აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმებაღეობა

როგორ დავამზადოთ და გამოვიყენოთ ბაღის მალამო

ხეხილის ბაღებში აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარების, სტიქიური მოვლენების    (სეტყვა, ძლიერი ქარები და სხვა) შედეგად ხშირია მცენარეების მექანიკური დაზიანების შემთხვევები. დაზიანებული ადგილები მავნებელ-დაავადებათა კერების გავრცელების წინაპირობაა.

ფერმერებმა და მებაღეებმა მცენარეების მექანიკური დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ადგილებზე უნდა წაუსვან ბაღის მალამო, რაც ძალზე ეფექტური საშუალებაა ჭრილობების მოსაშუშებლად, ასევე მავნებელ-დაავადებებს ესპობათ გამრავლების საშუალება.

ბაღის მალამოს დამზადების მრავალი ვარიანტი არსებობს.

პრაქტიკაში გამოიყენება – შაბიამანი, კირი და კირხსნარით დამზადებული მალამო. მომზადების წესი: 1 კგ. შაბიამანი, 1 კგ. კირი და 1 ლიტრი კირხსნარი მოვათავსოთ ჭურჭელში, კარგად ავურიოთ, მიიღება ფაფისებრი მასა, რომელიც მზადაა გამოსაყენებლად.

საკმაოდ გავრცელებულია – კანიფოლი, ფიჭა, ცხიმით დამზადებული მალამო.  მომზადების წესი: 1- წილი კანიფოლი და 2- წილი ფიჭა ჭურჭელში უნდა გავადნოთ და შევურიოთ ერთმანეთს. შემდეგ უნდა დავუმატოთ 1- წილი ცხიმი (უმჯობესია ცხვრის ცხიმი). მიღებული მასა წვრილი ჭავლით უნდა ჩავასხათ ცივ წყალში და შევკრათ გუნდებად. შემავსებლად შეიძლება დაემატოს ნაცარი.

გამოყენების წესი: აღნიშნული მალამო შეიძლება გამოვიყენოთ ხეხილის ბაღში, წავუსვათ მცენარეებს მექანიკურად დაზიანებულ ადგილებზე, განასხლავ, შედარებით დიდ ჭრილობებზე  (მათ შორის ნამყენზე), ტოტის გადანახერხზე,  ტოტის ჩამოხლეჩის ადგილზე, მექანიკურად დაზიანებულ კანზე და ა.შ.

აღნიშნული მეთოდები ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის.

გოჩა წერეთელი

ასოციაცია „ელკანას” მრჩეველი მეხილეობის დარგში

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ # 15