აგრარული განათლებამედია ფერმერებისთვის TVრუბრიკებიფერმერი ფერმერს

როგორ ვაქციოთ ნარჩენი რესურსად

ყოველთვის, როდესაც რომელიმე ქვეყნის აგრარულ მიღწევებს ვეცნობი და შემდეგ ვბრუნდები, ტრადიციულად ვიწყებ ფიქრს: რა შეიძლება შევცვალოთ უკეთესობისკენ ჩვენს რეალობაში. ხშირად ის, რაც რთულად გვეჩვენება, სინამდვილეში, ძალიან მარტივია. უბრალოდ, საჭიროა, მონდომება და დაფიქრება.

გაზაფხულზე, როდესაც ფერმერი იწყებს მიწასთან მუშაობას, მუდმივად მახსენდება, ნარჩენების პრობლემა. ეს წუხილი განსაკუთრებით საგაზაფხულო სამუშაოების დასრულების შემდეგ მიძლიერდება, როცა ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იყრება ან იწვება გასხვლის ნარჩენები, პესტიციდის გამოყენების შემდეგ დარჩენილი მასალა, უკვე მოწეული ბოსტნეულის ნარჩენები და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით გარკვეული ქმედება ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს, ცუდი პრაქტიკა მაინც გრძელდება.

ამავდროულად საქართველო არის მრავალი საერთაშორისო კონვენციის მონაწილე, რაც გვავალდებულებს ეკოსისტემაზე ზრუნვას, მწვანე მიდგომების დანერგვას და მდგრად განვითარებას. თუმცა, ეს ვალდებულებები მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ისინი ყოველდღიურ პრაქტიკაში გადადის.

პრობლემა აქაც ცნობიერებას უკავშირდება. როცა ნარჩენს უსარგებლოდ აღვიქვამთ, ის პრობლემად გვექცევა. მაგრამ თუ შევხედავთ, როგორც რესურსს, ის შესაძლებლობაა. ნარჩენების სწორი მართვა არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ მთლიანად სოფლის განვითარებისთვის სასიცოცხლოა. ბევრ ქვეყანაში მინახავს ტექნოლოგიურად განვითარებული სისტემები, მაგრამ ამასთან ერთად ვიცნობ ძალიან მარტივ, დაბალბიუჯეტიან გადაწყვეტებსაც, რომლებიც მუშაობს და ფერმერის და ბუნების კარგ მეგობრობას ადასტურებს.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ცნობიერება გაიზარდოს? პირველ რიგში, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ახალგაზრდებთან. ევროპულ გამოცდილებებს თუ გადავხედავთ, იქ ბაღის და სკოლის ასაკიდან იწყებენ ბუნებასთან ჰარმონიული პრაქტიკების სწავლებას.

ჩვენც გვაქვს სკოლებში მწვანე ინიციატივები და მცირე ეკო პროექტები, მაგრამ ეს ამინდს ვერ ქმნის. თითქმის ყველა რეგიონში არსებობს პროფესიული კოლეჯები. აქედან მხოლოდ რამდენიმეს აქვს დანერგილი გარემოს მმართველის პროფესიული პროგრამა, ზოგს ნარჩენების მართვის მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით მეტი მონდომება. ასევე, აუცილებელია, ცოდნა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში გადაიზარდოს.

ძალიან კარგი იქნება, თუ პროფესიულ კოლეჯებში, სადაც გარკვეული სასტარტო რესურსია, შეიქმნება რეალური სადემონსტრაციო სივრცეები — კომპოსტირების სისტემებით, მცირე გადამმუშავებელი დანადგარებით, წყლის მართვის მაგალითებით. კიდევ უკეთესი იქნება, თუ ამ სივრცეებს ადგილობრვი თემიც გამოიყენებს. ფერმერი გაეცნობა და შემდეგ საკუთარ მეურნეობაში დანერგავს.

ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პროცესის აქტიური მონაწილე უნდა გახდეს. შესაძლებელია, სოფლის თემმა ერთობლივად მიმართოს სახელმწიფოს (მაგალითად, სოფლის განვითარების სააგენტო, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო) და მოითხოვოს დაფინანსება მარტივი გადამმუშავებელი დანადგარებისთვის,  საერთო სამუშაო სივრცეებისთვის და სხვა.

მინდა რამდენიმე მარტივი მეთოდი გითხრათ, რომელიც მცირე საოჯახო ფერმებში მუშაობს და ნარჩენების სწორად და მარტივად გამოყენებას უწყობს ხელს.

ფერდობებზე ან ქარიან ადგილებში შესაძლებელია მოსავლის შემდეგ ნარჩენები არ აიღოთ ბოლომდე, დატოვეთ ზოლებად. ეს შეამცირებს ნიადაგის გადარეცხვას და დაიცავს მიწას ეროზიისგან.

შეაგროვეთ ნარეცხი ან ნარჩენი წყალი, გაუკეთეთ მარტივი ფილტრი, ქვიშის, ხრეშისა და მცენარეების გამოყენებით. წყალი გაივლის ამ ფენებს და ნაწილობრივ დაიწმინდება, რის შემდეგაც შეიძლება გამოიყენოთ მოსარწყავად.

გაზაფხულზე, როცა წვიმა უხვად მოდის, შესაძლებელია გრუნტის პატარა ორმოების (ჯიბეების) გაკეთება. ეს ზრდის გრუნტის ტენს და ამცირებს მორწყვის საჭიროებას.

გასხვლის შემდეგ ტოტები არ დაწვათ. მიწის ნაკვეთის გარშემო დატოვეთ, დროთა განმავლობაში ის დაიშლება და ნიადაგი გამდიდრდება.

ნარჩენებთან ერთად ზოლში დათესეთ სწრაფად მზარდი მცენარეები (მაგალითად, პარკოსნები). ასეთი ზოლები ამდიდრებს ნიადაგს აზოტით, აკავებს ტენს და ამცირებს ქარის გავლენას.

კომპოსტირებული მასა წყალში დააყენეთ რამდენიმე დღე, მიღებული სითხე გამოიყენეთ მცენარეების გაძლიერებისთვის. ეს მეთოდი განსაკუთრებით ამართლებს ბოსტნეულ კულტურებში.

ამ მცირე მაგალითებიდანაც ჩანს, რომ არ არის აუცილებელი მასშტაბური ტექნოლოგია ან ბევრი ფული, რომ უკეთ გამოიყენო ნარჩენი. თუ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობა იყოს მდგრადი და სოფელი განვითარებული, უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება. ნარჩენი არ არის პრობლემა, ის რესურსია, რომელსაც უბრალოდ სწორად გამოყენება სჭირდება.

რუსუდან გიგაშვილი,

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია AGAJ,

მომავლის ფერმერი FOF