დარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

რატომ ტოვებენ მაყვლის მწარმოებლები ბაზარს

შარშან მაყვლის 150 მწარმოებელიდან 30-მა ადგილობრივი ბაზარი დატოვა, ან ბაღს აღარ უვლის. ამის შესახებ კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევით ხდება ცნობილი.

როგორც ფერმერი და კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე იზოლდა ქიტესაშვილი  განმარტავს, ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. კერძოდ, პრობლემები იყო, როგორც სარწყავი სისტემის, ისე რეალიზაციის კუთხით. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცოდნის არქონა გახდა.

იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, ფერმერების ნაწილი, ქალაქის მცხოვრებლები იყვნენ და არ იცოდნენ სოფლის მეურნეობის სპეციფიკა, შესაბამისად, ბაღების მოვლა ვეღარ შეძლეს.

„ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ რეალიზაცია გაჭირდა შარშან. ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნა ჭარბი პროდუქცია, გატანა არ გვქონდა, არ იყო ხარისხი, იმდენად, რამდენადაც, არ იყო კარგად მოვლილი ბაღები. ნაყოფი დაზიანდა მწერებისგან. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა მაყვლის მოკრეფა, მუშახელის დეფიციტი იყო.

ზოგიერთ შემთხვევაში და მათ შორის ჩემთანაც, შეიქმნა წყლის ნაკლებობის პრობლემა. სარწყავი სისტემა არ გვაქვს, დაზიანდა. შემდეგ მილები შეცვალეს, მაგრამ დღესაც, ფაქტობრივად, წყალი არ გვაქვს. ამ კუთხით ხელშეწყობა არ არის.

გარდა ამისა, აქ მთავარი პრობლემა მაინც ის იყო, რომ ფერმერებს ეგონათ, მარტივი იქნებოდა მაყვლის მოვლა. ძალიან დიდი პროცენტი, ვინც ბაღები გააშენა, ქალაქის მცხოვრებლები იყვნენ და არ იცოდნენ სოფლის მეურნეობის სპეციფიკა, არ ჰქონდათ მიწასთან უმშაობის გამოცდილება. აღმოჩნდა, რომ თურმე, მოკრეფაც უნდა, მუშახელიც, სიცხეში მუშაობაც და გასხვლაც, რაც უკვე ვეღარ შეძლეს“,- ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ფერმერთა ნაწილი ბაზარს ტოვებს, კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მაყვალი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რის გამოც წარმოების შემცირებას საფრთხე არ ემუქრება.

„ჩემი აზრით, წარმოება მაინც არ შემცირდება ისე, რ ომ სერიოზული დეფიციტის წინაშე დავდგეთ. იმიტომ, რომ პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია. დღესაც ორ შემსყიდველთან მქონდა ურთიერთობა. ველოდებით, რუსეთთთან რეგულაციების გარკვევას, რომ იქ გავიტანოთ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს „გლობალ გეპის“ სერთიფიკატი და ამ ეტაპზე, ევროპაში ვერ გავალთ“,- აცხადებს იზოლდა ქიტესაშვილი.

ავტორი: ნინი ქეთელაური,

წყარო: www.bpn.ge