დარგებიმეფუტკრეობა

რჩევები მეფუტკრეებს _ ნოზემატოზი

ნოზემატოზი ფუტკრის ძალიან გავრცელებული და საშიში დაავადებაა. მისი გამომწვევი სპორა საკვებთან ერთად ხვდება ფუტკრის საჭმლის მომნელებელ სისტემაში; ძირითადად შუა ნაწლავში ლოკალიზდება და ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის შედეგად ფაღარათს იწვევს. კლინიკური ნიშნები გამოვლინდება ზამთრის ბოლოს და ადრე გაზაფხულზე. დასაწყისში ფუტკარი აგზნებულია, ემართება კუჭის აშლილობა. სკის შიგნითა კედლები, ფიჭები და ჩარჩოები დასვრილია ფეკალიით, რომელთა გასუფთავებისას სპორები ხვდება სხვა ფუტკრებს. სკის ძირზე აღინიშნება დიდი რაოდენობით დახოცილი ფუტკარი. დაავადების განვითარებას მანანა თაფლზე დაზამთრება, ხანგრძლივი ზამთარი და მაღალი ტენიანობა უწყობს ხელს.

ნოზემატოზის ბიომეთოდებით პროფილაქტიკა

საქართველოში ნოზემატოზი ძირითადად ფარული ფორმით მიმდინარეობს ყველა საფუტკრეში. ჩვენთან ის კლასიკური ფორმით არ ვლინდება, ფაღარათით დასვრილი სკის კედლები, ჩარჩოები და მისაფრენი ფიცარი. ადრე გაზაფხულზე ზანტად მცოცავი ფუტკარი და ერთი მუჭა ბარტყი. მეფუტკრეები ამ დაავადებას პროფილაქტიკასა და მკურნალობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და სულ ტყუილად. ეკონომიკური დანაკლისი ნოზემატოზისგან ძალიან დიდია. პროფესორ პოლტევის მიხედვით სასაქონლო თაფლის გამოსავალი ნოზემატოზით დაავადების დროს _ 35-50%-ით, ხოლო ახალი ოჯახების შექმნის შესაძლებლობა _ 60-75%-ით იკლებს. ანალოგიურ ციფრებს გვაწვდიან ამერიკელი და კანადელი მეცნიერები.

მათი მონაცემებით, ნოზემატოზის დროს 2-3-ჯერ მატულობს დაღუპული ოჯახების რიცხვი, ხოლო თუ ოჯახში მუშა ფუტკრების ნახევარი დაავადებულია, სასაქონლო თაფლს ვერ მივიღებთ. დაავადებულ ოჯახში ნაზემას სპორები ყველგან არის მოდებული, როგორც ფიჭებსა და კედლებზე, ასევე ფუტკრებზეც. მეცნიერ სვაბოდას მიხედვით ფუტკრებს ფეხებზე 32-400 ნაზემის სპორები აქვთ, ფრთებზე 200-240, ანტენებსა და ხორთუმზე 4-10. ამიტომ მკურნალობის გარდა ყურადღება უნდა მივაქციოთ ფიჭებისა და სკების დეზინფექციას. ფუტკრები ნოზემატოზით დაავადებულ დედა ფუტკრებს გაზაფხულზე მასობრივად ცვლიან, რითაც ოჯახის საგაზაფხულო განვითარება ფერხდება.

მწარე აბზინდის ნაყენი და ექსტრაქტი ნოზემატოზის პროფილაქტიკისთვის

ნოზემატოზის საწინააღმდეგოდ რუსი მეფუტკრეები მწარე აბზინდას (artemisia absinthium) სპირტის ნაყენს იყენებენ.

ჭურჭელს, რომელსაც თავი კარგად უნდა ეხურებოდეს, სანახევროდ ავსებენ მწარე აბზინდას (რომელსაც ასევე ვერცხლისფერ აბზინდას ან სამკურნალო აბზინდას ეძახიან) დაკეპილი მასით. ჭურჭელი ივსება ღვინის სპირტით, დროდადრო თუ შევანჯღრევთ უკეთესია. ერთ კვირაში  ნაყენი მზადაა. ერთი სუფრის კოვზი ზემოაღნიშნული ნაყენი ერევა ერთ ლიტრ სიროფს, რომელიც ყოველ ჩარჩო ფუტკარზე ფუტკრის ოჯახს 3-ჯერ 5-7 დღის ინტერვალით 100-150 მილილიტრის ოდენობით ეძლევა.

შეგვიძლია აბზინდის ექსტრაქტის გამოყენება, რასაც ასე ვამზადებთ: ბაღის სეკატორით ვჭრით მწარე აბზინდას ორ-სამსანტიმეტრიან ნაჭრებად და ვავსებთ 3 – ლიტრიან ქილას. მას ვასხამთ მდუღარე წყალს, ვაფარებთ პოლიეთილენის თავსახურს და ვათბუნებთ. გაცივების შემდეგ 0,5 ლ ექსტრაქტი ერევა 30-40 ლ სიროფს. სამკურნალო სიროფი ზემოაღნიშნული დოზებით და ჯერადობით დაავადებულ ფუტკრის ოჯახს ეძლევა. რეკომენდებულია, ნოზემატოზის პროფილაქტიკური მკურნალობა ფუტკრის ოჯახის საზამთროდ მზადებისას და ადრე გაზაფხულზე ჩავატაროთ.

ცხარე, წიწაკის ნაყენის გამოყენება ნოზემატოზის საწინააღმდეგოდ

ნაყენის მოსამზადებლად მაკრატლით ან დანით ვჭრით 50-60 გრ გამხმარ წითელ წიწაკას 1-2 სანტიმეტრი სიგრძის ნაჭრებად, იყრება თერმოსში და ესხმება ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ნაყენი იხუფება და 10-20 საათს ჩერდება. მიღებული ნაყენის ერთი სუფრის კოვზი ერევა 1 -ლ სიროფს და ეძლევა ნოზემატოზით დაავადებულ ფუტკრის ოჯახს სამჯერადად 5-7 დღის ინტერვალით, 100-150 გრამი ერთ ჩარჩო ფუტკარზე.

აღსანიშნავია, რომ მწარე წიწაკის ნაყენი ძალიან მდიდარია ვიტამინებით, რითაც ხელს ვუწყობთ ფუტკრის ოჯახის გამრავლებას.

ვახტანგ ღოღობერიძე

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“