აგროტექნოლოგიებიდარგებისტატიები

რატომ ირჩევს მომხმარებელი ბიოპროდუქციას

ადამიანები ბუნების კანონებს

მაშინაც კი ემორჩილებიან,

როცა მათს წინააღმდეგ იბრძვიან.

                                                       გოეთე

თანამედროვე ევროპელი მომხმარებელი დაიღალა ბრენდებითა და რეკლამებით — იგი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ხარისხს, უსაფრთხოებასა და ბუნებრიობას. „კარგი კოსმეტიკა ისაა, რომელიც იჭმევა”, — იხუმრა ერთმა ევროპელმა მწარმოებელმა ნიურნბერგში გამართულ ბიოპროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე (Biofach). მართლაც, ბუნებრიობა და ხარისხი — აი, ის თვისებები, რაც ახასიათებს ბიოპროდუქციას: სურსათს, კოსმეტიკას, ტანსაცმელს და ავეჯსაც კი.

რას ნიშნავს ბიომეურნეობა?

ბუნებასთან დაპირისპირება ცივილიზაციის სამწუხარო შედეგია — რაც უფრო ვითარდება საზოგადოება, მით უფრო იზრდება მისი მოთხოვნილებები და უფრო მეტი ბუნებრივი რესურსები გვჭირდება, მათი მარაგი კი მცირდება. წლიდან წლამდე ხელოვნურად ვზრდით ხორბლისა თუ ყურძნის მოსავალს — ნიადაგი კი იფიტება. ცხადია, ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედება გარდუვალია — განვითარების პროცესს ვერ შეაჩერებ და ვერც უკან, წარსულში დაბრუნდები, მაგრამ ზემოქმედება არ უნდა იყოს მხოლოდ გამოყენებითი — ასეთ დამოკიდებულებას ბუნება არ გვპატიობს და დროთა განმავლობაში ჩვენი საქმიანობის შედეგები უვარგისი სასმელი წყლის, მოწამლული კვების პროდუქტების, ზვავებისა და მეწყერების სახით გვიბრუნდება.

ბიომეურნეობის კონცეფციას საფუძვლად ბუნებისადმი ფრთხილი, ზომიერი მიდგომა უდევს. ადამიანმა ბუნებრივი რესურსები უნდა გამოიყენოს, მაგრამ იმგვარად და იმ პირობით, რომ დედამიწაზე სიცოცხლე არ დააზიანოს.

ერთ-ერთი ასეთი და ჯერჯერობით ყველაზე სრულყოფილი სასოფლო-სამეურნეო სისტემა ეკოლოგიური სოფლის მეურნეობაა. იგი ტრადიციული სოფლის მეურნეობის პრინციპებს ეფუძნება და გამორიცხავს სინთეზური ქიმიური პრეპარატების, პესტიციდებისა და ე. წ. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებას. ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის პრინციპი მრავალფეროვანი, ცოცხალი მეურნეობაა, სადაც მაქსიმალურადაა შეზღუდული საწარმოო საშუალებების გარედან შემოტანა, დანერგილია თესლბრუნვა და სხვა ისეთი ბუნებრივი მეთოდები, რომლებიც აუმჯობესებენ ნიადაგის ნაყოფიერებას, ცხოველებისა და მცენარეების სიჯანსაღეს. ასეთი სისტემის მეშვეობით მეურნეობა მაქსიმალურად თვითკმარი ხდება, და ამავე დროს, ნაკლებად აზიანებს გარემოს, ვინაიდან წყალს და ნიადაგს ქიმიური პრეპარატების ნარჩენებით არ აბინძურებს. შესაბამისად ასეთ მეურნეობაში მოყვანილი პროდუქტი მრავალფეროვანი, ადგილობრივ პირობებს მისადაგებული, საღი და სასარგებლოა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პროდუქციის წარმოების სისტემა, რომელსაც კანონი არეგულირებს! ტერმინი «ბიო-კანონით განსაზღვრული განმარტებაა და გულისხმობს, რომ მეურნეობის მართვისა და საკვების წარმოების მეთოდები მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს შეესაბამება.

გლობალური მიმართულებები ბიოწარმოებასა და ბაზარზე

ბიომეურნეობა, როგორც სისტემა, XX საუკუნის 20-იან წლებში ჩაისახა. ეს იყო ე.წ. იდეალიზმის პერიოდი და ამ პერიოდში ბიომეურნეობა იდეალისტების ახირებად მიაჩნდათ. სახელმწიფო ამ მიმართულებას ყურადღებას არ უთმობდა. მხოლოდ 80-იან წლებში, სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, მდგრადი განვითარების კონცეფციის გავლენით, სახელმწიფოებმა ყურადღება მიაქციეს ბიოლოგიურ სოფლის მეურნეობას და შეიქმნა ამ სექტორის ხელშეწყობის პროგრამები.

90-იანი წლებიდან უკვე ბიომეურნეობის სერიოზული სტიმულირების პერიოდი დადგა: 1991 წელს მიიღეს ევროკავშირის დადგენილება ბიომეურნეობის რეგულირების თაობაზე, 2002 წლიდან ასეთივე ტიპის დადგენილება მიღებულ იქნა ამერიკაშიც.

გასული საუკუნის მიწურულს დაიწყო ამ მიმართულების აღმავლობა — დღეისათვის ბიომეურნეობის სფეროში ჩართული ფერმერების რაოდენობა, ბიომეურნეობების ფართობი და ეკოპროდუქციის ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. 1999 წელს მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო სერტიფიცირებული ბიოფართობების საერთო მოცულობა 11 მლნ. ჰა. იყო. 2010 წლის მონაცემებით, ამ ციფრმა 37 მლნ. ჰა-ს მიაღწია.

ახალი პროდუქციის მიმართ მომხმარებელთა ინტერესის გასაღვიძებლად (თუმცა ეს პროდუქცია უკვე გამოირჩეოდა თავისი შესახედაობით — სადა შეფუთვა, ბრენდის გარეშე), სპეციალური გამყიდველ-კონსულტანტები მომხმარებელს აცნობდნენ ახალი პროდუქციის წარმოების წესსა და მის შემადგენლობას, მოუთხრობდენ მათი სასარგებლო თვისებებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ — ეს ყველაფერი პროდუქციის მაღალ ფასს,  მომხმარებლისთვის მისაღებად აქცევდა.

დღეისათვის ევროპაში ყოველ მილიონ ადამიანზე 150 ბიოსუპერმარკეტი მუშაობს და ბიოინდუსტრიის საქმიანობა მთლიანად ეფუძნება მომხმარებლის ნდობას. ცხადია მყიდველი  მაღაზიის დახლზე ვერ შეამოწმებს პესტიციდებისა და კანცეროგენური ნივთიერებების შემცველობას — ამ პროდუქტის მიმართ მის დამოკიდებულებას განსაზღვრავს პროდუქტზე არსებული ნიშანი — „ბიო”, „ეკო”, „ორგანული”. ასეთი ნიშანდება ხორციელდება სერტიფიკაციის პროგრამის ფარგლებში — დამოუკიდებელი მასერტიფიცირებელი ორგანო აკონტროლებს პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპს, გასცემს ბიოსერტიფიკატს, რაც მეწარმეს უფლებას აძლევს გამოიყენოს შესაბამისი ნიშანდება. სწორედ ასეთ სერტიფიცირებულ, ნიშანდებულ პროდუქტს ენდობა მომხმარებელი. აქვე უნდა ითქვას, რომ მომხმარებელი დაცულია არაკეთისინდისიერი მეწარმეებისაგანაც — სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში „ბიო” ან სხვა მსგავსი მითითების ქონა პროდუქტზე, რომელიც მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ პროდუქცია „ბიოა”, ფალსიფიცირებად განიხილება და კანონით ისჯება.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში ბიოპროდუქტების მსოფლიო ბაზარი 3-ჯერ და მეტად გაიზარდა — ამ ბაზრის ბრუნვა 2000 წელს იყო 17,1 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო 2010 წელს — 59,1 მილიარდი აშშ დოლარი გახდა; ექსპერტების პროგნოზით, 2020 წლისათვის ბიობაზრის ბრუნვა 200—250 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიოპროდუქციის წარმოებასა და ბაზარს პრაქტიკულად არ შეხებია გლობალური ეკონომიკური კრიზისი.

დღევანდელ ევროპაში ბიოპროდუქციის ბუმია — მიუხედავად სიძვირისა (თუმცა ფასებმა ზოგ პროდუქტზე საგრძნობლად დაიწია) მას ყიდულობს სხვადასხვა შეძლების ადამიანი: მილიონერი, პენსიონერი, სტუდენტი. ისინი მზად არიან დასვენებასა და გართობაზე დაზოგილი თანხებით, თუნდაც კვირაში ერთხელ, შეიძინონ ბიოპროდუქცია. ევროპის მომხმარებლის ასეთ განწყობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ შვეიცარიაში დაიხურა „მაკდონალდის” ქსელი (შვეიცარია არანატურალური პროდუქტების წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე შეურიგებელი მებრძოლია) და ევროპაში გაძლიერდა  Fast Food -ის (სწრაფი კვების) საწინააღმდეგო მოძრაობა — Slow Food-ი (ნელი კვება). ევროკავშირში ბიომეურნეობები დახმარებას იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აქ ყველა სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა პროგრამა როგორც პირველადი ბიოპროდუქციის წარმოების, ასევე გასაღების ხელშეწყობისათვის. მაგალითად, ჩეხეთში ტარდება ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია, რომელიც მოსახლეობას ბიოპროდუქტების მოხმარებისაკენ მოუწოდებს; იტალიაში ბიოპროდუქტებს გამოიყენებენ სასკოლო სადილების დასამზადებლად და ა.შ.

ევროპაში ბიოპროდუქტების პოპულარობა სარეკლამო ბაზრის გაჯერებულობამაც გამოიწვია — სარეკლამო ინფორმაციის სიუხვემ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ მომხმარებელი თითქმის უყურადღებოდ ტოვებს ამა თუ იმ ცნობილ ბრენდს, მას მხოლოდ ის აინტერესებს, არის თუ არა ეტიკეტზე წარწერა „ბიო”. ექსპერტების აზრით (ნახევრად ხუმრობით), თუ ბიოპროდუქტების პოპულარობა კიდევ გაიზრდება, ბაზარზე დარჩება მხოლოდ ორი ბრენდი: „ბიო” და „არაბიო”; შესაბამისად, თანამედროვე მარკეტინგს მოუწევს თავისი პოლიტიკის გადახედვა.

ბიოპროდუქციის საერთაშორისო გამოფენა

ბიოპროდუქციის მსოფლიო გამოფენა, “ბიოფახი” (BioFach), რომელიც ნიურნბერგში ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს მსგავს ღონისძიებებს შორის ყველაზე პრესტიჟულად ითვლება. ამიტომ ბიოპროდუქციის წარმოებისა და მომსახურების სფეროში დაკავებული კომპანიები ფართოდ არიან წარმოდგენილი გამოფენაზე.

ბიოპროდუქციის მსოფლიო გამოფენა 1990 წლიდან ტარდება. გერმანიის გარდა, საგამოფენო ბრენდით — “BioFach”, ყოველწლიური გამოფენები იმართება იაპონიაში (ტოკიო), აშშ-ში (ვაშინგტონი), ბრაზილიაში (რიო-დეჟანეიროში). “BioFach”-ის სერიის გამოფენები ტარდება IFOAM -ის (ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაცია) პატრონაჟით. გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა პროდუქცია სერტიფიცირებულია, საერთაშორისო ორგანული  სტანდარტების შესაბამისად.

“ბიოფახის” გამოფენაზე თვალსაჩინოდ ჩანს მსოფლიოს ბიოპროდუქციის ბაზრისა და მომიჯნავე სექტორისათვის დამახასიათებელი ყველა ტენდენცია და პროცესი. კიდეც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ამ პროდუქციის მსოფლიო ბაზარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. თუ ადრე ბიოპროდუქცია მხოლოდ ელიტარულ მომხმარებელზე იყო გათვლილი, დღეს ასეთი პროდუქცია რიგითი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება, რადგან, ბიოაგროწარმოების ტექნოლოგიების დახვეწისა და პროდუქციის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ფასთა შორის სხვაობა ბიო და კონვენციურ პროდუქციებს შორის თანდათანობით იკლებს. იზრდება კონკურენციაც — თავდაპირველად ბიოპროდუქციის ძირითად მიმწოდებლებად განვითარებული ქვეყნები ითვლებოდნენ და ბაზარსაც აკონტროლებდნენ; დღეს კი აფრიკის, ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სერიოზულ განაცხადს აკეთებენ ბიობაზარზე და წარმატებებსაც აღწევენ. ამასთან მნიშვნელოვნად ამაღლდა ბიოპროდუქციის ხარისხი და გამკაცრდა სტანდარტის მოთხოვნებიც.

ბიოპროდუქციის საერთაშორისო ბაზარი განვითარების პროცესში სექტორებად დაიყო: დღეისათვის ბიობაზარი მოიცავს პრაქტიკულად საქონლის მთელ სპექტრს — საკვები პროდუქტებიდან დაწყებული კოსმეტიკის (რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს!), ტანსაცმლის და, თქვენ წარმოიდგინეთ, სარეცხი საშუალებების ჩათვლით. თუმცა, კანონი მხოლოდ საკვები პროდუქციის სტანდარტებს არეგულირებს, სხვა პროდუქციაზე ნებაყოფლობითი სტანდარტები მოქმედებენ.

რა მდგომარეობაა საქართველოში?

საქართველო მთაგორიანი, მცირემიწიანი ქვეყანაა, ამიტომაც მსოფლიო და ადგილობრივ ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაბალი ფასებითა და დიდი რაოდენობებით კონკურენციის გაწევა საქართველოსათვის ძალზე რთული იქნება. მეორე მხრივ, საქართველოს კლიმატური პირობები ქმნის საშუალებას მრავალი სახის მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო  პროდუქტის წარმოებისათვის. ამის გამო, საქართველოს ბიოწარმოების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა დარგის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია, რომ შესაბამისი პირობები იქნეს შექმნილი არა მარტო ქართული ბიოპროდუქციის ექსპორტისათვის, არამედ ადგილობრივი ბაზრის ჩამოყალიბებისათვისაც. ეს კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო გარემოზე. ამჟამად, საქართველოში შეჩერებულია „კანონი ბიოაგროწარმოების განხორციელების შესახებ”, ბაზარი კი გაჯერებულია პროდუქციით, რომელსაც აწერია „ეკო”, „ბიო”, „ეკოლოგიურად სუფთა” და სხვ., მაგრამ არ არის სერტიფიცირებული ორგანული სტანდარტების შესაბამისად და მეწარმის მიერ ეტიკეტზე ასეთი ტიპის წარწერების გაკეთება, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა.

ამასთან, სერიოზული კონკურენციის მიუხედავად, ბიოპროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე ჯერ კიდევ არსებობს ნიშა, სადაც საქართველოში წარმოებულ ბიოპროდუქციას ღირსეული ადგილის დაკავება შეუძლია; ეს ერთადერთი ბაზარია, რომელიც ყოველწლიურად იზრდება და სადაც მოთხოვნა ჯერ კიდევ აღემატება მიწოდებას, და, რომელიც განუხრელად იზრდება ეკონომიკური კრიზისისა და სხვა ბაზრების შემცირების ფონზეც კი.

რაც შეეხება საქართველოში ბიობაზრის განვითარების პერსპექტივებს, ჯერ ჩვენ შორს ვართ ევროპული მოდელისაგან, მაგრამ რამდენიმე დამაიმედებელი ნიშანი უკვე აშკარაა:

საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, უკვე შეიმჩნევა მომხმარებელთა ფენის ჩამოყალიბება, რომელიც ჯანსაღი კვების მომხრეა და მზად არის გადაიხადოს განსხვავებული ფასიც; მეტი მოთხოვნაა ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე — მომხმარებელს მიაჩნია, რომ ისინი ნაკლებად შეიცავენ კონსერვანტებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს; მითუმეტეს, რომ მოსახლეობის შემოსავლები თანდათან იზრდება.

1994 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს ფერმერთა ასოციაცია „ელკანა”, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ბიოაგროწარმოების სისტემას და პროფესიონალური საკონსულტაციო მომსახურებით ხელს უწყობს საქართველოში ბიომეურნეობების ჩამოყალიბებას. ასოციაცია დღეისათვის აერთიანებს 600-ზე მეტ ცალკეულ ფერმერსა და ფერმერთა ჯგუფებს, რომლებიც ეტაპობრივად გადადიან მეურნეობის მართვის ბიომეთოდებზე;

საქართველოში ფუნქციონირებს ადგილობრივი, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ბიოპროდუქციის სერტიფიცირების დამოუკიდებელი ორგანო — ,,კავკასსერტი”, რაც სერტიფიცირების მომსახურების ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ბოლოდან „კავკასსერტი” ევრორეგულაციით დამტკიცებულ სერტიფიცირების ორგანოთა სიაში შევიდა და მის მიერ გაცემული ბიოსერტიფიკატი აღიარებულია ევროპის ბაზარზე;

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ფართობების 0.06% (1042ჰა) სერტიფიცირებულია, როგორც „ბიო” (ვაშლი, ბროწეული, ხურმა, ყურძენი, მარცვლოვნები, პარკოსნები, ეთერზეთოვანი კულტურები).

თუ საქართველოში გაუმჯობესდება საკანონმდებლო გარემო, მეტი ინტერესი გაჩნდება ბიომეურნეობის, როგორც ბიზნესის მიმართ, გაიზრდება მომხმარებლის მოთხოვნა უსაფრთხო, ხარისხიან საკვებზე, მაშინ, ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში საბაზრო სტანდარტების შესაბამისი ხარისხიანი ქართული ბიოპროდუქცია თავის ადგილს დაიმკვიდრებს ადგილობრივ და, შემდგომში, ევროპულ ბაზარზეც; ამასთან გაიზრდება ბიომეურნეების შემოსავალი და მოთხოვნა მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე.

თამაზ დუნდუა

მანანა გიგაური

წყარო: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №15