რძის პირველადი წარმოების სექტორში გასატარებელი ღონისძიებები
პუბლიკაცია მიზნად ისახავს უვნებელი და ხარისხიანი ნედლი რძით ქვეყნის შიდა ბაზრის უზრუნველსაყოფად გრძელვადიანი სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობას.
საყოველთაოდ ცნობილია რძის სექტორის განვითარების ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორები:
ნაწილობრივ დაავადებული და მეტწილად დაბალპროდუქტიული სარძეო მიმართულების მეძროხეობის სექტორი, რომელიც ხასიათდება ბაზარზე რძის სეზონურად მიწოდებით;
ძროხის საერთო სულადობაში მაღალპროდუქტიული, ინტროდუცირებული სარძეო მიმართულების ჯიშების დაბალი ხვედრითი წილი (0.3%);
ახალი რეალიების გათვალისწინებით, სარძეო მეძროხეობაში ჯიშობრივი გაადგილებისა და ცხოველთა მოშენების სისტემებზე რეკომენდაციების არარსებობა.
სამთო მეცხოველეობის აღდგენა-განვითარების და ზოგადად წვრილ-ფერმერული მეურნეობების სახელმწიფო რეგულირების მეცნიერულად დასაბუთებული კონცეფციისა და პროგრამის უქონლობა.
სარძეო მიმართულების მეძროხეობაში მნიშვნელოვანი სასტარტო ინვესტიციების სიმცირე: საბანკო სექტორთან მეცხოველე ფერმერების ურთიერთობისას ლიზინგის და აგროდაზღვევის წესის არარსებობა:“ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში საშეღავათო პერიოდის არარსებობა;
არასტანდარტული, სათანადოდ მოუწყობელი ჰიგიენურად არაკეთილსაიმედო ცხოველთა სადგომები, შესაბამისად ცხოველთა ორგანიზმის მოთხოვნების შესატყვისი და თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმების დაბალი ხვედრითი წილი;
მწირი საკვები ბაზა; საკვების არასაკმარისი რაოდენობა და მისი დაბალი ხარისხი, რასაც მივყავართ ულუფების საყუათო ნივთიერებებით დაუბალანსებლობამდე.
ბუნებრივი სათიბ-საძოვრების დაბალი მოსავლიანობა; საკვების ხარისხის კონტროლის არარსებობა;
ცხოველთა მოვლა-შენახვისა და სანაშენე მოზარდის გამოზრდის არაეფექტიანი მეთოდები, განსაკუთრებით რძით კვების პერიოდში;
სანაშენე საქმის უგულვებელყოფა და მეცხოველეობაში სანაშენე მუშაობის საერთო ეროვნული პროგრამის არქონა (ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ფაქტობრივად განადგურებული სანაშენე მეცხოველეობა, სანაშენე ფერმებისა და რეპროდუქტორების არქონა, მიზნობრივად გადარჩეული და გამოზრდილი სარემონტო მოზარდის, აგრეთვე სანაშენე სარეპროდუქტორო სულადობის არარსებობა, ხელოვნურად განაყოფიერებული სადედე პირუტყვის მცირე ხვედრითი წილი და ადგილობრივი ჯიშების სპერმის იმპორტზე დამოკიდებულება);
პირუტყვის გადამდებ, მ.შ. ზოონოზურ დაავადებათა რთული ეპიზოოტიური მდგომარეობა; ვეტერინარიული სერვისების ხელმიუწვდომლობა და`ან დაგვიანებული რეაგირება;
რძის შემგროვებელი პუნქტების მიერ არაკონკურენტუნარიანი ნედლეულის დამზადება, მწარმოებლების მიერ ზოგადად სანიტარულ-ჰიგიენური და წველის ზოოტექნიკური ნორმების უგულვებელყოფა, რძის ხარისხისა და უვნებლობის განსაზღვრის მაღალი ტარიფები:
კვალიფიციური სპეციალისტების, მ.შ. ზოოტექნიკოსის, ვეტერინარი ექიმის, საკვებმწარმოებლის, ხელოვნური განაყოფიერების მთესავი ოპერატორისა და სხვ., აგრეთვე სათანადოდ მომზადებული საშუალო და დაბალი რგოლის მუშაკების დეფიციტი;
რძის წარმოების სეზონურობის პერიოდში რძის გადამამუშავებელ საწარმოებში ნედლი რძის ნედლეულის ჩანაცვლება იმპორტირებული ცხიმგაცლილი მშრალი რძით;
რძის გადამამუშავებელ საწარმოებში HACCP — „საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების“ სისტემის დანერგვა;
რძის პირველად წარმოებაში „კარგი წარმოების პრაქტიკის“ (GMP — GOOD MANUFACTURING PRACTICE) და „კარგი ჰიგიენის პრაქტიკის“ (GHP _ GOOD HYGIENE PRACTICE) დანერგვა;
ბიზნესოპერატორებისათვის ზოონოზური დაავადებების მქონე პირუტყვზე ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა;
საქართველოს კანონის „სანაშენე მეცხოველეობის შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადება;
სარძეო მეძროხეობის დარგის დაჩქარებული განვითარების ეკონომიკური მოტივაციის და პროგრამის არარსებობა
გასატარებელი ღონისძიებების საორიენტაციო გეგმა
საქართველოს მეძროხეობა ძირითადად (99.7%) წარმოდგენილია საოჯახო ან წვრილი ფერმერული მეურნეობებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია რძის წარმოების „სეზონურობა“, ანუ წყვეტილობა, რაც ძირითადად გამოწვეულია არამდგრადი მწირი საკვები ბაზით და ხბოს მიღების სეზონურობით. ამ მეურნეობებში ძროხის შენახვის ძირითადი სისტემა ბაგურ-საძოვრულია, ფურების მოგება და, შესაბამისად, ლაქტაციის დასაწყისი ემთხვევა ადრე გაზაფხულს მაშინ, როდესაც შესაძლებელი ხდება პირუტყვის გადაყვანა საძოვრის ბალახით კვებაზე, რაც გრძელდება ზაფხულის მეორე ნახევრამდე, ან უკეთეს შემთხვევაში შემოდგომის დასაწყისამდე.
საძოვრულ პერიოდში ფურების თავისუფალი დაგრილება როგორც წესი, ხდება გაურკვეველი წარმოშობის კურო-მწარმოებლებით, რის გამოც მაღალია ნათესაური შეწყვილებისა და ცხოველთა აღწარმოების მალიმიტირებელი დაავადებების გავრცელების სიხშირე.
ჯერჯერობით ინტენსიური მიწათმოქმედების ზონებშიც კი უმნიშვნელოა (0,3%) მაღალპროდუქტიული ინტროდუცირებული პირუტყვის ხვედრითი წილი, რომლებიც განთავსებული არიან თანამედროვე ტიპის სადგომებში და რძის წარმოება ხასიათდება უწყვეტი ციკლით.
ასეთი მდგომარეობის გამო საერთოდ წარმოებული ნედლი რძის 75—80% მოდის გაზაფხულ-ზაფხულის თვეებზე.
პრობლემის გადასაწყვეტად მიზანშეწონილია:
ა. შემოდგომა-ზამთრის პერიოდისათვის, ბაგური შენახვის დროს, პირუტყვის უზრუნველყოფა როგორც უხეში, ისე წვნიანი და კონცენტრირებული ხარისხიანი საკვებით და
ბ. მოგების მთელი წლის მანძილზე გამოთანაბრებულად განაწილების მიზნით ფურების გეგმიური დაგრილება ხელოვნური განაყოფიერების გზით.
ინტენსიური მიწათმოქმედების ზონებში, იქ, სადაც არსებობს კულტურული მერძეული ჯიშების ფიზიოლოგიური მოთხოვნების შესაბამისი საკვები ბაზის შექმნის პირობები, უნდა გაიზარდოს იმპორტირებული მაღალპროდუქტიული ძროხის ჯიშებით დაკომპლექტებული თანამედროვე სარძეო მიმართულების მსხვილი სასაქონლო ფერმების რიცხვი (მაგალითად, როგორებიცაა; ყვარლის „ბაგა“, შ.პ.ს. „მარგებელი“, შ.პ.ს.“შირაქი“ და სხვ.), რისთვისაც საჭიროა:
— კერძო და სახელმწიფო სექტორის მხრიდან სასტარტო ინვესტიციების ეკონომიკური სტიმულირება.
— „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში გრძელვადიანი აგროსაინვესტიციო სესხების გაცემა, მინიმუმ 5 წლიანი საშეღავათო პერიოდით.
— მეცხოველეობის სექტორისთვის ლიზინგის წესის და აგროდაზღვევის ამოქმედება.
ინტენსიური მიწათმოქმედების ზონებში, ასევე, უნდა მოხდეს სარძეო მიმართულების მეძროხეობის ფერმების მაქსიმალური ინტენსიფიკაცია (რძის წარმოების უწყვეტი ციკლი, შემდეგი ძირითადი მოდულების გათვალისწინებით; აღწარმოება, კვება, ჯანმრთელობა, მოვლა-შენახვა, წველა, მოზარდის გამოზრდა), რომლის ძირითადი მიზანია რძის წარმოების ეფექტიანობის გაზრდა, რაც მიიღწევა ფურების 25-30 კგ და მეტი საშუალო სადღეღამისო მონაწველისა და 1კგ საკვების მშრალი ნივთიერებიდან 1,4-1,5 კგ რძის მიღების შემთხვევაში (საკვების კონვერსია).
ასეთ მოთხოვნებს პასუხობენ საყოველთაოდ აღიარებული ჰოლშტინური და ამერიკული სელექციის შვიცური ჯიშები, მხოლოდ იმ პირობით, თუ მათ ინახავენ ე.წ. კომფორტულ პირობებში, მაგრამ იქ, სადაც შეუძლებელია ამ ჯიშების ბიოლოგიური თვისებების შესაბამისი პირობების შექმნა, მატერიალური ზარალის თავიდან ასაცილებლად კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს მათი იმპორტი.
ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნება წვრილი და საშუალო ფერმერული მეურნეობების არსებული ჯიშობრივი რესურსების ბაზაზე სარძეო მიმართულების მეძროხეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ასეთი მიდგომა შექმნის: ა) მიწის შედარებით დიდ მასივებზე საკვებწარმოების ინტენსიფიკაციის, ბ) სამელიორაციო სისტემის აღდგენა-გაფართოებით მეცხოველეობის მდგრადი საკვები ბაზით უზრუნველყოფის და გ) კომპლექსური აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებით ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების პროდუქტიულობის გაზრდის წინაპირობებს
იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკვების ზოოანალიზის რეგიონალური ლაბორატორიების შექმნის საკითხის გადაწყვეტას, რაც ცხოველების ყველა აუცილებელი საყუათო ნივთიერებებით დაბალანსებული ულუფებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას მისცემს ფერმერებს.
ამ საქმიანობაში, თავის მხრივ, ასევე აუცილებელია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მეცნიერების, სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების მეცხოველეობის მიმართულების ფაკულტეტების პროფესორების, აგრეთვე სამხარეო`მუნიციპალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების სპეციალისტების ჩართულობა (სწავლება-ტრეინინგი, კონსულტაცია და სხვ.).
სანაშენე საქმიანობის უგულვებელყოფამ უარყოფითი შედეგები გამოიღო, რის გამოც დღეისათვის ჩვენ არ შეგვიძლია ცხოველთა ჯიშიანობის დადგენა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს არსებული გენოფონდის სამეურნეო და ბიოლოგიური თვისებების შემდგომი გაუმჯობესების პროგრამის შემუშავების თვალსაზრისით. ამისათვის:
— უნდა შეიქმნას სანაშენე საქმის მაკოორდინირებელი დამოუკიდებელი სამსახური (სსიპ), ხოლო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხელოვნური განაყოფიერების სერვის ცენტრები,
— გამოვლენილი უნდა იქნას საუკეთესო ფერმერული მეურნეობები, რომელთა ბაზაზე დაფუძნდება სპეციალიზირებული სანაშენე ფერმა-რეპროდუქტორები; მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე მათი სახელმწიფო მხარდაჭერა, მაგ., რეალიზებულ მაღალი ხარისხის სანაშენე მოზარდზე ფასდანამატით.
— მნიშვნელოვანია საუკუნეების მანძილზე ხალხური სელექციის გზით ჩამოყალიბებული ქართული მთისა და მეგრული წითელი ჯიშების უნიკალური გენოფონდის დაცვის, აღდგენისა და გაუმჯობესების მიზნით ეროვნული პროგრამის დამუშავება. ეს ჯიშები შეუცვლელია მთის და კოლხეთის ჭარბტენიანი ბუნებრივი საძოვრების ათვისების თვალსაზრისით, რომლებიც თავისებური რთული რელიეფით, ნიადაგობრივი პირობებით, ცენოზური შედგენილობითა და დაბალი მოსავლიანობის გამო გამოუსადეგარია მაღალპროდუქტიული ჯიშებისთვის.
— არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, პირველ ეტაპზე, უნდა განისაზღვროს და პრაქტიკაში გამოიცადოს საქართველოს დაბლობ და მთისწინა რაიონებში დაბალპროდუქტიული ადგილობრივი ჯიშნარევი პირუტყვის მსოფლიოს საუკეთესო გენოფონდთან შეჯვარების კომბინაციები.
მაღალი ხარისხის და უვნებელი რძის წარმოება წარმოუდგენელია განსაკუთრებულად საშიშ გადამდებ დაავადებებზე (ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, თურქული, ჯილეხი, ცოფი) მომქმედი სახელმწიფო პროგრამის გარეშე, მაგრამ არის რიგი დაავადებებისა (ლეიკოზი, ნოდულარული დერმატიტი, ცხვრის ყვავილი და სხვ.), რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს და ფერმერების მხრიდანაც ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა. ზოგადად ამ ურთულესი პრობლემების მოსაგვარებლად, პირველ რიგში, საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:
ა. ვეტერინარული განათლების მოდერნიზება და მისი ჰარმონიზება ევროკავშირის მოთხოვნებთან და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან (განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივად მოსამზადებელი პროექტი).
ბ. ვეტერინარული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან, მოძველებული სავეტერინარო პრაქტიკის თანამედროვეთი შეცვლის მიზნით,
გ. კერძო ვეტერინარული სექტორის გაძლიერება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ბიზნესში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.
დ. ფერმებისა და ცხოველების იდენტიფიცირება და რეგისტრაცია, ასევე ცხოველთა გადაადგილებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიკვლევადობის შესაძლებლობა.
ე. განსაკუთრებით საშიში დაავადებების პრევენციის, აღმოფხვრის ან კონტროლის მიზნით გრძელვადიანი გეგმების, ასევე ზედამხედველობის სტრატეგიების დამტკიცება.
ვ. ახალი დაავადებების შემოტანის პრევენციისა და გამოვლენის შემთხვევაში კრიზისის სწორი მენეჯმენტი.
კონკურენტუნარიანი ნედლეულის დამზადების ერთადერთი გზა არის რძის შემგროვებელი პუნქტების შექმნა უშუალოდ მეცხოველეობის მსხვილი ფერმების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ბაზებზე. გამომდინარე აქედან, ერთი მხრივ, ჩნდება რძის გადამამუშავებელი ბიზნეს-ოპერატორის ინტერესი დაამყაროს ურთიერთობა უშუალოდ პირდაპირ ისეთ პარტნიორთან, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის და უვნებელ ნედლეულს, მეორე მხრივ, პირდაპირი მიყიდვის გზით (შუალედური რგოლის გამორიცხვით) ზემოგება დაილექება ნედლეულის მწარმოებლის ანუ კოოპერატივის წევრების ანგარიშზე.
უმაღლეს და პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებლებში დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული კადრების მომზადებას. რამდენადაც აგრარულ სექტორში ძირითადი დამსაქმებელი სოფლის მეურნეობის სამინისტროა, ასევე, მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა პროფესიული სტანდარტების მომზადებაში.
რძის პირველად წარმოებაში „კარგი საწარმოო პრაქტიკისა“ და „კარგი ჰიგიენის პრაქტიკის“პირობების დანერგვა უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი ნედლეულის წარმოებას, რაც თანამედროვე ტიპის სარძეო მეძროხეობის ფერმებში ადვილად განხორციელებადია, ხოლო წვრილი ფერმერული (კოოპერირების გარეშე) და საკარმიდამო მეურნეობების პირობებში ამ პრაქტიკის და წესების დანერგვა ხშირ შემთხვევაში ფაქტიურად შეუძლებელია.
მომხმარებლების მეტი ინფორმირებულობა ჯანსაღი კვების შესახებ და რძის ნაწარმის ეტიკეტირების მოთხოვნების უცილობლად შესრულება გამოიწვევს რძის გადამამუშავებელი ბიზნეს-ოპერატორების მოთხოვნილების გაზრდას მაღალი ხარისხის და უვნებელ ნედლ რძეზე და, შესაბამისად, მშრალი რძის იმპორტის შემცირებას ქვეყანაში.
სასურსათო უსაფრთხოებაზე და ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს სახელმწიფოს მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს. გამომდინარე აქედან, საწყის ეტაპზე უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია ამ მიმართულების გამოცდილი მეცნიერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი, მეცხოველეობის მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
გ. ბასილაძე,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
გ. გოგოლი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი