რაჭული მცვივანი – ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში
რაჭული მცვივანი – ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ძირითადად რაჭაში და იძლევა სუფრის ხარისხოვან ღვინოს.
ადგილობრივ მევენახეთა შორის მცვივანი ცნობილია აგრეთვე მცვივანას სახელწოდებით. სასოფლო-სამეურნეო ლიტერატურულ წყაროებში ჯიშის სხვა სინონიმი ცნობილი არ არის.
რაჭული მცვივანი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, იგი წარმოქმნილია კულტურულ ვაზის ჯიშების ადგილობრივ კერიდან თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშნებით მცვივანი მეტად ახლო დგას დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან და მათთან ერთად ეკუთვნის ვაზის ჯიშების prol pontic, sub prol. georgica Negr.-ის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცვივანის სახელწოდებით საქართველოს მევენახეობის რაიონებში რამდენიმე ჯიშია გავრცელებული, რომლებიც თავიანთი ბოტანიკური ნიშნებით და სამეურნეო თვისებებით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ასე მაგალითად, კახური მცვივანი ორსქესიანია, იგი ხასიათდება საშუალო ზომის და სიმკვრივის მტევნებით და მრგვალი თეთრი მარცვლებით, რაჭულ მცვივანს კი მდედრობითი სქესის ყვავილი, საშუალო ზომის, თხელი მტევანი და მომრგვალო ან ზოგჯერ ოდნავ ოვალური თეთრი მარცვლები აქვს. იმერული მცვივანი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელსაც სიმწიფეში მარცვლები უჭკნება და ცვივა. მცვივანი ე. ნაკაშიძის ცნობით გურიაშიაც ყოფილა გავრცელებული სოფ. ოცხანას, მაწიეთს, ბასილეთსა და მათ მახლობლად, მაგრამ იგი წითელყურძნიანი ჯიშია. ამრიგად, ერთი სახელწოდების მქონე ეს ოთხი ჯიში ფაქტიურად მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ისინი სხვადასხვა ჯიშებია, რის გამო სახელწოდებაც განსხვავებული უნდა ჰქონდეთ, სახელდობრ, მათ უნდა ეწოდოთ – „მცვივანი რაჭული“, „მცვივანი კახური“, „მცვივანი გურული“ და „მცვივანი იმერული“.
სახელწოდება „მცვივანი“ ამ ჯიშს მიღებული უნდა ჰქონდეს არა იმის გამო, რომ მისი მარცვლები სუსტად არის მიმაგრებული ყუნწზე და ადვილად ცვივა, არამედ იმიტომ რომ ჯიში ზედმეტი ყვავილცვენით ხასიათდება, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში და ცუდი დამტვერვის დროს, რის გამო თხელ, მეჩხერ მტევნებს ივითარებს. ამის ძირითადი მიზეზია მდედრობითი ტიპის ყვავილი და დამტვერვის ცუდი პირობები. ხელოვნური დამტვერვის ან შერეულ ნარგავებში დაყვავილების კარგ პირობებში მცვივანი საშუალო სიმკვრივის და ზოგჯერ მკვრივ მტევნებსაც ივითარებს.
მცვივანი ადრე მწიფობით ხასიათდება, ამიტომ იგი უფრო მაღლობ და შედარებით გრილჰავიან რაიონებშია გავრცელებული, სახელდობრ, იგი ძირითადად ონის რაიონშია მოკალათებული.
რაჭული მცვივანი მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშია, იგი მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რაიონებში გვხვდება, უმთავრესად ონის რაიონში, ძირითადად, სოფ. ღარისა და შოუბნის მიკრორაიონში. ვენახების 1940 წლის აღწერის მასალების მიხედვით მას 16,15 ჰექტარი ფართობი უჭირავს. ცალკეული რაიონების მიხედვით ეს ფართობი განაწილებულია შემდეგნაირად: ცაგერის რაიონში 2,15 ჰექტარი. ონის რაიონში – 12,20 ჰექტარი, საქართველოს დანარჩენ რაიონებში კი 1,8 ჰექტარი. სულ 16,15 ჰექტარი.
ვენახების უფრო ზუსტი 1947 წლის აღწერის მასალების მიხედვით რაჭა-ლეჩხუმში მცვივანის ფართობი 15,01 ჰექტარს უდრის. ყველაზე მეტი ფართობი მას ონის რაიონში უკავია სულ 9,25 ჰექტარი, ცაგერის რაიონში კი – 5,67 ჰექტარი, ხოლო დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში მას მხოლოდ 0,09 ჰექტარი უკავია.
ბოტანიკური აღწერა
ჯიში ბოტანიკურად აღწერილია და სამეურნეო თვალსაზრისით დახასიათებულია ონის რაიონის სოფ. ღარში. ვენახი ფერდობზეა გაშენებული და გაფორმებულია ქართული წესით სარზე. ვენახი დამყნობილია რუპესტრის დულოზე, ნიადაგი ქვეთიხნარია. ჯიშის დეტალური შესწავლა გრძელდება მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში სოფ. კურდღელაურში, რომელიც ცივ-გომბორის ჩრდილო- აღმოსავლეთ ფერდობზეა გაშენებული ზღვის დონიდან 562,3 მ სიმაღლეზე. ვენახი გაშენებულია ქართული წესით ორი ნეკისა და ორი მოპირისპირე საკვებელზე. კვების არე უდრის (2X1,5 მ) 32 მ, ხოლო ვაზის შტამბის სიმაღლე 50 სმ.
ახალგაზრდა ყლორტი
მოზარდი 10-15 სმ სიგრძის ყლორტების გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ კარგად გაუშლელი ფოთოლი შებუსვილია საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით და მორუხო-თეთრი ფერისაა განიერი მოვარდისფრო არშიის შემოვლებით ფოთოლაკების და გვირგვინის ირგვლივ. მეორე იარუსის ფოთოლაკები (მე-3 და მე-4) ზემო მხრიდან შებუსვილია თხელი აბლაბუდით და მოყვითალო ღვინისფერია, ქვემო მხრიდან კი საკმსაო სქელი ქეჩისებრი ბეწვებითაა დაფარული, რის გამო მორუხო თეთრი ფერისაა, ქვედა ფოთლების გარდა, რომლებიც ზემოდან თხლადაა შებუსვილი და შეფერილია მომწვანოდ. ყლორტი გვირგვინთან ახლო რამდენიმე მუხლთშორისზე შებუსვილია და მორუხო თეთრი ფერისაა, ხოლო ქვემოთ შეუბუსავია და მორუხო მწვანეა.
ერთწლიანი რქა
კარგად მომწიფებული ერთწლიანი რქები შემოდგომით მუქი წითელი ფერისაა, ხოლო მუხლები მუქი მიხაკისფერია. მუხლთშორისები საშუალო სიგრძისაა. ზოლები მუხლთაშორისების გასწვრივ სუსტად არის გამოსახული. მუხ-ლთშორისების სიგრძე მერყეობს 5-დან 10 სმ-მდე და საშუალოდ 7-8 სმ უდრის.
ფოთოლი
კარგად განვითარებული შუა იარუსის (9-12) ფოთოლი საშუალო სიდიდისაა, მათი სიგრძე-სიგანე 16X17 სმ უდრის. ფოთლის ფორმა მომრგვალოა, უფრო ხშირად განი ჭარბობს სიგრძეს და ფოთოლი განიეროვალური ხდება. იგი ხუთნაკვთიანია, იშვიათად გვხვდება სამნაკვთიანი ფოთლებიც, რომლის შუა ნაკვთი თითქმის მუდამ ბლაგვკუთხიანია. ფოთლის ზედაპირი ხშირად გლუვია, იშვიათად იგი წვრილბურთულებიანი და მუქი მწვანეა. მისი მოხაზულობა სწორი ან ოდნავ ძაბრისებრია, ნაკვთის ბოლოების ზემოთ აწევის გამო.
ზედა საშუალო სიღრმის ამონაკვეთები უფრო ხშირად დახურულია თითისტარისებრი ან კვერცხისმაგვარი ფორმის თვალით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე განიერი ელიფსისმაგვარი და ძლიერ ვიწროთვლიანი ამონაკვეთები, რომლებშიაც სინათლე ოდნავ გადის. ღია ამონაკვეთები უფრო ხშირად შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმისაა პარალელურგვერდებიანი ან ჩანგისმაგვარი შევიწროებული ან მომრგვალო ფუძით.
ქვედა ამონაკვეთები უფრო ხშირად სუსტადაა გამოსახული. ჩვეულებრივ ზეზეურებია, ფორმით შეჭრილი კუთხისმაგვარია მახვილი ფუძით.
ყუნწის ამონაკვეთი მუდამ ღიაა, ჩვეულებრივ იგი თაღისებრი ფორმისაა მომრგვალო ფუძით, გვხვდება აგრეთვე ვიწრო თაღისებრი ფორმის ამონაკვეთები მახვილი ფუძით, უფრო იშვიათად კი ჩანგისმაგვარი ფორმის ამონაკვეთები – ბრტყელი ან მომრგვალო ფუძით.
ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია საშუალო სისქის აბლაბუდისებრი ბეწვებით, რომლის ქვეშ მოფენილია საკმაოდ თხელი ჯაგრისებრი ბუსუსი. ბუსუსი თითის გასმით ადვილად ითელება ფიფქებად და იოლად ცილდება.
ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება მახვილწვერიანი ვიწრო სამკუთხედისებრი ფორმის კბილებით ან ოდნავ გვერდგამოწეული კბილებით. ფოთლის გვერდითი კბილები ვიწრო სამკუთხედისებრი ზოგჯერ სწორმდგომი და ხერხის კბილებისებრ დახრილი ფორმით მახვილწვერიანი სამკუთხედისებრია.
ყუნწის სიგრძე უდრის ფოთლის მთავარ ძარღვს, ან მასზე ოდნავ მოკლეა. იგი ოდნავ შებუსვილია ჯაგრისებრი ბუსუსით და შეფერილია მწვანედ მოწითალო ზოლების ჩართვით.
ყვავილი
ყვავილი ფიზიოლოგიურად მდედრობითია. ყვავილში 5 ან 6 მტვრიანაა; მტვრიანა ოდნავ მოკლეა (0,8) ან იშვიათად ბუტკოს სიმაღლეს უდრის. მტვრიანები შემოხრილია ნასკვის ქვემოთ ან განწყობილია ჰორიზონტალურ სიბრტყეში ბორბლის სოლების მსგავსად. ბუტკო სწორი კონუსისებრი ფორმისაა, კარგად გამოსახული სვეტით და დინგით.
მტევანი
მტევნები საშუალო ზომისაა, მათი სიგრძე მერყეობს 12-დან 17 სმ-მდე, ხოლო განი 6-დან 12 სმ-მდე. საშუალო მტევნის სიგრძე-სიგანე უდრის 13X7 სმ. მტევნის ფორმა ძირითადად კონუსისებური ან ცილინდრულ-კონუსისებრია. მტევნები ხშირად მხრიანებია, რომელთა სიგრძე ძირითადად მტევნის ნახევარს აღწევს. მტევნები ჩვეულებრივ საშუალო სიმკვრივისაა, ხოლო ცუდი დაყვავილების გამო თხელია. წვრილმარცვლიანობა მტევნებს არ ახასიათებს, მაგრამ ჭარბი ყვავილცვენა, განსაკუთრებით დაყვავილების ცუდ პირობებში დამახასიათებელია ჯიშისათვის. მტევნის ყუნწი ბალახისმაგვარია, იგი რქასთან მიმაგრების ადგილზე ხევდება და მოყვითალოდ იფერება. ყუნწის სიგრძე 3-დან 7 სმ-მდე მერყეობს, საშუალოდ იგი 4-4,5 სმ უდრის. მარცვლის ყუნწი მწვანეა, სიგრძით 3-დან 6 მმ-მდე, მარცვლის ყუნწის ბალიში გლუვი ან ოდნავ ხორკლიანია, ხოლო ფორმით ვიწრო კონუსისებრი. მარცვლები საკმაოდ მჭიდროდ მიმაგრებულია ყუნწზე.
მარცვალი
საშუალო სიმსხოს მარცვლების სიგრძე 1,38-დან 1,68 სმ-მდე მერყეობს, ხოლო განი 1,28-დან 1,58 სმ-მდე. საშუალო მარცვლის სიგრძე-სიგანე 1,45X1,36 სმ შეადგენს. მარცვლის ფორმა მომრგვალოა, იშვიათად გვხვდება აგრეთვე ოდნავ შეზნექილი მარცვლებიც. მარცვალი შუაზე უფრო განიერია და ბოლო მომრგვალებული აქვს. იგი მოქარვისფრო-ყვითელია, მზის მხარეზე სიდამწვრის ლაქები კარგად ემჩნევა და დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. კანი თხელი გამჭვირვალეა, ადვილად არ ეცლება რბილობს, რბილობი მკვრივია, ოდნავ კნატუნა. გემო ნაზი, სასიამოვნო ტბკილია.
წიპწა
მარცვალში უფრო ხშირად 2-3 წიპწაა, 1 და 4 იშვიათად გვხვდება. საშუალოდ ერთ მარცვალზე 2,6 წიპწა მოდის. წიპწის ტანი ოვალური ფორმისაა, ნისკარტისაკენ შევიწროებული. იგი მიხაკისფერია, ნისკარტისაკენ კი ყვითელი, მუცლის მხარის ღარებიც მოყვითალოა. წიპწის სიგრძე 5-6 მმ, ხოლო განი 3,5-4 მმ უდრის. ქალაძა სხეულის ზედა ნაწილში მდებარეობს, ფორმით იგი მომრგვალოა, შუაში ჩაზნექილია და ირგვლივ შემოხაზული. ღარი ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ ღრმა და განიერია, იგი ორ ნაწილად ყოფს წიპწის ზედა ნაწილს. ასევე კარგად არის გამოსახული ღარტაფი ქალაძიდან ნისკარტისაკენ. წიპწა ქედიანია, ნაწიბური მთელ სიგრძეზეა გამოსახული. მუცლის მხარის ღარები ღრმაა და თითქმის პარალელურად მიემართება ნისკარტისაკენ. ნისკარტი მოყვითალოა, ფორმით ცილინდრული, წვერისაკენ შევიწროებული, მისი სიგრძე 1,2-1,4 მმ, ხოლო განი 1,1-1,2 მმ უდრის. ზოგჯერ ნისკარტის წვერი დაღარულია.
აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა
დაკვირვებანი სავეგეტაციო ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში, სოფ. კურდღელაურში. ვენახი გაშენებულია ცივ-გომბორის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე, იგი სარმავთულზეა გამართული და გასხლულია ქართული წესით ორ ნეკსა და ორ მოპირდაპირე სანაყოფეზე. კვების არე (2X1,5 მ) 32 მ უდრის,. ფენოფაზების მსვლელობა დაკავშირებულია საკოლექციო ნაკვეთის ახლოს მოწყობილ მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებთან. დაკვირვების შედეგები მოტანილია 1-ლ ცხრილში.
ონის რაიონის სოფ. ღარში მცვივანი შეთვალებას იწყებს 20 აგვისტოდან, მწიფდება სექტემბრის ბოლო რიცხვებში ან ოქტომბრის დასაწყისში, ხოლო კახეთში მოყვანილი მონაცემების მიხედვით მცვივანი შედარებით უფრო ადრე და კარგად მწიფდება. მისი სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა 126-დან 176 დღემდე მერყეობს და საშუალოდ 146 დღეს შეადგენს. 1956 წ. ზესტაფონში ჯიში შედარებით უფრო ადრე 2.IX მომწიფდა, სულ 133 დღის განმავლობაში. ამ მონაცემების მიხედვით მცვივანი ყურძნის სიმწიფის II, იშვიათად III პერიოდის ჯიშების ჯგუფს უნდა მიეკუთვნოს.
საქართველოს მევენახეობის რაიონების ჰავის პირობებში (რაჭა, იმერეთი, კახეთი) მცვივანის ერთწლიანი ყლორტები ფოთოლცვენის დაწყებამდე თავისუფლად ასწრებს მომწიფებას და კარგად შემოსული და გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს. ჯიშის გავრცელების რაიონებში მოქმედ აგროწესებით ვაზს მოზარდი ყლორტები ეჭრება დაახლოებით 100-120 სმ-ის ზევით, ხოლო აღნიშნულ სიგრძემდე ყლორტები თითქმის ყველა წლის მეტეოროლოგიურ პირობებში, ფოთოლცვენის დაწყებამდე ასწრებს მომწიფებას.
ზრდის სიძლიერე
მცვივანის ვაზების ზრდის სიძლიერე, ნიადაგისა და ჰავის პირობების შესაბამისად, საგრძნობლად ცვალებადობს.მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში წარმოებულ დაკვირვებით მცვივანის ზრდის სიძლიერე სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით შეფასებულია საშუალოდ. ზემო რაჭაშიაც სოფ. ღარში, შოუბანში,მაიდანში და სხვაგან მისი ზრდის სიძლიერე სხვა ჯიშებთან შედარებით საშუალოა.
მოსავლიანობა
მცვივანის მოსავლიანობა დიდად არის დამოკიდებული წლის მეტეოროლოგიურ პირობებზე, ნარგავის მდგომარეობაზე და ნიადაგურ თვისებებზე. ყვავილობის დროს კარგი ამინდის პირობებში მცვივანის მოსავლიანობა საშუალოზე მაღალია. ადგილობრივი მკვიდრნი მას მოსავლიან ჯიშად თვლიან. მეცნ. კანდიდატ ალ. მიროტაძის მიერ 1936 წელს ზემო რაჭაში ჩატარებული აღრიცხვის მიხედვით მისი მოსავლიანობა საშუალოდ ძირზე 1,35 კგ უდრიდა, ხოლო ზოგჯერ ძირის მოსავლიანობა 2 კგ აღწევდა, ან ჰექტარზე გადაყვანით 60, ზოგჯერ 98 ცენტნერს აღწევდა. კახეთში მისი მოსავლიანობა შედარებით ნაკლებია. იგი მერყეობს 36-დან 82,5 ცენტნერამდე. ასე, მაგალითად, 1949 წელს საშუალოდ ძირზე მიღებული იყო 2,467 კგ ყურძენი, ხოლო მომდევნო 1950 წელს 1,069 კგ. მცვივანი მოსავლიანობის კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება, მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი ზემო რაჭაში 1-დან 2-მდე მერყეობს. რაჭაში მსხმოიარობის კოეფიციენტი საშუალოდ 1,3 უდრის. მტევნის საშუალო წონა 112 გ. თელავში მსხმოიარობის კოეფიციენტი 1949 წელს 1,64, ხოლო მტევნის საშუალო წონა 110 გ უდრიდა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე ვაზების ნორმალური დატვირთვით თავისუფლად შეიძლება ჰექტარზე საშუალოდ 70-80 ცენტ. ყურძნის მიღება.
ვაზის საძირე ჯიშებთან მონათესაობა
მცვივანი საძირე ვაზის ჯიშებთან კარგი მონათესაობით ხასიათდება.ჩვენში გავრცელებულ საძირეებიდან იგი კარგად ემყნობა და ეგუება პირველ რიგში რუპესტრის დულოს, შემდეგ რიპარიაXრუპესტრის ჰიბრიდებს და ბოლოს ბერლანდიერიXრიპარიას ჰიბრიდებს. ნაკლებად კირიან ქვეთიხნარ და თიხნარ ნიადაგებზე უკეთეს შედეგს რიპარიაXრუ-პესტრის 3309 და 101/14 იძლევა, მშრალ ქვიან ნიადაგებზე კი უკეთესია რუპესტრის დულო, ხოლო კირნარ ან კირით მდიდარ ნიადაგებზე ბერლანდიერიXრიპარია 5ბბ ან 420ა.
სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებლების მიმართ გამძლეობა
ზემო რაჭაში და კახეთში წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით მცვივანი შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება ნაცრის და საკმაო სუსტი გამძლეობით ჭრაქის მიმართ. ფილოქსერის მიმართ მისი გამძლეობა სუსტია. ადგილობრივ მევენახეთა დაკვირვებით ფილოქსერა მცვივანის ვაზებს მალე სპობს. სამეურნეო მნიშვნელობის სხვა დაავადება და მავნებლებისაგან დაზიანება, დაკვირვებათა მანძილზე, აღნიშნული არ ყოფილა.
ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი
მცვივანი კარგადაა შეგუებული რაჭის ჰავის პირობებისადმი, კარგად უძლებს საკმაოდ სუსხიან ზამთარს. ადგილობრივ მევენახეთა დაკვირვებით იგი სხვა ჯიშებთან შედარებით, უფრო იშვიათად და ნაკლებად ზიანდება ყინვებისაგან.
ჯიში კარგად ვითარდება ზემო რაჭაში გავრცელებულ თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ მაღალი ღირსების პროდუქციას იგი კირნარ ნიადაგიან ფერდობზე გაშენებული ვენახებიდან იძლევა. ზოგიერთ ჭარბნალექიან შემოდგომაზე მცვივანის ყურძენი ადვილად ზიანდება სიდამპლით.
ტექნოლოგიური დახასიათება
მცვივანი მტევნების გარეგნული შეხედულებით, აგებულებითა და წვენის ქიმიური შეცულობით უდავოდ საღვინე ვაზის ჯიშია. წარმოებაში მის ყურძენს ძირითადად სუფრის ღვინის დასაყენებლად, ხოლო ნაწილობრივ საჭმელ ყურძნადაც იყენებენ. მისი მტევანი თხელია, მარცვალი წვენის კარგი გამოსავლიანობით ხასიათდება.
წვენის ქიმიური შეცულობა
როგორც რაჭაში, ისე კახეთში მცვივანი საკმაო დიდი რაოდენობით აგროვებს შაქარს და სიმჟავესაც კარგად ინარჩუნებს. საერთოდ მცვივანის ყურძენში შაქრიანობა-მჟავიანობის შეფარდება მეტად ხელსაყრელია ხარისხოვანი სასუფრე და (რთველის შესაფერ ვადებში წარმოებით) საშამპანურე ღვინომასალის დასაყენებლად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზემო რაჭის პირობებშიაც, შედარებით მაღლობ ადგილებში (840-1000 მ ზღვის დონიდან) მცვივანი ოქტომბრის პირველ რიცხვებისათვის კარგად ასწრებს მომწიფებას და ხარისხოვან ღვინოსაც იძლევა. შაქრიანობა-მჟავიანობის დაგროვების უნარის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია ზემო რაჭაში (ალ. მიროტაძე, 1936 წ. და პ. ჯაფარიძე 1951-53 წ.) და კახეთში წარმოებული ყურძნის წვენის ანალიზების შედეგები (იხ. ცხრ. 2).
- ცხრილი 2.
-
- მცვივანის ყურძნის შაქრიანობა-მჟავიანობა რთველის პერიოდში
-
ანალიზის წარმოების
ადგილიმოსავლის
წელირთველის
თარიღიშაქარი
%-ითსიმჟავე
‰-ითსოფ. ღარი, ონის რ-ნი 1936 წ 21.X 19,1 11,0 ღარი-შოუბანის მიკრო რ-ნი,
ონის რ-ნი1951 წ 6.X 17,8 7 ღარი-შოუბანის მიკრო რ-ნი,
ონის რ-ნი1952 წ 1.X 18,5 9 მევენახეობა-მეღვინეობის
ინსტიტუტის საკოლექციო
ვენახი, ქ. თელავი1953
1949
1950
1955
195626.X
20.IX
21.X
18.X
26.X18,3
18,5
20,0
19,0
20,010,5
6,2
6,84
7,1
10,40
ცხრილში მოტანილი მონაცემები მოწმობს მცვივანის ყურძენში შაქრიანობა-მჟავიანობის სუფრის ღვინისათვის სასურველ შეფარდებას. სწორედ ასეთი შეფარდებაა სასურველი სუფრის ხარისხოვანი ღვინოების მისაღებად. ოდნავ მაღალი მჟავიანობა ონის რაიონში და ზოგიერთ წლებში თელავის რაიონშიაც მაღალ შაქრიანობასთან ერთად დადებითად მოქმედებს ღვინის ხარისხზე, მატებს მას სიხალისეს და უფრო გამოსადეგს ხდის მას შამპანურის დასამზადებლად. ამ მიმართულებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელობით წარმოებული ცდები კარგი შედეგით დამთ-ვარდა. ზემო რაჭაში დამზადებული მცვივანის ღვინო სავსებით შესაფერი აღმოჩნდა შამპანურის დასაყენებლად.
ყურძნის გადამუშავება და ღვინის ხარისხი
მცვივანის ყურძენი ძირითადად მიდის სუფრის თეთრი ღვინოების დასამზადებლად. იშვიათად მას იყენებენ აგრეთვე საჭმელ ყურძნადაც. მცვივანის ღვინო ხალისიანი, საკმაო სხეულიანი, სურნელოვანი და სასიამოვნოა გემოთი. ზემო რაჭაში ყველაზე მაღალი ღირსების ღვინო ჯიშ მცვივანისაგან დგება. ადგილობრივი მკვიდრთა ვლ. ფოფხაძისა და ს. თომაძის დახასიათებით მცვივანი – თხელმტევანაა, მოსხმა საშუალო იცის, მაგრამ ცოტა ყურძენში ბევრი ღვინო გამოდის, რადგან ღვიძლი ცოტა აქვს, ღირსებით წულუკიძის თეთრას არ ჩამოუვარდება. მცვივანის ღვინო ზამთარში უფერულია, გაზაფხულზე კი ყვითლდება. მისი ღვინო შემპარავია და მალე ათრობს, შამპანურივითაა (ივ. ჯავახიშვილი, 7). სასუფრე ღვინისათვის მცვივანი ოქტომბრის პირველ რიცხვებში 18-19,5% შაქრიანობისა და 8-10‰ მჟავიანობის დროს უნდა დაიკრიფოს. რთველი და ყურძნის გადამუშავება ზემო რაჭაში შემდეგნაირად წარმოებს: დაკრეფილი ყურძენი მიაქვთ მარანში და ათავსებენ ე.წ. ხორგოში (საწნახელში). ყურძენი იწურება, გამოწურული წვენი მიდის სუფთად გარეცხილ ქვევრებში უჭაჭოდ დასადუღებლად ან ზოგიერთ მეურნეობაში მას დუღილის წინ ცოტა ჭაჭას უმატებენ. უჭაჭოდ დადუღებულ ღვინოს რაჭაში „ჩქეფად დაყენებულს“ ეძახიან, იგი უფრო ნაზი მსუბუქი და ცქრიალა გამოდის. დადუღების შემდეგ ქვევრს შეავსებენ და ტოვებენ დასაწმენდად, რომლის შემდეგ გადაიღებენ ლექის გამოცლით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის განყოფილების ხელმძღვანელობით ზემო რაჭაში 1939 წლის მოსავლიდან ძველებური წესით დამზადებული მცვივანის ღვინო მაღალი ღირსებისა დადგა. პარალელურად იმავე წელს მისგან დამზადებული იყო აგრეთვე მასალა შამპანური ღვინისათვის, რომელიც სპეციალური მომზადების შემდეგ 1943 წლის 18 აგვისტოს დაჭაშნიკებული იყო ავტორიტეტულ სადეგუსტაციო კომისიის მიერ. ამ კომისიის სხდომაზე მცვივანისაგან შამპანური წესით დამზადებულმა ღვინომ მიიღო ნიშანი 7,2 და დახასიათებული იყო როგორც „გემოთი მეტად თავისებური და საინტერესო ღვინო“. სადეგუსტაციო კომისიის წევრების საერთო აზრით საქართველოში კარგი ღირსების შამპანური შეიძლება დამზადდეს ვაზის განსაზღვრულ ჯიშებიდან მათთვის შესაფერ რაიონებში, სახელდობრ: თეთრი კაპისტონის, ციცქას, ჩინურის, რაჭულ მცვივანისა და ძელშავისაგან“. სადეგუსტაციო კომისიის წევრი პროფ. ს. ჩოლოყაშვილი, რომელიც მცვივანის ღვინოს მაღლა შეფასებას აძლევს, ზემო რაჭის ღვინოებს შორის მცვივანის ღვინოს საუკეთესოდ თვლის, მისი დახასიათებით „მცვივანის ღვინო ხალისიანი, ცქრიალა და არომატულია. ვფიქრობთ, შამპანურ წარმოებაში რაჭული მცვივანი მეტად საპატიო ადგილს დაიკავებს“. ღვინის ქიმიური ბუნების დასახასიათებლად მოყვანილია მცვივანის ღვინის ქიმიური ანალიზის შედეგები პ. ჯაფარიძის მიხედვით. სოფ. ღარის (ონის რ-ნი) 1952 წ. მოსავლის ღვინო შეიცავდა: „ალკოჰოლს მოცულ. %-ით – 10,9, 1953 წ. – 10,3, საერთო მჟავიანობას ‰–ით შესაბამისად 1952 წ. – 9,5 და 1953 წ. – 7,2. მქროლავ მჟავას – 0,68 და 1,0; არამქროლავ მჟავას 8,65 და 5,92; ღვინის მჟავას ‰–ით 1,97 და 1,76; ექსტრაქტს 17,3; გლიცერინს 8,91; შაქარს 3,93 და 3,80; ტანინს 0,37 და 0,12.
მცვივანისაგან ზემო რაჭაში ხარისხოვანი სუფრის თეთრი ღვინო დგება. იგი იძლევა აგრეთვე კარგ მასალას შამპანურისათვის.
ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება მისი შედარებით მაღალი მოსავლიანობა. პროდუქციის კარგი ხარისხი, ვარგისობა როგორც სუფრის, ისე შამპანური ღვინის დასაყენებლად და მისი შედარებით ადრე მწიფობა, რაც განსაკუთრებით მნიშ-ვნელოვანია ზემო რაჭის პირობებისათვის.
ჯიშის უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება ფუნქციონალურად მდედრობითი ტიპის ყვავილი, რის გამო წმინდა ნარგავებში იგი ხელოვნურ დამტვრევას მოითხოვს, მარცვლების ლპობისადმი მიდრეკილება წვიმებიან შემოდგომით და მგრძნობიარობა ჭრაქის მიმართ.
აღნიშნულის გამო ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში იგი შეტანილი არაა, მაგრამ იმის გამო, რომ ჯიში კარგად არის შეგუებული ზემო რაჭის ბუნებრივ პირობებს, ადრე მწიფდება და კარგი ღირსების ღვინოს იძლევა. ამიტომ შეიძლება მისი რეკომენდება ზემო რაჭაში სხვა საადრეო ხარისხოვან ჯიშთან ერთად გასაშენებლად, რომელთანაც იგი ერთდროულად დაიყვავილებს. პარალელურად უნდა წარიმართოს სელექციური მუშაობა, მოწინავე აგრობიოლოგიური მეცნიერების მეთოდების გამოყენებით მცვივანის მდედრობითი ყვავილის ორსქესიანად გარდაქმნისათვის ან მასზე უკეთესი ახალი საადრეო ჯიშის შექმნისათვის.
წყარო: საქართველოს ამპელოგრაფია / ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე;