როგორ ავიღოთ ვაშლის მოსავალი

ხეზე დასაკრეფ მდგომარეობამდე მიყვანილი ვაშლის ხარისხის შესანარჩუნებლად აუცილებელია მოსავლის აღების სათანადო მეთოდების გამოყენება. მოსავლის აღების და დამუშავების არასწორი პროცედურების შედეგად შეიძლება წყალში ჩაიყაროს მაღალხარისხოვანი ხილის მოსაყვანად გაწეული მძიმე შრომა.

ვაშლის ყველა ჯიშისთვის არსებობს მოსავლის აღების კონკრეტული პერიოდი. მოსაკრეფი სიმწიფე (harvest maturity) ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს და მოკრეფის გრაფიკი ისე უნდა შედგეს, რომ ხილის უდიდესი ნაწილი მოიკრიფოს სიმწიფის ოპტიმალურ ეტაპზე.

ხეზე ვაშლი თანაბრად არ მწიფდება; ამდენად, ერთხელ მოკრეფა არ არის საკმარისი. ერთი ხიდან ვაშლი, როგორც წესი, ორჯერ მაინც უნდა დაიკრიფოს, 10-14 დღის ინტერვალით; დაკრეფის რაოდენობა განსხვავებულია ჯიშისა და კლიმატური პირობების შესაბამისად.

ხილის ხარისხიანობის შენარჩუნებისთვის საჭიროა ვაშლის დაკრეფისთანავე გაცივება.

ხილის სიმწიფე

ხილის ოპტიმალური ხარისხის მისაღებად და პოტენციური შენახვის ვადის გასაზრდელად ვაშლი უნდა დაიკრიფოს სათანადო სიმწიფის ეტაპზე. გრძელვადიანი პერიოდით შესანახად განსაზღვრული ხილი, ჩვეულებრივ, იკრიფება სრულად დამწიფებამდე, განსხვავებით ხილისგან, რომლის შენახვაც მხოლოდ მცირე პერიოდით არის დაგეგმილი.

სიმწიფის სათანადო კონდიციაში დაკრეფილი ვაშლი დამწიფდება და განუვითარდება კონკრეტული ჯიშისთვის დამახასიათებელი სრული გემო და არომატი. დაუჟეჟავი, კარგი ფერის, დიდი ზომის მაღალხარისხოვან ხილზე დიდი მოთხოვნაა და მაღალ ფასად იყიდება.

დამწიფებამდე ვაშლის საკმაოდ ადრე მოკრეფა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ნაყოფის ზომასა და ხარისხს. მკვახე ხილი იოლად იჟეჟება და ექვემდებარება ქეცით დაზიანებას, ლაქიანობას და მეტისმეტად დაჭკნობას შენახვის პერიოდში. ამას გარდა, დაუმწიფებელი ხილი შეიძლება იყოს ნაკლებად შეფერილი და უფრო ცუდი არომატი ჰქონდეს. ამას გარდა, ძალიან ადრე ხილის მოკრეფა მეტ დროს მოითხოვს, რაც არაეფექტიანია და მაღალ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. უმეტეს შემთხვევაში, საკმარისად დამწიფებამდე მოცდა პირდაპირ არის დაკავშირებული გაზრდილ მოგებასთან. ვაშლის დიამეტრის 6 მმ-ით გაზრდა, 5.9 სმ-იდან 6.5 სმ- მდე წარმოადგენს მოცულობაში, დაახლოებით, 35%-იან ზრდას.

არასასურველია, ასევე, გადამწიფებული ვაშლის მოკრეფა. ამ შემთხვევაში ვაშლის ხარისხი უფრო მალე გაუარესდება, ასევე, დაფიქსირდება შენახვასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, მათ შორის, მინისებური დაავადება და დაქაშება. watercore and mealiness ჯიშების უმეტესობაში იზრდება გადამწიფებული ნაყოფის მოკრეფამდე ძირს ჩამოცვენის ალბათობა. ამას გარდა, საკმარისზე მეტი დროით ხეზე დაუკრეფავად დატოვებული ხილი მოყინვის შედეგად ზიანდება.

კანის ფერი

ჯიშების დიდ უმრავლესობაში ვაშლის სიმწიფე შეიძლება განისაზღვროს კანის შეფერილობით და ნაყოფის ზედაპირზე ბუნებრივი ცვილის წარმოქმნით. ხილის დამწიფებისას კანის ფერი მწვანე ფერს იცვლის და იღებს ყვითლის ან წითლის სხვადასხვა ტონების შეფერილობას, კულტივარის მიხედვით. ამას გარდა, დამწიფებისას ზედაპირზე ცვილის შემცველობის ზრდასთან ერთად, კანი ხდება უფრო პრიალა. ვაშლის თითოეული ჯიშისთვის არსებობს კანის სასურველი ფერი, გასაყიდი ხარისხის ოპტიმალურობის შესაბამისად.

ვაშლი იკრიფება მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად განუვითარდება მოცემული კულტივარისთვის დამახასიათებელი ფერი. Red Delicious-ის მსგავსი ჯიშების ფერია სტანდარტული მუქი წითელი. Golden Delicious-ს დაკრეფისას უნდა ჰქონდეს სტანდარტული მოყვითალო-მოოქსოსფრო ფერი. მწვანე სახეობებს, როგორიცაა Granny Smith, უნდა ჰქონდეს სტანდარტული ღია მწვანე კანი. ხილის ფერი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება შენახვის პროცესში. თუ ხილს არ აქვს კონკრეტული კულტივარისთვის დამახასიათებელი ფერი, მისი რეალიზაცია უფრო რთული იქნება.

ხილის მოსავლის აღების პროცედურები

ხილის მოკრეფა უნდა დაიწყოთ ხის ქვედა ტოტებზე, შემდეგ კი უნდა გადახვიდეთ ზედა ტოტებზე. მკრეფავისთვის მოსახერხებელი იქნება მხარზე ჩანთის ან კონტეინერის გადაკიდება, იმის მიუხედავად, ძირს დგა, თუ კიბეს იყენებს.

მოსავლის აღება უნდა ჩატარდეს დღის ყველაზე გრილ მონაკვეთში, უნდა მოერიდოთ ცხელი შუადღისას მოკრეფას. ხილი უფრო მეტად დაზიანდება, რაც უფრო მაღალია ტემპერატურა და რაც უფრო თბილია ხილი, მით უფრო მეტი სითბური დატვირთვა იქნება საჭირო მისი გაცივებისთვის. თუმცა, ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია საგვიანო ჯიშებისთვის, რომლებიც მწიფდება მაშინ, როდესაც გარემო ტემპერატურა უფრო დაბალია. ამას გარდა, არ შეიძლება ვაშლის მოკრეფა წვიმაში, ვინაიდან ეს ხელსაყრელ პირობას შეუქმნის დაკრეფის შემდეგ ხილის გაფუჭებას.

ნედლი სახით გასაყიდად გამიზნულ ვაშლს კრეფენ ხელით, ხიდან ფრთხილად მოწყვეტით. ჯიშების უდიდესი ნაწილში ნაყოფის ყუნწსა და ტოტს შორის არის გამყოფი შრე, ამდენად ნაყოფი საკმაოდ იოლად წყდება.

ყუნწი ვაშლზე უნდა დატოვოთ. ამისათვის ვაშლი ტოტიდან უნდა მოწყვიტოთ შემობრუნების პარალელურად ზევითკენ მიჭერით. ზოგიერთ გრძელი ყუნწის მქონე ვაშლის ჯიშებზე შეიძლება აუცილებელი იყოს საჩვენებელი თითის მჭიდროდ მიჭერა ყუნწის მიმაგრების ადგილას, რათა ტოტი არ დაზიანდეს. ყუნწიანი ვაშლი უფრო დიდი ხნის განმავლობაში ინახება და ნაკლებ სავარაუდოა, გაფუჭდეს ყუნწის მიმაგრების მიდამოებში.

აუცილებელია მკრეფავების სწავლება, რათა არ მოათავსონ გასაყიდად გამოუსადეგარი ხილი გასაყიდად ვარგის ხილთან ერთად. დაზიანებული, მეტისმეტად პატარა ზომის და უჩვეულო ფერის ხილი ცალკე უნდა მოთავსდეს და გაიყიდოს როგორც ნარჩენები, გადასამუშავებლად.

გაფუჭებული, მზისგან დამწვარი, მწერების, ჩიტების მიერ დაზიანებული ან დასეტყვილი ხილი ხიდან უნდა მოაცილოთ და გადაყაროთ.

ვაშლის კანი ძალიან ფაქიზია და ადვილად ზიანდება. კანის ნებისმიერი დაზიანება ხელსაყრელ პირობებს ქმნის სოკოვანი და ბაქტერიული პათოგენებისთვის, რის შემდეგაც დაავადება სწრაფად ვითარდება.

ხილის რბილობიც ძალიან არამდგრადია მექანიკური დაზიანებისადმი და აუცილებელია ამის თავიდან აცილება დაკრეფის და დამუშავებისას. რბილობის დაჟეჟვა გამოიწვევს ხილის ხარისხის არაერთ დეფექტს, მათ შორის, ქსოვილის გამუქებას, დარბილებას და უჩვეულო სუნის წარმოქმნას.

ამასთან, ხილი ძირს არ უნდა დავარდეს, რადგან ეს გამოიწვევს მწვავე დაჟეჟილობას, მექანიკური დაზიანებას შემდეგ კი გაფუჭებას. ძირს დავარდნილი ხილი სწრაფად გაფუჭდება, შემცირდება მისი ხარისხი და შენახვის ვადა.

დევიდ პიჩა,

ვაშლი

2