როგორ ვებრძოლოთ ყურძნის თეთრ სიდამპლეს
ყურძნის თეთრი სიდამპლე (ვაიტ-როტი) საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მევენახეებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ის გავრცელებულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე
სიმპტომები: ძირითადად მარცვლებზე და რქებზე გვხვდება. ლპობა იწყება მტევნის წვეროდან (დაავდაბული მარცვალი ემსგავსება გათუთქულს), შემდეგ მტევანი ჭკნება, შრება, იფარება სოკოს ნაყოფიანობის თეთრი წერტილებით (თუ სიდამპლე ნესტიან პირობებში ხდება, მაშინ წერტილები ყავისფერია) და ხმება. შემდგომ ეტაპზე თეთრი სიდამპლე ყუნწზეც გადადის, დაავადებული ყუნწი მტევნის სიმძიმეს ვეღარ უძლებს და ძირს ვარდება.
გამომწვევი: გამომწვევი უსრული სოკოა, აქვს პიკნიდიუმები, რომლის ფუძიდან აღმართულ კონიდიათმტარებზე ელიფსური კონიდიუმებია. ისინი თავიდან უფერულია, შემდეგ კი მურა ფერისაა. კონიდიუმები წვიმიან ამინდში გამოდიან, როცა პიკნიდიუმის წვერზე წყლის წვეთი მოხვდება.
ხელშემწყობი პირობები: დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს სეტყვა და ტენიანი თბილი ამინდები. სოკო ზამთრობს ვაზის რქებზე, დაავადებულ ნარჩენებზე და ნიადაგში.
კონტროლი: ვაზის დაცვა სეტყვისა და სხვა მექანიკური დაზიანებებისგან; დაავადებული რქების და მტევნების შეგროვება და გაუვნებელყოფა. წამლობა (განსაკუთრებით სეტყვის შემდეგ) სპილენძის შემცველი არაორგანული ფუნგიციდებით და ბიოპრეპარატებით.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი