რატომ არის იმერული ყველის რძის ფხვნილით წარმოება მომგებიანი და რას მივირთმევთ?!
საქართველოში თუ დიდი მერძეული ძროხის ფერმები არ შეიქმნება, იმერული ყველის წარმოება ნატურალური რძისგან წამგებიანი იქნება. საქართველოში ყველი ტრადიციულ საკვებს წარმოადგენს. შესაბამისად, სოფლად ვისაც კი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს (ძროხა, კამეჩი, ცხვარი, თხა), თითქმის ყველა აწარმოებს ყველს. თუმცა სურსათის უვნებლობის საკითხების გამკაცრებამ აუცილებელი გახადა ყველის საწარმოების გახსნა, რომლებიც თანამედროვე სურსათის უვნებლობის წესებს და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ. საქართველოში ყველის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. იზრდება როგორც ოჯახურ მეურნეობებში წარმოებული ყველის მოცულობა, ასევე საწარმოების მიერ წარმოებული ყველის მოცულობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთლიან წარმოებაში ოჯახურ მეურნეობაში წარმოებული ყველის წილი ძალიან დიდია. მაგალითად, 2015 წელს მთლიანი ყველის წარმოებაში ოჯახურ მეურნეობაში წარმოებული ყველის წილმა 93% შეადგინა, ხოლო ქარხნების მიერ წარმოებული ყველის წილი მხოლოდ 7% იყო .
2015 წელს ოჯახური მეურნეობებში წარმოებული ყველის მოცულობამ, 2014 წელთან შედარებით, დაახლოებით 7%-ით მოიმატა და 63,8 ათასი ტონა იყო. რაც შეეხება სპეციალიზებულ საწარმოებში დამზადებულ ყველს, 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, წარმოება 100%-ზე მეტად გაიზრდა და 4 708,4 ტონა შეადგინა. 2014 წელს საქართველოში საწარმოებმა სულ 2 282,7 ტონა ყველი აწარმოეს. 2015 წელს საქართველოში ყველის წარმოებამ მთლიანად 68,5 ათასი ტონა შეადგინა.
ყველის წარმოების მთავარი პრობლემა ნატურალური რძის ნაკლებობაა. არ გვაქვს დიდი მერძეული ფერმები. შესაბამისად, არ არსებობს რძის სტაბილური მიწოდების არხები და სტაბილური ფასი.
რძის გადამამუშავებელი საწარმოების ძირითადი ნაწილი ყველს რძის ფხვნილისგან ამზადებს, რადგან ნატურალური რძისგან დამზადებული ყველის თვითღირებულება მაღალია. ბაზარზე წლის განმავლობაში 1 ლ ნატურალური რძის ფასი 0,8-დან 1,2 ლარამდე მერყეობს. 1 კგ იმერული ყველის ამოსაყვანად კი 8-10 ლიტრი ნატურალური რძეა (ზუსტი ლიტრაჟი დამოკიდებულია რძის ცხიმიანობაზე) საჭირო. ვთქვათ, 1 ლიტრი რძე ვიყიდეთ 1 ლარად და ამავდროულად ეს რძე საკმაოდ ცხიმიანია. 1 კგ ყველის ამოსაყვანად დაგვჭირდა 8 ლიტრი რძე. ასეთ შემთხვევაშიც კი ყველის თვითღირებულება 8 ლარს გადააჭარბებს. აქედან გამომდინარე, ეს პროდუქტი კონკურენციას ვერ გაუწევს ყველის მწარმოებლებს, რომლებიც რძის ფხვნილს მოიხმარენ, შესაბამისად, წარმოება ზარალიანი გახდება. საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ მანამ, სანამ საქართველოში არ შეიქმნება დიდი მერძეული ძროხის ფერმები და რძე არ გაიაფდება, იმერული ყველის ნატურალური რძისგან წარმოება წამგებიანი იქნება.
ირაკლი ჩიქავა — კომპანია Agro Solutions-ის კომერციული დირექტორი
წყარო: sputnik-georgia.com