოსავალის იმედს იძლევა და რადგანაც წინდაუხედავობა, რომელიც ჩვენს ზნეს შეადგენს, მარტო კარგს გვაფიქრებინებს ხოლმე და ათასნაირს განსაცდელს გვავიწყებინებს, ამიტომაც გლეხს გული უფრო ხალვათი აქვს ვალის აღებისათვის: ერთი მოსავალი მომივა და ვალსაც ერთბამად გავუძღვები და ვახშსაცაო, იგი მართალია. ამ ერთის კარგის მოსავლის მოლოდინითა, მაგრამ ხშირად ლოდინი ლოდინად ჰრჩება და გულხალვათად აღებული ვალი თავის ზედნადებით ზედ ეკეცება და რამოდენადაც იმედგამტყუვნებული მოსავალი ვენახისა აკლდება, იმოდენად, თუ არ მეტად, ჰმატულობს ერთხელ აღებული ვალიცა. გარდა ამისა, თვითონ იგი სოფლის წურბელაც, რომელიც მარტო ფულის ბღარტობითა ჰცხოვრობს და ქვეყანას იმის მეტი მისგან არა ემუნათება რა, იგიც ვენახის იმედით უფრო იძლევა ფულს ვალადა. იგი ფულის სასესხებლად მოსულს კაცს ყველაზედ უწინარეს იმასა ჰკითხავს ხოლმე: ვენახი გაქვსო და თუ აქვს, ამისთანისათვის ფულს სასესხებლად უფრო ადვილად იმეტებს. რადგანაც ფულის პატრონი წინდახედული და ანგარიშიანი კაცია, იმან კარგად იცის, ვენახი რა განსაცდელიანი ქონებაა; კარგად იცის, რომ თუ წელიწადი ემარჯვა, დიდს ღონეს აძლევს გლეხკაცსა, და თუ არა, ფული შესაძლოა დიდ ხანს დაებანდოს და გაებას. ცალკე ამ იმედიანის სიხარბით, ცალკე ფულის დიდხანს დაბანდების შიშით, იმოდენა სარგებელს დაუდებს ხოლმე პირობად, რომ კაცი ჰკვირობს, საღის ჭკუის პატრონი ამ სარგებელს როგორა ჰკისრულობსო. ხოლო გაჭირებულს გლეხკაცს სარგებლის სიდიდეს და სიმძიმეს უსუბუქებს და საადვილოდ უხდის ისევ ის იმედი ვენახის მოვლისა.

ეხლა კი სული  მოვიბრუნოო, ხელი მოვინაცვლოო, ამბობს გულში, და ღმერთი მოწყალეა, სამერმისოდ ვენახი იმოდენას მომცემს, რომ ამასაც წარბშეუხრელად გავწვდეო. აკი, ვსთქვით, გლეხკაცს ვენახის იმედით გული ხალვათი აქვს, და ეს იმედი მით უფრო ადვილად ჭკუაში მოსასვლელია, რომ ვენახი ბუნებითად დიდის მოსავლის შემძლებელია, დიდის მოგების მომცემია, თუკი ამინდი დაუდგა და განსაცდელს გადურჩა. ეს იმედი, უანგარიშოდ გაძლიერებული, წაიცდენს ხოლმე გლეხკაცობას, ცალკე ვალის აღების გზას უხსნის და ცალკე ვალის შიშს უკლავს, მაშინ, როდესაც უამისოდ გლეხკაცი ერთობ მეტად უფრთხის და ერიდება ვალის აღებასა. ამ სახით, სამი მიზეზი ერთად მოქმედობს, ჩვენის ფიქრით, თუ მართლა ვენახის მიმდევარი გლეხკაცი უფრო ვალში ჩაფლულია, უფრო შეუძლებელია, ვიდრე ხვნა-მთესველი, რომელიც უფრო ცოტაზედ, მაგრამ უფრო ნაკლებ განსაცდელიანს და უფრო დიდად საიმედო მოსავალზედ დამყარებულია. ერთი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ვენახის კეთების ხარჯი იმოდენაა, რომ თუ ვინიცობაა მოსავალი მოსცდა, გლეხი უვალოდ ამ ხარჯს ვერ გადურჩება; მეორე ისა, რომ დიდი მოგება ვენახისა ვალის შიშს უფრთხობს გლეხსა და ძნელად საკისრებელს ადვილად კისრად აღებინებს; მესამე ისა, რომ იგივ დიდი მოგება ვენახისა ფულის პატრონს უფრო ადვილად ამეტებინებს სასესხებლად ფულსა ვენახის პატრონისათვის. ხოლო ყოველსავე ამ მიზეზს და ვენახის პატრონების ღარიბად ყოფნას მაშინა აქვს ადგილი, როცა დამტკიცებული იქნება, რომ რიგიანი მოსავალი ვენახისა ძალიან იშვიათია ჩვენში და ნაკლები _ ხშირი. გლეხის ჩაფლვა ვალში და ვეღარ ამოსვლა ადვილად წარმოსადგენია მარტო ამ შემთხვევაში. ნუთუ ჩვენში უმოსავლობა ვენახისა სჭარბობს მოსავლიანობას? თუ მართლა დასაჯერია ის ამბავი, რომ გლეხკაცობა, ვენახების მიმდევარი, უფრო ღარიბია ხვნა თესვის მიმდევარზედ, უეჭველად ესეც უნდა დავიჯეროთ. ჩვენ მაინც კიდევ საეჭვოდ მიგვაჩნია ეს შინაურ მოსაქმე კაცთაგან შენიშნული და მთავრობის მოხელის მიერ შემოწმებული ამბავი. კარგი იქნებოდა, რომ სოფლად მცხოვრებმა მიხვედრილმა კაცმა თვალი დააკვირვოს ამ საოცარს ამბავს და თვისი აზრი ამ საგნის შესახებ გაგვიზიაროს. ეს მეტისმეტად საინტერესო საქმე იმად ჰღირს, რომ კაცმა ჯაფა გასწიოს და ზედმიწევნით გამოიძიოს.

მართლადა, როგორ არ უნდა ეოცოს კაცსა, რომ ადამიანს მეტი სახსარი ჰქონდეს თავის რჩევისა და ის მეტი ჭირად გადაჰქცევოდეს, ანუ უკედ ვსთქვათ, სიმდიდრე სიღარიბის მიზეზად გახდომოდეს.

ილია ჭავჭავაძე,

გაზ. „ივერია“, თბილისი, 1887 წელი,

23-24 ივნისი