აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

როგორ დავრგოთ ვარდი?

ვარდების ნერგების შერჩევისას აუცილებლად მძლავრი ფესვთა სისტემის მქონე ძირები უნდა შეარჩიოთ. ეს ბევრად განაპირობებს გრუნტთან მათ წარმატებულ შეგუებას.
ამასთან, კიდევ ერთი პირობაა მზიანი ადგილი და კარგი დრენაჟის მქონე, ფხვიერი და ტენიანი მიწა.

შეთანხმებული მოსაზრება, როდის სჯობს ვარდების დარგვა – შემოდგომაზე თუ გაზაფხულზე, არ არსებობს. საქართველოს რბილი კლიმატის პირობებში, ვფიქრობ, ორივე სეზონზე თამამად შეგიძლიათ ამის გაკეთება.

გაზაფხულზე ამ პროცესით შეგიძლიათ მარტის ბოლოდან დაკავდეთ, როგორც კი მიწა დაზრება და გრუნტის წყლები ამოძრავდება. 

თუ შიშველფესვიანი ნერგები გაქვთ, დარგვამდე ისინი წყლიან სათლში ჩაალაგეთ, რომ ფესვები წყლით კარგად გაჯერდეს. ასევე ნამიანი უნდა იყოს კონტეინერებში მოთავსებული მიწაც.

  • მოამზადეთ ორმო ვარდების ჩასარგავად – დიამეტრით 40-50 სმ, სიღრმით 40-50 სმ.

  • ორმოს ამოღებისას ზედა ნაყოფიერი ფენა, 20-25 სმ სიღრმისა, ცალკე გადადეთ; ორმოს ამოვსებისას ის კვლავ თავის ადგილს – ზედა ფენას უნდა დაუბრუნოთ.

  • ორმოს ძირში მოაწყეთ დრენაჟი. ეს განსაკუთრებით ზედმეტად ტენიან ნიადაგებს ეხება, რადგან ვარდებს ზედმეტი წყალი არ უყვართ. დრენაჟი ორფენიანი უნდა იყოს – 5-8სმ ხრეში ან წვრილი ქვები და ზემოდან 10 სმ-მდე ქვიშა. დრენაჟის ზემოდან სასურველია, მოაყაროთ რომელიმე ორგანული სასუქი თხელ ფენად.

  • გაითვალისწინეთ, რომ ვარდებს ნეიტრალური ან ოდნავ მჟავე რეაქციის მქონე ნიადაგები მოსწონთ. მცენარეული კომპოსტი ოდნავ ზრდის ნიადაგის მჟავიანობას. ამიტომ მიწის ნაყოფიერ ფენას, რომელიც გვერდზე გადადეთ, სარეველებისგან გაწმენდთ და შეურევთ ერთ წილ ტორფსა და ერთ წილ დოლომიტის ფხვნილს (იყიდება აგროქიმიის მაღაზიებში); ან ერთნახევარ წილ ხის ნახშირს (როცა ნიადაგი მჟავე რეაქციისაა).

  •  

     

     

     

     

     

     

     

     

     

    თუ ნეიტრალური PH-ს მქონე ნიადაგთან გაქვთ საქმე, დოლომიტის ფხვნილის ნაცვლად გამოიყენეთ საქონლის (ან ფრინველისა, ოღონდ უფრო ნაკლები) გადამწვარი ნაკელი – დაახლოებით 6-8 კგ + 25გ სუპერფოსფატი + 10 გ კალიუმი თითოეულ ორმოზე.

  • ამ ნარევისგან დრენაჟიან ორმოში გააკეთეთ კონუსი, დასვით მასზე ვარდის ნერგი და გადაუშალეთ ფესვები კონუსზე. მოაყარეთ მიწა ფენა-ფენა ფრთხილი დატკეპვნით, ისე, რომ რომ ახლადდარგული ვარდის ძირში „ჰაერის ჯიბეები“ არ დარჩეს.

  • ამგვარადვე უნდა მოიქცეთ კონტეინერული ნერგების შემთხვევაშიც. ოღონდ კონტეინერიდან ამოღებისას იყავით ფრთხილად, რათა მიწის კომი არ დაირღვეს. შემდეგ ნერგს ძირზე ოდნავ „მოფხანეთ“, რათა ფესვები ცოტა შეაღვიძოთ, დადეთ ორმოში მომზადებულ კონუსზე და ამოავსეთ მიწით. მყნობის ადგილი 3-4 სანტიმეტრით ჩააღრმავეთ მიწის ზედაპირიდან და ნერგი კარგად გაასწორეთ ვერტიკალურად.

დარგვის შემდეგ ნერგებს ირგვლივ გაუკეთეთ ე.წ ჯამები. 

ეს არის დაახლოებით 40-50 სმ დიამეტრის მქონე ოდნავი ჩაღრმავება ნიადაგის საერთო დონესთან შედარებით.
ეს ჯამი ნერგს მორწყვისას წყლის შესაკავებლად სჭირდება.
დარგვის შემდეგ თითოეულ ნერგს ვრწყავთ – დაახლოებით 10 ლ წყალი ერთ ნერგზე. ად მზეზე შემთბარი გუბურიდან.

  • წყალსადენის სასმელ წყალს ერთი დღე დაყენება და ქლორისგან დაწმენდა სჭირდება,
  • ჭის წყალს – მზეზე შეთბობა.
  • მორწყვის შემდგომ ჯამები ცოტა მულჩით დაფარეთ – ნახერხით ან გამხმარი ბალახით.
შემდგომი ნაბიჯი ახლად ჩარგული ვარდის გასხვლაა.

მებაღეები ამბობენ, რომ ახლადჩარგული ნერგის მიწისზედა ტოტების რაოდენობა ფესვების რაოდენობას უნდა შეესაბამებოდეს. რა თქმა უნდა, ვტოვებთ ყველაზე მძლავრ რტოებს. რეკომენდირებულია ტოტების 10-12 სანტიმეტრამდე გასხვლა, ისე რომ თითოეულ ტოტზე 3-4 მთვლემარე კვირტი დარჩეს.

გასხვლა ხელს შეუწყობს ნერგების კარგ შეგუებას ნიადაგთან და ფესვებს ეყოფათ ძალა, რომ მიწისზედა ნაწილი გამოკვებონ. 

ვარდების დარგვა მაშინაც შეიძლება, როცა უკვე კვირტებიც გაფოთლილია და ყვავილობასაც იწყებს. თუმცა ეს მაინც რისკია და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ არ ხართ დარწმუნებული, რა ჯიშისა თუ ფერის ვარდთან გაქვთ საქმე.

ყველა შემთხვევაში ასეთი ბუჩქის გასხვლაც მოგიწევთ, რადგან ნერგებს ძალიან გაუჭირდებათ გრუნტთან შეგუება. ამიტომ უკეთესია შეიძინოთ ვარდები მთვლემარე კვირტებით და იმ მენაშენეებისგან, რომლებიც ნდობით სარგებლობენ.
  • დარგვიდან 3-4 დღის შემდეგ ჯამები 3 სმ სიღრმეზე გააფხვიერეთ ისე, რომ ფესვები არ დააზიანოთ.
  • შემდგომში ვარდებს მორწყავთ მხოლოდ ძალიან მშრალ ამინდში. რაც უფრო მოძლიერდება ბუჩქი, მით უფრო ნაკლები წყალი დასჭირდება მას.
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწის ზედა ფენა ყოველთვის ფხვიერი იყოს. 
  • ყვავილობის პერიოდში აუცილებლად მოაცალეთ გამხმარი ფოთლები და ყვავილები.
  • თესლებს მომწიფება არ უნდა დააცადოთ – ეს ძალას აცლის და ხელს უშლის შემდგომ ყვავილობას.
  • პირველ წელს, უხვი ბუტონიზაციის შემთხვევაში, ბუტონების (კოკორი) ნაწილი უნდა შეაცალოთ, რომ ბუჩქი უკეთ განვითარდეს.

თამარ ხონელიძე