დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

როგორ გაჩნდა ღვინო (ლეგენდა)

ეს ლეგენდაა, თუმცა იგი ერთქგვარი ისტორია და შეგონებაცაა ვაზზე და ღვინოზე.
ოდესღაც, ისეთი დროც იყო, ხალხი ვაზს არ იცნობდა  და არც ღვინის დაყენება იცოდა, ვაზი მაშინ ტყეში იზრდებოდა და ყურძენს ჩიტები კენკავდნენ.
ერთხელ ერთმა ქართველმა კაცმა ტყეში ვაზის ნერგი ამოთხარა და ეზოში საჩრდილობლად დარგო. ვაზმა, რა თქმა უნდა, ყურძენი დაისხა. კაცმა შეჭამა ყურძენი, მოეწონა და მეორე წელს კიდევ დარგო რამდენიმე ძირი. ვაზმა რქა დაიყარა და მალე მთელ ეზოს მოედო. კაცი ყოველ შემოდგომაზე რთველს მართავდა, იწვევდა მეზობლებს _ ხალხს, ნადირ-ფრინველს და ვაზის გემრიელი ნაყოფით უმასპინძლდებოდა.

ერთ წელიწადსაც ვენახმა დიდძალი ყურძენი დაისხა. კაცმა ჩვეულებრივ მოიწვია მეზობლები, მაგრამ ნახევარიც ვერ შეჭამეს.  დარჩენილი მტევნები კაცმა დაწურა და ტკბილი წვენი თიხის ჭურჭელში ჩაასხა.

გავიდა ცოტა ხანი, კაცმა შენახულ წვენს გემო გაუსინჯა და მოეწონა. გაუკვირდა, ამ მახინჯმა და უსწორმასწორო ლერწმა ასეთი გემრიელი სასმელი როგორ გაიკეთაო და ჭაშნიკზე ისევ მოიწვია მეზობლები, ნადირ-ფრინველი.

ყველამ გასინჯა წვენი და მოეწონათ მისი სურნელი და გემო. გვარიანადაც გამოთვრნენ. გაიმართა ბჭობა: რა დავარქვათ ამ სასმელს ან რა თვისება დავანათლოთ?

მოფრინდა ბულბული, შეივსო თიხის ჯამი და თქვა:

_ ვინც სამი დალიოს, ჩემსავით ტკბილად ამღერდეს! _ გამოცალა ჯამი და დადგა.

მოვიდა ლომი, შეივსო თიხის ჯამი და თქვა:

_ ვინც ხუთი ჯამი დალიოს, ჩემსავით ღონიერი და უშიშარი გახდეს!

გამოხტა კალია, შეავსო ჯამი და თქვა:

_ ვინც შვიდი ჯამი დალიოს, ჩემსავით მომაბეზრებლად აჭრიჭინდეს!

მოვიდა ძაღლი კუდის ქიცინით, შეავსო ჯამი და თქვა:

ვინც ცხრა ჯამი დალიოს, ჩემსავით ღრენა და ყეფა დაიწყოს!

გამოფრატუნდა ბატი, შეავსო ჯამი და თქვა:

ვინც თორმეტი ჯამი დალიოს, ჩემსავით გამოტვინდეს!

ბოლოს გამობრუტუნდა ღორი, შეავსო ჯამი და თქვა:

_ ვინც თორმეტ ჯამზე მეტს დალევს, ჩემსავით ტალახში იგორაოს!

ბოლოს ადგა ლხინის ღმერთი, აავსო ჯამი და თქვა:

_ რაკი ყველამ ჩემი ძალა და უნარი დაანათლეთ, მაშ სახელიც ჩემი ერქვას! _ და სასმელს ღვინო დაარქვა.

ასე აღმოაჩინა ქართველმა კაცმა ღვინო. მალე სხვა ხალხმაც ისწავლა ღვინის დაყენება და ბოლოს, მთელ დედამიწას მოედო.

დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ხალხმა ვაზის ახალი ჯიშები აღმოაჩინა და ამისდა კვალად ღვინოც სხვადასხვაგვარი გაჩნდა, მაგრამ თავდაპირველი ძალა და თვისება კი დღევანდლამდე უცვლელად გამოჰყვა:

ახალაც, სამ ჯამს რომ დალევს კაცი, ბულბულივით ტკბილად ამღერდება, ხუთ ჯამზე ლომის ძალა და გამბედაობა ეძლევა, შვიდჯამდალეული კალიასავით დახტის, ჭრიჭინებს და ყველას თავს აბეზრებს, მეცხრე ჯამზე ძაღლივით  ღრენას იწყებს, მეთორმეტეზე _ ბატივით გამოტვინდება, ხოლო ვინც თორმეტ ჯამზე მეტს დალევს, ღორივით ტალახში ჩაწვება და ღრუტუნს იწყებს.