როდის და როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას
აზიური ფაროსანა გაზაფხულზე – აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან მცენარეზე სახლდება და მავნეობას გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით. ფაროსანა ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს და წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს.
ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება. ფაროსანა სიმინდზე გადადის ტაროს რძისებრ სიმწიფეში შესვლის პერიოდში. ის ინტენსიურად ჩხვლეტს სიმინდის ფუჩეჩს და აზიანებს მარცვალს.
მავნებელი გადასაზამთრებლად შედის საცხოვრებელ სახლებში, ფარეხებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში; ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე, ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში.
გამოზამთრერბის შემდეგ აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში, აზიური ფაროსანა გამოდის, იწყებს მცენარეებით კვებას და კვერცხდებას. აზიური ფაროსანა სულ 200-მდე კვერცხს დებს, მათ შორის ერთ კერაში 30-მდე კვერცხს ძირითადად ფოთლის ქვედა მხარეს ჯგუფებად. კვერცხი თეთრი ფერისაა და გამოჩეკვის წინ იღებს ოქროსფერ შეფერილობას.
4-5 დღეში იჩეკებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ – მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად – იმაგოებად; 50-55 დღეში აღწევენ ზრდასრულ ასაკს, რომლის ზომა 12-17 მმ-ია. ფაროსანას ახასიათებს განიერი, ყავისფერი, მარმარილოსებრი ტექსტურა, ხოლო ფეხებზე, მუცლის კიდეებსა და ულვაშებზე – თეთრი ზოლები.
► აზიური ფაროსანა წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ მექანიკური და ქიმიური ბრძოლის მეთოდები. მნიშვნელოვანია, აზიური ფაროსანას წამლობის პერიოდის გათვალისწინება, როგორც უკვე აღვნიშნეთ აზიური ფაროსანა გამოიზამთრებს მაისის დასაწყისში, ამიტომ მასზე დაკვირვება უნდა მოხდეს აქედანვე. ქიმიური წამლობის ჩატარება ეფექტურ შედეგს იძლევა ნიმფის (მატლის) აქტიური გამოჩეკის ფაზაში, ივნისის დასაწყისი.
მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის, პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები, როგორიცაა:
• ფასტაკი;
• ტალსტარი;
• არივო;
• აქტარა;
• კომფიდორ მაქსი;
• ნურელ დ.
► თუ მავნებელი აღმოაჩინეთ დახურულ სივრცეში, სპეციალურად სახლის პირობებისთვის გამოიყენება ინსექტიციდი ☆ფენდონა, იგი უსაფრთხოა, არ აქვს სუნი და არ ტოვებს კვალს. ეფექტიანია ნებისმიერ ზედაპირზე, აგურზე, ბეტონზე, ხის მასალაზე და ა.შ.
წყარო: აგროვიტა